არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები

ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები

ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები

„რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოან. 13:1).

1, 2. ა) რატომ იყო იესოს სიყვარული განსაკუთრებული? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

იესო სიყვარულის სრულყოფილი მაგალითი იყო. ყველაფერი მის სიყვარულზე მეტყველებდა — მისი ქცევა, ლაპარაკი და სწავლება, სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. დედამიწაზე ცხოვრების ბოლომდე იესო ყველას მიმართ ავლენდა სიყვარულს, განსაკუთრებით კი თავისი მოწაფეების მიმართ.

2 იესოს აღმატებული მაგალითის მიბაძვა რომ შევძლოთ, ბევრი რამ მოგვეთხოვება. მისი სიყვარული აღგვძრავს, ისევე გვიყვარდეს ჩვენი სულიერი და-ძმებიც და სხვებიც, როგორც იესოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა იესოს თუნდაც მძიმე ცოდვის ჩამდენთა მიმართ სიყვარულის გამოვლენაში. აგრეთვე განვიხილავთ, როგორ აღძრავს იესოს სიყვარული ქრისტიანებს, დაეხმარონ გაჭირვებულებს, სტიქიური უბედურებით დაზარალებულებსა და ავადმყოფობებს.

3. სერიოზული შეცდომის მიუხედავად, როგორ მოექცა იესო პეტრეს?

3 იესოს სიკვდილის წინა ღამეს თავად იესოს არჩეულმა მოციქულმა პეტრემ სამჯერ უარყო ის (მარ. 14:66—72). მაგრამ, როცა პეტრემ, იესოს წინასწარმეტყველებისამებრ, მოინანია, იესომ აპატია და სერიოზული პასუხისმგებლობებიც კი მიანდო (ლუკ. 22:32; საქ. 2:14; 8:14—17; 10:44, 45). რას გვასწავლის იესოს დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც სერიოზულ შეცდომებს უშვებს?

ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ შემცოდველების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა

4. განსაკუთრებით როდის უნდა გამოვლინდეს ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

4 ქრისტეს მსგავსად აზროვნება შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გაგვიჭირდეს, როცა ოჯახის ან კრების წევრი სჩადის სერიოზულ ცოდვას. სამწუხაროა, რომ სატანის ქვეყნიერების აღსასრულის ბოლო წუთებში ქვეყნიერების სული უფრო და უფრო აკნინებს ზნეობრივ ფასეულობებს. ზნეობის მიმართ ქვეყნიერების არასწორმა ან გულგრილმა დამოკიდებულებამ შეიძლება ადვილად იმოქმედოს ახალგაზრდა თუ უფროსი ასაკის ქრისტიანზე და ვიწრო გზით სიარულის სურვილი დაუკარგოს. პირველ საუკუნეში აუცილებელი გახდა ზოგის შეგონება და ქრისტიანული კრებიდან ზოგის გარიცხვაც კი. დღესაც ასე ხდება (1 კორ. 5:11—13; 1 ტიმ. 5:20). თუ ამ დროს უხუცესები ისეთივე სიყვარულს ავლენენ, როგორსაც ქრისტე ავლენდა, ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს შემცოდველზე.

5. როგორ უნდა მიჰბაძონ უხუცესებმა ქრისტეს, როცა კრების წევრი სცოდავს?

5 უხუცესები იესოსავით ყოველთვის იეჰოვას სამართლიანი ნორმებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. ამგვარად ისინი მიჰბაძავენ იეჰოვას რბილი ხასიათის, სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენაში. როცა ქრისტიანი ჩადენილ დანაშაულს გულწრფელად ინანიებს, „გულმოდრეკილი და სულგამწარებულია“, შეიძლება უხუცესებს არ გაუჭირდეთ რბილად მიდგომა და მისი გამოსწორება (ფსალმ. 34:18; გალ. 6:1). მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, თუ შემცოდველი უტიფრად იქცევა და სინდისი არ ქენჯნის ან, თუ ქენჯნის, უმნიშვნელოდ?

