არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართლები მარადიულად განადიდებენ ღმერთს

მართლები მარადიულად განადიდებენ ღმერთს

მართლები მარადიულად განადიდებენ ღმერთს

„მარადიული იქნება მართლის ხსოვნა . . . მისი სიმართლე მარადიულია“ (ფსალმ. 112:6, 9).

1. ა) რა ბედნიერი მომავალი ელით მათ, ვისაც ღმერთი მართლებად მიიჩნევს? ბ) რა კითხვა წამოიჭრება?

არაჩვეულებრივი მომავალი ელით მათ, ვისაც ღმერთი მართლებად მიიჩნევს! მთელი მარადიულობის განმავლობაში ისინი უფრო მეტს გაიგებენ იეჰოვას შესანიშნავი თვისებების შესახებ; ღვთის საქმეები მათ იეჰოვას განდიდების სურვილს გაუძლიერებს. როგორც 112-ე ფსალმუნშია აღნიშნული, სიმართლე მთავარი თვისებაა იმისათვის, რომ ადამიანმა ასეთი დიდებული მომავალი დაიმკვიდროს. მაგრამ, როგორ შეიძლება წმინდა და მართალმა ღმერთმა ცოდვილი ადამიანები მართლებად მიიჩნიოს? როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, ვაკეთოთ ის, რაც სწორია, შეცდომებს მაინც დავუშვებთ, ზოგჯერ სერიოზულსაც კი (რომ. 3:23; იაკ. 3:2).

2. რა ორი სასწაული მოახდინა იეჰოვამ?

2 იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ცოდვილი ადამიანების ხსნაზე. მან ზეციდან ქალწულის საშვილოსნოში სასწაულებრივად გადაიტანა თავისი საყვარელი ძის სიცოცხლე, რათა ის სრულყოფილ ადამიანად დაბადებულიყო (ლუკ. 1:30—35). როდესაც მტრებმა იესო სიცოცხლეს გამოასალმეს, იეჰოვამ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა. მან ის ძლიერ სულიერ ქმნილებად აღადგინა (1 პეტ. 3:18).

3. რატომ დააჯილდოვა ღმერთმა იესო „მოუსპობელი სიცოცხლით“?

3 იეჰოვამ თავისი ძე „მოუსპობელი სიცოცხლით“ დააჯილდოვა ზეცაში, რაც იესოს მანამდე არ ჰქონია (ებრ. 7:15—17, 28). ღმერთმა ეს სიხარულით გააკეთა, რადგან იესომ უმძიმესი განსაცდელების დროსაც შეინარჩუნა ერთგულება. ამგვარად, იესომ შესაძლებლობა მისცა მამას, პასუხი გაეცა სატანისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანები ღმერთს სიყვარულით კი არა, პირადი გამორჩენის მიზნით ემსახურებიან (იგავ. 27:11).

4. ა) რა გააკეთა იესომ ჩვენთვის ზეცად ამაღლების შემდეგ და როგორ მიიღო იეჰოვამ მისი შესაწირავი? ბ) რა გრძნობებს აღძრავს შენში იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვამ და იესომ შენთვის გააკეთეს?

4 ზეცაში იესომ კიდევ უფრო მეტი გააკეთა. ის ‘ჩვენი გულისთვის წარდგა ღვთის სახის წინაშე’ „საკუთარი სისხლით“. ჩვენმა ზეციერმა მამამ სიამოვნებით მიიღო იესოს მიერ გაღებული ძვირფასი შესაწირავი, როგორც „შერიგების მსხვერპლი ჩვენი ცოდვებისთვის“. ამიტომაც გვაქვს სუფთა სინდისი და შეგვიძლია „წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს“. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გავიმეოროთ 112-ე ფსალმუნის შესავალი სიტყვები: „ადიდეთ იაჰი!“ (ებრ. 9:12—14, 24; 1 იოან. 2:2).

5. ა) რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთმა მართლებად ჩაგვთვალოს? ბ) რა მსგავსებაა 111-ე და 112-ე ფსალმუნებს შორის?

