არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ღვთისგან ბოძებული იმედი

მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ღვთისგან ბოძებული იმედი

მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე — ღვთისგან ბოძებული იმედი

„ქმნილება თავისი ნებით . . . დაემორჩილა ამაოებას . . . იმედის საფუძველზე“ (რომ. 8:20).

1, 2. ა) რატომ არის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ბ) რატომ არ სჯერა ბევრს, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლე იქნება?

გაიხსენეთ, როგორ გაგიხარდათ იმის გაგება, რომ ახლო მომავალში ადამიანები აღარ დაბერდებიან და აღარ მოკვდებიან, არამედ მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე (იოან. 17:3; გამოცხ. 21:3, 4). ალბათ, სხვებთანაც დაიწყეთ ამ ბიბლიური იმედის შესახებ საუბარი. მარადიული სიცოცხლის იმედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმ სასიხარულო ცნობისა, რომელსაც ვქადაგებთ. ეს იმედი სწორ შეხედულებას გვიყალიბებს ცხოვრებაზე.

2 ქრისტიანული რელიგიების უმრავლესობა დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს არ იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის თანახმად სული კვდება, ეკლესიების უმეტესობა მხარს უჭერს არაბიბლიურ მოძღვრებას უკვდავი სულის შესახებ, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ სულიერ სამყაროში განაგრძობს არსებობას (ეზეკ. 18:20). შედეგად, ბევრს არ სჯერა, რომ დედამიწაზე ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ. ამიტომ შეიძლება დაგვებადოს კითხვები: იძლევა ბიბლია დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს? თუ იძლევა, მაშინ როდის გაუცხადა ამის შესახებ ღმერთმა პირველად ადამიანებს?

„დაემორჩილა ამაოებას . . . იმედის საფუძველზე“

3. როდის გაამჟღავნა ღმერთმა თავისი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით?

3 იეჰოვამ პირველი ადამიანების შექმნისთანავე განაცხადა თავისი განზრახვა კაცობრიობასთან დაკავშირებით. მან გარკვევით თქვა, რომ ადამი მარადიულად იცხოვრებდა, თუ მორჩილებას გამოავლენდა (დაბ. 2:9, 17; 3:22). ადამის შვილებსა და შვილიშვილებს უეჭველად ეცოდინებოდათ, რომ კაცობრიობამ სრულყოფილება დაკარგა. ისინი საკუთარი თვალით ხედავდნენ, რომ ედემის ბაღში შესასვლელი ჩაკეტილი იყო და ადამიანები ბერდებოდნენ და კვდებოდნენ (დაბ. 3:23, 24). დროთა განმავლობაში ადამიანთა სიცოცხლის წლებმა იკლო. ადამი 930 წლისა მოკვდა. სემმა, რომელიც წარღვნას გადაურჩა, 600 წელი იცოცხლა, მისმა ძემ არფაქშადმა კი — 438 წელი. აბრაამის მამა თერახი 205 წლისა მოკვდა. აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, მისმა ძემ ისაკმა — 180 წელი, ხოლო იაკობმა — 147 წელი (დაბ. 5:5; 11:10—13, 32; 25:7; 35:28; 47:28). მრავალი მიხვდებოდა, რომ სიცოცხლის წლების შემცირება მარადიული სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავდა! მაგრამ სამუდამოდ დაკარგეს მათ მარადიული სიცოცხლის იმედი?

4. რის საფუძველზე სწამდათ ღვთის ერთგულ მსახურებს, რომ ღმერთი აღადგენდა ყველაფერს, რაც ადამის დროს დაიკარგა?

4 ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ‘ქმნილება [ადამიანი] დაემორჩილა ამაოებას იმედის საფუძველზე’ (რომ. 8:20). რა იმედზეა აქ საუბარი? ბიბლიის პირველ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „შთამომავალი“, რომელიც ‘თავს გაუჭეჭყავდა გველს’ (წაიკითხეთ დაბადების 3:1—5, 15). ეს დანაპირები ღვთის ერთგულ მსახურებს იმედს უნერგავდა, რომ ღმერთი აუცილებლად შეასრულებდა თავის თავდაპირველ განზრახვას. აბელისა და ნოეს მსგავსად ღვთის თაყვანისმცემლებს ამ დანაპირების საფუძველზე სწამდათ, რომ ღმერთი აღადგენდა ყველაფერს, რაც ადამის დროს დაიკარგა. ისინი შეიძლება ხვდებოდნენ, რომ ‘შთამომავლისთვის ქუსლის დაგესვლაში’ სისხლის დაღვრა იგულისხმებოდა (დაბ. 4:4; 8:20; ებრ. 11:4).

