რატომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ანტიქრისტე?
რატომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ანტიქრისტე?
დიდი ხნის წინ ღვთის შთაგონებით მოციქულმა იოანემ დაწერა: „როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის“ (1 იოანე 2:18). რა საინტერესო სიტყვებია! საუკუნეების მანძილზე ადამიანები ცდილობდნენ, გაეგოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა. ვინ არის ანტიქრისტე? როდის მოვა ის და რას გააკეთებს?
წლების განმავლობაში ანტიქრისტედ საკმაოდ ბევრ ადამიანს მიიჩნევდნენ. წარსულში ანტიქრისტეს უწოდებდნენ ებრაელებს, რომის პაპებს, რომის იმპერატორებსა და სხვებს. მაგალითად, როცა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ (1194—1250 წწ.) უარი თქვა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე, პაპმა გრიგოლ IX-მ მას ანტიქრისტე უწოდა და ეკლესიიდან განკვეთა. გრიგოლის მემკვიდრემ, ინოკენტი IV-მაც განკვეთა ის ეკლესიიდან, რის გამოც უკვე ფრიდრიხმა გამოაცხადა ინოკენტი ანტიქრისტედ.
ბიბლიაში მხოლოდ მოციქული იოანე იყენებს სიტყვა ანტიქრისტეს. მის ორ წერილში ეს სიტყვა ხუთჯერ გვხვდება. მუხლები, რომლებშიც ეს სიტყვაა მოხსენიებული, მოყვანილია ამ ჟურნალის მე-4 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში. ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ანტიქრისტე არის ცრუ და მატყუარა; მისი მიზანია, ჩამოაშოროს ადამიანი ქრისტესა და ღმერთს. ამიტომ მოციქული იოანე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა“ (1 იოანე 4:1).
იესოც აფრთხილებდა თავის მიმდევრებს მატყუარების ანუ ცრუწინასწარმეტყველების შესახებ: „[ისინი] თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან. მათ მათივე ნაყოფით [ანუ საქმეებით] იცნობთ“ (მათე 7:15, 16). აფრთხილებდა იესო თავის მოწაფეებს ანტიქრისტეს შესახებაც? მოდი გავიგოთ, ვინ არის ეს ბოროტი მატყუარა.