არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გადაალახვინეთ შვილებს სირთულეები

გადაალახვინეთ შვილებს სირთულეები

გადაალახვინეთ შვილებს სირთულეები

ჩვენი ახალგაზრდები ძლიერი წნეხის ქვეშ არიან. ისინი სატანის ბოროტი ქვეყნიერების სამიზნეები ხდებიან და ამიტომ უნდა ებრძოლონ „ახალგაზრდულ სურვილებს“ (2 ტიმ. 2:22; 1 იოან. 5:19). ვინაიდან ცდილობენ, ახსოვდეთ დიდებული შემოქმედი, თავიანთი რწმენის გამო დაცინვისა და შეურაცხყოფის ატანაც უწევთ (ეკლ. 12:1). ძმა ვინსენტი * თავის ბავშვობას იხსენებს: „ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც ჩემი რწმენის გამო მოსვენებას არ მაძლევდა — შარს მდებდა ან ჩხუბში მიწვევდა. ხანდახან ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ სკოლაში წასვლა არ მინდოდა“.

ქვეყნიერების ზეწოლის ატანის გარდა, ჩვენს შვილებს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ ბრძოლაც უწევთ, რომ არ იყვნენ თანატოლების მსგავსნი. ერთი მოზარდი, სახელად კატლინი, ამბობს: „ადვილი არ არის, სხვებისგან განსხვავდებოდე“. ალანი კი გვიზიარებს: „თანაკლასელები შაბათ-კვირაობით გასართობად მეპატიჟებოდნენ. არ დაგიმალავთ და, ძალიან მინდოდა მათთან ერთად გართობა“. გარდა ამისა, ახალგაზრდებს უყვართ სკოლის სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რაც ხშირად ცუდ საზოგადოებასთან დაახლოებას იწვევს. „სპორტი ძალიან მიყვარს, — ამბობს ტანია. — სკოლაში მწვრთნელებს ყოველთვის უნდოდათ, რომ გუნდში მეთამაშა, რაზეც უარის თქმა ძალიან მიჭირდა“.

როგორ შეგიძლიათ გადაალახვინოთ შვილებს სირთულეები? შვილის აღზრდის პასუხისმგებლობა იეჰოვამ მშობლებს დააკისრა (იგავ. 22:6; ეფეს. 6:4). ღვთისმოშიშმა მშობლებმა შვილებს იეჰოვას მორჩილების სურვილი უნდა გაუღვივონ (იგავ. 6:20—23). ასეთ შემთხვევაში შვილები მეტი შემართებით შეეწინააღმდეგებიან ქვეყნიერებას მაშინაც კი, როცა არ იქნებიან მშობლების თვალთახედვის არეში.

მშობლებისთვის ძალიან რთულია ერთდროულად ოჯახის რჩენა, შვილების აღზრდა და კრების საქმეებზე ზრუნვა. ხანდახან ამ ყველაფრის კეთება მარტოხელა მშობელს აწევს მხრებზე ან იმ მშობელს, რომელსაც ურწმუნო მეუღლე ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, იეჰოვა მშობლებისგან მოელის, რომ შვილებს დრო გამოუყონ. მაშ, როგორ უნდა დაეხმაროთ მშობლებო შვილებს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ თანატოლების ზეგავლენასა თუ სხვადასხვა ცდუნებას და აიტანონ შეურაცხყოფა?

პირადი ურთიერთობა იეჰოვასთან

უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდებისთვის იეჰოვა რეალური პიროვნება უნდა იყოს. მათ დახმარება სჭირდებათ, რომ დაინახონ ის, „ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27). ზემოხსენებული ვინსენტი იხსენებს, როგორ დაეხმარნენ მშობლები იეჰოვასთან დაახლოებაში. ის ამბობს: „მათ მასწავლეს, რომ ლოცვა მნიშვნელოვანია. მახსოვს, პატარაობიდან ყოველდღე ძილის წინ ვლოცულობდი. იეჰოვა რეალური ღმერთი იყო ჩემთვის“. ლოცულობთ შვილებთან ერთად? ურიგო არ იქნებოდა, თუ მათ ლოცვებს მოისმენდით. ხომ არ იმეორებენ ლოცვის დროს ერთსა და იმავე სიტყვებს ან ჩანს თუ არა მათი ლოცვებიდან, რას გრძნობენ სინამდვილეში იეჰოვას მიმართ? მათი ლოცვებიდან გაიგებთ, როგორი ურთიერთობა აქვთ იეჰოვასთან.

