არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი

იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი

იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი

ადამიანს სახეზე 30-ზე მეტი კუნთი აქვს. მხოლოდ ერთი გაღიმებისას 14 კუნთი ერთობლივად მოძრაობს! დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი საუბარი სახის კუნთები რომ არ გქონოდათ? მიმზიდველი ნამდვილად ვერ იქნებოდა. მეტყველ ადამიანთან შედარებით ყრუ-მუნჯებისთვის სახის კუნთები უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ისინი უმთავრესად სახის მიმიკითა და ჟესტებით გამოხატავენ აზრებს. მრავალს აოცებს, როგორაა შესაძლებელი ჟესტების ენაზე რთული აზრების ნიუანსებში გადმოცემა.

ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ყრუ-მუნჯებს მიეცათ შესაძლებლობა, ეხილათ სახე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სახეზე მეტად გამომხატველი და მრავლისმთქმელია. გადატანითი მნიშვნელობით, მათ „იეჰოვას სახე“ იხილეს (გოდ. 2:19). ეს შემთხვევით არ მომხდარა. იეჰოვა ყრუ-მუნჯებისადმი ყოველთვის დიდ სიყვარულს ავლენდა. ის ასეთ ადამიანებზე ჯერ კიდევ ძველ ისრაელში ზრუნავდა (ლევ. 19:14). ღმერთი ჩვენს დროშიც ავლენს მათდამი დიდ სიყვარულს. „[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). დღეს ბევრი ყრუ-მუნჯი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას იძენს, რის წყალობითაც ‘ღვთის სახეს’ ხედავენ. როგორ იძენენ ისინი ცოდნას მოსმენის გარეშე? სანამ პასუხს გავცემთ ამ კითხვას, ვნახოთ, რატომ არის ყრუ-მუნჯებისთვის ჟესტების ენა ძალიან მნიშვნელოვანი.

თვალებით მოსმენა

მრავალს არასწორი წარმოდგენა აქვს ყრუ-მუნჯებზე. ზოგმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ისინი ავტომობილს ჩვეულებრივ მართავენ. მათ ძალიან უჭირთ სიტყვების გაგება ტუჩების მოძრაობით. ბევრმა არც ის იცის, რა არის ჟესტების ენა. ზოგს არასწორად ჰგონია, რომ ბრაილის შრიფტი ჟესტების ენის დამწერლობაა. ის არც უბრალოდ პანტომიმაა. საერთაშორისო ჟესტების ენა არ არსებობს. გარდა ამისა, ამ ენას „კილოები“ აქვს.

შეუძლიათ ყრუ-მუნჯებს კითხვა? ზოგი კარგად კითხულობს, მაგრამ უმრავლესობას ძალიან უჭირს კითხვა. ამის მიზეზი ის არის, რომ ფურცელზე ყველაფერი სალაპარაკო ენის მიხედვით იბეჭდება. განვიხილოთ, როგორ შეუძლია ბავშვს ენის სწავლა მოსმენით. ბავშვს დაბადებიდანვე ესმის ის ენა, რომელზეც მის გარშემო ლაპარაკობენ. მოკლე დროის შემდეგ მას შეუძლია სიტყვების კომბინირება და წინადადებების შედგენა. ეს ხდება ბუნებრივად, სალაპარაკო ენის მოსმენით. ამგვარად, როდესაც ბავშვი კითხვას სწავლობს, ის დაწერილ ასოებს ან სიტყვებს აკავშირებს იმ ბგერებთან ან სიტყვებთან, რომლებიც მოსმენით აქვს ნასწავლი.

წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქვეყანაში, მინის ოთახში ხართ, სადაც არანაირი ხმა არ შემოდის გარედან. თქვენ არასოდეს მოგისმენიათ იქ მცხოვრები ხალხის ენა. ადგილობრივი მცხოვრებნი ყოველდღე მოდიან თქვენთან და ცდილობენ მინის გარედან დაგელაპარაკონ. თქვენ კი არ გესმით მათი ხმა, მხოლოდ ბაგეების მოძრაობას ხედავთ. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იგებთ მათ ნათქვამს, ამიტომ სიტყვებს ფურცელზე წერენ და გაჩვენებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ახლა შეძლებთ დაწერილი სიტყვების მეშვეობით მათი აზრის გაგებას. მაგრამ თქვენთვის ალბათ შეუძლებელი იქნებოდა მათთან ურთიერთობის დამყარება, რადგან მათ იმ ენაზე დაგიწერეს თავიანთი აზრები, რომელიც არასოდეს მოგისმენიათ და რომელზეც წერა-კითხვაც არ გისწავლიათ. სწორედ ანალოგიურ მდგომარეობაშია ყრუ-მუნჯთა უმეტესობა.

