მიჰყვებით ქრისტეს მთელი გულით?
მიჰყვებით ქრისტეს მთელი გულით?
„როგორც დადიხართ კიდეც, ეს უფრო სრულად აკეთოთ“ (1 თეს. 4:1).
1, 2. ა) რა საოცარი საქმეები იხილა იესოს დროს მცხოვრებმა ხალხმა? ბ) რატომ არის ჩვენი დრო განსაკუთრებული?
ოდესმე გინატრია, გეცხოვრა იმ დროს, როცა იესო დედამიწაზე იყო? შეიძლება გიფიქრია, რომ იესო განგკურნავდა და დაგასვენებდა მტანჯველი დაავადებისგან. მისი ნახვის სურვილი შეიძლება იმიტომაც გაგჩენია, რომ მისთვის მოგესმინა და მისი სასწაულები გენახა (მარ. 4:1, 2; ლუკ. 5:3—9; 9:11). საოცარი იქნებოდა იმ ყოველივეს ხილვა, რასაც იესო აკეთებდა (ლუკ. 19:37). მას შემდეგ მსგავს რამეს არც ერთი თაობა არ მოსწრებია და არასდროს გამეორდება ის, რაც იესომ „საკუთარი თავის შეწირვით“ გააკეთა დედამიწაზე (ებრ. 9:26; იოან. 14:19).
2 მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არც ჩვენ გვიწევს უმნიშვნელო პერიოდში ცხოვრება. ჩვენ ვცხოვრობთ წმინდა წერილებში ნაწინასწარმეტყველებ „უკანასკნელ დროში“, იგივე „ბოლო დღეებში“ (დან. 12:1—4, 9; 2 ტიმ. 3:1). ჩვენს დროში სატანა ზეციდან გადმოაგდეს. მალე მას შებოჭავენ და „უფსკრულში“ ჩააგდებენ (გამოცხ. 12:7—9, 12; 20:1—3). გარდა ამისა, ამ პერიოდში გვაქვს საშუალება, რომ მონაწილეობა მივიღოთ განუმეორებელ საქმეში, ანუ მთელ მსოფლიოში ვაუწყოთ „სასიხარულო ცნობა“ სამეფოსა და მომავალი სამოთხის შესახებ (მათ. 24:14).
3. ზეცად ამაღლებამდე, რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს და რა იგულისხმებოდა ამაში?
3 ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ეს იმას ნიშნავდა, რომ იესოს მოწაფეებს მთელ მსოფლიოში უნდა ესწავლებინათ ხალხისთვის, რათა აღსასრულის მოსვლამდე სხვებიც გამხდარიყვნენ ქრისტეს მიმდევრები (მათ. 28:19, 20). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ წარმატებით შევასრულოთ ქრისტეს დავალება?
4. ა) რაზე ამახვილებს 2 პეტრეს 3:11, 12-ში ჩაწერილი სიტყვები ყურადღებას? ბ) რატომ გვმართებს სიფრთხილე?
4 პეტრე მოციქულმა ასეთი რამ თქვა: „როგორები უნდა იყოთ წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებაში თქვენ, ვინც ელით და ყოველთვის გახსოვთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტ. 3:11, 12). პეტრეს სიტყვების თანახმად, ბოლო დღეებში უფრო მეტად უნდა დავუკვირდეთ, ვამტკიცებთ თუ არა ღვთისადმი ერთგულებას საქმეებით. ამ საქმეებში სასიხარულო ცნობის ქადაგებაც იგულისხმება. გვიხარია, როცა ვხედავთ, თუ რა მონდომებით ცდილობენ მთელ მსოფლიოში ჩვენი ძმები იესოს დავალების შესრულებას. ამავე დროს სიფრთხილე გვმართებს, რომ სატანის ქვეყნიერებამ და ჩვენმა არასრულყოფილმა მიდრეკილებებმა ღვთის გულმოდგინედ მსახურების სურვილი არ დაგვიკარგოს. მოდი განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მთელი გულით მივყვებით ქრისტეს.
