დღესაც გამოსადეგია „ძველი აღთქმა“?
დღესაც გამოსადეგია „ძველი აღთქმა“?
ათას შვიდას ოთხმოცდაექვს წელს ერთმა ფრანგმა ექიმმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „მსჯელობა ანატომიასა და ფიზიოლოგიაზე“ (Traité d’anatomie et de physiologie). ეს ნაშრომი იმ დროს ყველაზე ზუსტ ინფორმაციას შეიცავდა ნეიროანატომიის შესახებ. ამას წინათ ამ წიგნის ერთ-ერთი იშვიათი ეგზემპლარი დაახლოებით 27 ათას დოლარად გაიყიდა! მიუხედავად ამისა, დღეს არც ისე ბევრი პაციენტი ანდობდა საკუთარ ჯანმრთელობას ისეთ ქირურგს, რომელიც რამდენიმე საუკუნის წინანდელი ამ სამედიცინო ნაშრომით იხელმძღვანელებდა. მართალია, ასეთი წიგნი ისტორიული და ლიტერატურული თვალსაზრისით ფასეულია, მაგრამ დღეს ის დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა ავადმყოფს.
ბევრს სწორედ ასეთი შეხედულება აქვს ეგრეთ წოდებულ „ძველ აღთქმაზე“. ისინი აფასებენ იმას, რომ მასში მოთხრობილია ისრაელის ისტორია, და მათ ძალიან მოსწონთ ის მონაკვეთები, რომლებიც პოეტური ენითაა დაწერილი. მაგრამ ისინი მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ იმ სახელმძღვანელო პრინციპების დაცვას, რომლებიც მასში 2 400 წელზე მეტი ხნის წინ ჩაიწერა. ბიბლიის წერის პერიოდში არსებული მეცნიერული ცოდნა, სავაჭრო ურთიერთობები და ოჯახური ცხოვრებაც კი ძალიან განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ჟურნალ „ქრისტიანიტი ტუდეი“-ს ყოფილი რედაქტორი ფილიპ იანსი თავის წიგნში „იესოს დროინდელი ბიბლია“ წერს: «მასში [„ძველ აღთქმაში“] ყველაფერი გასაგები არ არის, და თუ რამე გასაგებია, ისიც კი შეურაცხმყოფელია დღევანდელი საზოგადოებისთვის. ამ და სხვა მიზეზების გამო „ძველ აღთქმას“, ანუ ბიბლიის სამ მეოთხედს, ხშირად საერთოდ არ კითხულობენ» (The Bible Jesus Read). „ძველი აღთქმისადმი“ ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის.
იოანე მოციქულის სიკვდილიდან (დაახლოებით ახ. წ. 100 წლიდან) 50 წელიც არ იყო გასული, რომ ერთმა მდიდარმა ახალგაზრდამ, მარკიონმა სახალხოდ განაცხადა, რომ ქრისტიანებმა უნდა უარყონ „ძველი აღთქმა“. როგორც ინგლისელი ისტორიკოსი რობინ ლეინ ფოქსი ამბობს, მარკიონი აცხადებდა, რომ «„ძველი აღთქმის“ „ღმერთი“ იყო „უმოწყალო ბარბაროსი“, რომელიც იწონებდა ისეთ ავაზაკებს, როგორიც იყო, მაგალითად, ისრაელის მეფე დავითი. ხოლო ქრისტეს სახით, პირიქით, სრულიად ახალი და განსხვავებული, აღმატებული ღმერთი წარმოგვიდგება». ფოქსი წერს, რომ მარკიონის ასეთმა შეხედულებებმა «საფუძველი ჩაუყარა მიმდინარეობას, რომელიც „მარკიონიზმის“ სახელით გახდა ცნობილი. ეს მიმდინარეობა, რომელიც მეოთხე საუკუნემდე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, გავრცელდა და მან განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი აღმოსავლეთში მცხოვრებ სირიულ ენაზე მოლაპარაკეთა შორის». ზოგი ადამიანი დღესაც იზიარებს მარკიონის შეხედულებებს. ფილიპ იანსი წერს, რომ ამის შედეგად დღეს, 1600-ზე მეტი წლის შემდეგ, «ქრისტიანებს არა აქვთ ცოდნა „ძველი აღთქმის“ შესახებ და მას, ფაქტობრივად, აღარავინ იყენებს დღევანდელ საზოგადოებაში».
დაიკავა სხვა რამემ „ძველი აღთქმის“ ადგილი? როგორ გავაიგივოთ ერთმანეთთან „ძველ აღთქმაში“ მოხსენიებული „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ და „ახალი აღთქმის“ „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“? (ესაია 13:13; 2 კორინთელები 13:11). როგორ ფიქრობთ, დაგეხმარებათ დღეს რამეში „ძველი აღთქმა“?