ჟესტების ენა ყრუ-მუნჯებისთვის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანი აზრების გადმოსაცემად ჟესტიკულაციას იყენებს. ჟესტების ენას აქვს გრამატიკა, რომლის წესებსაც ხელების, მკლავების, ტანის მოძრაობითა და სახის მიმიკით იცავენ. ამგვარად, ყალიბდება ენა, რომელსაც თვალებით ისმენენ.

ყრუ-მუნჯი ადამიანი თითქმის ყველა მოძრაობას ხელებითა და ტანით გამოხატავს, ხოლო სახის მიმიკებით მათ მნიშვნელობას სძენს. სახის მიმიკა მხოლოდ ემოციის გამოსახატავად არ გამოიყენება. ის ჟესტების ენის გრამატიკის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, თუ კითხვის დასმის დროს ორივე წარბს ზემოთ ასწევთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს რიტორიკულ კითხვაზე ან ისეთ კითხვაზე, რომელიც დადებით, ან უარყოფით პასუხს მოითხოვს. ხოლო თუ კითხვის დასმის დროს წარბებს დასწევთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს: ვინ? რა? სად? როდის? რატომ? ან როგორ? პირის მოძრაობამ შეიძლება განსაზღვროს საგნის სიდიდე ან მოქმედების სიმძაფრე. თავისა და ლოყების მოძრაობა, მხრების აწევა, თვალების დახუჭვა და გახელა აზრებს მკაფიოდ გამოკვეთს.

ყრუ-მუნჯები სხეულის ასეთი მოძრაობით თავისუფლად გადასცემენ აზრებს ერთმანეთს. სხვადასხვა ჟესტიკულაციის გამოყენებით მათ შეუძლიათ აზრის ნებისმიერი სახით გადმოცემა, იქნება ეს მხატვრულად, რომანტიკულად თუ იუმორისტულად. გარდა ამისა, ისინი ჩვეულებრივ აღწერენ კონკრეტულ საგნებსა თუ აბსტრაქტულ ცნებებს.

პუბლიკაციები ჟესტების ენაზე

როდესაც ყრუ-მუნჯები ჟესტების ენაზე იეჰოვას შესახებ „ისმენენ“, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, ირწმუნონ ჭეშმარიტი ღმერთი. ამიტომ იეჰოვას მოწმეები დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ მთელ მსოფლიოში უქადაგონ ყრუ-მუნჯებს და ისინი სულიერი საზრდოთი უზრუნველყონ (რომ. 10:14). დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ჟესტების ენაზე 58 მთარგმნელობითი ჯგუფია. პუბლიკაციები DVD ფორმატით 40 ენაზე გამოიცემა. ღირს ძალისხმევად ამხელა შრომა?

ჯერემი, რომლის მშობლებიც ყრუ-მუნჯები არიან, იხსენებს: «მამას ძალიან უნდოდა „საგუშაგო კოშკში“ ჩაწერილი აზრების გაგება, ამიტომ თავის საძინებელში იჯდა ხოლმე და საათებს ანდომებდა რამდენიმე აბზაცის წაკითხვას. ერთხელ ის თავისი ოთახიდან გამოვარდა და გახარებულმა ჟესტების ენაზე მითხრა: „გავიგე! გავიგე!“. შემდეგ მან ამიხსნა, თუ რა გაიგო წაკითხულიდან. მე მაშინ 12 წლის ვიყავი. აბზაცები სწრაფად ჩავიკითხე და მამას ვანიშნე: „მამიკო, ჩემი აზრით, აქ ის არ წერია, რაც შენ გაიგე. აქ წერია, რომ . . .“. მან მანიშნა, გავჩუმებულიყავი და თავის ოთახში შებრუნდა, რომ თვითონ მიმხვდარიყო აზრს. არასოდეს დამავიწყდება მისი იმედგაცრუებული სახე. როცა ის წასაკითხად ოთახში შევიდა, უფრო გამიღრმავდა მისდამი პატივისცემა. DVD-ზე გამოცემული პუბლიკაციების წყალობით მამა უკეთ იგებს მათში გადმოცემულ აზრებს. როდესაც იეჰოვასადმი თავის გრძნობებს გამოხატავს, მამას სახე სიხარულისგან უბრწყინავს. ამის დანახვა ძალიან მახარებს.

