შემოქმედის საჩუქარი, რომელიც მარადიულად გვექნება
შემოქმედის საჩუქარი, რომელიც მარადიულად გვექნება
განა არ გაოცებთ, რომ ყველა ფაქტორი, რომელსაც მეცნიერები ნებისმიერ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, პირდაპირ ან ირიბად არის მოხსენიებული ბიბლიის პირველ თავში? რა ფაქტორებზეა საუბარი?
სიცოცხლისთვის აუცილებელია დიდი რაოდენობის წყალი, როგორც ეს დაბადების 1:2-შია მოხსენიებული. ჰაერის ტემპერატურა ისეთი უნდა იყოს, რომ წყალმა თხევადი მდგომარეობა შეინარჩუნოს. ამისათვის საჭიროა, რომ დედამიწა ზუსტად განსაზღვრული მანძილით იყოს მზისგან დაშორებული. „დაბადებაში“ არაერთხელაა მოხსენიებული მზე და მისი გავლენა დედამიწაზე.
დედამიწაზე ადამიანებს რომ ეარსებათ, საჭირო იყო ატმოსფეროში აირების განსაზღვრული კონცენტრაციის არსებობა. ამ მნიშვნელოვან ასპექტს დაბადების 1:6—8 მოიხსენიებს. მცენარეულობა, რის შესახებაც დაბადების 1:11, 12 მოგვითხრობს, ხელს უწყობს ჰაერის ჟანგბადით გამდიდრებას. პლანეტაზე უამრავ სხვადასხვა ცხოველს რომ ეარსება, მასზე ხმელეთი და ნაყოფიერი მიწა უნდა ყოფილიყო, როგორც ეს დაბადების 1:9—12-შია აღწერილი. დაბოლოს, სათანადო კლიმატური პირობების უზრუნველსაყოფად პლანეტა განსაზღვრული კუთხით უნდა ყოფილიყო დახრილი და განსაზღვრული მდებარეობა უნდა ჰქონოდა. დედამიწის შემთხვევაში ამას ნაწილობრივ მთვარის მიზიდულობის ძალა განაპირობებს. ამ თანამგზავრისა და მისი დადებითი გავლენის შესახებ დაბადების 1:14, 16 მოგვითხრობს.
თანამედროვე მეცნიერული აღმოჩენების გარეშე როგორ შეძლო ძველ დროში მცხოვრებმა მოსემ ზემოთ მოყვანილ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება? არაჩვეულებრივი განჭვრეტის უნარით გამოირჩეოდა ის? მოსე ცისა და დედამიწის შემოქმედის შთაგონებით წერდა. ეს საყურადღებოა, რადგან დაბადებაში ჩაწერილი ცნობა მეცნიერულად ზუსტია.
ბიბლია გვარწმუნებს, რომ საოცარი სამყარო კონკრეტული მიზნისთვის შეიქმნა. ფსალმუნის 115:16-ში ნათქვამია: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანთა ძეებს მისცა“. სხვა ფსალმუნი ამბობს: „მყარ საფუძველზე აფუძნებ დედამიწას, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ“ (ფსალმუნი 104:5). თუ მთელი სამყარო და ჩვენი ლამაზი პლანეტა შემოქმედის მიერ არის შექმნილი, ლოგიკურია გვჯეროდეს, რომ ღმერთს მათი შენარჩუნების ძალაც შესწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, გულდაჯერებით ელოდოთ ბრწყინვალე დანაპირების შესრულებას: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დარწმუნებულნი იყავით, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია“ დედამიწა; ის იმ ადამიანთა მარადიულ საცხოვრებლად შექმნა, რომლებიც მის საქმეებს დააფასებდნენ (ესაია 45:18).
ბიბლიის თანახმად, იესო დედამიწაზე იმ მიზნით მოვიდა, რომ ჩვენთვის ღვთისა და მისი განზრახვის შესახებ ესწავლებინა; ამ განზრახვის თანახმად, მორჩილი ადამიანები მარადიულად იცხოვრებდნენ (იოანე 3:16). ბიბლია გვარწმუნებს, რომ მალე ღმერთი მოსპობს „დედამიწის მომსპობებს“, ხოლო ყველა ერიდან მშვიდობისმოყვარე მორწმუნე ადამიანებს გადაარჩენს (გამოცხადება 7:9, 14; 11:18). რა სასიამოვნო იქნება ცხოვრება მაშინ, როდესაც ადამიანებს მარადიულად ექნებათ ღვთის საოცარ ქმნილებებზე დაკვირვების შესაძლებლობა! (ეკლესიასტე 3:11; რომაელები 8:21).
[სურათის საავტორო უფლება 8 გვერდზე]
NASA photo