სიხარულით მიიღეთ ღვთისგან მიღებული პასუხისმგებლობები
5, 6. ა) რისთვის შეაქო პავლემ თანაქრისტიანები და რის შესახებ გააფრთხილა ისინი? ბ) რატომ არ უნდა მოვეკიდოთ ზერელედ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს?
5 თავის წერილში პავლე მოციქულმა შეაქო იერუსალიმში მყოფი ქრისტიანები იმისთვის, რომ ერთგულად აიტანეს დევნა. ის მათ სწერდა: „გახსოვდეთ წინანდელი დღეები: მას შემდეგ, რაც განათლდით, დიდ ბრძოლას გაუძელით, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეთ“. ფაქტია, რომ იეჰოვა არ დაივიწყებდა მათ ერთგულებას (ებრ. 6:10; 10:32—34). პავლეს თბილი სიტყვები ძალიან გაამხნევებდა ებრაელ ქრისტიანებს. მაგრამ პავლემ იმავე წერილში ებრაელები გააფრთხილა, რომ თუ თავს არ გააკონტროლებდნენ, შეიძლება ღვთის გულმოდგინედ მსახურების სურვილი განელებოდათ. ქრისტიანები ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, რომ არ ეურჩათ და რაიმე მიზეზის გამო უარი არ ეთქვათ ღვთის დავალების შესრულებაზე (ებრ. 12:25).
6 ქრისტიანები დღესაც ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ რაიმე მიზეზის გამო უარი არ თქვან ღვთისგან მიღებულ პასუხისმგებლობებზე. ჩვენ ზერელედ არ უნდა მოვეკიდოთ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს და ღვთის მსახურებაში ენთუზიაზმი არ უნდა დავკარგოთ (ებრ. 10:39). ჩვენი სიცოცხლე წმინდა მსახურების შესრულებაზეა დამოკიდებული (1 ტიმ. 4:16).
7, 8. ა) რა დაგვეხმარება ენთუზიაზმის შენარჩუნებაში? ბ) რა უნდა გავიხსენოთ, თუ ღვთის მსახურებაში მოვდუნდით?
7 რა დაგვეხმარება, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო უარი არ ვთქვათ ღვთის მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებაზე? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ვიფიქროთ ჩვენი მიძღვნის მნიშვნელობაზე. ერთ დროს იეჰოვას დავპირდით, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ნების შესრულება იქნებოდა და გვინდა, რომ ეს პირობა შევასრულოთ (წაიკითხეთ მათეს 16:24 ). ამიტომ დროდადრო უნდა დავფიქრდეთ, ისევე მონდომებული ვართ, მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ, როგორც ნათლობის დროს, თუ გაგვინელდა ის ენთუზიაზმი, რომელიც თავდაპირველად გვქონდა?
სოფ. 3:16, 17). ეს გამამხნევებელი სიტყვები თავდაპირველად ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული ისრაელების მისამართით იყო ნათქვამი. მაგრამ ეს სიტყვები დღეს ღვთის ხალხსაც ამხნევებს. ჩვენ ღვთის საქმეს ვაკეთებთ. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა და მისი ძე ყოველთვის დაგვიჭერენ მხარს და გაგვაძლიერებენ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა მთელი გულით შევასრულოთ (მათ. 28:20; ფილ. 4:13). ღმერთი გვაკურთხებს და სულიერ წინსვლაში დაგვეხმარება, თუ ვცდილობთ, მისი საქმე ენთუზიაზმით ვაკეთოთ.
8 თუ გულწრფელად გამოვიკვლევთ საკუთარ თავს და დავინახავთ, რომ ღვთის მსახურებაში მოვდუნდით, კარგი იქნება, თუ გავიხსენებთ წინასწარმეტყველ სოფონიას სიტყვებს: „ნუ ჩამოუშვებ ხელებს! იეჰოვა, შენი ღმერთია შენთან. ძლიერია ის და გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენით“ („უპირველესად ეძებეთ სამეფო“
9, 10. რატომ მოიყვანა იესომ მაგალითი დიდ ვახშამზე და რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ მაგალითიდან?
