რისკენ უნდა ვისწრაფოთ?
რისკენ უნდა ვისწრაფოთ?
„ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმ. 6:11).
1. რისკენ ისწრაფვის დღეს უმრავლესობა?
რისკენ ისწრაფვის დღეს უმრავლესობა? ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი უსარგებლო მიზნებისკენ ისწრაფვიან. მაგალითად, ზოგი ‘ამაოებას ესწრაფვის’. ეს იმით გამოიხატება, რომ სიმდიდრეს ბედნიერების წყაროდ მიიჩნევენ (იგავ. 28:19). ზოგი ‘თავაშვებულობას ეძლევა’, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებაა (ფსალმ. 119:150). თუმცა ხალხი ასეთი ფუჭი მიზნებისკენ სწრაფვას მთელ ძალ-ღონეს ახმარს, ერთი რამ ცხადია — ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, „ქარის დევნაა“ (ეკლ. 1:14).
2. ა) რა მიზნისკენ ისწრაფვიან ცხებული ქრისტიანები? ბ) რა იმედს აძლევს იეჰოვა ქრისტიანების უმრავლესობას?
2 ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, პავლე მოციქულმა მოიხსენია ის ღირებული მიზანი, რომლისკენაც ქრისტიანები უნდა ისწრაფოდნენ. მან საკუთარ თავზე დაწერა: „ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 3:14). ბიბლიიდან ჩანს, რომ 144 000 ცხებული ქრისტიანი, რომელთაგან ერთ-ერთი პავლეა, ზეცაში იცხოვრებს. ისინი ზეციდან დედამიწაზე ქრისტესთან ერთად იმეფებენ ათასწლიანი მმართველობის დროს. ცხებული ქრისტიანები მართლაც შესანიშნავი მიზნისკენ ისწრაფვიან. ეს დიდი პატივი მათ ღვთის წყალობით ერგოთ. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანების უმრავლესობას განსხვავებული იმედი, ანუ მიზანი აქვს. მოსიყვარულე შემოქმედი, იეჰოვა მათ სთავაზობს სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრებას და სრულყოფილ ჯანმრთელობას, იმას, რაც ერთ დროს ადამმა და ევამ დაკარგეს (გამოცხ. 7:4, 9; 21:1—4).
3. რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მადლიერები ვართ ღვთის წყალობისთვის?
3 ცოდვილმა ადამიანმა, რაც არ უნდა კარგი აკეთოს, შეუძლებელია მარადიული სიცოცხლე დაიმსახუროს (ეს. 64:6). ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იწამებს, რომ ღვთისგან სიყვარულით გაღებულ მსხვერპლს, ქრისტეს გამოსასყიდს, ხსნის ძალა აქვს. რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მადლიერები ვართ ღვთის წყალობისთვის? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ დავემორჩილოთ შემდეგ მოწოდებას: „ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმ. 6:11). ამ მუხლის დეტალური განხილვა დაგვეხმარება, რომ „უფრო სრულად“ განვივითაროთ ეს თვისებები (1 თეს. 4:1).
„ისწრაფე სიმართლისკენ“
4. რატომაა აუცილებელი სიმართლისკენ სწრაფვა და, პირველ რიგში, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?
4 ტიმოთეს მიმართ მიწერილ ორივე წერილში მოციქული პავლე მოიხსენიებს იმ თვისებებს, რომლისკენაც ქრისტიანები უნდა ისწრაფოდნენ. ამ თვისებების ჩამოთვლას იგი ორივე წერილში იწყებს სიტყვით „სიმართლე“ (1 ტიმ. 6:11; 2 ტიმ. 2:22). გარდა ამისა, ბიბლიის სხვა მუხლებიც მოგვიწოდებს, რომ ვისწრაფოთ სიმართლისკენ (იგავ. 15:9; 21:21; ეს. 51:1). ამისათვის ჯერ საჭიროა ‘ჭეშმარიტი ღმერთისა და მისი გაცნობა, ვინც მან გამოგზავნა, იესო ქრისტესი’ (იოან. 17:3). სიმართლისკენ სწრაფვა ადამიანს აღძრავს, რომ მოინანიოს ცოდვები და ‘მობრუნდეს ღვთისკენ’ მისი ნების შესასრულებლად (საქ. 3:19).
5. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მართლები ვიყოთ ღვთის თვალში?
5 მილიონობით ადამიანმა, რომელიც ნამდვილად ესწრაფვის სიმართლეს, თავი მიუძღვნა იეჰოვას და მიძღვნის ნიშნად მოინათლა. თუ მონათლული ქრისტიანი ხარ, აჩვენებ შენი ცხოვრებით, რომ დღესაც ესწრაფვი სიმართლეს? თუ ასეა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეგეძლოს „კარგისა და ცუდის“ გარჩევა (წაიკითხეთ ებრაელების 5:14). მაგალითად, თუ გასათხოვარი ან დასაქორწინებელი ქრისტიანი ხარ და სიმართლისკენ ისწრაფვი, არასდროს უნდა მისცე თავს იმის უფლება, რომ რომანტიკული გრძნობები განავითარო იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ არის მონათლული ქრისტიანი (1 კორ. 7:39).
6. რას ნიშნავს სიმართლისკენ სწრაფვა?
6 მართალი ადამიანი განსხვავდება თავდაჯერებული და მეტისმეტად მართალი ადამიანისგან (ეკლ. 7:16). იესო თავის მიმდევრებს აფრთხილებდა, რომ მართლებად არ წარმოეჩინათ თავი, თითქოს სხვებზე უკეთესები იყვნენ (მათ. 6:1). ის, ვინც სიმართლისკენ ისწრაფვის, შეეცდება შინაგანად შეიცვალოს — თავიდან მოიშოროს არასწორი ფიქრები, სურვილები, მოტივები და არასწორი თვალსაზრისი. თუ ასე ვიქცევით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სერიოზული ცოდვა ჩავიდინოთ (წაიკითხეთ იგავების 4:23; შეადარეთ იაკობის 1:14, 15). იეჰოვაც, თავის მხრივ, გვაკურთხებს და დაგვეხმარება, რომ სხვა ქრისტიანული თვისებებიც განვივითაროთ.
„ისწრაფე . . . ღვთისადმი ერთგულებისკენ“
7. რას ნიშნავს „ღვთისადმი ერთგულება“?
7 ერთგულება ნიშნავს თავდადებას და გულმოდგინებას. ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „ღვთისადმი ერთგულებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა გულისხმობს იმას, რომ „ყველანაირად ეცადო, არ დაკარგო ღვთისადმი შიში“. ისრაელები ხშირად ღალატობდნენ ღმერთს, რაც მათი ურჩობით ვლინდებოდა. ისინი ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგაც კი ეურჩებოდნენ იეჰოვას.
8. ა) რა კითხვა წამოიჭრა ადამის შეცოდების შემდეგ? ბ) როგორ მოეფინა ნათელი „წმინდა საიდუმლოს“?
8 ადამის შეცოდებიდან ათასობით წლის განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა კითხვა, შეეძლო თუ არა რომელიმე ადამიანს ღვთისადმი ერთგულების სრულყოფილად გამოვლენა. საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ცოდვილმა ადამიანმა ვერ შეძლო ერთგულების სრულყოფილად გამოვლენა. მაგრამ იეჰოვამ ამ „წმინდა საიდუმლოს“ თავის დროზე მოჰფინა ნათელი. მან თავისი მხოლოდშობილი ძის სრულყოფილი სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა. იესომ დედამიწაზე ცხოვრებით ცხადყო, თუ რას ნიშნავს, ბოლომდე უერთგულო ჭეშმარიტ ღმერთს. იესოს ლოცვებიდან გამოჩნდა, თუ რაოდენ დიდი მოწიწება ჰქონდა თავისი მოსიყვარულე ზეციერი მამის მიმართ (მათ. 11:25; იოან. 12:27, 28). იეჰოვამ პავლე აღძრა, დაეწერა, რომ იესომ თავისი ცხოვრებით ღვთისადმი ერთგულების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:16).
9. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვისწრაფოთ ღვთისადმი ერთგულებისკენ?
9 ჩვენ სრულყოფილად ვერ ვავლენთ ღვთისადმი ერთგულებას, რადგან ცოდვილები ვართ. მაგრამ შეგვიძლია ვისწრაფოთ ღვთისადმი ერთგულებისკენ. ამისთვის კი საჭიროა, რაც შეიძლება ზუსტად მივყვეთ ქრისტეს ნაკვალევს (1 პეტ. 2:21). თუ ასე მოვიქცევით, არ ვიქნებით იმ თვალთმაქცებივით, რომლებიც „გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე“ (2 ტიმ. 3:5). რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის ერთგულმა მსახურმა საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება თავის გარეგნობას. მაგალითად, ჩვენ მიერ შერჩეული სამოსი, იქნება ეს საქორწილო კაბა თუ ყოველდღიური ტანსაცმელი, იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ღვთისმოშიშები ვართ (1 ტიმ. 2:9, 10). თუ გვინდა, რომ ღვთისადმი ერთგულებისკენ ვისწრაფოთ, ღვთის სამართლიანი ნორმებით უნდა ვიცხოვროთ.
„ისწრაფე . . . რწმენისკენ“
10. რისი გაკეთება გვმართებს ძლიერი რწმენის შესანარჩუნებლად?
10 წაიკითხეთ რომაელების 10:17. ძლიერი რწმენის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ძვირფას ჭეშმარიტებაზე. „ერთგული და გონიერი მონა“ ბევრ შესანიშნავ პუბლიკაციას გვაწვდის. მაგალითად, მეტი რომ გავიგოთ ქრისტეს შესახებ და უკეთ მივბაძოთ მას, ამაში დაგვეხმარება სამი ძალზე საინტერესო წიგნი: „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“, „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“ და „მოდი და გამომყევი“ (მათ. 24:45—47). ერთგული და გონიერი მონა აგრეთვე ორგანიზებას უწევს კრების შეხვედრებსა და კონგრესებს, სადაც ხშირად ეთმობა ყურადღება „ქრისტეს შესახებ სიტყვას“. თქვენი მხრიდან რისი გაკეთებაა საჭირო იმისათვის, რომ უფრო მეტი სარგებლობა მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან და „განსაკუთრებული ყურადღება“ მიაქციოთ იმას, რასაც ღმერთი გთავაზობთ? (ებრ. 2:1).
11. როგორ გვეხმარება ლოცვა და ღვთის მითითებების დაცვა რწმენისკენ სწრაფვაში?
11 რწმენის განსავითარებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოცვა. ერთხელ ქრისტეს მისმა მიმდევრებმა სთხოვეს: „რწმენა განგვიმტკიცე“. ჩვენც შეგვიძლია მოკრძალებით ვთხოვოთ ღმერთს, რომ რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკ. 17:5). ვთხოვოთ მას წმინდა სული; რწმენა ხომ „სულის ნაყოფია“ (გალ. 5:22). რწმენას ღვთის მითითებების დაცვაც განგვიმტკიცებს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას, რაც დიდ კმაყოფილებას მოგვანიჭებს. და, თუ ვიფიქრებთ იმ კურთხევებზე, რაც ‘უპირველესად ღვთის სამეფოს ძიებას’ მოაქვს, რწმენა უსათუოდ გაგვიძლიერდება (მათ. 6:33).
„ისწრაფე . . . სიყვარულისკენ“
12, 13. ა) რა ახალი მცნება მოგვცა იესომ? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, ქრისტიანული სიყვარულისკენ რომ ვისწრაფოთ?
