ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს!
ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს!
გსმენიათ ოდესმე ვინმესგან, რომ დამსაქმებელი თითქმის არ იმეტებს მისთვის საქებარ სიტყვებს? ან თქვენ თვითონ ხომ არ ხართ მსგავს მდგომარეობაში? თუ ახალგაზრდა ხართ, ხომ არ გრძნობთ, რომ მშობლებსა და მასწავლებლებს ავიწყდებათ თქვენი შექება?
ასეთი ჩივილი ყოველთვის უსაფუძვლო როდია. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი გერმანელი სპეციალისტის სიტყვების თანახმად, როდესაც სამუშაოზე ვინმე ჩივის, მას უფრო მეტად ის კი არ აწუხებს, რომ არ აქებენ, არამედ ის, რომ უფროსი მის მიმართ ყურადღებას არ ავლენს. როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია — შექებაც და ყურადღებიანობაც, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვსურს, რომ კმაყოფილების მომტანი ურთიერთობები გვქონდეს.
ეს ასეა მაშინაც, როცა საქმე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ეხება. ქრისტიანული კრება უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ მასში სითბო უნდა სუფევდეს, მისი წევრები ყურადღებიანები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ და საქებარ სიტყვებს არ უნდა იშურებდნენ ერთმანეთისთვის. ჭეშმარიტი ქრისტიანები ბიბლიის ხელმძღვანელობით აღწევენ და ინარჩუნებენ ასეთ სასიამოვნო ურთიერთობებს. და მაინც, როგორი სიყვარულიც არ უნდა იყოს გამეფებული კრებაში, გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია. მოდი გვახსოვდეს ეს და განვიხილოთ სამი ადამიანის შესანიშნავი მაგალითი, რომლებშიც შექებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ეს მაგალითები დაგვიტოვეს ელიჰუმ, რომელიც ქრისტიანობამდე ცხოვრობდა, მოციქულმა პავლემ და იესო ქრისტემ.
თავაზიანად და პატივისცემით მიცემული რჩევა
ელიჰუმ, რომელიც ალბათ აბრაამის შორეული ნათესავი იყო, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ დახმარებოდა იობს, გაწონასწორებული შეხედულება ჰქონოდა ღმერთთან ურთიერთობაზე. ელიჰუ თავაზიანობას და პატივისცემას ავლენდა სხვების მიმართ. ის მოთმინებით უსმენდა სხვებს, სანამ თავად დაიწყებდა ლაპარაკს. და მაშინ, როცა ეგრეთ წოდებული მეგობრები იობში მხოლოდ ნაკლს ეძებდნენ, ელიჰუმ, რჩევის მიცემასთან ერთად, შეაქო იობი იმისთვის, რომ ცხოვრებაში სწორი გზით დადიოდა. ამ დროს მან, როგორც ნამდვილმა მეგობარმა, იობის მიმართ სითბო და ყურადღება გამოხატა და სხვებისგან განსხვავებით მას სახელით მიმართა. ელიჰუმ თავაზიანად უთხრა იობს: „გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები და ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს“. მან იობს პატივისცემითა და თანაგრძნობით მიმართა: „ჭეშმარიტი ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც. მეც თიხისგან ვარ გამოსახული“. შემდეგ კი შეაქო იობი: „თუ რაიმე გაქვს სათქმელი, გამეცი პასუხი. ილაპარაკე, რადგან მომწონს შენი სიმართლე“ (იობი 33:1, 6, 32).
როდესაც სხვას თავაზიანად და პატივისცემით ვექცევით, ეს მისი შექების ტოლფასია. ასე ჩვენ, ფაქტობრივად, მას ვეუბნებით: „მე შენ ყურადღებისა და პატივისცემის ღირსად გთვლი“. ამგვარად ჩვენ სითბოსა და ყურადღებას ვავლენთ მის მიმართ.
თავაზიანობა უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ კარგი მანერების ფორმალურად
გამოვლენას. სხვის გულს რომ შევეხოთ, მთელი გულით უნდა ვავლენდეთ თავაზიანობას. ამით ჩვენს გულწრფელ ინტერესსა და სიყვარულს უნდა გამოვხატავდეთ.ტაქტიანად ნათქვამი საქებარი სიტყვები
პავლე მოციქულმა გვიჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტაქტიანი შექება. მაგალითად, მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს, როდესაც პავლე ათენში ქადაგებდა, მას ზოგი ბერძენი ფილოსოფოსის წინაშე მოუწია ქრისტიანობის დაცვა. ნახეთ, რა ტაქტიანად გაართვა თავი მან ამ რთულ ამოცანას. «ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა მას დავა დაუწყო. ზოგი ამბობდა: „რისი თქმა უნდა ამ მოლაყბეს?“ სხვები კი ამბობდნენ: „ეტყობა, უცხო ღვთაებებს ქადაგებს“» (საქმეები 17:18). ასეთი შენიშვნების მიუხედავად პავლემ სიმშვიდე შეინარჩუნა და მიუგო მათ: „ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებებისა“. პავლემ კი არ გაკიცხა ისინი კერპთაყვანისმცემლობის გამო, არამედ შეაქო, რადგან რელიგიურ საკითხებში გულმოდგინებას ავლენდნენ (საქმეები 17:22).