6. რას უნდა მოერიდონ უხუცესები შემცოდველთან ლაპარაკისას და რატომ?

6 თუ შემცოდველი ბიბლიურ რჩევას არ იღებს და ცდილობს, დანაშაული სხვებს გადააბრალოს, ამან შეიძლება უხუცესები და კრების სხვა წევრები განარისხოს. მისი საქციელის არასასურველი შედეგების ცოდნის გამო უხუცესებსა თუ კრების სხვა წევრებს შეიძლება ცდუნება გაუჩნდეთ, რომ შემცოდველის საქციელისა და დამოკიდებულების მიმართ თავიანთი გრძნობა და დამოკიდებულება გამოხატონ. მაგრამ რისხვას კარგი არაფერი მოაქვს და ის არც „ქრისტეს გონებას“ შეეფერება (1 კორ. 2:16; წაიკითხეთ იაკობის 1:19, 20 ). იესო ზოგს პირდაპირ ამხელდა, მაგრამ მის სიტყვებში არასდროს იგრძნობოდა სიძულვილი და შეურაცხყოფა (1 პეტ. 2:23). პირიქით, ის ყოველთვის უტოვებდა შემცოდველს მოსანანიებლად იეჰოვასთან დასაბრუნებელ გზას. სინამდვილეში, იესოს დედამიწაზე მოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ცოდვილთა ხსნა იყო (1 ტიმ. 1:15).

7, 8. რით უნდა ხელმძღვანელობდნენ უხუცესები სამართლებრივი საკითხების განხილვისას?

7 რა გავლენა უნდა იქონიოს იესოს მაგალითმა ჩვენს დამოკიდებულებაზე მათ მიმართ, ვინც კრებაში დასჯას იმსახურებს? გახსოვდეთ, რომ ბიბლიის საფუძველზე კრებაში სამართლებრივი ზომების მიღება იცავს ღვთის ფარას, და ამ ზომების მიღებამ შეიძლება შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას (2 კორ. 2:6—8). სამწუხაროა, რომ ზოგი არ ინანიებს და კრებიდან ირიცხება, მაგრამ გვახარებს ის, რომ ბევრი მათგანი უბრუნდება იეჰოვას და მის კრებას. როცა უხუცესებს ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, გარიცხულს გაუადვილდება მონანიება და კრებაში დაბრუნება. შესაძლოა, მათ არ ახსოვდეთ ყველა ის რჩევა, რაც უხუცესებმა ბიბლიიდან მისცეს, მაგრამ მათ არასდროს ავიწყდებათ, რომ უხუცესები გაუფრთხილდნენ მათ ღირსებას და სიყვარულით მოექცნენ.

8 ამიტომ უხუცესებმა რთულ მდგომარეობაშიც კი უნდა გამოავლინონ „სულის ნაყოფი“, განსაკუთრებით კი ისეთივე სიყვარული, როგორსაც ქრისტე ავლენდა (გალ. 5:22, 23). ნაჩქარევად არასდროს უნდა გარიცხონ შემცოდველი კრებიდან. უხუცესებმა უნდა დაანახვონ, რომ სურთ, დაეხმარონ მას. ასე რომ, როცა შემცოდველი მოინანიებს, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება ის, ალბათ, მადლიერი იქნება იეჰოვასი და იმ „ძღვნის ადამიანთა სახით“, რომელმაც გაუადვილა კრებაში დაბრუნება (ეფეს. 4:8, 11, 12).

ბოლო დღეებში ისეთივე სიყვარული გამოავლინეთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

9. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული თავისი მოწაფეების მიმართ? მოიყვანეთ მაგალითი.

