არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი წელი გრძელდება საშობაო განწყობილება?

მთელი წელი გრძელდება საშობაო განწყობილება?

მთელი წელი გრძელდება საშობაო განწყობილება?

„დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:14),

მილიონობით ადამიანისთვის ნაცნობია ღვთის ანგელოზების მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები, რითაც იესოს დაბადება აუწყეს მწყემსებს, რომლებიც ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. წლის იმ დროს, რომელსაც ეკლესიები იესოს დაბადებას უკავშირებენ, ბევრი, ვინც თავს ქრისტიანად თვლის, ცდილობს, განსაკუთრებულად მოიქცეს. ამ პერიოდში ისინი მხიარულები, მშვიდობიანები და კეთილმოსურნეები არიან და, ამგვარად, ცდილობენ შეესაბამებოდნენ ანგელოზების მიერ ნათქვამ სიტყვებს. სწორედ ამას უწოდებენ საშობაო განწყობილებას.

ასეთი დადებითი თვისებები იმ ადამიანებსაც იზიდავს, ვინც შობის დღესასწაულს არანაირ რელიგიურ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მათ ისიც მოსწონთ, რომ ეს დღესასწაული ადამიანებში თბილი გრძნობების განვითარებას უწყობს ხელს. რამდენადაც შობის დღესასწაულის დროს ბავშვებს არდადეგები აქვთ და უფროსებიც არ მუშაობენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, დაისვენონ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გაატარონ დრო ან უბრალოდ გაერთონ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი გულწრფელი ადამიანი ამ დროს ცდილობს, პატივი მიაგოს იესო ქრისტეს.

რა მნიშვნელობასაც უნდა ანიჭებდნენ ადამიანები შობის დღესასწაულს, უმრავლესობა მაინც აღიარებს, რომ ნებისმიერი დადებითი თვისება, რომელსაც ადამიანები ამ დღესასწაულის დროს ავლენენ, მალევე ქრება. ადამიანები ისევ ისეთები ხდებიან, როგორებიც მანამდე იყვნენ. კანადაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში, სახელწოდებით „საშობაო განწყობილება“, ნათქვამი იყო: «ბევრი „ქრისტიანი“ მხოლოდ წლის რამდენიმე კვირის განმავლობაში შეესაბამება ქრისტიანის სახელს და მოყვასისადმი კეთილმოსურნეობას მხოლოდ გარკვეული ხნის განმავლობაში ავლენს, ახალი წლის მერე კი ისევ მგლური კანონებით განაგრძობს ცხოვრებას და აბსოლუტურად არ აღელვებს სხვისი კეთილდღეობა». საშობაო განწყობილებას ის „უდიდესი ნაკლი აქვს“, — ნათქვამია იმავე წერილში, — რომ ადამიანებს ის „მთელი წლის განმავლობაში“ არ მიჰყვებათ („Royal Bank of Canada Monthly Letter“).

ეთანხმებით თუ არა ამ შეხედულებას, ის მაინც მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. იქნებიან ადამიანები ოდესმე ერთმანეთის მიმართ გულუხვნი და გულისხმიერნი მუდმივად, და არა დროებით? არსებობს იმის რეალური იმედი, რომ იესოს დაბადების ღამეს ანგელოზების მიერ წარმოთქმული სიტყვები შესრულდება? თუ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ ოცნებაა?