ეძებეთ „მასში საგულდაგულოდ დამალული განძი“!
ეძებეთ „მასში საგულდაგულოდ დამალული განძი“!
„მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კოლ. 2:3).
1, 2. ა) რა არქეოლოგიური ძეგლები აღმოაჩინეს 1922 წელს და სად ინახება ისინი ამჟამად? ბ) რისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა?
ხშირ შემთხვევაში დამარხული განძის პოვნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, 1922 წელს, ურთულეს პირობებში მრავალი წლის დაუღალავი შრომის შედეგად, ბრიტანელმა არქეოლოგმა ჰაუარდ კარტერმა საოცარ რამეს მიაგნო. მან აღმოაჩინა ფარაონ ტუტანხამონის თითქმის ხელუხლებელი სამარხი, რომელშიც 5 000-მდე ნივთი იყო.
2 კარტერის მიერ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლების უმეტესობა დღესდღეობით მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება. მართალია, ეს ნივთები ისტორიისა და ხელოვნების ძვირფასი ნიმუშებია, მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ ყოფას ვერაფრით ცვლის. ღვთის სიტყვა კი მოგვიწოდებს, ვეძებოთ განძი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. ასეთი განძის პოვნა ყველას შეუძლია და მას ვერანაირი სხვა განძი ვერ შეედრება (წაიკითხეთ იგავების 2:1—6).
3. რით არის ღირებული განძი, რომლის ძიებისკენაც იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს?
3 განვიხილოთ, რით არის ღირებული განძი, რომლის ძიებისკენაც იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს. ამ განძში შედის „იეჰოვას შიში“, რომელიც გვიცავს დღევანდელ ძნელბედობის ჟამს (ფსალმ. 19:9). „ღვთის შესახებ ცოდნა“ საშუალებას გვაძლევს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს უზენაესთან. ადამიანისთვის კი ამაზე დიდი პატივი რა უნდა იყოს! ღვთისგან ბოძებული განძი — სიბრძნე, ცოდნა და გამჭრიახობა — ყოველდღიურ პრობლემებთან და საზრუნავთან გამკლავებაში გვეხმარება (იგავ. 9:10, 11). მაგრამ, როგორ შეგვიძლია ამ ძვირფასი განძის პოვნა?
სულიერი განძის ძიება
4. რა მიგვითითებს სულიერი განძის ზუსტ ადგილსამყოფელზე?
4 არქეოლოგებისა თუ სხვა მეცნიერებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად განძს ვარაუდით ეძებენ, ჩვენ ზუსტად ვიცით, სად შეიძლება სულიერი განძის პოვნა. ბიბლია რუკასავითაა, რომელიც ღვთის მიერ დაპირებული განძის ზუსტ ადგილსამყოფელზე მიგვითითებს. მოციქული პავლე ქრისტეს შესახებ წერდა: „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“ (კოლ. 2:3). ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ შეიძლება ასეთი კითხვები გაგვიჩნდეს: რატომ უნდა ვეძებოთ ეს განძი? რა გაგებით არის ის ქრისტეში დამალული? როგორ შეიძლება მისი პოვნა? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად, გულდასმით გამოვიკვლიოთ მოციქულის სიტყვები.
5. რატომ სწერდა პავლე კოლოსელებს სულიერი განძის შესახებ?
5 მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები კოლოსელ თანაქრისტიანებს მისწერა. პავლეს ბრძოლა უწევდა მათთვის, რათა ‘ნუგეშცემულიყო მათი გულები და შერწყმულნი ყოფილიყვნენ სიყვარულში’ (წაიკითხეთ კოლოსელების 2:1, 2). რატომ აფიქრებდა პავლეს მათი მდგომარეობა? როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა, რომ კრებაში ზოგი ბერძნულ ფილოსოფიას უჭერდა მხარს, ზოგი კი მოსეს კანონის დაცვას ემხრობოდა. ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა ძმებზე, ამიტომ პავლე მკაცრად აფრთხილებდა მათ: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:8).
6. რატომ არის ჩვენთვის საინტერესო პავლეს სიტყვები?
