არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მამაკაცებო, ემორჩილებით ქრისტეს, თქვენს მეთაურს?

მამაკაცებო, ემორჩილებით ქრისტეს, თქვენს მეთაურს?

მამაკაცებო, ემორჩილებით ქრისტეს, თქვენს მეთაურს?

„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“ (1 კორ. 11:3).

1. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა წესრიგის ღმერთია?

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“, — ნათქვამია გამოცხადების 4:11-ში. ვინაიდან ყველაფერი იეჰოვამ შექმნა, ის არის სამყაროს უზენაესი მმართველი და ყველა ქმნილებაზე უფლებამოსილი. ის, რომ იეჰოვა „უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“, იქიდანაც ჩანს, თუ როგორ არიან ორგანიზებულნი მისი ზეციერი ქმნილებები (1 კორ. 14:33; ეს. 6:1—3; ებრ. 12:22, 23).

2, 3. ა) ვინ იყო იეჰოვას პირველი ქმნილება? ბ) რა მდგომარეობა უკავია პირმშოს მამასთან შედარებით?

2 ქმნილებებისგან განსხვავებით ღმერთი ყოველთვის არსებობდა. მან პირველად სულიერი ქმნილება შექმნა, რომელსაც „სიტყვა“ ეწოდა; ის იეჰოვას სიტყვას გადასცემდა. ყოველივე არსებული „სიტყვის“ მონაწილეობით შეიქმნა. შემდეგ ის დედამიწას სრულყოფილ ადამიანად მოევლინა და იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი (წაიკითხეთ იოანეს 1:1—3, 14 ).

3 რა მდგომარეობა უკავია პირმშოს ღმერთთან შედარებით? მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3). ქრისტე თავის მამას ემორჩილება. მორჩილება აუცილებელია, გონიერ ქმნილებებს შორის მშვიდობა და წესრიგი რომ არსებობდეს. ამრიგად, მეთაურობის პრინციპის დაცვა მისგანაც კი მოითხოვება, ვისი „მონაწილეობითაც შეიქმნა სხვა ყველაფერი“ (კოლ. 1:16).

4, 5. რას ფიქრობდა იესო თავის მდგომარეობაზე?

4 როგორ შეხვდა იესო იეჰოვას დავალებას, რომ ადამიანად დაბადებულიყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „თუმცა ის [იესო ქრისტე] ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილ. 2:5—8).

5 იესო ყოველთვის თავმდაბლურად ასრულებდა მამის ნებას. მან აღნიშნა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ . . . ჩემ მიერ გამოტანილი განაჩენი სამართლიანია, რადგან ჩემი ნების შესრულებას კი არ ვცდილობ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა“ (იოან. 5:30). „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას [ჩემს მამას] მოსწონს“ (იოან. 8:29). სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იესომ ლოცვაში მამას უთხრა: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე“ (იოან. 17:4). აშკარაა, იესოს არ უჭირდა იმის აღიარება, რომ ღმერთი მასზე მაღლა იდგა.

მამისადმი მორჩილებას ძისთვის კურთხევები მოაქვს

6. რა თვისებებს ავლენდა იესო?

6 დედამიწაზე ყოფნისას იესომ ბევრი კარგი თვისება გამოავლინა, რომელთა შორის ერთ-ერთი სიყვარული იყო. იესოს ძალიან უყვარდა მამა. „მამა მიყვარს“, — თქვა მან (იოან. 14:31). მას ადამიანებიც ძალიან უყვარდა (წაიკითხეთ მათეს 22:35—40). იესო კეთილი და ყურადღებიანი იყო; არ იყო უხეში და ძალაუფლების მოყვარული. ის ხალხს მოუწოდებდა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:28—30). იესოსთან ურთიერთობა და მისი ქადაგება დიდ შვებას ჰგვრიდა ნებისმიერი ასაკის ცხვრისმაგვარ ადამიანს, განსაკუთრებით კი ცხოვრებისგან დაჩაგრულს.

7, 8. კანონის თანახმად, რა ეკრძალებოდა ქალს, რომელსაც სისხლდენა ჰქონდა? როგორ მოექცა იესო სისხლდენით გატანჯულ ქალს?

7 როგორ ეპყრობოდა იესო მანდილოსნებს? ბევრი მამაკაცი ძალიან ცუდად ეპყრობა ქალებს. ეს ასე იყო საუკუნეების წინათაც. ძველ ისრაელში რელიგიურ წინამძღოლებს ათვალწუნებული ჰყავდათ ქალები. მათგან განსხვავებით, იესო მანდილოსნებს პატივისცემით ექცეოდა. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა მასთან მივიდა ქალი, რომელიც 12 წელი სისხლდენით იტანჯებოდა. მას „ექიმებისგან ბევრი ტკივილი ჰქონდა გადატანილი“ და მთელი სახსრები მკურნალობისთვის ჰქონდა დახარჯული. ყველაფრის მიუხედავად, მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. კანონის თანახმად, ის უწმინდურად ითვლებოდა და ყველა, ვინც მას შეეხებოდა, გაუწმინდურდებოდა (ლევ. 15:19, 25).

