ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
ყოველი დღე გამოიყენეთ იეჰოვას განსადიდებლად
„დილაობით გამაგონე შენი სიკეთე“, — ლოცვაში სთხოვდა იეჰოვას ფსალმუნმომღერალი დავითი. „გამაგებინე, რომელი გზით ვიარო“ (ფსალმ. 143:8). როცა იღვიძებთ და მადლობას უხდით იეჰოვას ყოველი ახალი დღისთვის, ალბათ, დავითის მსგავსად, თქვენც სთხოვთ მას, გადაწყვეტილების დროს გიხელმძღვანელოთ და თქვენი ნაბიჯები სწორად წარმართოს.
ჩვენ, იეჰოვასადმი მიძღვნილი მსახურები, ‘ვჭამთ, ვსვამთ თუ სხვა რამეს ვაკეთებთ, ვცდილობთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად გავაკეთოთ’ (1 კორ. 10:31). ვიცით, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით ან პატივს მივაგებთ იეჰოვას ან შეურაცხვყოფთ. ღვთის სიტყვიდან ისიც ვიცით, რომ სატანა „დღე და ღამე“ ბრალს სდებს ქრისტეს ძმებს — ღვთის ყველა მსახურს დედამიწაზე (გამოცხ. 12:10). ამიტომ ჩვენ მთელი გულით გვსურს, გავაბათილოთ სატანის ცრუ ბრალდება და წმინდა მსახურება შევუსრულოთ ჩვენს ზეციერ მამას „დღე და ღამე“, რითაც გულს გავუხარებთ (გამოცხ. 7:15; იგავ. 27:11).
ახლა მოკლეთ მიმოვიხილოთ ორი მნიშვნელოვანი რჩევა, რომელთა გათვალისწინებითაც ყოველდღიურად განვადიდებთ ღმერთს. პირველი ეხება სწორი პრიორიტეტების დადგენას, ხოლო მეორე — სხვებზე ზრუნვას.
ვიცხოვროთ მიძღვნის თანახმად
ჩვენ იეჰოვას მივუძღვენით თავი და ამით ვაჩვენეთ, რომ გულწრფელად გვსურდა მისი ნების შესრულება. აგრეთვე, დავპირდით მას, რომ ყოველდღე — მარადიულად — მისი გზებით ვივლიდით (ფსალმ. 61:5, 8). როგორ შევასრულებთ ამ დანაპირებს? როგორ დავუმტკიცებთ ყოველდღიურად იეჰოვას ჩვენს გულწრფელ სიყვარულს?
ღვთის სიტყვაში ნათლად ჩანს, რა პასუხისმგებლობების შესრულებას მოელის იეჰოვა ჩვენგან (კან. 10:12, 13). ზოგი მათგანი ჩამოთვლილია 22-ე გვერდზე მოცემულ ჩარჩოში, „ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობები“. ყველა ეს დავალება მნიშვნელოვანია, რადგან ღმერთმა მოგვანდო. როგორ განვსაზღვროთ, მათგან რომელი უფრო მნიშვნელოვანია ან როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე პასუხისმგებლობის ტარება გვიწევს?
ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ წმინდა მსახურებას, რომელშიც შედის ბიბლიის შესწავლა, ლოცვა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და მსახურება (მათ. 6:33; იოან. 4:34; 1 პეტ. 2:9). მაგრამ მთელი დღე სულიერი საქმეებით არ ვართ დაკავებული. სამუშაო, სკოლა და საოჯახო საქმეებიც ჩვენი დღის განრიგის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სამუშაომ და სხვა საქმიანობამ ხელი არ შეგვიშალოს წმინდა მსახურების შესრულებაში, მაგალითად, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში. შვებულება ისე უნდა დავგეგმოთ, რომ სარაიონო ზედამხედველის მონახულება, სპეციალური ერთდღიანი, სარაიონო ან საოლქო კონგრესი არ გაგვიცდეს. დროდადრო შეიძლება სხვადასხვა პასუხისმგებლობების შეთავსების შესაძლებლობა მოგეცეთ. მაგალითად, შეგიძლიათ მთელმა ოჯახმა დაალაგოთ სამეფო დარბაზი ან სადილის დროს სამუშაოზე თუ სკოლაში თქვენს კოლეგას ან კლასელს უქადაგოთ. რა არჩევნის წინაშეც უნდა ვიდგეთ ცხოვრებაში, იქნება ეს სამუშაოს, განათლებისა თუ მეგობრების არჩევა, გვინდა, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — იეჰოვასადმი, ჩვენი მოსიყვარულე მამისადმი თაყვანისცემა (ეკლ. 12:13).
იზრუნეთ სხვებზე
იეჰოვას უნდა, რომ ვიზრუნოთ სხვებზე და სიკეთე გავუკეთოთ მათ, ხოლო სატანა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრისკენ გვიბიძგებს. მისი ქვეყნიერება სავსეა „საკუთარი თავის მოყვარულებით“, „სიამოვნებათა მოყვარულებით“ და ისეთი ადამიანებით, რომლებიც ‘ხორცისთვის თესავენ’ (2 ტიმ. 3:1—5; გალ. 6:8). ცოტა თუ ფიქრობს, როგორ იმოქმედებს მათი საქციელი სხვებზე. „ხორცის საქმეები“ ყველგან აშკარად ჩანს (გალ. 5:19—21).
