არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სატანის მმართველობა განწირულია

სატანის მმართველობა განწირულია

სატანის მმართველობა განწირულია

„ბოროტს ხელი არ მოემართება“ (ეკლ. 8:13).

1. რატომ არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ ბოროტები მართლმსაჯულებას გადაეცემიან?

ადრე თუ გვიან ბოროტები მართლმსაჯულებას გადაეცემიან. ისინი პასუხს აგებენ თავიანთი დანაშაულისთვის (იგავ. 5:22; ეკლ. 8:12, 13). ეს მანუგეშებელია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სამართლიანობა უყვარს და ვინც ბოროტების მხრიდან უსამართლობას ხვდება. სასამართლოს წინაშე, პირველ რიგში, ბოროტების მამა, სატანა ეშმაკი წარდგება (იოან. 8:44).

2. რატომ იყო საჭირო დრო ედემში წამოჭრილი სადავო საკითხის გადასაჭრელად?

2 პატივმოყვარეობის გრძნობით შეპყრობილმა სატანამ ედემში ადამიანები იეჰოვას მმართველობის წინააღმდეგ აამხედრა. შედეგად, ჩვენი პირველი მშობლები სატანას მიემხრნენ, ეჭვქვეშ დააყენეს იეჰოვას სამართლიანი მმართველობა და ღვთის თვალში ცოდვილები გახდნენ (რომ. 5:12—14). რასაკვირველია, იეჰოვამ იცოდა, რა იქნებოდა მათი უპატივცემულობისა და ურჩობის შედეგი. ეს გარდაუვალი შედეგი ყველა გონიერი ქმნილებისთვის ცხადი უნდა გამხდარიყო. მაგრამ ამ საკითხის გადასაჭრელად და იმის გამოსააშკარავებლად, რომ ურჩები არ იყვნენ მართლები, დრო იყო საჭირო.

3. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანთა მმართველობის მიმართ?

3 ადამიანებმა უარი თქვეს იეჰოვას ქვეშევრდომობაზე, ამიტომ მმართველობის სხვადასხვა ფორმის შექმნა მოუწიათ. პავლე მოციქულმა რომაელი თანამორწმუნეებისთვის მიწერილ წერილში ადამიანთა მთავრობები „უმაღლეს ხელისუფლებებად“ მოიხსენია. პავლეს დროს უმაღლესი ხელისუფლება უშუალოდ რომის მთავრობა იყო, რომელსაც იმპერატორი ნერონი (ახ. წ. 54—68 წწ.) ედგა სათავეში. პავლემ თქვა, რომ ამ უმაღლეს ხელისუფალთ „ღვთის მიერ დადგენილი სხვადასხვა მდგომარეობა უკავიათ“ (წაიკითხეთ რომაელების 13:1, 2). პავლეს იმის თქმა ხომ არ სურდა, რომ ღვთის მმართველობაზე მაღლა ადამიანთა მმართველობა იდგა? რასაკვირველია, არა. იგი უბრალოდ იმას გულისხმობდა, რომ სანამ იეჰოვა ადამიანთა მთავრობებს არსებობის უფლებას აძლევს, ქრისტიანებმა პატივი უნდა სცენ „ღვთის მიერ დადგენილ წესრიგს“ და ცნონ ადამიანთა მმართველობა.

დაღუპვის გზა

4. ახსენით, რატომ არის ადამიანთა მმართველობა განწირული.

4 სატანის გავლენაში მოქცეული ადამიანთა მმართველობა განწირულია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მმართველები ღვთის სიბრძნით არ ხელმძღვანელობენ. სრულყოფილად ბრძენი მხოლოდ იეჰოვაა. ამრიგად, მხოლოდ მან იცის, რა არის საუკეთესო (იერ. 8:9; რომ. 16:27). ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, იეჰოვამ ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს საუკეთესოდ. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც არ მიჰყვება ღვთის ხელმძღვანელობას, მარცხს განიცდის. მხოლოდ ეს მიზეზიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სატანის ეგოისტურ მიზანზე, საკმარისია იმის დასანახად, რომ მისი მმართველობა, რომელსაც ადამიანთა მეშვეობით ახორციელებს, ჩანასახშივე განწირული იყო დასაღუპავად.

5, 6. რა შეიძლება ყოფილიყო სატანის ურჩობის მიზეზი?