5 იეჰოვა მართლებად ჩაგვთვლის, თუ გვჯერა, რომ იესოს დაღვრილ სისხლს ხსნის ძალა აქვს. დღე არ უნდა გავიდეს ისე, რომ მადლობა არ გადავუხადოთ იეჰოვას იმ დიდი სიყვარულისათვის, რომელსაც ჩვენდამი ავლენს (იოან. 3:16). ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ ღვთის სიტყვას და ნასწავლს ცხოვრებაში ვიყენებდეთ. 112-ე ფსალმუნი ნათლად აღწერს, როგორ შეუძლია ადამიანს შეინარჩუნოს სუფთა სინდისი ღვთის წინაშე. ეს ფსალმუნი ავსებს 111-ე ფსალმუნს, რადგან ორივე მსგავსი შეძახილით იწყება: „ადიდეთ იაჰი!“ ანუ „ალილუია!“. ორივე ფსალმუნი შედგება 22 სტრიქონისაგან, რომელთაც წინ უძღვის ებრაული ანბანის 22 ასო. *

ბედნიერების საფუძველი

6. როგორ არის კურთხეული 112-ე ფსალმუნში აღწერილი ღვთისმოშიში კაცი?

6 „ბედნიერია იეჰოვას მოშიში კაცი, რომელსაც დიდად სიამოვნებს მისი მცნებები. გაძლიერდება მისი შთამომავლობა დედამიწაზე. კურთხეული იქნება მართალთა თაობა“ (ფსალმ. 112:1, 2). ფსალმუნმომღერალი პირველ მუხლში „კაცს“ მოიხსენიებს, მეორე მუხლის ბოლოს კი მრავლობით რიცხვში გადადის და „მართლებზე“ საუბრობს. აქედან გამომდინარე, 112-ე ფსალმუნი მხოლოდ ერთ ადამიანს კი არა, მთელ ჯგუფსაც შეიძლება ეხებოდეს. როგორც ჩანს, პავლე მოციქულიც მსგავს აზრს იზიარებდა, რადგან ფსალმუნის 112:9 პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს დაუკავშირა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 9:8, 9). რა კარგად აღწერს ეს ფსალმუნი კურთხევებს, რომლებიც დღეს ქრისტეს მიმდევრებს აქვთ.

7. რატომ უნდა ჰქონდეთ ღვთის მსახურებს მისი შიში და როგორი დამოკიდებულება გაქვს პირადად შენ ღვთის მცნებებისადმი?

7 ფსალმუნის 112:1-დან ჩანს, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს დიდ ბედნიერებას ანიჭებთ ღვთისმოშიშება. იმის შიში, რომ გული არ ატკინონ ღმერთს, მათ სატანის ქვეყნიერებასთან ბრძოლაში ეხმარება. ქრისტიანებს „დიდად სიამოვნებთ“ ღვთის სიტყვის კვლევა და ღვთის მცნებების დაცვა, რაშიც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაც იგულისხმება. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოწაფეებად მოამზადონ ხალხი ყველა ერიდან და ბოროტები იეჰოვას მოახლოებული სასამართლოს დღის შესახებ გააფრთხილონ (ეზეკ. 3:17, 18; მათ. 28:19, 20).

8. ა) დღეს როგორ ჯილდოვდება ღვთის ხალხი გულმოდგინებისთვის? ბ) მომავალში რა კურთხევები ელით მათ, ვინც დედამიწაზე იცხოვრებს?

8 ღვთის მსახურები კეთილსინდისიერად ასრულებენ სამქადაგებლო საქმეს, რის შედეგადაც მსოფლიოში მათმა რიცხვმა შვიდ მილიონს მიაღწია. ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ღვთის ხალხი „გაძლიერებულია“ (იოან. 10:16; გამოცხ. 7:9, 14). ისინი ნამდვილად „კურთხეულნი“ იქნებიან, როცა ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას. ისინი, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ, გადაიტანენ მოახლოებულ „დიდ გასაჭირს“ და საფუძველს ჩაუყრიან „ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“. არმაგედონში გადარჩენილთა კურთხევები ამით არ დასრულდება. ისინი შეეგებებიან მილიონობით მკვდრეთით აღდგენილ ადამიანს. ნუთუ არ გხიბლავთ ასეთი მომავალი?! ის ადამიანები, რომელთაც „დიდად სიამოვნებთ“ ღვთის მცნებების დაცვა, გასრულყოფილდებიან და მარადიულად დატკბებიან „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებით“ (2 პეტ. 3:13; რომ. 8:21).