9 ერთ-ერთი ფარისევლის სახლში სტუმრობის დროს იესომ მოიყვანა მაგალითი დიდ ვახშამზე. ამ მაგალითის მეშვეობით იესოს იმის დანახვება უნდოდა, რომ ზეციერ სამეფოში შესვლის შესაძლებლობა მრავალ ადამიანს მიეცემოდა. მაგრამ მან ისიც აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგი ხელიდან გაუშვებდა ამ შესაძლებლობას (წაიკითხეთ ლუკას 14:16—21 ). იესოს მიერ მოყვანილ მაგალითში მიწვეულთაგან ზოგმა უარი თქვა მოწვევაზე. ერთმა თავი იმით იმართლა, რომ ახალშეძენილი მინდვრის სანახავად უნდა წასულიყო. მეორემ ხარების შემოწმება მოიმიზეზა. მესამემ კი თქვა, ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და ვერ მოვალო. ეს ნამდვილად არ ყოფილა საპატიო მიზეზები. ჩვეულებრივ მინდორსაც და საქონელსაც ყიდვამდე ამოწმებენ, ამიტომ ყიდვის შემდეგ მათი შემოწმება სასწრაფო საქმე არ იყო. ან რატომ უნდა ეთქვა უარი ახალდაქორწინებულ კაცს ასეთ მნიშვნელოვან მოწვევაზე? აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ განრისხდა იესოს მაგალითში მოყვანილი მასპინძელი.
10 იესოს ამ მაგალითიდან ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ. პირადი ანუ ისეთი საქმეები, როგორიც იესომ მოიხსენია, ჩვენთვის ღვთის მსახურებაზე მნიშვნელოვანი არ უნდა გახდეს. თუ ქრისტიანი ზომაზე მეტ დროს უთმობს პირად საქმეებს, დროთა განმავლობაში მას გულმოდგინედ მსახურების სურვილი დაეკარგება (წაიკითხეთ ლუკას 8:14 ). ეს რომ არ დაგვემართოს, უნდა გავითვალისწინოთ იესოს სიტყვები: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე“ (მათ. 6:33). სასიხარულოა, რომ ღვთის მსახურები ასაკის მიუხედავად ითვალისწინებენ იესოს ამ მნიშვნელოვან რჩევას. მრავალმა გაიმარტივა ცხოვრება, რომ მეტი დრო დაეთმო მსახურებისთვის. ისინი პირადად დარწმუნდნენ, რომ სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას ნამდვილი ბედნიერება და კმაყოფილება მოაქვს.
11. რომელი ბიბლიური შემთხვევიდან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულმოდგინება იეჰოვას მსახურებაში?
11 ისრაელის მეფე იეჰოაშის ცხოვრებიდან ერთი შემთხვევა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისთვის გულმოდგინედ მსახურება. სირიელთაგან მოსალოდნელი საფრთხის გამო შეშფოთებული იეჰოაში ელისესთან ატირებული მივიდა. წინასწარმეტყველის მითითებით მას სარკმლიდან სირიის მიმართულებით ისარი უნდა ესროლა, რაც იმის ნიშანი იქნებოდა, რომ იეჰოვა ისრაელს გამარჯვებაში დაეხმარებოდა. ელისეს სიტყვებს მეფისთვის იმედი უნდა ჩაესახა. შემდეგ ელისემ მას უთხრა, რომ აეღო ისრები და მიწისთვის დაეკრა. იეჰოაშმა სამჯერ დაჰკრა. ელისე მას განურისხდა, რადგან ხუთჯერ ან ექვსჯერ რომ დაეკრა, „საბოლოოდ სძლევდა სირიას“. მაგრამ ამჯერად იეჰოაში მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვებდა. მას მეტი გულმოდგინება რომ გამოეჩინა, მეტ წარმატებას მიაღწევდა (2 მეფ. 13:14—19). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? იეჰოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაკურთხებს, თუ მთელი გულითა და გულმოდგინებით ვასრულებთ მის საქმეს.
12. ა) რა დაგვეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების მიუხედავად, არ დავკარგოთ ღვთის მსახურებაში გულმოდგინება? ბ) პირადად თქვენთვის რა კურთხევები მოაქვს მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას?