თვალთმაქცურად მოიქცა პავლე? სულაც არა. მას კარგად ესმოდა, რომ არ უნდა გაესამართლებინა თავისი მსმენელები; პავლეს ისიც კარგად ახსოვდა, რომ ერთ დროს თვითონაც არ იცოდა ჭეშმარიტება. მისი დავალება ის იყო, რომ ღვთის ცნობა გადაეცა ხალხისთვის და არა ის, რომ გაესამართლებინა ისინი. მან საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა ის, რაც იეჰოვას მოწმეებიდან ბევრისთვის უცხო არ არის: ცრუ რელიგიის ზოგიერთი თავგამოდებული მიმდევარი საბოლოოდ ჭეშმარიტების გულმოდგინე დამცველი ხდება.
პავლეს ასეთმა მიდგომამ კარგი შედეგი გამოიღო. „ზოგიერთები გაჰყვნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები“ (საქმეები 17:34). რა ბრძნულად მოიქცა პავლე, როდესაც შეაქო ათენელები მათი გულწრფელი რწმენისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი მრწამსი ცრუ იყო, და არ გაკიცხა ისინი ჭეშმარიტების არცოდნის გამო! იმ ადამიანებს, რომლებიც მცდარი ინფორმაციის გამო არასწორი გზით დადიან, შეიძლება კარგი გული ჰქონდეთ.
როდესაც პავლეს ჰეროდე აგრიპა II-ს წინაშე წარდგენა მოუწია, მან ამ შემთხვევაშიც ტაქტიანობა გამოავლინა. ცნობილი იყო, რომ ჰეროდე სისხლის აღრევაში იყო დამნაშავე, რადგან საკუთარ დასთან, ბერნიკესთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, რაც აშკარად იგმობოდა ღვთის სიტყვაში. მიუხედავად ამისა პავლეს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ისეთი, რითაც ჰეროდეს დაადანაშაულებდა. პირიქით, მან მოძებნა მიზეზი, რომლის საფუძველზეც შეეძლო ჰეროდეს შექება. „მეფე აგრიპა, მიხარია, რომ დღეს თქვენ წინაშე მიწევს თავის დაცვა იუდეველთა ბრალდებებისგან, განსაკუთრებით იმიტომ, რომ თქვენ იუდეველების ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხში ერკვევით“ (საქმეები 26:1—3).
მართლაც, ჩვენი მხრიდანაც ძალიან გონივრული იქნება, თუ მსგავს ტაქტიანობას გამოვავლენთ სხვებთან ურთიერთობისას! მეზობლის, თანაკლასელის ან თანამშრომლის შექებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშვიდობიან და სასიამოვნო ურთიერთობას. თუ მათ დამსახურებულად შევაქებთ და ამგვარად მათ გულს შევეხებით, ზოგჯერ შეიძლება გულწრფელი ადამიანები იმისკენაც აღვძრათ, რომ დროთა განმავლობაში თავიანთი არასწორი შეხედულებები შეცვალონ და მოქმედებები ბიბლიურ ნორმებს შეუთანხმონ.
იესომ შექების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა
იესო არ იშურებდა საქებარ სიტყვებს. მაგალითად, აღდგომისა და ზეცად ამაღლების შემდეგ, ღვთისგან მიღებული მითითების თანახმად, იესო იოანე მოციქულის მეშვეობით მცირე აზიის შვიდ კრებას დაელაპარაკა. მას არ დავიწყებია მათი შექება, ვინც ამას იმსახურებდა. ეფესოს, პერგამონისა და თიატირის კრებებს იესომ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და მოთმინება და ის, რომ ვერ იტან ბოროტებს“; „ეჭიდები ჩემს სახელს და არ უარყავი ჩემდამი რწმენა“ და „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“. სარდისის კრებაშიც კი, რომელიც მთლიანობაში მკაცრი რჩევის მიცემას საჭიროებდა, იესოს მხედველობიდან არ გამორჩენია ისინი, რომლებიც შექებას იმსახურებდნენ. გამოცხადება 2:2, 13, 19; 3:4). მართლაც, რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა იესომ!
მან თქვა: „მაგრამ გყავს სარდისში რამდენიმე კაცი, რომლებსაც კარგი სახელი აქვთ და არ წაუბილწავთ თავიანთი ტანსაცმელი. ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან“ (თუ გვსურს იესოს მივბაძოთ, ჩვენ არ უნდა გავკიცხოთ მთელი ჯგუფი რამდენიმე ადამიანის არასწორი საქციელის გამო, და თუ საჭიროა, რომ ვინმეს რჩევა მივცეთ, ეს დამსახურებული შექების გარეშე არ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ, ამავე დროს, კარგია გვახსოვდეს, რომ თუ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაქებთ ადამიანს, როცა რჩევის მიცემას ვაპირებთ, ჩვენი საქებარი სიტყვები ზოგჯერ შეიძლება მის გულს საერთოდ არ შეეხოს. ამიტომ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ შეაქოთ სხვები! და თუ რჩევის მიცემა იქნება საჭირო ვინმესთვის, მას ასეთ შემთხვევაში უფრო გაუადვილდება რჩევის მიღება.