გონივრულად გამოვიყენოთ სიმდიდრე

9, 10. როგორ იყენებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები სულიერ სიმდიდრეს და რა გაგებით იქნება მათი სიმართლე მარადიული?

9 „ქონება და სიმდიდრეა მის სახლში; მარადიულია მისი სიმართლე. სიბნელეში სინათლესავით გამოანათა მან მართლებისთვის. ის მწყალობელი, გულმოწყალე და მართალია“ (ფსალმ. 112:3, 4). ბიბლიურ დროში ღვთის ზოგი მსახური დიდი სიმდიდრის პატრონი იყო. მაგრამ ღვთის მსახურებს მატერიალური თვალსაზრისით ბევრიც რომ არაფერი ჰქონდეთ, ისინი მაინც მდიდრები არიან, რადგან მათ ღმერთი იწონებს. ფაქტია, რომ უმრავლესობა, ვინც ღვთის წინაშე თავს იმდაბლებს, ღარიბია და შესაძლოა მათ ზემოდანაც დაჰყურებენ, როგორც ეს დედამიწაზე იესოს ცხოვრების დროს ხდებოდა (ლუკ. 4:18; 7:22; იოან. 7:49). ჩვენი სულიერი სიმდიდრე ქონებაზე არ არის დამოკიდებული (მათ. 6:20; 1 ტიმ. 6:18, 19; წაიკითხეთ იაკობის 2:5 ).

10 ცხებული ქრისტიანები და მათი თანამსახურები სულიერ სიმდიდრეს სხვებსაც უზიარებენ. ისინი ‘სინათლესავით ანათებენ’ სატანის ბნელ ქვეყნიერებაში და სხვებსაც ეხმარებიან, ეზიარონ ღვთის სიბრძნისა და ცოდნის საგანძურს. მოწინააღმდეგეები ცდილობენ, შეაჩერონ სამქადაგებლო საქმე, მაგრამ უშედეგოდ. სინამდვილეში, საქმე, რომელსაც ღვთის მსახურები აკეთებენ, მარადიულ კურთხევებს მოიტანს. თუ ისინი ბოლომდე სიმართლის გზაზე დარჩებიან, მარადიულად იცხოვრებენ.

11, 12. რისთვის იყენებს ღვთის ხალხი თავის ქონებას?

11 ცხებული მონის კლასმა და „უამრავმა ხალხმა“ არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გულუხვობა. ფსალმუნის 112:9-ში ნათქვამია: „დაარიგა, ღარიბებს მისცა“. ჭეშმარიტი ქრისტიანები ხშირად ეხმარებიან მატერიალურად თანაქრისტიანებს და ზოგჯერ მათაც კი, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას. ისინი მატერიალურ დახმარებას უწევენ ომის და სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებულებსაც. როგორც იესომ აღნიშნა, გაცემას ნამდვილი ბედნიერება მოაქვს (წაიკითხეთ საქმეების 20:35; 2 კორინთელების 9:7).

12 გარდა ამისა, დაფიქრდით, რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული თუნდაც ამ ჟურნალის 172 ენაზე გამოცემა. ამ ენების უმეტესობაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომელთაც შედარებით მცირე შემოსავალი აქვთ. ეს ჟურნალი აგრეთვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ჟესტების ენაზე და ბრაილის შრიფტით.

მწყალობელი და სამართლიანი

13. ვის უნდა მივბაძოთ გულუხვად გაცემაში და როგორ?