9 ლუკა თავის სახარებაში მოიხსენიებს იესოს სიყვარულის გამოვლენის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითს. იესომ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როცა რომის ჯარი ალყას შემოარტყამდა გასანადგურებლად განწირულ იერუსალიმს და იქიდან ვერავინ გაიქცეოდა. ამიტომ, სიყვარულით გააფრთხილა მოწაფეები: „როცა დაინახავთ იერუსალიმს დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მოახლოებულია მისი გაპარტახება“. რის გაკეთება მართებდათ? იესომ მათ წინასწარ ნათელი და კონკრეტული მითითებები მისცა: „მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში, რადგან ეს ის დროა, როცა უნდა აღსრულდეს სამართალი, რათა ყველაფერი, რაც დაწერილია, შესრულდეს“ (ლუკ. 21:20—22). ახ. წ. 66 წელს რომის ჯარი დაბანაკდა იერუსალიმის გარშემო და, ვინც მორჩილი იყო, იესოს მითითებისამებრ მოიქცა.

10, 11. როგორ გვეხმარება ადრინდელი ქრისტიანების იერუსალიმიდან გაქცევის შემთხვევა „დიდი გასაჭირისთვის“ მზადებაში?

10 იერუსალიმიდან გაქცევის დროს ქრისტიანებს უნდა გამოევლინათ ერთმანეთის მიმართ ისეთივე სიყვარული, როგორსაც ქრისტე ავლენდა მათ მიმართ. ყველაფერი, რაც ჰქონდათ, ერთმანეთისთვის უნდა გაენაწილებინათ. მაგრამ ამ ძველი ქალაქის განადგურების შემდეგ იესოს წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბით შესრულდებოდა. იესომ იწინასწარმეტყველა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათ. 24:17, 18, 21). „დიდი გასაჭირის“ დროს და მის დაწყებამდე ჩვენც, ალბათ, სხვადასხვა სირთულესა და გაჭირვებასთან გამკლავება მოგვიწევს. მაგრამ ამ გასაჭირს ისეთივე აზროვნება გადაგვატანინებს, როგორიც ქრისტეს ჰქონდა.

11 იმ დროს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, მივბაძოთ იესოს მაგალითს და უანგარო სიყვარული გამოვავლინოთ. პავლე გვირჩევს: „თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე . . . დაე, ღმერთმა, რომელიც მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს, მოგცეთ ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომ. 15:2, 3, 5).

12. ახლა როგორი სიყვარულის განვითარებაა საჭირო და რატომ?

12 პეტრემ, რომლის მიმართაც იესომ სიყვარული გამოავლინა, მოუწოდა ქრისტიანებს, „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ განევითარებინათ და „ჭეშმარიტებისადმი მორჩილები“ ყოფილიყვნენ. როგორც პეტრემ თქვა, მთელი გულით უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი (1 პეტ. 1:22). დღეს როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, განვივითაროთ ისეთივე თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. უკვე იგრძნობა ძლიერი ზეწოლა ღვთის ხალხზე. ქრისტიანს არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყნიერების არც ერთი წამყვანი სტრუქტურის იმედი, რასაც, მაგალითად, დღევანდელი ფინანსური სისტემის არასტაბილურობა ცხადყოფს (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15—17 ). რაც უფრო ახლოვდება ქვეყნიერების აღსასრული, მით უფრო ახლოს უნდა ვიყოთ იეჰოვასა და თანამორწმუნეებთან, და მეგობრები კრებაში უნდა შევიძინოთ. პავლე გვირჩევს: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომ. 12:10). პეტრემ ეს აზრი უფრო განავრცო: „რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტ. 4:8).

1315. როგორ გამოავლინეს ძმებმა სტიქიური უბედურების შემდეგ ისეთივე სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

13 მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იმით არიან ცნობილი, რომ ისეთივე სიყვარულს ავლენენ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. განვიხილოთ იმ მოწმეთა მაგალითი, რომლებმაც დახმარებისთვის მზადყოფნა გამოავლინეს მას შემდეგ, რაც 2005 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილს არაერთმა ქარიშხალმა გადაუარა და დიდ ტერიტორიაზე თითქმის ყველაფერი მიწასთან გაასწორა. იესოს მაგალითით აღძრულმა 20 000-ზე მეტმა მოხალისემ, სტიქიით დაზარალებულ ძმებს რომ დახმარებოდნენ, კეთილმოწყობილი სახლი და კარგი სამსახური დატოვა.