8 ქალმა გაიგო, რომ იესო ავადმყოფებს კურნავდა და მის გარშემო შეკრებილ ხალხს შეერია. ის თავისთვის ამბობდა: „ტანსაცმელზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო“. ქალი იესოს შეეხო და მაშინვე განიკურნა. იესომ იცოდა, რომ ქალს მისი შეხების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ ამის გამო არ უსაყვედურია. პირიქით, მას თბილად მოეპყრო. იესოს ესმოდა, რომ ქალი წლების განმავლობაში იტანჯებოდა ავადმყოფობით და უსათუოდ ესაჭიროებოდა შველა. იესომ თანაუგრძნო და უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:25—34).

9. როგორ მოიქცა იესო, როცა მოწაფეებმა ბავშვებს მასთან მისვლას აუკრძალეს?

9 იესოსთან ბავშვებიც კი თავისუფლად გრძნობდნენ თავს. ერთხელ, როცა ხალხმა მას ბავშვები მიუყვანა, მოწაფეებმა მათ გაკიცხვა დაუწყეს. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ ბავშვები იესოს შეაწუხებდნენ. მაგრამ იესო ასე არ ფიქრობდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «ეს რომ დაინახა, იესო აღშფოთდა და უთხრა [მოწაფეებს]: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ აკავებთ, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო“». მერე იესო „მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა“. იესომ ბავშვები მოვალეობის მოხდის მიზნით კი არა, მთელი გულით მიიღო (მარ. 10:13—16).

10. საიდან ჰქონდა იესოს ასეთი შესანიშნავი თვისებები?

10 საიდან ჰქონდა იესოს ასეთი შესანიშნავი თვისებები? ზეცაში ცხოვრებისას ის მილიარდობით წლის განმავლობაში აკვირდებოდა თავის ზეციერ მამას და მისგან სწავლობდა (წაიკითხეთ იგავების 8:22, 23, 30). ზეცაში ის ხედავდა, რომ ღმერთი სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ქმნილებებს და თვითონაც ასე იქცეოდა. გასწევდა იესო კარგ მეთაურობას, თუ თავად არ იქნებოდა მორჩილი? ის სიხარულით ემორჩილებოდა მამას და იეჰოვასაც უხაროდა, რომ ასეთი მორჩილი შვილი ჰყავდა. დედამიწაზე ყოფნისას იესო სრულყოფილად ირეკლავდა ზეციერი მამის დიდებულ თვისებებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვემორჩილებოდეთ ქრისტეს, ღვთის მიერ დანიშნულ ზეციერი სამეფოს მეფეს!

მიჰბაძეთ ქრისტეს

11. ა) რას უნდა ვცდილობდეთ მუდამ? ბ) რატომ უნდა ჰბაძავდნენ იესოს განსაკუთრებით მამაკაცები?

11 ქრისტიანულ კრებაში ყველა, განსაკუთრებით კი მამაკაცები, მუდამ უნდა ცდილობდნენ, ისეთივე თვისებები გამოავლინონ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა. ზემოთ აღნიშნული იყო, რომ „ყოველი კაცის თავი ქრისტეა“. როგორც ქრისტე ჰბაძავდა თავის მეთაურს, ჭეშმარიტ ღმერთს, ქრისტიანი მამაკაცებიც უნდა ჰბაძავდნენ თავიანთ მეთაურს — ქრისტეს. გაქრისტიანების შემდეგ მოციქული პავლე ჰბაძავდა ქრისტეს. მან მოუწოდა თანამორწმუნეებს: „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“ (1 კორ. 11:1). მოციქული პეტრე კი ამბობდა: „ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21). მამაკაცებმა კიდევ სხვა მიზეზითაც უნდა მიჰბაძონ ქრისტეს: მათ შეუძლიათ კრებაში იმსახურონ უხუცესებად და მომსახურეებად. იესო ხალისით ჰბაძავდა იეჰოვას და ქრისტიანი მამაკაცებიც სიხარულით უნდა ჰბაძავდნენ ქრისტეს.

12, 13. როგორ უნდა ექცეოდნენ უხუცესები სამწყსოს?

12 ქრისტიანი უხუცესები ვალდებულნი არიან, ისწავლონ ისე მოქცევა, როგორც ქრისტე ექცეოდა სხვებს. პეტრემ შეაგონა უხუცესები: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის“ (1 პეტ. 5:1—3). უხუცესები არ უნდა ბატონობდნენ სამწყსოზე, არ უნდა იყვნენ დესპოტები და უხეშები. ისინი უნდა ჰბაძავდნენ ქრისტეს და ცდილობდნენ, იყვნენ თავმდაბლები და სიყვარული, ყურადღება და სიკეთე გამოავლინონ სამწყსოს მიმართ, რომელზე ზრუნვაც მიენდოთ.