კიდევ ერთი, რაც ბავშვებს იეჰოვასთან დააახლოებთ, ბიბლიის რეგულარული კითხვაა. ზემოხსენებული კატლინი ამბობს: „ძალიან მეხმარებოდა ბიბლიის კითხვა, რაც მთელი ბავშვობის მანძილზე არ შემიწყვეტია. ბიბლიამ დამარწმუნა, რომ თუ სხვები რწმენის გამო შემეწინააღმდეგებოდნენ, იეჰოვა მხარში ამომიდგებოდა“. აქვთ თქვენს შვილებს ბიბლიის კითხვის პირადი გეგმა? (ფსალმ. 1:1—3; 77:12).

ისიც უნდა ითქვას, რომ ყველა ბავშვი თავისებურად რეაგირებს მშობლების აღზრდა-დარიგებაზე. ბავშვების სულიერი ზრდა მათ ასაკზეც არის დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში დარიგების გარეშე ახალგაზრდას გაუჭირდება იეჰოვას რეალურ პიროვნებად წარმოდგენა. მშობლებმა უნდა ჩააგონონ შვილებს ღვთის სიტყვა, რათა ყოველთვის გონებაში ჰქონდეთ იეჰოვას სიტყვები, ანუ ახსოვდეთ, რას ფიქრობს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხზე (კან. 6:6—9). თქვენს შვილებს უნდა სჯეროდეთ, რომ იეჰოვა პირადად ზრუნავს მათზე.

როგორ გავხადოთ შვილებთან ურთიერთობა აზრიანი?

შვილებთან ურთიერთობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. რასაკვირველია, ეს საუბარზე მეტს ნიშნავს. ეს გულისხმობს კითხვების დასმასა და მოთმინებით მოსმენას მაშინაც კი, როცა შვილების პასუხი არცთუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. ორი ვაჟის დედა, ენი ამბობს: „იქამდე ვუსვამ კითხვებს ბავშვებს, სანამ ბოლომდე არ გავიგებ მათ აზრებს და იმას, თუ რა აწუხებთ“. გრძნობენ თქვენი შვილები, რომ ნამდვილად უსმენთ? ტანია, რომელიც უკვე მოვიხსენიეთ, ამბობს: „მშობლები გულისყურით მისმენდნენ და ყოველთვის ახსოვდათ ჩვენი საუბრის თემა. მათ ჩემი კლასელების სახელები იცოდნენ; იხსენებდნენ მათზე მონაყოლს და მეკითხებოდნენ მათ შესახებ“. კარგი ურთიერთობისთვის მოსმენა და მოსმენილის დამახსოვრება მეტად მნიშვნელოვანია.

ბევრმა ოჯახმა სუფრასთან შეკრების დრო ურთიერთობისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროდ მიიჩნია. „ერთად სადილობა ჩვენი ოჯახისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, — ამბობს ვინსენტი. — შეძლებისდაგვარად სუფრასთან ყველა უნდა ვყოფილიყავით. ამ დროს ტელევიზორის ყურება, რადიოს მოსმენა ან კითხვა გვეკრძალებოდა. სუფრასთან მშვიდ გარემოში საუბარი მეხმარებოდა, სკოლაში ყოველდღიური ქაოსისთვის და ზეწოლისთვის გამეძლო. სადილობისას ჩვევად მქონდა მშობლებთან ერთად საუბარი, რაც მიადვილებდა მათთან უფრო სერიოზულ საკითხებზე საუბარს“.