13 „კარგია მწყალობელი და სესხის გამცემი კაცი“ (ფსალმ. 112:5). ფაქტია, რომ ბევრს გულმოწყალება სულაც არ ამოძრავებს, როდესაც სხვებს ეხმარება. ზოგი ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ თავის უპირატესობას გაუსვას ხაზი ან უბრალოდ იძულებულია, ასე მოიქცეს. არავის გვსიამოვნებს დახმარების მიღება მისგან, ვინც თავს გვამეტებს ან გვაგრძნობინებს, რომ მისთვის ტვირთი ვართ. დახმარების მიღება მხოლოდ მწყალობელი ადამიანისგან გვსიამოვნებს. იეჰოვა მწყალობელი ღმერთია და გაცემა სიამოვნებას ანიჭებს (1 ტიმ. 1:11; იაკ. 1:5, 17). იესო ქრისტე სრულყოფილად ბაძავდა მამას ამ თვისების გამოვლენაში (მარ. 1:40—42). ღმერთმა რომ მართლებად ჩაგვთვალოს, სიხარულით და გულუხვად უნდა გავცეთ და ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს სულიერ დახმარებას ვუწევთ.

14. როგორ შეგვიძლია ‘სამართლიანად გავუძღვეთ ჩვენს საქმეებს’?

14 „სამართლიანად უძღვება თავის საქმეებს“ (ფსალმ. 112:5). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ერთგული მმართველი იეჰოვას სამართლიანი პრინციპების თანახმად ზრუნავს ბატონის ქონებაზე (წაიკითხეთ ლუკას 12:42—44 ). ამაში შედის ბიბლიაზე დაფუძნებული მითითებების მიცემა უხუცესებისთვის, რომლებსაც ზოგჯერ კრებაში სერიოზულ ცოდვებთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეების მოგვარება უწევთ. ერთგული მმართველის სამართლიანად მოქმედება იქიდანაც ჩანს, რომ ის ბიბლიის პრინციპების საფუძველზე ხელმძღვანელობს კრებებს, მისიონერთა სახლებსა და ბეთელის ოჯახებს. სამართლიანობა არა მარტო უხუცესებს მოეთხოვება, არამედ ნებისმიერ ქრისტიანს ერთმანეთთან თუ სხვებთან ურთიერთობისას; აგრეთვე მაშინ, როცა საქმე საქმიან ურთიერთობებს ეხება (წაიკითხეთ მიქას 6:8, 11).

მართლის კურთხევები

15, 16. ა) რა გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები მართლებზე? ბ) რის გაკეთება აქვთ ღვთის მსახურებს გადაწყვეტილი?

15 „არასდროს წაიფორხილებს. მარადიული იქნება მართლის ხსოვნა. ცუდი ამბები ვერ შეაშინებს მას; მტკიცეა მისი გული, იეჰოვაზეა მინდობილი. შეუდრეკელია მისი გული, არ შეეშინდება და ბოლოს ზემოდან დახედავს თავის მოწინააღმდეგეებს“ (ფსალმ. 112:6—8). კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი ცუდი ამბავი — ომები, ტერორიზმი, ახალი თუ ძველი დაავადებები, დამნაშავეობა, სიღარიბე და გარემოს დაბინძურება. ეს ყველაფერი მათზეც ახდენს გავლენას, ვისაც ღმერთი მართლებად თვლის, მაგრამ მათ არ აშინებთ მომავალზე ფიქრი. მათი გული „მტკიცეა“ და „შეუდრეკელი“, რადგან მომავალს იმედის თვალით უყურებენ და იციან, რომ ღვთის სამართლიანი ახალი ქვეყნიერება ახლოსაა. უბედური შემთხვევების დროს ისინი ადვილად უმკლავდებიან სიტუაციას, რადგან იეჰოვას მხარდაჭერის იმედი აქვთ. ღმერთი მართლებს ძალას მისცემს ყველაფრის ასატანად და არ დაუშვებს მათ ‘წაფორხილებას’ (ფილ. 4:13).

