არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბარზილაი კაცი, რომელიც რეალურად აფასებდა თავის შესაძლებლობებს

ბარზილაი კაცი, რომელიც რეალურად აფასებდა თავის შესაძლებლობებს

ბარზილაი კაცი, რომელიც რეალურად აფასებდა თავის შესაძლებლობებს

‘რატომ უნდა დაგაწვე ტვირთად?’ ეს სიტყვები ისრაელის მეფე დავითს 80 წლის ბარზილაიმ უთხრა. ბიბლია ამბობს, რომ ის „ძალიან მდიდარი კაცი იყო“ (2 სამუელი 19:32, 35). ბარზილაი ცხოვრობდა გალაადში, მდინარე იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მთიან მხარეში (2 სამუელი 17:27; 19:31).

რა ვითარებაში და რატომ უთხრა მოხუცებულმა ბარზილაიმ დავითს ზემოხსენებული სიტყვები?

მეფის წინააღმდეგ ამბოხება

დავითი საშიშროების წინაშე იდგა. მისმა ძემ აბესალომმა ‘ისრაელების გული მოიგო’ და უკანონოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება. აშკარა იყო, რომ აბესალომი არავის დაინდობდა, ვინც მამამისის ერთგული იქნებოდა. ამიტომ დავითი და მისი მსახურები იერუსალიმიდან გაიქცნენ (2 სამუელი 15:6, 13, 14). როდესაც დავითი იორდანის აღმოსავლეთით მდებარე მახანაიმში ჩავიდა, მას ბარზილაი დაეხმარა.

ბარზილაიმ და მასთან ერთად ორმა კაცმა, შობიმ და მაქირმა, არაფერი დაიშურეს დავითის დასახმარებლად. ამ სამი ერთგული მამაკაცის სიტყვებიდან კარგად გამოჩნდა, რომ მათ ესმოდათ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყვნენ დავითი და მისი ხალხი. მათ თქვეს: „დაღლილი და მშიერ-მწყურვალი მოვიდა ხალხი უდაბნოდან“. ბარზილაიმ და ამ ორმა კაცმა რითაც შეძლეს ყველაფრით უზრუნველყვეს დავითი და მისი ხალხი. მათ მიუტანეს საწოლები, ხორბალი, ქერი, ფქვილი, ქუმელი, ცერცვი, ოსპი, თაფლი, კარაქი, ცხვარი და კიდევ სხვა მრავალი რამ (2 სამუელი 17:27—29).

დავითისთვის დახმარების გაწევა სარისკო იყო. უეჭველია, რომ აბესალომი არავის დატოვებდა დაუსჯელს, ვინც კანონიერ მეფეს მხარს დაუჭერდა. ამიტომ, დავითისადმი ბარზილაის ერთგულება ამტკიცებს, რომ ის გაბედული კაცი იყო.

სიტუაცია რადიკალურად იცვლება

ამის შემდეგ მალევე აბესალომის ჯარი დავითის ხალხს შეებრძოლა. შეტაკება მოხდა ეფრემის ტყეში, როგორც ჩანს, მახანაიმის მახლობლად. აბესალომის ჯარი დამარცხდა, დავითის ხალხმა „იმ დღეს ოცი ათასი კაცი გაჟლიტა“. თუმცა აბესალომი გაქცევას შეეცადა, მაგრამ ის მაინც მოკლეს (2 სამუელი 18:7—15).

დავითი ახლა კვლავ ისრაელის სათავეში იდგა და მას აღარავინ ეცილებოდა ქვეყნის მართვაში. აღარც მის ხალხს სჭირდებოდა სადმე გაქცევა. თავიანთი ერთგულებით მათ დავითის პატივისცემა და მადლიერება დაიმსახურეს.

როდესაც დავითი იერუსალიმში ბრუნდებოდა, „ჩამოვიდა როგელიმიდან გალაადელი ბარზილაი, რომ მეფესთან ერთად მისულიყო იორდანემდე და მეფე იორდანემდე მიეცილებინა“. ამ დროს დავითმა მოხუცებულ ბარზილაის შესთავაზა: „გადმომყევი იორდანის გაღმა და არ მოგაკლებ საჭმელს იერუსალიმში“ (2 სამუელი 19:15, 31, 33).

უდავოდ, დავითი ძალიან მადლიერი იყო ყველაფრისთვის, რაც ბარზილაიმ მისთვის გააკეთა. აშკარაა, რომ მეფეს მხოლოდ მატერიალური სახით არ უნდოდა ბარზილაისადმი მადლიერების გამოხატვა. ბარზილაი ისედაც მდიდარი იყო და მეფის დახმარებას არ საჭიროებდა. დავითს ალბათ ის სურდა, რომ გამორჩეული თვისებების მქონე ეს ხანდაზმული კაცი თავის სამეფო კარზე ჰყოლოდა. მეფის კარზე ცხოვრება ბარზილაისთვის პატივი იქნებოდა და როგორც მეფის მეგობარი, ის მრავალი უპირატესობით ისარგებლებდა.