6 სატანის ქვეყნიერებაში დღესაც ბევრმა რამემ შეიძლება მოახდინოს ჩვენზე გავლენა. ფილოსოფიური შეხედულებები, რომლებიც გამორიცხავს ღვთის არსებობას, აგრეთვე ევოლუციის თეორია, დიდ გავლენას ახდენს ადამიანების აზროვნებაზე, მათ ზნეობრივ ფასეულობებზე, მიზნებსა თუ ცხოვრების სტილზე. ცრურელიგიური შეხედულებები მრავალ პოპულარულ დღესასწაულს უდევს საფუძვლად. შოუ-ბიზნესი არასწორ ხორციელ სურვილებს აღვიძებს, ინტერნეტი კი ხშირ შემთხვევაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის დიდსა თუ პატარას. ამ ყველაფერმა ადვილად შეიძლება იმოქმედოს ჩვენს გრძნობებსა და აზროვნებაზე, რის გამოც შეიძლება მოვდუნდეთ და მტკიცედ აღარ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:17—19). ამიტომ, თუ არ გვინდა, რომ სატანის ცბიერების მსხვერპლი გავხდეთ, კარგად უნდა გავიაზროთ კოლოსელებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვების მნიშვნელობა და ყურად ვიღოთ მისი რჩევები.
7. რა ორ ფაქტორზე გაუმახვილა პავლემ კოლოსელ ქრისტიანებს ყურადღება?
7 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პავლეს აფიქრებდა კოლოსელების მდგომარეობა. მან მოიხსენია ორი რამ, რაც მათ ანუგეშებდა და გააერთიანებდა სიყვარულში. პირველ რიგში, მან მოიხსენია „გაგების სრული სიმდიდრე“. ისინი ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ სწორად ესმოდათ წმინდა წერილები. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა მათ რწმენას მტკიცე საფუძველი (ებრ. 11:1). ამის შემდეგ პავლემ ყურადღება გაამახვილა ‘საფუძვლიან ცოდნაზე ღვთის წმინდა საიდუმლოს შესახებ’. მათ უნდა გაეღრმავებინათ ცოდნა ჭეშმარიტების შესახებ და უკეთესად ჩასწვდომოდნენ ღვთის სიტყვის სიღრმეებს (ებრ. 5:13, 14). კოლოსელების მსგავსად, ეს რჩევა ჩვენთვისაც პრაქტიკულია. ჩვენ როგორ მივაღწიოთ „გაგების სრულ სიმდიდრეს“ და როგორ შევიძინოთ საფუძვლიანი ცოდნა? პავლემ ეს კარგად დაგვანახვა იესო ქრისტეზე წარმოთქმული შემდეგი სიტყვებით: „მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“.
ქრისტეში „დამალული“ განძი
8. ახსენით, რას ნიშნავს პავლეს სიტყვები, რომ განძი ქრისტეშია დამალული.
8 მართალია, სიბრძნისა და ცოდნის განძი ქრისტეშია „დამალული“, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს მასზე ხელი არ მიუწვდებათ. უბრალოდ, ამ განძის პოვნისთვის საჭიროა ძალისხმევა და იმის ცოდნა, თუ რა როლი აკისრია იესო ქრისტეს. ერთხელ იესომ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:6). ღვთის შესახებ ცოდნა რომ შევიძინოთ, იესოს დახმარება და ხელმძღვანელობა გვჭირდება.
9. რა როლი აკისრია იესოს?
9 იესომ საკუთარ თავს არა მარტო „გზა“ უწოდა, არამედ „ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულება მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანები მამამდე მიიყვანოს. იესო მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ დაგვეხმაროს ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებასა და მარადიული სიცოცხლის მიღებაში. იესოში დამალულია შეუფასებელი სულიერი განძი, რომელსაც ჯილდოდ მიიღებენ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები. მოდი, განვიხილოთ ამ განძის ზოგიერთი თავისებურება, რაც ჩვენს მომავალს და ღმერთთან ურთიერთობას უკავშირდება.
10. რას ვიგებთ იესოს შესახებ კოლოსელების 1:19-დან და 2:9-დან?
კოლ. 1:19; 2:9). ყველაზე დიდხანს ზეციერი მამის გვერდით იესომ დაჰყო. ამიტომ მასზე კარგად არავინ იცნობს ღმერთს და არავინ იცის, რა არის მისი ნება. დედამიწაზე მსახურების დროს, იესო ადამიანებს ასწავლიდა იმას, რაც მამისგან ჰქონდა ნასწავლი. მისი საქმეებიდან ჩანდა ის თვისებები, რომლებიც მას მამის გვერდით ყოფნისას განუვითარდა. ამიტომ ამბობდა იესო: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). ღვთის სიბრძნე და ცოდნა ქრისტეშია დაფარული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტს გავიგებთ იესოს შესახებ, მით უფრო უკეთესად გავიცნობთ იეჰოვას.