12 წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 5:1, 2. პავლემ ქრისტიანებს დაგვანახვა, თუ როგორ უნდა ვავლენდეთ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ. ღვთისადმი ერთგულება გულისხმობს იმას, რომ დავემორჩილოთ ქრისტეს ახალ მცნებას და ‘გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც მან შეგვიყვარა’ (იოან. 13:34). იოანე მოციქულმა ქრისტიანებს მიმართა: „თუ ვინმეს საარსებო საშუალება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს, მაგრამ თანაგრძნობის კარს უკეტავს, როგორღა რჩება მასში ღვთის სიყვარული?“ (1 იოან. 3:17). შეგიძლიათ გაიხსენოთ ის შემთხვევები, როცა ქრისტიანული სიყვარული გამოავლინეთ?
13 სიყვარულისკენ მაშინაც ვისწრაფვით, როცა ვპატიობთ ერთმანეთს და გულში წყენას არ ვიტოვებთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:20). ჩვენ ვითვალისწინებთ ღვთის შთაგონებით დაწერილ რჩევას: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). ხომ არ არის თქვენს კრებაში ისეთი და ან ძმა, ვინც გაგანაწყენათ? შეგიძლიათ აპატიოთ მას?
„ისწრაფე . . . მოთმინებისკენ“
14. რას ვსწავლობთ ფილადელფიის კრების მაგალითიდან?
14 ერთია, ისწრაფო ადვილად მისაღწევი მიზნისკენ, მაგრამ სულ სხვაა დაისახო ისეთი მიზანი, რომლის მიღწევაც რთულია და დიდ დროს მოითხოვს. მარადიული სიცოცხლის მისაღებად მოთმინებაა საჭირო. იესომ ფილადელფიის კრებას შეუთვალა: „რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინების შესახებ, მეც დაგიცავ გამოცდის საათისგან“ (გამოცხ. 3:10). იესო თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ სირთულეების გადასალახავად და ცდუნებების დასაძლევად მოთმინება დასჭირდებოდათ. პირველ საუკუნეში ფილადელფიელმა ძმებმა, როგორც ჩანს, რწმენის არაერთი გამოცდა გადაიტანეს. იესომ დაარწმუნა ისინი, რომ უფრო დიდი განსაცდელის დროსაც დაეხმარებოდა (ლუკ. 16:10).
15. იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, რამდენად აუცილებელია მოთმინება?
15 იესომ იცოდა, რომ მის მიმდევრებს მოიძულებდნენ ახლობლები და მთელი ქვეყნიერება. იესომ, სულ მცირე, ორჯერ გაამხნევა თავისი მოწაფეები შემდეგი სიტყვებით: „ბოლომდე მომთმენი . . . გადარჩება“ (მათ. 10:22; 24:13). მან მაგალითითაც დაანახვა მოწაფეებს, თუ საიდან მიიღებდნენ მოთმინებისთვის საჭირო ძალას. იესომ კლდოვან ადგილს შეადარა ისინი, რომლებიც ღვთის ‘სიტყვას სიხარულით იღებენ’, ხოლო რწმენის გამოცდის დროს უარყოფენ. ერთგული მიმდევრები კი კარგ ნიადაგს შეადარა, რომლებიც იცავენ ღვთის სიტყვას და ‘მოთმინებით გამოაქვთ ნაყოფი’ (ლუკ. 8:13, 15).
16. რით ეხმარება ღმერთი მილიონობით ადამიანს, რომ ბოლომდე მოითმინონ?
16 მაშ, რა არის საჭირო, რომ ბოლომდე მოვითმინოთ? ჩვენ უნდა დავიცვათ ღვთის სიტყვა, ანუ ყოველთვის გვქონდეს ჩაბეჭდილი გულსა და გონებაში. „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სულ უფრო მეტ ენაზე ითარგმნება. ის ზუსტი და ადვილად წასაკითხია, რაც გვიადვილებს ღვთის სიტყვის დაცვას. ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა და წაკითხულზე დაფიქრება საჭირო ძალებს მოგვცემს, რომ მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი (ფსალმ. 1:1, 2).