განვიხილოთ ერთი წყვილის შემთხვევა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან. ისინი ესაუბრნენ ჩილელ გოგონას, ჰესენიას. მშობლების ნებართვის შემდეგ მოწმეებმა ჰესენიას ჟესტების ენაზე აყურებინეს DVD-ზე გამოცემული წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. მოგვიანებით მოწმეები იტყობინებოდნენ: „ჩანაწერის ყურების დროს ჰესენიას სახე გაუბრწყინდა, შემდეგ კი ცრემლები წამოუვიდა. როდესაც დედამ ჰკითხა, რატომ ტიროდა, მან უპასუხა, რომ ძალიან მოეწონა ნანახი. დედა მიხვდა, რომ მისმა გოგონამ ყველაფერი გაიგო, რაც DVD-ზე ნახა“.

ვენესუელის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა ყრუ-მუნჯი ქალი. მას და მის ქმარს ერთი ბავშვი ჰყავდათ და მეორეს ელოდებოდნენ. წყვილს ეკონომიურად ძალიან უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ცოლს აბორტი გაეკეთებინა. ამ პერიოდში მათთან იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. თუმცა მოწმეებმა არაფერი იცოდნენ მათი გადაწყვეტილების შესახებ, ვენესუელურ ჟესტების ენაზე აჩვენეს მე-12 თავი ბროშურიდან „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან“. ამ თავში ახსნილია ღვთის თვალსაზრისი აბორტზე. მოგვიანებით ამ ქალმა მოწმეებს უთხრა, თუ რამდენად მადლიერი იყო, რომ მათთან ეს საკითხი განიხილეს. ამ ჩანაწერის ნახვის შემდეგ წყვილმა გადაიფიქრა აბორტის გაკეთება. DVD-ზე გამოცემულმა პუბლიკაციამ ბავშვის სიცოცხლე იხსნა!

ერთი ყრუ-მუნჯი მოწმე, ლორენი გვიხსნის: «ბიბლიის სწავლა ჩემთვის, ასე ვთქვათ, მოზაიკის აწყობას ჰგავდა. გონებაში ბიბლიის მთლიანი სურათი წარმოდგენილი კი მქონდა, მაგრამ შიგადაშიგ „ცარიელი ადგილები“ იყო დარჩენილი. როდესაც ბიბლიური ჭეშმარიტება მეტად გახდა ხელმისაწვდომი ჟესტების ენაზე, ამან „ცარიელი ადგილები“ შეავსო». ჯორჯი, რომელიც ყრუ-მუნჯია, 38 წელია იეჰოვას ემსახურება. ის ამბობს: „უდავოა, როცა შეგიძლია დამოუკიდებლად გაიგო ესა თუ ის საკითხი, ეს ღირსების გრძნობასა და თვითრწმენას გინერგავს. ვგრძნობ, რომ DVD-ზე გამოცემული პუბლიკაციები ძალიან დამეხმარა სულიერ ზრდაში“.

„კრების შეხვედრა ჩემს ენაზე“

იეჰოვას მოწმეები ჟესტების ენაზე არა მარტო პუბლიკაციებს გამოსცემენ, არამედ კრების შეხვედრებსაც ატარებენ. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ჟესტების ენაზე 1 100-ზე მეტი კრება ტარდება. ყრუ-მუნჯი და-ძმები ბიბლიურ ჭეშმარიტებას თავიანთ ენაზე, ჟესტების ენაზე ისმენენ. შეხვედრები ისეთი სახით ტარდება, რომ მათდამი პატივისცემა ვლინდება.

რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ჟესტების ენაზე კრებების ჩამოყალიბება? მოვიყვანოთ სირელის შემთხვევა, რომელიც 1955 წელს გახდა იეჰოვას მოწმე. წლების განმავლობაში სირელი შეძლებისდაგვარად კითხულობდა დაბეჭდილ პუბლიკაციებს და რეგულარულად დადიოდა კრების შეხვედრებზე. ზოგჯერ კრებაზე მას თემებს მთარგმნელი უთარგმნიდა ჟესტების ენაზე. მაგრამ, როცა მთარგმნელი არ იყო, მოწმეები სიყვარულით ზრუნავდნენ მასზე და წარმოთქმულ დავალებებს ფურცელზე უწერდნენ. 1989 წელს, როცა სირელი უკვე 34 წლის მონათლული იყო, ნიუ-იორკში (აშშ) პირველი კრება ჩამოყალიბდა ჟესტების ენაზე. სირელი ამ კრების წევრი გახდა. ის ამბობს: „როცა კრების შეხვედრა ჩემს ენაზე მოვისმინე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს უღრანი ტყიდან და ბნელი გვირაბიდან სინათლეზე გამოვედი!“