ჰკითხეთ თავს: კვირაში რამდენჯერ ვუსხდებით ოჯახის წევრები მაგიდას ერთად? უფრო დავუახლოვდებოდით შვილებს, ხშირად რომ შევკრებილიყავით ერთად?

ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო

ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოც ხელს უწყობს, რომ მშობლებმა და შვილებმა გულწრფელად ისაუბრონ და შვილებს კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარონ. ზემოხსენებული ალანი ამბობს: „ოჯახური შესწავლის დროს მშობლები ჩვენს გულისნადებს იგებდნენ და ჩვენთვის აქტუალურ თემებზე საუბრობდნენ“. ალანის დედა ამბობს: „შესწავლისას ინსცენირებებს ვაწყობდით ხოლმე. ამან ასწავლა ჩვენს შვილებს, როგორ დაეცვათ თავიანთი რწმენა და დაემტკიცებინათ, რომ ის ჭეშმარიტებაა. ეს მათ საკუთარი თავის რწმენას მატებდა, რაც აუცილებელი იყო იმ სირთულეების დასაძლევად, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ხვდებოდნენ“.

როცა თანატოლი თქვენს შვილს ისეთი რამისკენ უბიძგებს, რაც მიუღებელია, საკმარისი არ არის მხოლოდ უარის თქმა და განზე გადგომა. მათ უნდა შეეძლოთ ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა რატომ და რატომ არა. ისინი თავდაჯერებულად უნდა მოიქცნენ, როცა რწმენის გამო დასცინიან. თუ მათ თავიანთი შეხედულებების დაცვა არ შეუძლიათ, გაუჭირდებათ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მყარად დგომა. ინსცენირებები მათ დაჯერებულობას შეჰმატებს.

 მე-18 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში ჩამოთვლილია ზოგიერთი სცენარი, რომელიც შეიძლება გათამაშდეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს. გაითამაშეთ რეალური სიტუაციები და ბავშვებს რთული კითხვები დაუსვით. ამასთან ერთად ბიბლიური მაგალითებიც განიხილეთ. ბავშვის ასე აღზრდა, უეჭველად, დაეხმარება მას სკოლაში თუ სხვაგან სირთულეების გადალახვაში.

ოჯახი — მყუდრო თავშესაფარი

არის თქვენი სახლი ისეთი ადგილი, სადაც გაკვეთილების შემდეგ ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან? თუ ოჯახი ნამდვილად არის მყუდრო თავშესაფარი, თქვენს შვილებს გაუადვილდებათ ყოველდღიურ სირთულეებთან ბრძოლა. ერთი და, რომელიც ახლა ბეთელში მსახურობს, ამბობს: „ჩემი ოჯახი ყოველთვის მყუდრო თავშესაფარი იყო, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. სკოლაში რაც უნდა მომხდარიყო, ვიცოდი, რომ სახლში დაბრუნებული მშვიდად ვიგრძნობდი თავს“. როგორი ატმოსფეროა თქვენს ოჯახში? ეს ისეთი ადგილი ხომ არ არის, სადაც „განრისხება, შუღლი, [და] განხეთქილება ჩვეულებრივი რამაა, თუ ისეთი ადგილია, სადაც „სიყვარული, სიხარული, [და] მშვიდობა“ სუფევს? (გალ. 5:19—23). თუ ოჯახში ხშირად უთანხმოებაა, რა უნდა გააკეთოთ, რომ ოჯახი შვილებისთვის მყუდრო თავშესაფრად იქცეს?

ახალგაზრდებს სირთულეების დაძლევაში მაშინაც დაეხმარებით, თუ ხელს შეუწყობთ, რომ კარგ საზოგადოებასთან ჰქონდეთ ურთიერთობა. მაგალითად, თუ ოჯახი გართობას ან დასვენებას აპირებთ, შეგიძლიათ კრებიდან სულიერად მოწიფული და-ძმები დაპატიჟოთ. აგრეთვე შეგიძლიათ სადილზე მიმომსვლელი ზედამხედველი ან სხვა სრული დროით მსახურები დაპატიჟოთ. იცნობთ მისიონერებს ან ბეთელელებს, რომლებთანაც თქვენი შვილები შეძლებენ დამეგობრებას, თუნდაც წერილების, ელ-ფოსტის ან სატელეფონო საუბრების მეშვეობით? ასეთი ურთიერთობა დაეხმარება შვილებს სწორი გზით სიარულსა და სულიერი მიზნების განხორციელებაში. დაფიქრდით, რა კარგი გავლენა მოახდინა მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთეზე (2 ტიმ. 1:13; 3:10). პავლესთან ახლო ურთიერთობამ ტიმოთეს შეაძლებინა, გამუდმებით ეფიქრა სულიერი მიზნების განხორციელებაზე (1 კორ. 4:17).

შეაქეთ შვილები

იეჰოვას გულს უხარებენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც სატანის ქვეყნიერების გავლენის მიუხედავად, ღვთისმოსაწონად იქცევიან (ფსალმ. 147:11; იგავ. 27:11). ალბათ, თქვენც გიხარიათ, როცა ახალგაზრდები ბრძნულად იქცევიან (იგავ. 10:1). უთხარით ბავშვებს, რას გრძნობთ და ნუ დაიშურებთ მათთვის ქების სიტყვებს. იეჰოვამ საუკეთესო მაგალითი დაუტოვა მშობლებს. იესოს ნათლობისას იეჰოვამ თქვა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“ (მარ. 1:11). იესოს მამის სიტყვები მართლაც მისცემდა ძალას იმ არაერთი სირთულის გადასალახავად, რაც წინ ელოდა. თქვენც შეგიძლიათ დაარწმუნოთ შვილები თქვენს სიყვარულში და მათი წარმატებების შესახებ ხმამაღლა ილაპარაკოთ.

მართალია, სრულად ვერ შეძლებთ შვილების დაცვას ცუდი გავლენისგან, შეურაცხყოფისგან თუ დაცინვისგან, მაგრამ თქვენ მაინც ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის. დაეხმარეთ, რომ იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა განავითარონ. ისეთი ატმოსფერო შეუქმენით, რაც ხელს შეუწყობს აზრიან საუბარს. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო საინტერესო გახადეთ და თქვენი ოჯახი მყუდრო თავშესაფრად აქციეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ეს თქვენს შვილს არაერთ სირთულეს გადაალახვინებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.

[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]

 მოაწყვეთ ინსცენირებები

ქვემოთ მოცემულია ისეთი სიტუაციები, რომელსაც ხშირად აწყდებიან ახალგაზრდები. გაითამაშეთ ამ სიტუაციებიდან ზოგიერთი ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს.

▸ მწვრთნელი თქვენს ქალიშვილს სთავაზობს, ჩაეწეროს სკოლის გუნდში.

▸ შინ დაბრუნებისას თქვენს ბიჭს სიგარეტს სთავაზობენ.

▸ ზოგი ბიჭი თქვენს შვილს ცემით ემუქრება, თუ კიდევ იქადაგებს.

▸ კარდაკარ მსახურებისას თქვენს გოგოს თანაკლასელი ხვდება.

▸ კლასის წინაშე თქვენს გოგოს ეკითხებიან, რატომ არ აძლევს სალამს დროშას.

▸ ერთი ბიჭი გამუდმებით დასცინის თქვენს ვაჟს რწმენის გამო.

[სურათი 17 გვერდზე]

მიჰყვებიან თქვენი შვილები ბიბლიის კითხვის პირად გეგმას?

[სურათი 19 გვერდზე]

ეპატიჟებით სულიერად მოწიფულ და-ძმებს, როცა ოჯახთან ერთად გართობასა და დასვენებას აპირებთ?