14 ერთგან 10-მეტრიანი ტალღა სანაპიროს გასცდა და 80 კილომეტრზე გადაიარა. როცა წყლის დონემ დაიკლო, აღმოაჩინეს, რომ სადაც ტალღამ გადაიარა, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა შენობების მესამედი განადგურებული იყო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა მოწმეებმა, რომელთაგან ზოგი ხელოსანი იყო, ჩამოიტანეს სამშენებლო იარაღები და მასალები, და მზად იყვნენ ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად. ორმა ქვრივმა ღვიძლმა დამ თავიანთი ნივთები პატარა სატვირთო მანქანაში ჩაალაგა და და-ძმების დასახმარებლად 3 000-ზე მეტი კილომეტრი გაიარა. უმცროსი და დღესაც იქ არის, ადგილობრივი დახმარების კომიტეტს ეხმარება და პიონერადაც მსახურობს.

15 იმ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვების 5 600-ზე მეტი სახლიდან ზოგი ხელახლა აშენდა და ზოგიც შეკეთდა. რა გრძნობა დაეუფლათ ადგილობრივ მოწმეებს, როცა უდიდესი სიყვარული იგრძნეს? ერთი და, რომლის სახლიც მიწასთან გასწორდა, საცხოვრებლად მანქანაზე მისაბმელ პატარა ვაგონში გადავიდა, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა და საჭმელსაც ვერაფერზე ამზადებდა. ძმებმა მას უბრალო, მაგრამ კომფორტული სახლი აუშენეს. ის და თავისი ახალი და კოხტა სახლის ეზოში იდგა და თვალცრემლიანი უხდიდა მადლობას იეჰოვასა და ძმებს დახმარებისთვის. ბევრ შემთხვევაში იძულებით გადაადგილებული მოწმეები დროებით საცხოვრებლებში დაახლოებით ერთი წლის მანძილზე დარჩნენ მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ძმებს უკვე ახალი სახლები აშენებული ჰქონდათ, და ეს იმიტომ, რომ ახლადაშენებულ სახლებში დასახმარებლად ჩამოსულ და-ძმებს ეცხოვრათ! მათ მართლაც არაჩვეულებრივად გამოავლინეს ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა!

ისეთივე დამოკიდებულება გქონდეთ ავადმყოფების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა

16, 17. როგორ შეგვიძლია გვქონდეს ისეთივე დამოკიდებულება ავადმყოფების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

16 მართალია, ბევრი ჩვენგანი არასდროს ყოფილა სტიქიური უბედურების მსხვერპლი, მაგრამ ავადმყოფობასთან ჭიდილი თითქმის ყველას გვიწევს, პირადად ჩვენ თუ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამ დროს ბევრის სწავლა შეგვიძლია ავადმყოფების მიმართ იესოს დამოკიდებულებიდან. სიყვარულით აღძრულს გული ეწვოდა მათ გამო. როცა ხალხმა სნეულები მიუყვანა იესოს, მან „ყველა ავადმყოფი განკურნა“ (მათ. 8:16; 14:14).

17 მართალია, დღეს ქრისტიანებს იესოს მსგავსად განკურნების ძალა არა აქვთ, მაგრამ ავადმყოფების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც მას ჰქონდა. მაგალითად, უხუცესები აჩვენებენ, რომ ქრისტეს აზროვნება აქვთ, როცა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ავადმყოფებს კრების მზრუნველობა არ მოაკლდეთ. ამგვარად ისინი ითვალისწინებენ მათეს 25:39, 40-ში ჩაწერილს (წაიკითხე). *

18. როგორ გამოავლინა გულწრფელი სიყვარული ორმა დამ და რა იყო ამ სიყვარულის ნაყოფი?