5 გონიერი ადამიანი თავს შეიკავებს ისეთი საქმის წამოწყებისგან, რომელიც ვერასდროს განხორციელდება, და თუ მაინც მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს, იმის აღიარება მოუწევს, რომ შეცდა. ისტორიამ არაერთხელ ცხადყო, რომ აზრი არა აქვს ყოვლისშემძლე შემოქმედთან დაპირისპირებას (წაიკითხეთ იგავების 21:30). მაგრამ პატივმოყვარეობითა და ქედმაღლობით დაბრმავებულმა სატანამ ზურგი აქცია იეჰოვას. ამრიგად ეშმაკმა საკუთარი ხელით გაითხარა სამარე.

6 სატანისთვის დამახასიათებელმა კადნიერებამ მოგვიანებით ბაბილონელ მმართველშიც იჩინა თავი, რომელიც იკვეხნიდა: „ცაში ავალ; ღვთის ვარსკვლავების ზემოთ დავიდგამო ტახტს; დავჯდები შეხვედრის მთაზე, შორეულ ჩრდილოეთში; ავალ ღრუბლების ზემოთ, უზენაესს დავემსგავსებიო. სამარეში ჩახვალ, ორმოს სიღრმეში“ (ეს. 14:13—15). ამ მმართველის უგუნური განზრახვა არ განხორციელდა და ბაბილონის სამეფო დინასტია სამარცხვინოდ დაემხო. მსგავსად, სატანა და მისი ქვეყნიერებაც მალე აღიგვება პირისაგან მიწისა.

რატომ დაუშვა ეს ღმერთმა?

7, 8. რა დადებითი მხარეები აქვს იმას, რომ იეჰოვამ ბოროტება დაუშვა?

7 ზოგი შეიძლება დაინტერესდეს, რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ ადამიანებმა სატანის მხარე დაიკავეს და ისეთი მმართველობა შექმნეს, რომელსაც მომავალი არ ექნებოდა. ყოვლისშემძლე ღმერთს ნამდვილად შეეძლო ბოროტების აღკვეთა (გამ. 6:3). მაგრამ მან ეს არ გააკეთა. იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს ის, რომ მაშინვე არ აღკვეთა ადამიანთა ურჩობა, რადგან იცოდა, რომ ეს საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს მოიტანდა. დადგება დრო, როცა ყველასთვის ცხადი გახდება, რომ იეჰოვა სამართლიანი და მოსიყვარულე მმართველია, და მისი გადაწყვეტილების წყალობით ერთგული მსახურები ბედნიერები იქნებიან.

8 რამდენ უბედურებას აიცილებდნენ ადამიანები თავიდან, სატანის თანამოაზრეები რომ არ გამხდარიყვნენ და ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება რომ არ აერჩიათ! და მაინც, ღვთის მიერ დროებით დაშვებულმა ადამიანთა მმართველობამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. ღვთის გადაწყვეტილებამ გულწრფელ ადამიანებს დაანახვა, თუ რამდენად ბრძნულია, მოუსმინო და მიენდო ღმერთს. საუკუნეების მანძილზე ადამიანებმა მმართველობის არაერთი ფორმა მოსინჯეს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა იდეალური. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაარწმუნა ღვთის თაყვანისმცემლები, რომ იეჰოვას მმართველობა საუკეთესოა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სატანის ბოროტი მმართველობის არსებობამ კაცობრიობას, მათ შორის ღვთის ერთგულ თაყვანისმცემლებს, უბედურება მოუტანა. თუმცა დროებით დაშვებულმა ბოროტებამ ღვთის ერთგულ მსახურებს ბევრი რამ დაანახვა.

დაუმორჩილებლობა იეჰოვას განდიდებას მოემსახურა

9, 10. ახსენით, როგორ მოემსახურა სატანის მმართველობა იეჰოვას განდიდებას.

9 მართალია, ღმერთმა დაუშვა, ადამიანებზე სატანას გავლენა მოეხდინა და მათ საკუთარი მმართველობა შეექმნათ, მაგრამ ეს სულაც არ აყენებს ჩრდილს იეჰოვას მმართველობას. პირიქით, ისტორია ამტკიცებს იერემიას პირით წარმოთქმული ღვთივშთაგონებული სიტყვების ჭეშმარიტებას, რომ შეუძლებელია ადამიანმა ღვთისგან დამოუკიდებლად იმმართველოს (წაიკითხეთ იერემიას 10:23). გარდა ამისა, სატანის ურჩობამ შესაძლებელი გახადა, იეჰოვას შესანიშნავი თვისებები განსაკუთრებული სახით გამოვლენილიყო.