ჟესტების ენაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში ყრუ-მუნჯებს რეგულარულად შეუძლიათ მისვლა, ღვთის შესახებ ცოდნის მიღება და მისდამი თაყვანისცემა. ასეთი შეხვედრები ღვთის ხალხს ამხნევებს. ქვეყნიერებაში, სადაც ყრუ-მუნჯები ენის ბარიერის გამო შეიძლება იზოლირებული არიან, კრებები მათთვის ურთიერთობის შესანიშნავ გარემოს წარმოადგენს. კრების შეხვედრებზე მათ შეუძლიათ ისწავლონ, სულიერად გაიზარდონ და მეტი აკეთონ იეჰოვას მსახურებაში. მრავალი მათგანი სრული დროით ქადაგებს სასიხარულო ცნობას. ზოგი სხვა ქვეყანაში გადავიდა, რათა იქ მცხოვრებ ყრუ-მუნჯებს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებაში დაეხმარონ. ყრუ-მუნჯი ქრისტიანი მამაკაცები კარგი მასწავლებლები და მწყემსები ხდებიან, სწავლობენ, როგორ გაუწიონ ორგანიზება კრების საქმეებს და კრებებში სხვადასხვა პასუხისმგებლობას იღებენ.

შეერთებულ შტატებში ჟესტების ენაზე 100-ზე მეტი კრება და დაახლოებით 80 ჯგუფია. ბრაზილიაში დაახლოებით 300 კრება და 400-ზე მეტი ჯგუფია. მექსიკაში თითქმის — 300 კრება, რუსეთში კი 30-ზე მეტი კრება და 113 ჯგუფია ჟესტების ენაზე. ეს მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ზრდა მთელ მსოფლიოში. *

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში კონგრესებს მართავენ ჟესტების ენაზე. გასულ წელს 120-ზე მეტი საოლქო კონგრესი ჩატარდა სხვადასხვა ჟესტების ენაზე. ასეთი შეხვედრები შესაძლებლობას აძლევს ყრუ-მუნჯ მოწმეებს, რომ თავი მსოფლიო ქრისტიანული საძმოს ნაწილად იგრძნონ და დროული სულიერი საზრდო მიიღონ.

ლეონარდო, რომელიც ყრუ-მუნჯია, იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად 25 წლის წინ მოინათლა. ის გვიყვება: «ყოველთვის მჯეროდა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია. მაგრამ ბოლომდე არ მესმოდა, რატომ უშვებს ის ტანჯვა-წამებას. ზოგჯერ ვბრაზდებოდი კიდეც ღმერთზე. ერთხელ ჟესტების ენაზე გამართულ საოლქო კონგრესზე მოვისმინე მოხსენება, რომლიდანაც ნათლად გავიგე ეს საკითხი. მოხსენების ბოლოს მეუღლემ იდაყვი გამკრა და მკითხა: „კმაყოფილი ხარ მოხსენებით?“ „დიახ!“ — გულწრფელად მივუგე. მადლიერი ვარ, რომ 25 წლის მანძილზე იეჰოვა არ მივატოვე. ის ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ზოგჯერ არ მესმოდა მისი. დღეს ეჭვი აღარაფერში მეპარება».

მთელი გულით მადლიერნი

რას „ხედავენ“ ყრუ-მუნჯები „იეჰოვას სახეზე“, როცა მის შესახებ სწავლობენ? ისინი ხედავენ სიყვარულს, თანაგრძნობას, სამართლიანობას, ერთგულებას, სიკეთეს და კიდევ სხვა მრავალ თვისებას.

მთელ მსოფლიოში მცხოვრები ყრუ-მუნჯი მოწმეები დღითი დღე უფრო ნათლად ხედავენ „იეჰოვას სახეს“. უზომო სიყვარულით აღძრული „იეჰოვა თავისი სახის ნათელს“ ჰფენს მათ (რიცხ. 6:25). ყრუ-მუნჯი მოწმეები მთელი გულით გამოხატავენ მადლიერებას, რომ იეჰოვა გაიცნეს!

[სქოლიო]

^ აბზ. 21 საქართველოში, კერძოდ თბილისში, ერთი ჯგუფია ჟესტების ენაზე.

[სურათები 24, 25 გვერდებზე]

მთელ მსოფლიოში 1 100-ზე მეტი კრებაა ჟესტების ენაზე

[სურათები 26 გვერდზე]

‘იეჰოვა თავისი სახის ნათელს’ ჰფენს ყრუ-მუნჯებს