18 რა თქმა უნდა, სხვებისთვის სიკეთის გასაკეთებლად აუცილებელი არ არის, უხუცესი იყო. მაგალითად, 44 წლის კიბოთი დაავადებულ შარლენს უთხრეს, რომ ათი დღის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ორმა სულიერმა დამ შარონმა და ნიკოლეტემ დაინახეს დახმარების საჭიროება და იგრძნეს, რომ შარლენის მზრუნველი ქმრისთვისაც კი არ იქნებოდა ადვილი ავადმყოფი მეუღლის მოვლა, ამიტომ გადაწყვიტეს, შარლენის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გვერდიდან არ მოსცილებოდნენ მათ. თითებზე ჩამოსათვლელი დღეები ექვს კვირას გაგრძელდა, მაგრამ არც ერთსა და არც მეორეს მარტო არ დაუტოვებია ისინი, რითაც თავიანთი სიყვარული გამოხატეს. შარონი ამბობს: „ძალიან რთულია იმ აზრთან შეგუება, რომ ვიღაც სასიკვდილოდ არის განწირული. მაგრამ, როცა ფაქტის წინაშე დავდექით, იეჰოვამ მოგვცა ძალა; ამ დროს ჩვენ უფრო დავუახლოვდით როგორც იეჰოვას, ისე ერთმანეთს“. შარლენის ქმარი აღნიშნავს: „არასდროს დამავიწყდება ამ ორი ერთგული დის სიკეთე და დახმარება. მათმა სუფთა გულმა და დადებითმა განწყობამ აატანინა ჩემს საყვარელ შარლენს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ტანჯვა და მეც შემიმსუბუქა ფიზიკური და ემოციური ტვირთი, რაც ჰაერივით მჭირდებოდა. მე ყოველთვის ვიქნები მათი მადლიერი. მათმა თავგანწირვამ იეჰოვას მიმართ რწმენა განმიმტკიცა და საძმოს სიყვარული გამიძლიერა“.

19, 20. ა) ქრისტეს რომელი ხუთი თვისება განვიხილეთ? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?

19 ამ სამ სტატიაში განვიხილეთ იესოს ხუთი თვისება და ის, თუ როგორ მივბაძოთ მას აზროვნებასა და საქციელში. მოდი, ჩვენც ვიყოთ იესოსავით „რბილი და გულით თავმდაბალი“ (მათ. 11:29). კეთილად მოვექცეთ სხვებს მაშინაც კი, როცა მათი არასრულყოფილება და სისუსტეები თვალში გვხვდება. ვიყოთ გაბედული განსაცდელის დროსაც კი და დავემორჩილოთ იეჰოვას ყველა მოთხოვნას.

20 დაბოლოს, ისეთივე სიყვარული გამოვავლინოთ ჩვენი ძმების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, რომელსაც „ბოლომდე უყვარდა“ თავისი მოწაფეები. ამ სიყვარულით მიხვდება ხალხი, რომ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ვართ (იოან. 13:1, 34, 35). „ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ“! (ებრ. 13:1). თავი არ დაზოგოთ! თქვენი სიცოცხლე იეჰოვას განდიდებასა და სხვების დახმარებას მიუძღვენით! იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს თქვენს გულწრფელ ძალისხმევას.

[სქოლიო]

^ აბზ. 17 იხილეთ 1987 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 15—21 (რუს.).

შეგიძლიათ ახსნათ?

• როგორ შეუძლიათ უხუცესებს აჩვენონ, რომ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ შემცოდველების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

• რატომ არის ამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთივე სიყვარულის გამოვლენა, როგორსაც ქრისტე ავლენდა?

• როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს ავადმყოფების მიმართ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 17 გვერდზე]

უხუცესებს სურთ, შემცოდველებმა მოინანიონ

[სურათი 18 გვერდზე]

როგორ აჩვენეს იერუსალიმიდან გაქცეულმა ქრისტიანებმა, რომ ქრისტეს აზროვნება ჰქონდათ?

[სურათი 19 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან იმით, რომ ისეთივე სიყვარულს ავლენენ, როგორსაც ქრისტე ავლენდა