მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რამდენად სწორად მოიქცა იაკობი, როდესაც მამას უთხრა, რომ ესავი იყო, როგორც ეს დაბადების 27:18, 19-შია ნათქვამი?
შესაძლოა, ბიბლიიდან გახსოვთ ეს შემთხვევა. ხანდაზმულმა ისაკმა ესავი სანადიროდ გაგზავნა და უთხრა: „საჭმელად მომიტანე [ნანადირევი], რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდები“. რებეკამ ყური მოჰკრა ქმრის ნათქვამს, გემრიელი კერძი მოამზადა და იაკობს უთხრა: „საჭმელად მიუტანე [მამაშენს], რათა გაკურთხოს, სანამ მოკვდება“. იაკობმაც თიკნის ტყავით დაიფარა ხელები და კისერი და მამას გემრიელი კერძი მიართვა. ისაკმა ჰკითხა: „შვილო! რომელი ხარ?“ იაკობმა მიუგო: „ესავი ვარ, შენი პირმშო“. ისაკმა დაუჯერა და აკურთხა (დაბადება 27:1—29).
ბიბლია არ გვიკონკრეტებს, რატომ მოიქცნენ რებეკა და იაკობი ამგვარად, მაგრამ მასში აღნიშნულია, რომ ასეთ სიტუაციაში მოულოდნელად აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ ღვთის სიტყვა არც ამართლებს და არც გმობს რებეკასა და იაკობის საქციელს. ასე რომ, ეს შემთხვევა არ გვაძლევს სიცრუისა და სხვების შეცდომაში შეყვანის გამართლების საფუძველს. მაგრამ ბიბლია გარკვეულწილად ნათელს ჰფენს ამ სიტუაციას.
ბიბლიაში აშკარად არის ნაჩვენები, რომ იაკობს ჰქონდა მამისგან კურთხევის მიღების უფლება, ესავს კი — არა. იაკობს უკვე ნაყიდი ჰქონდა პირმშოობის უფლება თავისი უმადური ტყუპისცალი ძმისგან, რომელმაც ეს უფლება ერთი ულუფა კერძის ფასად მიჰყიდა. „ესავმა არაფრად ჩააგდო პირმშოობა“ (დაბადება 25:29—34). ამგვარად, იაკობი მამასთან იმ კურთხევის მისაღებად მივიდა, რომელიც მას სამართლიანად ეკუთვნოდა.
გარდა ამისა, ისაკს არაფერი შეუცვლია, როდესაც გაიგო, რომ იაკობი აკურთხა. როგორც ჩანს, მას გაახსენდა, თუ რა უთხრა იეჰოვამ რებეკას ტყუპების დაბადებამდე: „უფროსი უმცროსს მოემსახურება“ (დაბადება 25:23). აღსანიშნავია, ისიც რომ ხარანში წასვლამდე ისაკმა კვლავ აკურთხა იაკობი (დაბადება 28:1—4).
დაბოლოს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცოდა და მისთვის სულერთი არ იყო, თუ რა ხდებოდა. ისაკის მიერ წარმოთქმული კურთხევა აბრაამისთვის მიცემულ დანაპირებთან იყო დაკავშირებული (დაბადება 12:2, 3). ღმერთი ამა თუ იმ სახით აუცილებლად ჩაერეოდა, იაკობის კურთხევა რომ არ ნდომებოდა. მაგრამ იეჰოვამ იაკობს უთხრა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ოჯახი“ (დაბადება 28:10—15).