უხუცესები, რომლებიც არ იშურებენ საქებარ სიტყვებს
ერთი ქრისტიანი და, კორნელია, რომელიც ამჟამად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არსებულ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში მსახურობს, იხსენებს, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მიმომსვლელმა ზედამხედველმა ჰკითხა მას, როგორ ატარებდა პირად შესწავლას და როგორ კითხულობდა ჟურნალებს. „მე ცოტათი შემრცხვა“, — იხსენებს კორნელია, მაგრამ ძმას მან გულახდილად უთხრა, რომ ჟურნალებიდან ყველა სტატიას არ კითხულობდა. „ძმამ კი არ მისაყვედურა, არამედ შემაქო იმისთვის, რომ ვკითხულობდი იმდენს, რამდენის წაკითხვაც შემეძლო, — ამბობს ის. — მისმა შექებამ ისე გამამხნევა, რომ იმ დღიდან გადავწყვიტე, არც ერთი სტატია არ გამომეტოვებინა“.
რეი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ფილიალში მსახურობს. ის იხსენებს პიონერული მსახურების პირველ დღეს. კრების თავმჯდომარე ზედამხედველი, რომელიც სამსახურში საკმაოდ დაკავებული იყო, ოჯახური ვალდებულებები ეკისრა და კრებაშიც უამრავი პასუხისმგებლობა ჰქონდა, საღამოს სამეფო დარბაზში შესვლისთანავე პირდაპირ რეისთან მივიდა და ჰკითხა: „როგორ ჩაირა პიონერული მსახურების პირველმა დღემ?“ ახლაც კი, თითქმის 60 წლის შემდეგ, რეის კარგად ახსოვს იმ უხუცესის ყურადღება.
როგორც ამ ორი შემთხვევიდან ჩანს, მათ მიმართ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს, გულწრფელი ყურადღებისა და სიყვარულის გამოვლენას — და არა ზერელედ ნათქვამ სიტყვებსა თუ პირფერობას — საოცარი შედეგები მოაქვს. ქრისტიანულ კრებაში უამრავი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ თანამორწმუნეები შევაქოთ. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაქოთ ისინი იმისთვის, რომ იეჰოვას მსახურების სურვილი აქვთ, კარგად მომზადებულ კომენტარებს აკეთებენ და თანდათანობით ძლევენ აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიშს, იქნება ეს მოხსენებებით გამოსვლა თუ ინსცენირებებსა და ინტერვიუებში მონაწილეობის მიღება. გარდა ამისა, ისინი ქებას იმსახურებენ იმისთვისაც, რომ გულმოდგინედ ქადაგებენ, ასწავლიან სხვებს და ცდილობენ, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და სულიერი მიზნები დაისახონ. როდესაც სხვებს ვაქებთ, ეს ჩვენზეც დადებითად აისახება. ეს ჩვენ სიხარულს გვანიჭებს და დადებით განწყობას გვინარჩუნებს (საქმეები 20:35).
კარგია, როდესაც უხუცესები აქებენ კრების წევრებს მათი კარგი საქმეებისთვის, და როცა რჩევის მიცემაა საჭირო, ამას სიყვარულით აკეთებენ. ასეთ დროს ისინი სხვებისგან სრულყოფილებას არ მოელიან და უბრალო შეცდომას სერიოზულ სისუსტედ არ მიიჩნევენ.
ქრისტიანი უხუცესები, რომლებიც ელიჰუს მსგავსად სიყვარულით ავლენენ პატივისცემასა და თავაზიანობას, პავლესავით ტაქტიანები არიან და იესოსავით სიყვარულით ზრუნავენ სხვებზე, კრების წევრებისთვის ნამდვილად გამამხნევებლები იქნებიან. შექება აღძრავს სხვებს, უკეთესები გახდნენ. ამასთანავე, ის ხელს უწყობს ერთმანეთს შორის სასიამოვნო ურთიერთობებს. როგორ გაიხარებდა იესო, როდესაც თავისი ზეციერი მამისგან საქებარ სიტყვებს მოისმენდა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“! (მარკოზი 1:11). მოდი ჩვენც გავუხაროთ გული ძმებს ჩვენი გულწრფელი საქებარი სიტყვებით.
[სურათები 15 გვერდზე]
ტაქტიანი მიდგომის წყალობით პავლე შესანიშნავ შედეგებს აღწევდა. ჩვენც შეგვიძლია მსგავსი შედეგების მიღწევა
[სურათი 16 გვერდზე]
თბილმა და გულწრფელმა შექებამ შეიძლება საოცარი შედეგები გამოიღოს