12 ცხოვრებისეული პრობლემები ღვთის მსახურებისადმი ჩვენს ერთგულებასა და გულმოდგინებას სცდის. ბევრ და-ძმას რთულ ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება. ბევრს სერიოზული დაავადება არ აძლევს იეჰოვას მსახურებაში მეტის კეთების შესაძლებლობას. ნებისმიერ შემთხვევაში ყველას შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული ზომები, რომ არ დავკარგოთ გულმოდგინება და მთელი გულით მივყვეთ ქრისტეს. ყურადღება მიაქციეთ იმ რჩევებსა და მუხლებს, რომლებიც მოცემულია ჩარჩოში „რა დაგეხმარებათ, მიჰყვეთ ქრისტეს?“. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ამ რჩევების საუკეთესოდ გამოყენება. თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, თავად დაინახავთ მრავალ დადებით შედეგს. მსახურებაში აქტიურად მონაწილეობა გააწონასწორებს და გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას და შინაგან სიმშვიდესა და ბედნიერებას მოგანიჭებთ (1 კორ. 15:58). გარდა ამისა, ღვთის მსახურებაში მთელი გულით მონაწილეობა დაგეხმარებათ, „ყოველთვის გახსოვდეთ ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2 პეტ. 3:12).
გულწრფელად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები
13. როგორ განვსაზღვროთ, რა არის ჩვენს შემთხვევაში მთელი გულით მსახურება?
13 უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი გულმოდგინება იმით არ განისაზღვრება, თუ რამდენ დროს ვუთმობთ მსახურებას. ყველას მდგომარეობა განსხვავებულია. ზოგი სუსტი ჯანმრთელობის გამო შეიძლება თვეში მხოლოდ ერთ ან ორ საათს მსახურობდეს, მაგრამ მისი მსახურება მოსაწონია იეჰოვასთვის, თუ ის თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს (შეადარეთ მარკოზის 12:41—44). აქედან გამომდინარე, გულწრფელად უნდა შევაფასოთ საკუთარი უნარი და შესაძლებლობები, რათა განვსაზღვროთ, ჩვენს შემთხვევაში, რა არის მთელი გულით მსახურება. როგორც ქრისტეს მიმდევრებს, გვინდა, რომ ისეთივე აზროვნება გვქონდეს, როგორიც მას ჰქონდა (წაიკითხეთ რომაელების 15:5; 1 კორ. 2:16). რა იყო იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? კაპერნაუმიდან მოსულებს მან ასეთი სიტყვებით მიმართა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43; იოან. 18:37). დაფიქრდით იესოს გულმოდგინებაზე და თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრეთ, შეგიძლიათ თუ არა ღვთის მსახურებაში მეტის გაკეთება (1 კორ. 11:1).
14. როგორ შეგვიძლია, უფრო მეტი ვაკეთოთ მსახურებაში?
14 ჩვენი მდგომარეობის გულწრფელად შეფასების შემდეგ შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ უფრო მეტი დრო შეგვიძლია დავუთმოთ მსახურებას (მათ. 9:37, 38). მაგალითად, მრავალმა ახალგაზრდამ სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, მეტი დრო დაეთმო მსახურებისთვის. ახლა ისინი თავად გრძნობენ იმ სიხარულს, რომელიც გულმოდგინე პიონერულ მსახურებას მოაქვს. გინდათ, თქვენც გამოსცადოთ ეს სიხარული? საკუთარი სიტუაციის აწონ-დაწონის შემდეგ, ზოგმა გადაწყვიტა საკუთარ ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ისეთ ტერიტორიებზე გადასულიყო, სადაც სამეფოს მეტი მქადაგებელი იყო საჭირო. ზოგმა უცხო ენა ისწავლა, რათა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხს დახმარებოდა. მართალია მსახურებაში მეტის კეთება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ ამას უამრავი კურთხევა მოჰყვება და შესაძლებლობა გვეძლევა დავეხმაროთ სხვებს „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის“ მიღებაში (1 ტიმ. 2:3, 4; 2 კორ. 9:6).