16 მართლებს ასევე უწევთ სიძულვილისა და სიცრუის ატანა მოწინააღმდეგეების მხრიდან. მაგრამ ისინი მაინც არ წყვეტენ ქადაგებას. ღვთის მსახურები მტკიცედ განაგრძობენ იეჰოვას დავალების შესრულებას — ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და ამზადებენ მოწაფეებს. უდავოა, რომ მართლები აღსასრულის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტ წინააღმდეგობას შეხვდებიან. მტრის სიძულვილს მართლები ყველაზე აშკარად მაშინ შეიგრძნობენ, როცა სატანა ეშმაკი, იგივე გოგი მაგოგის მიწიდან, საბოლოოდ გაილაშქრებს მათ წინააღმდეგ. მაგრამ ღვთის მსახურები ‘ზემოდან დახედავენ თავიანთ დამარცხებულ მოწინააღმდეგეებს’. მაშინ იეჰოვას სახელი სრულიად განიწმინდება! (ეზეკ. 38:18, 22, 23).

დიდებით ამაღლებული

17. როგორ ამაღლდებიან დიდებით მართლები?

17 რამხელა შვება იქნება, როცა სატანის წინააღმდეგობის გარეშე ერთობლივად განვადიდებთ იეჰოვას! იეჰოვას მარადიულად განადიდებენ ისინი, ვისაც ღმერთი მართლებად ჩათვლის. ისინი არ შერცხვებიან, რადგან იეჰოვამ ისიც თქვა, რომ მართალს „დიდებით აუმაღლდება რქა“ (ფსალმ. 112:9). მართლები დიდებით ამაღლდებიან, როცა იხილავენ იეჰოვას მტრების დამარცხებას.

18. როგორ შესრულდება 112-ე ფსალმუნის ბოლო სიტყვები?

18 „ბოროტი დაინახავს და გამწარდება; კბილთა ღრჭენას დაიწყებს და დადნება. ბოროტთა სურვილი მოისპობა“ (ფსალმ. 112:10). ღვთის ხალხის მოწინააღმდეგეები მალე შურითა და სიძულვილით „დადნებიან“. მათი სურვილი, იხილონ ჩვენი მარცხი, მათთან ერთად მოისპობა მომავალ „დიდ გასაჭირში“ (მათ. 24:21).

19. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

19 იქნები გამარჯვებულთა შორის ან მკვდრეთით აღდგენილ მართალთაგან ერთ-ერთი? (საქ. 24:15). ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ბოლომდე ირწმუნებ, რომ იესოს გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს და 112-ე ფსალმუნში აღწერილი მართალი კაცის მსგავსად იეჰოვას მიჰბაძავ (წაიკითხეთ ეფესოელების 5:1, 2). იეჰოვა იზრუნებს იმაზე, რომ დავიწყებას არ მიეცეს „მართლის ხსოვნა“ და მისი საქმეები. იეჰოვას მარადიულად ემახსოვრება და ეყვარება მართლები (ფსალმ. 112:3, 6, 9).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ეს ფსალმუნები არა მარტო სტილით ჰგავს ერთმანეთს, არამედ შინაარსობრივადაც. ღვთის თვისებები, რომლებიც 111-ე ფსალმუნშია განდიდებული, 112-ე ფსალმუნში აღწერილ ღვთისმოშიშ კაცსაც ახასიათებს. ამის მაგალითია ფსალმუნის 111:3, 4-სა და 112:3, 4-ში ჩაწერილი სიტყვები.

საფიქრებელი კითხვები

• რატომ უნდა განვადიდოთ იაჰი?

• რა არის დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანთა ბედნიერების მიზეზი?

• როგორი გაცემა მოსწონს იეჰოვას?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 25 გვერდზე]

იეჰოვა მართლებად ჩაგვთვლის, თუ გვჯერა, რომ იესოს დაღვრილ სისხლს ხსნის ძალა აქვს

[სურათები 26 გვერდზე]

ნებაყოფლობით გაღებული შესაწირავები ხმარდება დაზარალებულთა დახმარებას და ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას