არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება

იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება

იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება

„მისი უხილავი თვისებები . . . შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომ. 1:20).

1. რა გავლენას ახდენს დღეს ადამიანებზე ქვეყნიური სიბრძნე?

დღეს ქვეყნიერებაში ბრძენს უწოდებენ განათლებულ ადამიანს. მაგრამ არიან ასეთი ადამიანები სინამდვილეში ბრძენები? არა, რადგან ეს ეგრეთ წოდებული ინტელექტუალები ვერავის ეხმარებიან ცხოვრების აზრის პოვნაში. პირიქით, მათი სიბრძნის მოიმედეებს „თითქოს არყევს ტალღები და აქანავებს სწავლების ყოველი ქარი“ (ეფეს. 4:14).

2, 3. ა) რატომ არის იეჰოვა „ერთადერთი ბრძენი“? ბ) რით განსხვავდება ღვთისგან მომდინარე სიბრძნე ქვეყნიური სიბრძნისგან?

2 მაგრამ ამას ვერ ვიტყვით მათზე, ვინც იეჰოვა ღმერთისგან მომდინარე ჭეშმარიტი სიბრძნით ხელმძღვანელობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ერთადერთი ბრძენი“ იეჰოვაა (რომ. 16:27). მან ყველაფერი იცის სამყაროს წარმოშობისა და აგებულების შესახებ. ფიზიკური კანონები, რომლებზედაც მეცნიერები თავიანთ გამოკვლევებს აფუძნებენ, იეჰოვას შექმნილია. ამიტომ მას არც ადამიანთა მიღწევები აკვირვებს და არც ფილოსოფიური აზროვნებით იხიბლება. „ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“ (1 კორ. 3:19).

3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ‘სიბრძნეს აძლევს’ თავის მსახურებს (იგავ. 2:6). ადამიანთა ფილოსოფიისგან განსხვავებით, ღვთისგან მომდინარე სიბრძნე ბუნდოვანი არ არის. საფუძვლიან ცოდნასთან ერთად ასეთი სიბრძნის მისაღებად საჭიროა საღად განსჯისა და გაგების უნარი (წაიკითხეთ იაკობის 3:17 ). იეჰოვას სიბრძნით განცვიფრებული პავლე წერდა: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომ. 11:33). ვინაიდან იეჰოვა სამყაროში ყველაზე ბრძენია, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი კანონები საუკეთესო ხელმძღვანელობას გაგვიწევს. ბოლოს და ბოლოს, იეჰოვამ ხომ ყველაზე უკეთ იცის, რა არის საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის (იგავ. 3:5, 6).

იესო — ღვთის დამხმარე „ოსტატი“

4. რა გვეხმარება ღვთის სიბრძნის დანახვაში?

4 იეჰოვას სიბრძნე თუ სხვა უბადლო თვისებები მის ნახელავში ვლინდება (წაიკითხეთ რომაელების 1:20). იეჰოვას დიდი თუ პატარა ქმნილებები წარმოდგენას გვიქმნის ღვთის ბუნებაზე. ჩვენ ირგვლივ ყველაფერს — ზეცაში თუ დედამიწაზე ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედის ხელი ატყვია. ღვთის ქმნილებებზე დაკვირვებით ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია (ფსალმ. 19:1; ეს. 40:26).

5, 6. ა) ვინ ეხმარებოდა იეჰოვას შემოქმედებაში? ბ) რას განვიხილავთ და რატომ?

5 იეჰოვა მარტო არ ყოფილა, როცა „ცა და დედამიწა“ დააფუძნა (დაბ. 1:1). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა ფიზიკურ სამყარომდე შექმნა სულიერი პიროვნება, რომელიც მას სხვა ყველაფრის შექმნაში დაეხმარა. ის იყო „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, ღვთის მხოლოდშობილი ძე, რომელიც მოგვიანებით დედამიწას ადამიანის სახით მოევლინა და იესოს სახელით გახდა ცნობილი (კოლ. 1:15—17). იეჰოვას მსგავსად იესოც დიდ სიბრძნეს ფლობს. იგავების მე-8 თავში მასზე საუბარია, როგორც გაპიროვნებულ სიბრძნეზე. ამ თავში იესოს ოსტატიც ეწოდება (იგავ. 8:12, 22—31).