მათგან განსხვავებით, ისინი, ვისაც იეჰოვას წმინდა სული აქვს, სიყვარულსა და სიკეთეს ავლენენ და ყოველივე კარგით გამოირჩევიან (გალ. 5:22). ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ სხვების საჭიროებები ჩვენს საჭიროებებზე წინ დავაყენოთ. მართალია, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ერთმანეთით, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ჩავერიოთ (1 კორ. 10:24, 33; ფილ. 2:3, 4; 1 პეტ. 4:15). განსაკუთრებით თანამორწმუნეებზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა სხვებიც არ უნდა დავტოვოთ დახმარების გარეშე (გალ. 6:10). ეძებთ შესაძლებლობას, ნებისმიერს გაუკეთოთ სიკეთე? (იხილეთ ჩარჩო „გამოიჩინეთ ყურადღება“, გვერდი 23).
ყურადღება მხოლოდ განსაკუთრებულ დროსა და განსაკუთრებულ შემთხვევაში არ უნდა გამოვიჩინოთ (გალ. 6:2; ეფეს. 5:2; 1 თეს. 4:9, 10). ყოველდღე უნდა დავინტერესდეთ სხვებით და მაშინაც კი აღმოვუჩინოთ დახმარება, როცა ეს შეიძლება ჩვენთვის არც ისე მოსახერხებელია. გულუხვად უნდა გავცეთ, რაც გაგვაჩნია — ჩვენი დრო, სახსრები თუ გამოცდილება. იეჰოვა გვარწმუნებს, რომ თუ სხვების მიმართ გულუხვები ვიქნებით, თავადაც გულუხვი იქნება ჩვენ მიმართ (იგავ. 11:25; ლუკ. 6:38).
წმინდა მსახურება „დღე და ღამე“
ნამდვილად შესაძლებელია, იეჰოვას „დღე და ღამე“ შევუსრულოთ წმინდა მსახურება? დიახ, თუ თაყვანისმცემლობის ყველა სფეროში ვიქნებით აქტიურები და გულმოდგინეები (საქ. 20:31). იმ შემთხვევაში შევუსრულებთ იეჰოვას წმინდა მსახურებას, თუ ყოველდღე წავიკითხავთ ღვთის სიტყვას და ვიფიქრებთ მასზე, განუწყვეტლივ ვილოცებთ, კრების ყველა შეხვედრას დავესწრებით და დასამოწმებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ (ფსალმ. 1:2; ლუკ. 2:37; საქ. 4:20; 1 თეს. 3:10; 5:17).
ვუსრულებთ პირადად იეჰოვას წმინდა მსახურებას? თუ ასეა, ჩვენი სურვილი იქნება, გული გავუხაროთ იეჰოვას და გავაბათილოთ სატანის ბრალდებები, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან გამოჩნდება. რასაც უნდა ვაკეთებდეთ და სადაც უნდა ვიყოთ, ვცდილობთ, იეჰოვას მივაგოთ დიდება. ჩვენი საუბრიდან, საქციელიდან და იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ, უნდა ჩანდეს, რომ ღვთის პრინციპებით ვხელმძღვანელობთ. ღვთის მზრუნველობისა და მხარდაჭერისთვის მადლიერებას იმით გამოვხატავთ, თუ სრულად მივენდობით მას და მთელ ჩვენს ძალას მის მსახურებას მოვახმართ. არასრულყოფილების გამო ყოველთვის ადვილი არ არის ღვთის ნორმების დაცვა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა მივიღოთ იეჰოვას რჩევა-დარიგებები (ფსალმ. 32:5; 119:97; იგავ. 3:25, 26; კოლ. 3:17; ებრ. 6:11, 12).
კვლავაც ყოველდღიურად განვადიდოთ იეჰოვა! ამგვარად ვპოვებთ სულის სიმშვიდეს და იეჰოვაც მარადიულად იზრუნებს ჩვენზე (მათ. 11:29; გამოცხ. 7:16, 17).
[ჩარჩო⁄სურათები 22 გვერდზე]
ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობები
• ილოცეთ გამუდმებით (რომ. 12:12).
• იკითხეთ და შეისწავლეთ ბიბლია და ნასწავლი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენეთ (ფსალმ. 1:2; 1 ტიმ. 4:15).
• თაყვანი ეცით იეჰოვას კრებაში (ფსალმ. 35:18; ებრ. 10:24, 25).
• იზრუნეთ ოჯახის წევრების მატერიალურ, სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8).
• იქადაგეთ სასიხარულო ცნობა და მოამზადეთ მოწაფეები (მათ. 24:14; 28:19, 20).
• იზრუნეთ თქვენს ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, რაც ჯანსაღ დასვენებასაც გულისხმობს (მარ. 6:31; 2 კორ. 7:1; 1 ტიმ. 4:8, 16).
• შეასრულეთ კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობები (საქ. 20:28; 1 ტიმ. 3:1).
• მოუარეთ სახლსა და სამეფო დარბაზს (1 კორ. 10:32).
[ჩარჩო⁄სურათი 23 გვერდზე]
გამოიჩინეთ ყურადღება
• ხანდაზმული დის ან ძმის მიმართ (ლევ. 19:32).
• მათ მიმართ, ვინც ფიზიკურად ან ემოციურად არის ავად (იგავ. 14:21).
• კრების წევრის მიმართ, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება (რომ. 12:13).
• ოჯახის წევრების მიმართ (1 ტიმ. 5:4, 8).
• თანამორწმუნის მიმართ, რომელსაც მეუღლე ჰყავს დაღუპული (1 ტიმ. 5:9).
• თქვენი კრების მძიმედ მშრომელი უხუცესების მიმართ (1 თეს. 5:12, 13; 1 ტიმ. 5:17).