5. საიდან ჩანს, რომ აბრაამს მკვდრეთით აღდგომის რწმენა ჰქონდა?

5 განვიხილოთ აბრაამის მაგალითი. „როცა [ის] გამოიცადა, ისაკს სწირავდა . . . მხოლოდშობილ ძეს“ (ებრ. 11:17). რატომ აკეთებდა ის ამას? (წაიკითხეთ ებრაელების 11:19). აბრაამს სჯეროდა, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა და ჰქონდა კიდეც ამის საფუძველი! იეჰოვამ მას შვილის ყოლის უნარი აღუდგინა და ხანში შესულ აბრაამსა და სარას ვაჟი შეეძინათ (დაბ. 18:10—14; 21:1—3; რომ. 4:19—21). აბრაამს ღვთის დანაპირებიც ახსოვდა: „ის, ვისაც შენი შთამომავალი ეწოდება, ისაკისგან წარმოიშობა“ (დაბ. 21:12). აქედან გამომდინარე, მას მტკიცე საფუძველი ჰქონდა, ერწმუნა, რომ ღმერთი მკვდრეთით აღუდგენდა ისაკს.

6, 7. ა) რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ აბრაამს? ბ) რა იმედს აძლევს კაცობრიობას იეჰოვას მიერ აბრაამისთვის მიცემული დანაპირები?

6 აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა, ამიტომ იეჰოვამ შეთანხმება დაუდო მას „შთამომავალთან“ დაკავშირებით (წაიკითხეთ დაბადების 22:18). ამ „შთამომავლის“ მთავარი წარმომადგენელი იესო ქრისტეა (გალ. 3:16). იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ მისი „შთამომავალი“ „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა. მათი რიცხვი უცნობი იყო აბრაამისთვის (დაბ. 22:17). მაგრამ მოგვიანებით ეს რიცხვი ცნობილი გახდა. ამ „შთამომავალს“ შეადგენენ იესო ქრისტე და 144 000, რომლებიც მასთან ერთად იმეფებენ მის სამეფოში (გალ. 3:29; გამოცხ. 7:4; 14:1). სწორედ ამ მესიანური სამეფოს მეშვეობით „იკურთხება დედამიწის ყველა ერი“.

7 აბრაამს შესაძლოა ბოლომდე არ ესმოდა იმ შეთანხმების მნიშვნელობა, რომელიც იეჰოვამ დაუდო. მიუხედავად ამისა, ის „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“ (ებრ. 11:10). ეს ქალაქი ღვთის სამეფოს წარმოადგენს. აბრაამმა ამ სამეფოს მეშვეობით კურთხევები რომ მიიღოს და დედამიწაზე მარადიულად იცოცხლოს, მკვდრეთით უნდა აღდგეს. მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებათ მათაც, ვინც არმაგედონს გადაიტანს ან მკვდრეთით აღდგება (გამოცხ. 7:9, 14; 20:12—14).

„სული მომაწვა“

8, 9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ წიგნი „იობი“ უბრალოდ ერთი კაცის ისტორია არ არის?

8 აბრაამის შვილთაშვილის, იოსების სიკვდილის შემდეგ და მოსეს წინასწარმეტყველად გახდომამდე, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად იობი. როგორც ჩანს, მისი სახელით წოდებული ბიბლიის წიგნი მოსემ დაწერა, საიდანაც ვიგებთ, რატომ დაუშვა იეჰოვამ იობის ტანჯვა და შემდეგ როგორ აკურთხა ის. მაგრამ წიგნი „იობი“ მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების ისტორია არ არის. მასში წამოჭრილი საკითხები ღვთის ყველა მოაზროვნე ქმნილებას ეხება. წიგნიდან ჩანს, რომ იეჰოვა სამართლიანი უზენაესი მმართველია. აგრეთვე ვიგებთ, რომ ღვთის მსახურების ერთგულება და მომავლის იმედი ედემის ბაღში წამოჭრილ საკამათო საკითხს უკავშირდება. თუმცა იობს არ ესმოდა ეს საკითხი, მან თავის სამ მეგობარს არ მისცა იმის უფლება, რომ მისთვის თავს მოეხვიათ აზრი, თითქოს მან უმწიკვლობა დაკარგა (იობ. 27:5). ამ ყოველივემ უნდა განგვიმტკიცოს რწმენა და დაგვეხმაროს იმის გათვითცნობიერებაში, რომ შეგვიძლია შევინარჩუნოთ იეჰოვასადმი ერთგულება და მხარი დავუჭიროთ მის უზენაეს ხელისუფლებას.

