გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• რა სირთულეებს ხვდება ზოგი ქრისტიანი დაქორწინების შემდეგ და რის გაკეთებას უნდა შეეცადონ?
დაქორწინების შემდეგ ზოგი ქრისტიანი წყვილი შეიძლება მიხვდეს, რომ ცოტა რამ ჰქონიათ საერთო. მათ იციან, რომ თუ განქორწინებისთვის ბიბლიური საფუძველი არა აქვთ, ეს არ იქნება ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილება. ამიტომ მთელი ძალ-ღონე უნდა მოახმარონ იმას, რომ შეინარჩუნონ ოჯახი (4/15, გვერდი 17).
• რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ ქრისტიანები მოხუცებულთა სახლებში?
ზოგი შეიძლება იმ მოხუცებულთა სახლში მოხვდეს, რომელიც სხვა კრების ტერიტორიაზე მდებარეობს, და ამიტომ შესაძლოა არ იცნობდნენ იქაურ და-ძმებს. მოხუცებულთა სახლებში ბევრს განსხვავებული რწმენა აქვს და შეიძლება ჩვენს ხანდაზმულ და-ძმებს მონაწილეობა მიაღებინონ რელიგიურ რიტუალებში. ქრისტიანი ნათესავები და კრების წევრები მხარში უნდა ამოუდგნენ ამ და-ძმებს და დაეხმარონ მსგავს პრობლემებთან გამკლავებაში (4/15, გვერდები 25—27).
• რომელია ის ოთხი ნაბიჯი, რომელიც ცოლ-ქმარმა უნდა გადადგას წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად?
გამოყავით დრო, რომ იმსჯელოთ პრობლემაზე (ეკლ. 3:1, 7). გულწრფელად და პატივისცემით გამოთქვით თქვენ-თქვენი აზრები (ეფეს. 4:25). მოუსმინეთ მეუღლეს და გაითვალისწინეთ მისი გრძნობები (მათ. 7:12). ერთსულოვნად მიიღეთ გადაწყვეტილება და შეეცადეთ მის განხორციელებას (ეკლ. 4:9, 10) (5/1, გვერდები 10—12).
• რა იგულისხმა იესომ ვალებში, როცა თავის მოწაფეებს ასწავლა, ასე ელოცათ: „გვაპატიე ჩვენი ვალები“?
თუ მათეს 6:12-სა და ლუკას 11:4-ს ერთმანეთთან შევადარებთ, დავინახავთ, რომ იესო პირდაპირი გაგებით ვალებს არ გულისხმობდა. მას მხედველობაში ჰქონდა ცოდვები. ჩვენ ღმერთს უნდა მივბაძოთ და სხვებს მთელი გულით ვაპატიოთ (5/15, გვერდი 9).
• რომელ კომიტეტებში მსახურობენ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები?
ესენია: კოორდინატორთა კომიტეტი, კადრების კომიტეტი, საგამომცემლო კომიტეტი, სამსახურებრივი კომიტეტი, სასწავლო კომიტეტი და სამწერლო კომიტეტი (5/15, გვერდი 29).
• საიდან ვიცით, რომ მთელი დედამიწა მოიცვა ნოეს დროინდელმა წარღვნამ?
იესო დარწმუნებული იყო, რომ წარღვნის დროს წყალმა მთელი დედამიწა დაფარა. ბიბლიაში ჩაწერილ გამაფრთხილებელ სიტყვებშიც არის მოხსენიებული, რომ წარღვნამ მთელი დედამიწა წალეკა (6/1, გვერდი 8).
• იმ უზნეო საქციელს, რომლის შესახებაც ჩაწერილია რომაელების 1:24—32-ში, იუდეველები სჩადიოდნენ თუ უცხოტომელები?
ასეთ საქციელს შეიძლება იუდეველებიც სჩადიოდნენ და უცხოტომელებიც, მაგრამ პავლეს მხედველობაში ჰყავდა უშუალოდ ძველ დროში მცხოვრები ისრაელები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არღვევდნენ ღვთის კანონს. მათ კარგად იცოდნენ ღვთის მოთხოვნები, მაგრამ არ ასრულებდნენ (6/15, გვერდი 29).
• სად მდებარეობს თელ-არადი და რით არის განსაკუთრებული?
• თელ-არადი, რომელიც ყორღანის ქვეშ იყო დამარხული, მკვდარი ზღვის დასავლეთით მდებარეობს. ამ ყორღანის გათხრის შედეგად აღმოაჩინეს თიხის ფირფიტები, რომლებზეც წარწერები იყო გაკეთებული. ზოგიერთ მათგანზე აწერია ის ებრაული სახელები, რომლებიც ბიბლიაში გვხვდება, ზოგიერთზე კი — ღვთის სახელი (7/1, გვერდები 23, 24).
• რატომ არ უნდა მოვთხოვოთ მეტისმეტი საკუთარ თავს?
თუ ნებისმიერ ფასად ვეცდებით ჩვენთვის არარეალური მიზნების მიღწევას, სიხარულს დავკარგავთ. თუმცა, მეორე მხრივ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად ლმობიერები არ გავხდეთ; არ უნდა მოვდუნდეთ მსახურებაში და თავი იმით არ უნდა ვიმართლოთ, რომ მეტი არ შეგვიძლია (7/15, გვერდი 29).
• რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მშობლებს მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში?
ბავშვი შეიძლება მორიდებული ან თავნება იყოს, ან მეტი თავისუფლება უნდოდეს. მშობლებმა ბავშვებს ისეთი გარემო უნდა შეუქმნან, რომ მათ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი აზრი. მშობლები უნდა შეეცადონ იმის გაგებას, თუ სინამდვილეში რას ფიქრობს ბავშვი (8/1, გვერდები 10, 11).