6 ამგვარად, ქმნილებები იეჰოვასა და მისი ოსტატის — იესოს სიბრძნეზე მეტყველებს. მათზე დაკვირვებით ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მოდი განვიხილოთ ღვთის ოთხი ქმნილება, რომლებსაც იგავების 30:24—28-ში „ინსტინქტურად ბრძენი“ ქმნილებები ეწოდებათ. *

გამრჯე ჭიანჭველები

7, 8. რით გაგაკვირვათ ჭიანჭველებმა?

7 თუნდაც ამ ერთ-ერთ „ყველაზე პატარა“ ქმნილებაზე დაკვირვებითაც ვსწავლობთ ბევრ რამეს. მოდი ვიმსჯელოთ, რაში ვლინდება ჭიანჭველას ინსტიქტური სიბრძნე (წაიკითხეთ იგავების 30:24, 25 ).

8 როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჭიანჭველების რაოდენობა 200 000-ჯერ აღემატება ადამიანთა რაოდენობას. ისინი დაუღალავად შრომობენ მიწის ქვემოთ თუ ზევით. ჭიანჭველები ქმნიან კოლონიებს, რომლებიც ძირითადად სამი ტიპის ჭიანჭველებისგან შედგება: დედოფლები, მამლები და მუშები. კოლონიის საკეთილდღეოდ ყველა თავისებურად ირჯება. მაგალითად, სამხრეთ ამერიკულ ფოთოლმჭრელ ჭიანჭველას შეიძლება გამოცდილი მებაღე ვუწოდოთ. ეს პატარა მწერები სოკოს მიწისქვეშა „ბაღებს“ ანოყიერებენ, სპორები ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ და „სხლავენ“ სოკოებს, რათა კარგი მოსავალი მიიღონ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ გამოცდილ „მებაღეებს“ იმაზე მეტი მოსავალი არ მოჰყავთ, ვიდრე კოლონიას სჭირდება. *

9, 10. რაში უნდა მივბაძოთ ჭიანჭველებს?

9 ჭიანჭველებისგან ერთ რამეს ვსწავლობთ: თუ გვინდა, რაიმეს მივაღწიოთ, გულმოდგინეები უნდა ვიყოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავ. 6:6—8). იეჰოვაც და იესოც გამრჯენი არიან. იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17).

10 ღვთისა და ქრისტეს მსგავსად ჩვენც გვმართებს შრომისმოყვარეობა. ღვთის ორგანიზაციაში რა პასუხისმგებლობაც არ უნდა გვქონდეს, ‘ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58). ამიტომ კარგად ვიქცევით, თუ ვითვალისწინებთ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ პავლეს რჩევას: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“ (რომ. 12:11). ჩვენ ტყუილუბრალოდ არ ვირჯებით იეჰოვასთვის, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).

სულიერი ზიანისგან თავდაცვა

11. აღწერეთ დამანების ზოგიერთი თავისებურება.

11 დამანი კიდევ ერთი პატარა ქმნილებაა, რომელზე დაკვირვებითაც შეიძლება რაღაცის სწავლა (წაიკითხეთ იგავების 30:26 ). ის დიდ კურდღელს მოგვაგონებს, მაგრამ ყურები და ფეხები მოკლე აქვს. ეს პატარა ცხოველი კლდოვან ადგილებში ბინადრობს. მახვილი მზერა და კლდის ნაპრალები მას მტაცებლებისგან თავდაცვაში ეხმარება. ეს ცხოველები ჯგუფებად ცხოვრობენ, რის წყალობითაც უფრო ადვილად იცავენ თავს და ზამთარშიც თბილად არიან. *

12, 13. რას ვსწავლობთ დამანებისგან?

12 რას ვსწავლობთ დამანებისგან? ეს ცხოველი არასდროს იქმნის სახიფათო სიტუაციებს. თავისი მახვილი მზერით შორიდანვე ამჩნევს მტერს და შორს არ მიდის კლდის ნაპრალებიდან, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაიმალოს. ჩვენც კარგი სულიერი ხედვა უნდა გვქონდეს, რათა ადვილად შევამჩნიოთ საფრთხე, რომელსაც შეიძლება სატანის ქვეყნიერებაში გადავეყაროთ. მოციქული პეტრე მოუწოდებდა ქრისტიანებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). დედამიწაზე ყოფნისას იესოს არ დაუკარგავს სიფხიზლე, რისი წყალობითაც სატანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე ერთგული დარჩა (მათ. 4:1—11). იესო კარგი მაგალითია თავისი მიმდევრებისთვის!