10 „მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე“ (11. როგორ უკავშირდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები იესოს?
11 „იესოს შესახებ დამოწმებაა წინასწარმეტყველების მიზანი“ (გამოცხ. 19:10). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება იესოსთან არის დაკავშირებული. ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს — დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველებით დაწყებული „გამოცხადების“ წიგნში ჩაწერილი ხილვებით დამთავრებული — მხოლოდ მაშინ გავიგებთ სწორად, თუ კარგად გვეცოდინება იესო ქრისტეს როლი და ის, თუ რა კავშირი აქვს მას მესიის სამეფოსთან. ამიტომაც მათ, ვინც არ აღიარებს იესოს, როგორც აღთქმულ მესიას, საგონებელში აგდებს ებრაული წერილების მრავალი წინასწარმეტყველება. მათთვის, ვინც არ აფასებს ებრაულ წერილებს, რომლებშიც მრავალი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი მესიაზე, იესო უბრალოდ ცნობილი ადამიანია. იესოს როლის ცოდნა ღვთის ხალხს ეხმარება იმ წინასწარმეტყველებების გაგებაშიც, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა (2 კორ. 1:20).
12, 13. ა) რა გაგებით არის იესო „ქვეყნიერების სინათლე“? ბ) რა მოგვეთხოვება სულიერი სიბნელისგან გათავისუფლებულ ქრისტიანებს?
12 „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ“ (წაიკითხეთ იოანეს 8:12; 9:5). იესოს დედამიწაზე დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ბნელში მოსიარულე ხალხმა დიდი სინათლე იხილა და უკუნეთის ქვეყანაში მცხოვრებლებს სინათლემ გაუნათა“ (ეს. 9:2). როგორც მოციქული მათე გვიხსნის, ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა იესომ ქადაგება დაიწყო: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათ. 4:16, 17). იესოს მსახურებამ ხალხს სულიერი გაგებით თვალები აუხილა და ცრუ რელიგიის მარწუხებისგან გაათავისუფლა. ის ამბობდა: „მე სინათლედ მოვედი ქვეყნიერებაში, რათა ვისაც მე ვწამვარ, ბნელში არ დარჩეს“ (იოან. 1:3—5; 12:46).
13 მრავალი წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მისწერა: „ერთ დროს სიბნელე იყავით, მაგრამ ახლა სინათლე ხართ უფალში. იარეთ, როგორც სინათლის შვილებმა“ (ეფეს. 5:8). ქრისტიანები სულიერი სიბნელისგან გავთავისუფლდით, ამიტომ უნდა ვიაროთ, როგორც სინათლის შვილებმა. მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მიმდევრებს ასეთი სიტყვები უთხრა: „თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას“ (მათ. 5:16). თუ სიტყვითა და საქმით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იესოში დამალულ სულიერ განძს, სხვებსაც აღვუძრავთ მისი ძიების სურვილს.
14, 15. ა) ბიბლიურ დროში, რა მიზანს ემსახურებოდა ცხვრისა თუ სხვა ცხოველების შეწირვა? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ იესო, როგორც „ღვთის კრავი“, შეუდარებელია?
14 იესო „ღვთის კრავია“ (იოან. 1:29, 36). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცხვრის შეწირვა ცოდვების მიტევებასა და ღმერთთან მიახლოებას ემსახურებოდა. მაგალითად, როცა აბრაამს ისაკის მსხვერპლად შეწირვა უნდოდა, იეჰოვას ანგელოზმა უთხრა, რომ მის ნაცვლად ვერძი შეეწირა (დაბ. 22:12, 13). ეგვიპტიდან გათავისუფლებამდე ისრაელებს უნდა დაეკლათ ცხვარი და მისი სისხლი კარის წირთხლებზე მიეპკურებინათ. ეს იქნებოდა „იეჰოვას პასექი“ (გამ. 12:1—13). მოგვიანებით, მოსეს კანონიც ითვალისწინებდა ცხოველურ შესაწირავს, მათ შორის ცხვრისა და თხის შეწირვას (გამ. 29:38—42; ლევ. 5:6, 7).