ქრისტეს სამაგალითო მიმდევრები
15, 16. ქრისტეს რომელი მიმდევრები არიან ჩვენთვის გულმოდგინების კარგი მაგალითები?
15 როგორ გამოეხმაურა ზოგი იესოს მოწვევას, რომ მას გაჰყოლოდნენ? მათეს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა მას“ (ლუკ. 5:27, 28). მებადური ძმების, პეტრესა და ანდრიას შესახებ ვკითხულობთ: „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“. მოგვიანებით იესო შეხვდა იაკობსა და იოანეს, რომლებიც მამასთან ერთად ბადეების შეკეთებით იყვნენ დაკავებულნი. მათაც „მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ“ იესოს (მათ. 4:18—22).
16 ჩვენთვის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სავლეა, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლეს სახელით გახდა ცნობილი. ერთ დროს ქრისტეს მოწაფეების სასტიკი მდევნელი, შეიცვალა და ქრისტეს სახელის მატარებელი „რჩეული ჭურჭელი“ გახდა. „[პავლემ] მაშინვე დაიწყო სინაგოგებში ქადაგება იესოზე, რომ ის არის ღვთის ძე“ (საქ. 9:3—22). მრავალი გასაჭირისა და დევნის მიუხედავად პავლეს გულმოდგინება არასდროს დაუკარგავს (2 კორ. 11:23—29; 12:15).
17. ა) რა გსურთ, როგორც ქრისტეს მიმდევარს? ბ) რა კურთხევები მოაქვს მთელი გულითა და სულით იეჰოვას ნების შესრულებას?
17 ჩვენ გვინდა, ქრისტეს მიმდევრების მაგალითს მივბაძოთ და სიხარულით გამოვეხმაუროთ იესოს მოწვევას (ებრ. 6:11, 12). რა კურთხევები მოაქვს ჩვენთვის ქრისტეს მთელი გულით მიყოლას? ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს ღვთის ნებისა და კრებაში დამატებითი პასუხისმგებლობების შესრულება (ფსალმ. 40:8; წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 4:1 ). თუ თავს არ ვზოგავთ, რომ ერთგულად მივყვეთ ქრისტეს, სულის სიმშვიდეს და კმაყოფილებას ვგრძნობთ. გარდა ამისა, ვიცით, რომ ღმერთი იწონებს ჩვენს მსახურებას და მარადიული სიცოცხლის იმედს გვაძლევს (1 ტიმ. 4:10).
გახსოვთ?
• რა მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დავალებული და როგორ უნდა მოვეკიდოთ მას?
• რას უნდა მოერიდონ ქრისტიანები და რატომ?
• რატომ ღირს საკუთარ მდგომარეობაზე გულწრფელად დაფიქრება?
• რა დაგვეხმარება, მივყვეთ ქრისტეს?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]
რა დაგეხმარებათ, მიჰყვეთ ქრისტეს?
▪ ყოველდღიურად იკითხეთ ღვთის სიტყვა და იფიქრეთ წაკითხულზე (ფსალმ. 1:1—3; 1 ტიმ. 4:15).
▪ ხშირად სთხოვეთ ღმერთს, რომ თავისი წმინდა სულით მხარი დაგიჭიროთ და გიხელმძღვანელოთ (ზაქ. 4:6; ლუკ. 11:9, 13).
▪ ახლო ურთიერთობა გქონდეთ მათთან, ვინც გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს (იგავ. 13:20; ებრ. 10:24, 25).
▪ გააცნობიერეთ, რა დროში გვიწევს ცხოვრება (ეფეს. 5:15, 16).
▪ გახსოვდეთ, რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ღვთისგან დაკისრებული პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას (ლუკ. 9:59—62).
▪ ყოველთვის გახსოვდეთ, მიძღვნის დროს რა აღუთქვით იეჰოვას და იფიქრეთ იმ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვას მსახურებასა და ქრისტეს მთელი გულით მიყოლას მოაქვს (ფსალმ. 116:12—14; 133:3; იგავ. 10:22).