10 სატანის დამღუპველი მმართველობის ფონზე იეჰოვას სრულყოფილი თვისებები უფრო ცხადი ხდება. ამგვარად იეჰოვა თავისი მოყვარულების თვალში კიდევ უფრო მაღლდება. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სატანის მმართველობა სინამდვილეში ღვთის განდიდებას ემსახურება. ეს კიდევ უფრო კარგად უსვამს ხაზს იმას, თუ რაოდენ წუნდაუდებლად აგვარებს იეჰოვა თავის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხს. ეს რომ კარგად დავინახოთ, მოკლედ განვიხილოთ იეჰოვას ზოგი თვისება და გავიგოთ, სატანის ბოროტი მმართველობის შედეგად როგორ გამოვლინდა იეჰოვას თვისებები აღმატებული სახით.

11. როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიყვარული?

11 სიყვარული. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). ღვთის სიყვარულზე მეტყველებს ადამიანის არსებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რა საოცრად ვართ შექმნილი. იეჰოვამ ადამიანებს შესანიშნავი საცხოვრებელი უბოძა, სადაც ყველა პირობა იყო შექმნილი მათი ბედნიერებისთვის (დაბ. 1:29—31; 2:8, 9; ფსალმ. 139:14—16). მაგრამ როგორც კი ბოროტებამ იჩინა თავი, იეჰოვას სიყვარული სხვა მხრივ გამოვლინდა. იოანე მოციქული იესოს სიტყვებს ციტირებდა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ასე თვალსაჩინოდ იეჰოვას სიყვარული არასდროს გამოჩნდებოდა, თავისი მხოლოდშობილი ძე ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად რომ არ გამოეგზავნა! (იოან. 15:13). ასეთი სიყვარული მაგალითია ღვთის ხალხისთვის, რომლებსაც არაერთხელ მიუბაძავთ ღვთისთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოუვლენიათ თავგანწირული სიყვარული თუნდაც ისეთი, როგორიც იესომ გამოავლინა (იოან. 17:25, 26).

12. როგორ გამოვლინდა იეჰოვას ძალა?

12 ძალა. მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს აქვს ძალა სიცოცხლის შესაქმნელად (გამოცხ. 11:17; ფსალმ. 36:9). როცა ადამიანი იბადება, იგი, ასე ვთქვათ, ცარიელ ფურცელს ჰგავს, ხოლო როცა კვდება, ეს ფურცელი შევსებულია მისი ცხოვრების გამოცდილებით, იმ გადაწყვეტილებებითა თუ ქმედებებით, რამაც მისი პიროვნებისა თუ ხასიათის ჩამოყალიბება განაპირობა. ეს ყველაფერი იეჰოვას მეხსიერებაში ინახება. თავის დროზე იეჰოვა გააცოცხლებს სწორედ ამ ადამიანს თავისი პიროვნული ნიშან-თვისებებით (იოან. 5:28, 29). მართალია, იეჰოვას არ განუზრახავს ადამიანების სიკვდილი, მაგრამ ამ მოვლენამ ცხადყო, რომ იეჰოვას სიკვდილზეც კი აქვს ძალაუფლება. იეჰოვა მართლაც რომ ყოვლისშემძლე ღმერთია!

13. როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ მისი სამართლიანობა აღმატებულია?

13 სამართლიანობა. იეჰოვა არ ცრუობს და არც უსამართლოდ იქცევა (კან. 32:4; ტიტ. 1:2). იგი ყოველთვის ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მაღალ ნორმებს იცავს მაშინაც კი, როცა ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება არახელსაყრელი იყოს მისთვის (რომ. 8:32). რა მტკივნეული იქნებოდა იეჰოვასთვის იმის დანახვა, როცა მისი საყვარელი ძე წამების ბოძზე გააკრეს, როგორც ღვთისმგმობელი! მაგრამ იეჰოვას იმდენად უყვარდა არასრულყოფილი ადამიანები, რომ მზად იყო, თავისი სრულყოფილი სამართლიანი ნორმების დასაცავად ეს ტრაგიკული მოვლენა დაეშვა (წაიკითხეთ რომაელების 5:18—21 ). უსამართლობით მოცულ ქვეყნიერებაში იეჰოვას სამართლიანობა ყველაზე აღმატებული სახით გამოჩნდა.

14, 15. როგორ ავლენს იეჰოვა სრულყოფილად სიბრძნესა და მოთმინებას?