15 ადამიანების მიერ გაღებულ არც ერთ შესაწირავს არ შეეძლო სამუდამოდ გაეთავისუფლებინა კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (ებრ. 10:1—4). მაგრამ იესო არის „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“. მხოლოდ ესეც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს ვერც ერთი განძი ვერ გაუტოლდება. ამიტომ გონივრულად ვიქცევით, თუ გულდასმით ვიკვლევთ გამოსასყიდთან დაკავშირებულ საკითხებს და გვწამს, რომ იესოს მსხვერპლს შეუძლია ჩვენი გადარჩენა. სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ, თუ „მცირე სამწყსოს“ ვეკუთვნით, დიდებასა და პატივს მივიღებთ ქრისტესთან ერთად ზეცაში და თუ „სხვა ცხვარს“ — დედამიწაზე მარადიულად ვიცხოვრებთ სამოთხეში (ლუკ. 12:32; იოან. 6:40, 47; 10:16).
16, 17. ახსენით, რა გაგებით არის იესო „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“.
16 იესო არის „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“ (წაიკითხეთ ებრაელების 12:1, 2). ებრაელების მე-11 თავში პავლე შესანიშნავად განმარტავს რწმენას და მაგალითად მოჰყავს შესაშური რწმენის მქონე ადამიანები, როგორებიც იყვნენ ნოე, აბრაამი, სარა, რახაბი და სხვები. შემდეგ პავლე ასეთი მოწოდებით მიმართავს თანაქრისტიანებს: „დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს“. რატომ ამბობდა პავლე ამ სიტყვებს?
17 მართალია, ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებულ ერთგულ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ ღვთის განზრახვაში, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, როგორ განახორციელებდა ის თავის განზრახვას მესიისა და მისი სამეფოს მეშვეობით. ისინიც კი, ვისაც იეჰოვა მესიის შესახებ აწერინებდა წინასწარმეტყველებებს, ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ დაწერილის მნიშვნელობას (1 პეტ. 1:10—12). დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ შესრულდა იესოსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების უმეტესობა. ეს კი ჩვენი რწმენის გასრულყოფილებას ემსახურება. ამიტომ შეგვიძლია იესოს ჩვენი „რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“ ვუწოდოთ. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, კარგად გვქონდეს გააზრებული, რა როლს ასრულებს იესო.
განაგრძეთ ძიება!
18, 19. ა) კიდევ რა განძია დამალული იესოში? ბ) რატომ უნდა განვაგრძოთ იესოში დამალული განძის ძიება?
18 ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მაგალითი განვიხილეთ იმისა, თუ რა როლს ასრულებს იესო ღვთის განზრახვაში, რომელიც მიზნად კაცობრიობის გადარჩენას ისახავს. მაგრამ იესოში დამალული განძი ამით არ ამოიწურება. მისი ძიება დიდ სიხარულსა და კურთხევებს მოგიტანთ. მაგალითად, მოციქულმა პეტრემ იესოს „სიცოცხლის მეთაური“ და ამომავალი „ცისკრის ვარსკვლავი“ უწოდა (საქ. 3:15; 5:31; 2 პეტ. 1:19). ბიბლიაში იესოს „ამინიც“ ეწოდება (გამოცხ. 3:14). გესმით, რა იგულისხმება ამაში? გაითვალისწინეთ იესოს რჩევა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათ. 7:7).
19 ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იესოს გარდა სხვა არც ერთ ადამიანს არ ჰქონია. მასში დამალულია ის სულიერი განძი, რომელზეც ხელი მიუწვდება ყველას, ვინც მთელი გულით ეძებს მას. დაე, ჩვენც გავიხაროთ იმ განძით, რომელიც „მასში საგულდაგულოდ არის დამალული“!
გახსოვთ?
• რა განძი უნდა ეძებონ ქრისტიანებმა?
• რატომ არის პავლეს რჩევა კოლოსელი ქრისტიანების მსგავსად ჩვენთვისაც პრაქტიკული?
• ახსენით, რა განძია „დამალული“ ქრისტეში.
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 5 გვერდზე]
ბიბლია რუკასავითაა, რომელიც ქრისტეში „საგულდაგულოდ დამალული“ განძის ადგილსამყოფელზე მიგვითითებს