9 როდესაც იობის ეგრეთ წოდებული ნუგეშისმცემლები ლაპარაკს მორჩნენ, „ბუზელი ბარაქელის ვაჟმა ელიჰუმ უთხრა მათ: . . . ავივსე სიტყვებით“. რამ აღძრა ის, რომ ლაპარაკი დაეწყო? „სული მომაწვა“, — თქვა მან (იობ. 32:5, 6, 18). შთაგონებით წარმოთქმული ელიჰუს სიტყვები იობთან დაკავშირებით შესრულდა, თუმცა მის ნათქვამს სხვებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი სიტყვები იმედს უმტკიცებს ყველას, ვინც ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებს.

10. საიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას მიერ ცალკეული ადამიანებისთვის გადაცემული ცნობა ზოგჯერ მთელ კაცობრიობას ეხება?

10 ზოგჯერ იეჰოვა ცნობას გადასცემს რომელიმე ადამიანს, რაც არა მარტო მას, არამედ ზოგადად მთელ კაცობრიობას ეხება. ეს კარგად ჩანს დანიელის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც გადასცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, როდესაც მან სიზმარში უზარმაზარი ხის მოჭრა იხილა (დან. 4:10—27). ეს სიზმარი ნაბუქოდონოსორზე შესრულდა, თუმცა მას უფრო დიდი მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს წინასწარმეტყველება მიუთითებდა დედამიწაზე ღვთის მმართველობაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო მეფე დავითის სამეფო საგვარეულოთი და ძვ. წ. 607 წლიდან 2 520 წლის გასვლის შემდეგ დამყარდებოდა. * 1914 წელს, როდესაც იესო ქრისტე ზეციერი სამეფოს მეფე გახდა, დედამიწაზე ღვთის მმართველობა კვლავ დამყარდა. ძალიან მალე ღვთის სამეფო გაამართლებს მორჩილი ადამიანების იმედებს.

„ნუ ჩავარდები საფლავში“

11. რას ვიგებთ ელიჰუს სიტყვებიდან ღვთის შესახებ?

11 იობთან საუბრისას ელიჰუ მოიხსენიებს ‘მაცნეს, შუამავალს, ათასიდან ერთს, რომ უთხრას [მომნანიებელ] კაცს, როგორ მოიქცეს სიმართლით’. რა მოხდება, თუ მაცნე „შეევედრება ღმერთს, რომ მოიწონოს იგი“? ელიჰუ ამბობს: «ის [ღმერთი] მოიწონებს მას და იტყვის: „ნუ ჩავარდება საფლავში, ვიპოვე გამოსასყიდი! განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“» (იობ. 33:23—26). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი მზად არის, მიიღოს „გამოსასყიდი“ მომნანიებელი ადამიანების ცოდვების დასაფარავად (იობ. 33:24).

12. რა იმედზე მახვილდება ყურადღება ელიჰუს სიტყვებში?

12 შესაძლოა ელიჰუს ბოლომდე არ ესმოდა გამოსასყიდის მნიშვნელობა ისევე, როგორც წინასწარმეტყველებს სრულად არ ესმოდათ ყველაფერი, რასაც წერდნენ (დან. 12:8; 1 პეტ. 1:10—12). და მაინც, მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთი გამოსასყიდის საფუძველზე ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს ადამიანებს სიბერისა და სიკვდილის მონობისგან. ელიჰუს სიტყვებში მარადიული სიცოცხლის იმედზე მახვილდება ყურადღება. წიგნი „იობი“ იმასაც გვამცნობს, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება (იობ. 14:14, 15).

13. რა მნიშვნელობა აქვს ელიჰუს სიტყვებს ქრისტიანებისთვის?

13 დღეს ელიჰუს სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს მილიონობით ქრისტიანისთვის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულს გადაიტანენ. იმ ხანდაზმულებს, რომლებიც ახალ ქვეყნიერებაში გადავლენ, ახალგაზრდული ძლიერება დაუბრუნდებათ (გამოცხ. 7:9, 10, 14—17). გარდა ამისა, დღეს მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები მთელი გულით მოელიან იმ დროს, როცა კვლავ შეხვდებიან გარდაცვლილ ახლობლებს. ნათელია, რომ ცხებული ქრისტიანებისთვის ზეცაში უკვდავებისა და სხვა ცხვრებისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მიღება ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის გამოვლენაზეა დამოკიდებული (იოან. 10:16; რომ. 6:23).

სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქმება

14. რატომ არ იყო მოსეს კანონი საკმარისი იმისთვის, რომ ისრაელებს მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონოდათ?