„ისწრაფე . . . რბილი ხასიათისკენ“ და მშვიდობისკენ
17. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ „რბილი ხასიათი“ გვქონდეს? ბ) საიდან გამოჩნდა, რომ იესოს რბილი ხასიათი ჰქონდა?
17 არავის სიამოვნებს, როდესაც იმაში ადანაშაულებენ, რაშიც ბრალი არ მიუძღვის. ადამიანების უმეტესობა უსამართლო კრიტიკაზე, ჩვეულებრივ, მძაფრად რეაგირებს. განა უკეთესი არ იქნება ამ დროს „რბილი ხასიათის“ გამოვლენა?! (წაიკითხეთ იგავების 15:1). შინაგანი სიმტკიცეა საჭირო, რომ უსამართლო კრიტიკის გამო მდგომარეობიდან არ გამოვიდეთ. ამ მხრივ იესო ქრისტემ საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). შეუძლებელია ზუსტად ისე მოვიქცეთ, როგორც იესო, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, რომ ვისწრაფვოთ რბილი ხასიათისკენ.
18. ა) რაში გვეხმარება რბილი ხასიათი? ბ) კიდევ რა თვისებისკენ უნდა ვისწრაფოთ?
18 იესოს მსგავსად, ‘ყოველთვის მზად ვიყოთ’ ჩვენი მრწამსის დასაცავად, „ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით“ ვაკეთოთ (1 პეტ. 3:15). რბილი ხასიათი დაგვეხმარება, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო არ ჩავებათ გაცხარებულ კამათში თანამორწმუნეებთან თუ მათთან, ვისთანაც ვქადაგებთ (2 ტიმ. 2:24, 25). რბილი ხასიათი ხელს უწყობს სხვებთან მშვიდობიან ურთიერთობას. ალბათ, ამიტომ მოიხსენია პავლე მოციქულმა ტიმოთესადმი მიწერილ მეორე წერილში მშვიდობა იმ თვისებათა შორის, რომლისკენაც ქრისტიანი უნდა ისწრაფოდეს (2 ტიმ. 2:22; შეადარეთ 1 ტიმოთეს 6:11). მშვიდობა კიდევ ერთი თვისებაა, რომელიც უნდა განვავითაროთ, როგორც ამას წმინდა წერილები მოგვიწოდებს (ფსალმ. 34:14; ებრ. 12:14).
19. რა თვისებებისკენ უნდა ისწრაფოთ, და რატომ?
19 ჩვენ მოკლედ განვიხილეთ შვიდი ქრისტიანული თვისება, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ. ესენია: სიმართლე, ღვთისადმი ერთგულება, რწმენა, სიყვარული, მოთმინება, რბილი ხასიათი და მშვიდობა. რაოდენ დიდი კურთხევაა, როდესაც თითოეული ქრისტიანი ისწრაფვის იმისკენ, რომ უფრო სრულად გამოავლინოს ეს ძვირფასი თვისებები! თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას განვადიდებთ და საშუალებას მივცემთ მას, რომ სამაგალითო ქრისტიანებად ჩამოგვაყალიბოს.
დასაფიქრებელი კითხვები
• რას ნიშნავს სიმართლისა და ღვთისადმი ერთგულებისკენ სწრაფვა?
• რა დაგვეხმარება, რომ რწმენისა და მოთმინებისკენ ვისწრაფოთ?
• რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიყვარულით მოვეპყროთ სხვებს?
• რატომ უნდა ვისწრაფოთ რბილი ხასიათისა და მშვიდობისკენ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 12 გვერდზე]
იესომ გააფრთხილა მოწაფეები, რომ მართლებად არ წარმოეჩინათ თავი
[სურათი 13 გვერდზე]
ღვთის სიტყვაზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ ვისწრაფოთ რწმენისკენ
[სურათი 15 გვერდზე]
ვისწრაფოთ სიყვარულისა და რბილი ხასიათისკენ