13 სიფხიზლეს იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ ვისარგებლებთ იმით, რასაც იეჰოვა ჩვენი სულიერი დაცვის მიზნით აკეთებს. ამაში შედის ღვთის სიტყვის შესწავლა და ქრისტიანული შეხვედრები (ლუკ. 4:4; ებრ. 10:24, 25). როგორც აღვნიშნეთ, დამანები ჯგუფებად ცხოვრობენ. თუ ჩვენც ახლოს ვიქნებით და-ძმებთან, ‘ერთმანეთის გამხნევებას’ შევძლებთ (რომ. 1:12). თუ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რითაც იეჰოვა გვიცავს, ფსალმუნმომღერალი დავითივით ჩვენც ვიტყვით: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი. ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას“ (ფსალმ. 18:2).

მსახურების გაგრძელება წინააღმდეგობის მიუხედავად

14. რით არის შთამბეჭდავი კალიების გუნდი?

14 ჩვენთვის კიდევ ერთი საინტერესო ქმნილება კალიაა. ერთი კალიის დანახვამ, რომელიც სიგრძით 5 სანტიმეტრია, შეიძლება ვერაფრით გაგვაკვირვოს, მაგრამ კალიების გუნდი შთამბეჭდავი სანახავია (წაიკითხეთ იგავების 30:27 ). გაუმაძღრობით ცნობილ კალიების გუნდს შეუძლია უმოკლეს დროში სრულიად გააჩანაგოს მოსამკელად გამზადებული ყანა. ბიბლიაში მწერების, მათ შორის კალიების ხმა შედარებულია ეტლების გრიალთან და ნამჯას მოკიდებული ცეცხლის ხმასთან (იოელ. 2:3, 5). კალიების შესაჩერებლად ადამიანები ზოგჯერ ცეცხლს აჩაღებენ, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია. დახოცილი კალიების დაცემისას ცეცხლი ქრება, დანარჩენები კი დაუბრკოლებლივ აგრძელებენ გზას. მათ არც მეფე ჰყავთ და არც წინამძღოლი, მაგრამ კარგად ორგანიზებული ჯარივით თითქმის ნებისმიერ დაბრკოლებას უმკლავდებიან (იოელ. 2:25). *

15, 16. რით ჰგვანან სამეფოს მაუწყებლები კალიებს?

15 წინასწარმეტყველმა იოელმა იეჰოვას მსახურების საქმიანობა კალიების სვლას შეადარა. მან დაწერა: „ძლიერი კაცებივით დარბიან; მეომრებივით ადიან გალავანზე; თითოეული თავისი გზით მიდის, გზას არ იცვლიან; ერთმანეთს არ ეხლებიან; ვაჟკაცივით აგრძელებენ სვლას. შუბითაც რომ დაეცეს ზოგიერთი, დანარჩენები მაინც არ ჩერდებიან“ (იოელ. 2:7, 8).

16 ეს წინასწარმეტყველება კარგად აღწერს ღვთის სამეფოს მაუწყებლებს. წინააღმდეგობის ვერც ერთი „გალავანი“ ვერ აჩერებს მათ ქადაგებას. ისინი ჰბაძავენ იესოს, რომელიც მოძულებული იყო, მაგრამ მაინც ასრულებდა ღვთის ნებას (ეს. 53:3). ზოგი ჭეშმარიტი ქრისტიანი რწმენის გულისთვის „შუბითაც დაეცა“. მაგრამ სამქადაგებლო საქმიანობა მაინც არ ჩერდება და სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება. ფაქტობრივად, დევნის შედეგად სასიხარულო ცნობა ზოგჯერ ისეთი ადამიანების ყურამდეც აღწევს, რომლებიც სხვაგვარად მას ვერ მოისმენდნენ (საქ. 8:1, 4). გულგრილობის ან წინააღმდეგობის მიუხედავად, თქვენც აგრძელებთ წინსვლას კალიების მსგავსად? (ებრ. 10:39).

„სიკეთეს მიეკარით“

17. რატომ ეკვრის გეკონის ფეხები გლუვ ზედაპირს?