14 სიბრძნე. ადამისა და ევას შეცოდებისთანავე იეჰოვამ გაამჟღავნა, როგორ აღმოფხვრიდა ურჩობის ყოველგვარ შედეგს (დაბ. 3:15). ასეთმა დაუყოვნებელმა მოქმედებამ და აგრეთვე ერთგული მსახურებისთვის თავისი განზრახვის დეტალების თანდათანობით გაცხადებამ იეჰოვას სიბრძნე კიდევ უფრო გამოკვეთა (რომ. 11:33). არავის და არაფერს შეუძლია ხელი შეუშალოს იეჰოვას თავისი განზრახვის შესრულებაში. ქვეყნიერება, რომელშიც უზნეობა, ომები, უგუნურება, ურჩობა, ულმობლობა, მიკერძოება და თვალთმაქცობა დომინირებს, იეჰოვა თავის ქმნილებებს ანახვებს, რა არის ნამდვილი სიბრძნე. მოწაფე იაკობმა თქვა: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკ. 3:17).

15 მოთმინება და სულგრძელობა. იეჰოვას არასრულყოფილ და ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობა რომ არ ჰქონოდა, ასე თვალნათლივ არ გამოჩნდებოდა მისი მოთმინება და სულგრძელობა. იეჰოვას ათასწლეულებია, რაც არასრულყოფილ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, რაც ცხადყოფს, რომ მოთმინებასა და სულგრძელობას სრულყოფილად ავლენს. ამისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ. პეტრე მოციქულმა მართებულად შენიშნა, რომ ‘ჩვენი უფლის მოთმინება ხსნად უნდა მივიჩნიოთ’ (2 პეტ. 3:9, 15).

16. რატომ განვიცდით უსაზღვრო სიხარულს, როცა ღმერთი ცოდვებს გვპატიობს?

16 მზად არის პატიებისთვის. ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ და ხშირად ვცდებით (იაკ. 3:2; 1 იოან. 1:8, 9). რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომელიც „მრავლის მიმტევებელია“! (ეს. 55:7). დავფიქრდეთ აგრეთვე ამ ფაქტზეც: ვინაიდან ცოდვილებად ვიბადებით, ჩვენ შეგვიძლია უსაზღვრო სიხარული განვიცადოთ, როცა ღმერთი ცოდვებს გვპატიობს (ფსალმ. 51:5, 9, 17). ჩვენ თავად ვგრძნობთ იეჰოვას ამ შესანიშნავ თვისებას, რაც მის მიმართ სიყვარულს გვიღრმავებს და იმის სურვილს გვიღვივებს, რომ სხვებთან ურთიერთობისას მას მივბაძოთ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13).

რატომ არის ქვეყნიერება დასნეულებული?

17, 18. რატომ განიცდის მარცხს სატანის ქვეყნიერება?

17 სატანის ქვეყნიერებას, რომელიც მისივე მმართველობის შედეგია, საუკუნეების მანძილზე არაერთხელ განუცდია მარცხი. 1991 წელს ერთ-ერთ გაზეთში აღნიშნული იყო: „დასნეულებულია ქვეყნიერება? რასაკვირველია, მაგრამ . . . ამაში ღმერთს კი არ მიუძღვის ბრალი, არამედ ხალხს, რომელმაც ქვეყნიერებას ეს სენი შეჰყარა“ (The European). სრული ჭეშმარიტებაა! სატანის გავლენით ჩვენმა პირველმა მშობლებმა იეჰოვას მმართველობას ადამიანთა მმართველობა არჩიეს. მათ ისეთი მმართველობის ქვეშევრდომობა აირჩიეს, რომელიც განწირულია. კაცობრიობის ტანჯვა იმის ნიშანია, რომ ადამიანთა მმართველობა, ასე ვთქვათ, უკურნებელი სენითაა შეპყრობილი.

18 სატანის მმართველობა ეგოიზმით არის მოცული. მაგრამ ეგოიზმი ვერასდროს დაამარცხებს სიყვარულს, რომელიც ღვთის მმართველობის ქვაკუთხედია. სატანის მმართველობამ ვერ მოუტანა ადამიანებს სტაბილურობა, ბედნიერება და უსაფრთხოება; იეჰოვას მმართველობა კი საუკეთესოა! გვაქვს დღეს ამის დამამტკიცებელი ფაქტები? რასაკვირველია, ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

რას ვიგებთ მმართველობის შესახებ ქვემოთ მოცემული მუხლებიდან?

რომაელები 13:1, 2

იგავები 21:30

იერემია 10:23

კოლოსელები 3:13

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 25 გვერდზე]

სატანის მმართველობას არასდროს მოუტანია სიკეთე კაცობრიობისთვის

[საავტორო უფლებები]

U.S. Army photo

WHO photo by P. Almasy

[სურათი 26 გვერდზე]

იეჰოვას სიკვდილზეც კი აქვს ძალაუფლება

[სურათი 27 გვერდზე]

თავისი ძის შეწირვით იეჰოვამ სიყვარული და სამართლიანობა გამოავლინა