13 კრების პასუხისმგებელი ძმები არასრულყოფილები არიან და ეს მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ (რომ. 3:23). ამიტომ მათ ძალიან უნდა მოიწადინონ, უკეთ გაიცნონ იესო და მას სიყვარულში მიჰბაძონ. ისინი ღრმად უნდა უფიქრდებოდნენ იმას თუ, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთსა და ქრისტეს ადამიანებთან. პეტრე მოგვიწოდებს: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5).

14. რაში ვლინდება სამწყსოსადმი უხუცესების პატივისცემა?

14 უხუცესები კრების წევრებთან ურთიერთობისას კარგ თვისებებს უნდა ავლენდნენ. რომაელების 12:10-ში ვკითხულობთ: „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“. უხუცესები და მომსახურეები პატივს სცემენ ყველას. როგორც ყველა ქრისტიანი, ისინი არაფერს უნდა აკეთებდნენ „მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით“, არამედ თავმდაბლობით უნდა ჩათვალონ „სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3). პასუხისმგებელმა ძმებმა სხვები საკუთარ თავზე მაღლა უნდა დააყენონ. თუ ასეთი დამოკიდებულება ექნებათ, მათ გაუადვილდებათ პავლეს რჩევის გათვალისწინება: „ამიტომ ჩვენ, ძლიერებმა, საკუთარ თავს კი არ უნდა ვასიამოვნოთ, არამედ უძლურთა სისუსტეები უნდა ვატაროთ. თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად, რადგან არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე“ (რომ. 15:1—3).

პატივი მიაგეთ ცოლებს

15. როგორ უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს?

15 დავფიქრდეთ, რა ურჩია პეტრემ დაქორწინებულ კაცებს: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტ. 3:7). პატივისცემა დაფასებას ნიშნავს. ამგვარად, ქმარმა უნდა გაითვალისწინოს ცოლის შეხედულებები, მოთხოვნილებები, სურვილები და თუ არაფერი შავდება, დათმობაზე წავიდეს.

16. რა გაფრთხილებას აძლევს ღვთის სიტყვა ქმრებს?

16 პეტრე ქმრებს აფრთხილებდა, პატივი ეცათ ცოლებისთვის, რათა ლოცვა არ დაბრკოლებოდათ (1 პეტ. 3:7). აქედან კარგად ჩანს, რომ იეჰოვასთვის სულერთი არ არის, როგორ ექცევა ქმარი ცოლს. იეჰოვამ შეიძლება არ შეისმინოს იმ ქმრის ლოცვები, რომელიც ცუდად ეპყრობა ცოლს. როგორც წესი, თუ ქმარი ცოლს კარგად ეპყრობა, ცოლიც იმავეთი უპასუხებს და დააფასებს.

17. რამდენად ძლიერ უნდა უყვარდეთ ქმრებს ცოლები?

17 ღვთის სიტყვა ქმრებს ურჩევს: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები . . . რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას . . . თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“ (ეფეს. 5:28, 29, 33). რამდენად ძლიერ უნდა უყვარდეთ ქმრებს ცოლები? პავლემ დაწერა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:25). ქმრები მზად უნდა იყვნენ, თავი გასწირონ ცოლებისთვის, როგორც ეს ქრისტემ გააკეთა სხვებისთვის. როცა ქრისტიანი ქმარი არ არის ეგოისტი, ცოლს სათუთად ექცევა, გულისხმიერი და მზრუნველია, ცოლსაც უადვილდება ოჯახისთავის მორჩილება.

18. რა დაეხმარებათ ქმრებს ოჯახში თავიანთი პასუხისმგებლობების კარგად შესრულებაში?

18 მეტისმეტად რთული ხომ არ არის ქმრისთვის ცოლის ასეთი პატივისცემა? არა, რადგან იეჰოვა არასდროს სთხოვს ქმრებს შეუძლებელს. გარდა ამისა, იეჰოვას თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მიიღონ სამყაროში უძლიერესი ძალა — ღვთის წმინდა სული. იესომ თქვა: „თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკ. 11:13). ქმრებმა ლოცვებში უნდა სთხოვონ იეჰოვას, რომ მისი სულის დახმარებით შეძლონ ყველასთან კარგი ურთიერთობა, მათ შორის ცოლებთან (წაიკითხეთ საქმეების 5:32).

19. რა იქნება განხილული მომდევნო სტატიაში?

19 როგორც ვხედავთ, მამაკაცებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ისწავლონ ქრისტესადმი მორჩილება და მიჰბაძონ თავიანთ მეთაურს. მაგრამ რისი თქმა შეიძლება ქალებზე, განსაკუთრებით კი ცოლებზე? მომდევნო სტატია განიხილავს, როგორ უნდა შეასრულონ ქალებმა თავიანთი როლი.

გახსოვთ?

• რა თვისებების გამოვლენაში უნდა მივბაძოთ იესოს?

• როგორ უნდა ეპყრობოდნენ უხუცესები სამწყსოს?

• როგორ უნდა ეპყრობოდეს ქმარი ცოლს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 10 გვერდზე]

მიჰბაძეთ იესოს პატივისცემაში