17 პატარა ხვლიკი გეკონი არაფრად აგდებს მიზიდულობის ძალას (წაიკითხეთ იგავების 30:28). მეცნიერებს დღემდე აოცებთ ის, თუ როგორ ახერხებს ეს პატარა არსება კედლებზე და ჭერის გლუვ ზედაპირზე გადაადგილებას. არ გეგონოთ, რომ მას წებოვანი ფეხები აქვს. გეკონს თითებზე რქოვანი საფარველი აქვს, რომელზეც ათასობით თმისმაგვარი წამონაზარდია. თითოეულ წამონაზარდზე კი ასობით მიკროსკოპული ზომის ბუსუსია განლაგებული. მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ძალა, რომლის წყალობითაც გეკონს შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს გლუვ ზედაპირზე, თუნდაც პირაღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი სხეულის წონა მეტი იქნება. გეკონზე დაკვირვებით მეცნიერები ფიქრობენ, შექმნან ისეთი სინთეტიკური მასალა, რომელიც ნებისმიერ ზედაპირს მიეკვრება. *

18. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველთვის „სიკეთეს ვიყოთ მიკრული“?

18 რა შეგვიძლია ვისწავლოთ გეკონისგან? ბიბლია მოგვიწოდებს: „ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით“ (რომ. 12:9). სატანის ქვეყნიერების მავნე ზეგავლენით შეიძლება ვეღარ ჩავეჭიდოთ ღვთის პრინციპებს. მაგალითად, ღვთისთვის მიუღებელმა გართობამ ან სკოლაში თუ სამსახურში მათთან ურთიერთობამ, ვინც არ აფასებს ღვთის პრინციპებს, შეიძლება სწორად მოქცევის სურვილი დაგვაკარგვინოს. ნუ დაუშვებთ ამას! ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: „ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში“ (იგავ. 3:7). გაითვალისწინეთ ის, რაც მოსემ ურჩია ძველად ღვთის ხალხს: „გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე და მას მიეკარი“ (კან. 10:20). თუ იეჰოვას მივეკვრებით, იესოს მივბაძავთ, რომელზეც ნათქვამია: „შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე“ (ებრ. 1:9).

რას ვსწავლობთ ღვთის ქმნილებებისგან

19. ა) იეჰოვას რომელ თვისებებს ხედავ ღვთის ქმნილებებში? ბ) რით არის ჩვენთვის სასიკეთო ღვთიური სიბრძნე?

19 როგორც აღვნიშნეთ, იეჰოვას თვისებები მის ქმნილებებში ჩანს. გარდა ამისა, ქმნილებები რაღაცასაც გვასწავლიან. რაც მეტად ვიკვლევთ იეჰოვას საქმეებს, მით მეტად გვაოცებს მისი სიბრძნე. თუ ვიხელმძღვანელებთ ღვთისგან მომდინარე სიბრძნით, ბედნიერები და დაცულები ვიქნებით (ეკლ. 7:12). ჩვენ თავად დავრწმუნდებით იგავების 3:13, 18-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა . . . სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 კარგი იქნება, თუ ბავშვები მოძებნიან სქოლიოებში მითითებულ სტატიებს და კომენტარებს გააკეთებენ კრებაში „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის დროს.

^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაცია ფოთოლმჭრელი ჭიანჭველების შესახებ იხილეთ 1997 წლის 22 მარტის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 31 (ინგლ.) და 2002 წლის 8 ივნისის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვ. 31.

^ აბზ. 11 დამატებითი ინფორმაცია დამანების შესახებ იხილეთ 1990 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდები 15, 16 (ინგლ.).

^ აბზ. 14 დამატებითი ინფორმაცია კალიების შესახებ იხილეთ 1976 წლის 22 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდი 11 (ინგლ.).

^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაცია გეკონის შესახებ იხილეთ 2008 წლის აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში, გვერდი 26.

გახსოვთ თუ არა?

რას ვსწავლობთ . . .

•  . . .ჭიანჭველებისგან?

•  . . .დამანებისგან?

•  . . .კალიებისგან?

•  . . .გეკონისგან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

ჰბაძავთ ფოთოლმჭრელ ჭიანჭველას?

[სურათები 17 გვერდზე]

დამანები ჯგუფებად ცხოვრობენ და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ჰბაძავ მათ?

[სურათები 18 გვერდზე]

კალიების მსგავსად ქრისტიანები შეუპოვარნი არიან

[სურათი 18 გვერდზე]

გეკონი ზედაპირს ეკვრის, ქრისტიანები კი სიკეთეს ეკვრიან

[საავტორო უფლება]

Stockbyte/Getty Images