მოკრძალება და სიტუაციის ობიექტურად შეფასება

ბარზილაიმ მეფე დავითს მიუგო: „განა კიდევ რამდენს ვიცოცხლებ, რომ მეფეს იერუსალიმში წავყვე? ოთხმოცი წლისა ვარ. განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს? განა მოვუსმენ მომღერალ ქალ-ვაჟებს?“ (2 სამუელი 19:34, 35). ამგვარად, ბარზილაიმ პატივისცემით თქვა უარი დავითის წინადადებაზე და იმ ბრწყინვალე შესაძლებლობაზე, რასაც მეფე სთავაზობდა. რატომ მოიქცა ის ასე?

ბარზილაიმ ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა თავისი ასაკისა და ამასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. ის ალბათ გრძნობდა, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა (ფსალმუნი 90:10). მან რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა დავითის მხარდასაჭერად, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ ასაკი გარკვეულწილად ზღუდავდა. მეფისგან შეთავაზებული წინადადება ბარზილაის პატივსა და დიდებას უქადდა, მაგრამ მან განსჯის უნარი არ დაკარგა და სინამდვილეს თვალი გაუსწორა. პატივმოყვარე აბესალომისგან განსხვავებით ბარზილაი ბრძნულად მოიქცა და მოკრძალება გამოავლინა (იგავები 11:2).

ბარზილაის ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ მას არ სურდა, თავისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო ღვთის მიერ დანიშნულ მეფეს რაღაცაში ხელი შეშლოდა. მან მეფეს უთხრა: „რატომ უნდა დააწვეს ტვირთად შენი მსახური მეფე-ბატონს?“ (2 სამუელი 19:35). მართალია, ის კვლავაც მხარში ედგა დავითს, მაგრამ მისი აზრით ახალგაზრდა კაცი უფრო დიდ სამსახურს გაუწევდა მეფეს. შესაძლოა ბარზილაის შვილი იყო ის ახალგაზრდა, ვისზეც მან მეფეს უთხრა: „აი შენი მსახური ქიმჰამი, ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“. დავითს საწყენად არ მიუღია ბარზილაის სიტყვები, პირიქით, მან სათხოვარი შეუსრულა მოხუცს. სანამ იორდანეს გადაკვეთდა, დავითმა ‘აკოცა ბარზილაის და აკურთხა ის’ (2 სამუელი 19:37—39).

საჭიროა, ვიყოთ გაწონასწორებულები

ბარზილაის შემთხვევა გვიჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია, ვიყოთ გაწონასწორებულები. ერთი მხრივ, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ გარკვეულ პასუხისმგებლობებზე ან სხვადასხვა სულიერი მიზნის დასახვაზე იმის შიშით, რომ მათ თავს ვერ გავართმევთ ან ზედმეტ საზრუნავს გავიჩენთ. ღმერთი მოგვცემს საჭირო ძალებს, თუ მივენდობით მას და ძალასა და სიბრძნეს ვთხოვთ (ფილიპელები 4:13; იაკობი 4:17; 1 პეტრე 4:11).

მეორე მხრივ, ობიექტურად უნდა შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები. მაგალითად, ქრისტიანი შეიძლება ისედაც საკმაოდ დაკავებული იყოს სულიერი საქმეებით. მას ესმის, რომ დამატებითი პასუხისმგებლობების მიღების შემთხვევაში შეიძლება მოუწიოს ისეთი ბიბლიური მოთხოვნის უგულებელყოფა, როგორიცაა ოჯახის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ასეთ შემთხვევაში მისი მხრიდან მოკრძალებისა და გონიერების მაჩვენებელი იქნებოდა ის, თუ ამ ეტაპზე უარს იტყოდა დამატებით პასუხისმგებლობებზე (ფილიპელები 4:5; 1 ტიმოთე 5:8).

ბარზილაიმ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა და კარგი იქნება, ყოველთვის ვიფიქროთ ამაზე. ის ერთგული, გაბედული, გულუხვი და მოკრძალებული ადამიანი იყო. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბარზილაი ღვთის ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა (მათე 6:33).

[რუკა 15 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ოთხმოცი წლის ბარზილაიმ დამქანცველი გზა გაიარა დავითის დასახმარებლად.

გალაადი

როგელიმი

სუქოთი

მახანაიმი

მდინარე იორდანე

გილგალი

იერიხონი

იერუსალიმი

ეფრემი

[სურათი 13 გვერდზე]

რატომ თქვა უარი ბარზილაიმ დავითის წინადადებაზე?