14 აბრაამის შთამომავლებისგან ერი ჩამოყალიბდა, როცა მათ ღმერთმა შეთანხმება დაუდო. კანონის მიცემისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს“ (ლევ. 18:5). მიუხედავად იმისა, რომ ისრაელებს არ შეეძლოთ მოსეს კანონის სრულყოფილად დაცვა, კანონი შეახსენებდა მათ, რომ ცოდვილები იყვნენ და გამოსყიდვისთვის მოსეს კანონზე მეტი სჭირდებოდათ (გალ. 3:13).

15. მომავლის რა იმედზე გაამახვილა ყურადღება დავითმა ღვთის შთაგონებით?

15 მოსეს შემდეგ ღმერთმა ბიბლიის სხვა დამწერებსაც შთააგონა, რომ მარადიული სიცოცხლის იმედზე გაემახვილებინათ ყურადღება (ფსალმ. 21:4; 37:29). ფსალმუნმომღერალმა დავითმა თავისი ერთ-ერთი ფსალმუნი, რომელშიც „სიონის მთებზე“ ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა ერთობა მოიხსენია, შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „იქ დაადგინა იეჰოვამ კურთხევა, მარადიული სიცოცხლე“ (ფსალმ. 133:3).

16. რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს ესაიას მეშვეობით?

16 იეჰოვამ ესაიასაც შთააგონა, რომ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ ეწინასწარმეტყველებინა (წაიკითხეთ ესაიას 25:7, 8). ცოდვა და სიკვდილი მხუთავი „საფარველივით“ ფარავს მთელ კაცობრიობას. იეჰოვა არწმუნებს თავის ხალხს, რომ მოაშორებს ამ „საფარველს“, ანუ „მთელი დედამიწიდან“ წარხოცავს ცოდვასა და სიკვდილს.

17. წინასწარმეტყველების თანახმად, რის შესაძლებლობას მისცემდა მესია ადამიანებს?

17 განვიხილოთ, როგორ უშვებდა მღვდელმთავარი თხას აზაზელისთვის, რაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა. წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი ‘ორივე ხელს ადებდა თავზე ცოცხალ თხას, აღიარებდა ისრაელის ძეების ყველა დანაშაულს და თხას თავზე ადებდა. მიჰქონდა თხას ყველა მათი დანაშაული უკაცრიელ მიწაზე’ (ლევ. 16:7—10, 21, 22). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა მესია, რომელიც მსგავს როლს შეასრულებდა — ის იტვირთავდა „სნეულებებს“, „ტკივილებს“, „მრავალთა ცოდვას“ და, ამგვარად, ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემდა (წაიკითხეთ ესაიას 53:4—6, 12).

18, 19. რა იმედზეა საუბარი ესაიას 26:19-სა და დანიელის 12:13-ში?

18 ესაიას პირით იეჰოვამ თავის ხალხს, ისრაელს უთხრა: „წამოდგებიან . . . გვამები. გაიღვიძეთ და სიხარულით შესძახეთ, მტვერში დამკვიდრებულებო! თქვენი ნამი ბალბის ნამივითაა, დედამიწა გააჩენს უსიცოცხლოებს“ (ეს. 26:19). ებრაული წერილები მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის უტყუარ იმედს გვაძლევს. იეჰოვამ 100 წელს მიღწეული დანიელი შემდეგი სიტყვებით დაარწმუნა: „დაისვენებ, მაგრამ აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს“ (დან. 12:13).

19 მართას მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა და სწორედ ამიტომ უთხრა იესოს თავისი გარდაცვლილი ძმის შესახებ: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოან. 11:24). საუბრობდა იესო მარადიული სიცოცხლის იმედზე? ამახვილებდნენ ყურადღებას ამ იმედზე იესოს მოწაფეები ღვთის შთაგონებით დაწერილ წერილებში? დღესაც სთავაზობს იეჰოვა ადამიანებს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს? ამ კითხვებს შემდეგ სტატიაში გაეცემა პასუხი.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 6.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რა იმედის საფუძველზე ‘დაემორჩილა ქმნილება ამაოებას’?

• საიდან ჩანს, რომ აბრაამს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდა?

• რა იმედზე მახვილდება ყურადღება ელიჰუს სიტყვებში?

• როგორ ამახვილებს ყურადღებას ებრაული წერილები მკვდრეთით აღდგომასა და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედზე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 5 გვერდზე]

ელიჰუს სიტყვები იმედს გვინერგავს, რომ ადამიანები გათავისუფლდებიან სიბერისა და სიკვდილის მონობისგან

[სურათი 6 გვერდზე]

დანიელი დაარწმუნა ღმერთმა, რომ ‘აღდგებოდა თავისი წილის მისაღებად დღეების ბოლოს’