არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაკავდით სულიერი საქმეებით და გამოცოცხლდება თქვენი სული

დაკავდით სულიერი საქმეებით და გამოცოცხლდება თქვენი სული

დაკავდით სულიერი საქმეებით და გამოცოცხლდება თქვენი სული

„დაიდგით ჩემი უღელი . . . და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათ. 11:29).

1. რა დაუწესა ღმერთმა ისრაელებს სინას მთასთან და რა მიზნით?

სინას მთასთან კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებაში შაბათის ყოველკვირეული დაცვაც შედიოდა. მოსეს მეშვეობით იეჰოვამ ისრაელ ერს უბრძანა: „ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღეს კი შეწყვიტე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და ვირმა, შენი მხევლის ვაჟმა და ხიზანმა“ (გამ. 23:12). დიახ, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ისრაელზე და კვირაში ერთი დღე დასვენებისთვის მისცა, რათა გამოცოცხლებულიყო მათი სულები.

2. რა სიკეთე მოჰქონდა ისრაელი ერისთვის შაბათის დაცვას?

2 მხოლოდ დასვენების დღე იყო შაბათი? არა, რადგან ეს დღე იეჰოვას თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. შაბათობით ოჯახის თავს შესაძლებლობა ეძლეოდა, ცოლ-შვილისთვის ესწავლებინა ‘იეჰოვას გზის დაცვა სიმართლის საკეთებლად’ (დაბ. 18:19). გარდა ამისა, ამ დღეს ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებოდნენ, იეჰოვას დიდებულ საქმეებზე მსჯელობდნენ და მხიარულობდნენ (ეს. 58:13, 14). ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შაბათი წინასწარმეტყველურად მიანიშნებდა იმ დროზე, როცა ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ღვთის ხალხი დაისვენებდა და ნამდვილ შვებას იგრძნობდა (რომ. 8:21). რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე? სად და როგორ შეუძლიათ იეჰოვას გზით მავალ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, სულის გამოცოცხლება პოვონ?

ქრისტიანებთან ურთიერთობა სულს გამოგიცოცხლებთ

3. რა გაგებით იყო პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის კრება საყრდენი?

3 პავლე მოციქულმა თქვა, რომ ქრისტიანული კრება „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ იყო (1 ტიმ. 3:15). პირველი ქრისტიანებისთვის კრება საყრდენი იყო, რადგან იქ მხნევდებოდნენ და ერთმანეთს ‘სიყვარულში აღაშენებდნენ’ (ეფეს. 4:11, 12, 16). ეფესოში ყოფნისას პავლე ძალიან გამხნევდა, როცა კორინთის კრებიდან ძმებმა მოინახულეს. პავლემ წერდა: „მიხარია სტეფანასის, ფორტუნატესა და აქაიკეს აქ ყოფნა, რადგან მათ . . . გამიხალისეს სული“ (1 კორ. 16:17, 18). ტიტეც ძალიან გამხნევდა, როცა კორინთში ძმების მოსამსახურებლად ჩავიდა. ამის შესახებ პავლემ კორინთის კრებას მისწერა: „თქვენ ყველამ გამოაცოცხლეთ მისი სული“ (2 კორ. 7:13). დღესაც იეჰოვას მოწმეებისთვის გამომაცოცხლებელია თანაქრისტიანებთან ურთიერთობა.

4. როგორ ვმხნევდებით კრების შეხვედრებზე?

4 ალბათ, თქვენთვის უცხო არ არის კრების შეხვედრებზე განცდილი უდიდესი სიხარული. იქ ერთმანეთს „ჩვენ-ჩვენი რწმენით“ ვამხნევებთ (რომ. 1:12). ჩვენთვის თანაქრისტიანები უბრალოდ ნაცნობები არ არიან, რომლებსაც ათასში ერთხელ ვხვდებით. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან, რომლებიც გვიყვარს და ვაფასებთ. ჩვენ დიდ სიხარულსა და ნუგეშს ვპოულობთ, როცა რეგულარულად ვიკრიბებით კრების შეხვედრებზე და თანამორწმუნეებს ვნახულობთ (ფლმ. 7).

5. როგორ აცოცხლებს ჩვენს სულს კონგრესები?

5 ჩვენს სულს კონგრესებიც აცოცხლებს. გარდა იმისა, რომ იქ ღვთის სიტყვიდან მომდინარე ჭეშმარიტების წყლით ვსაზრდოობთ, თანაქრისტიანებთან ურთიერთობის გაფართოების შესაძლებლობა გვეძლევა (2 კორ. 6:12, 13). მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ მორიდებულები ვართ და ადამიანების გაცნობა გვიჭირს? თუ კონგრესებზე ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის ვიქნებით მზად, ეს თანაქრისტიანების გაცნობის საშუალებას მოგვცემს. ერთი და, რომელმაც საერთაშორისო კონგრესზე სტადიონის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს: „ჩემი ოჯახის წევრებისა და რამდენიმე მეგობრის გარდა, იქ არავის ვიცნობდი; მაგრამ ბევრი და-ძმა — გავიცანი, როცა სტადიონს ვასუფთავებდით. მათთან ურთიერთობამ ძალიან გამახალისა“.

6. კიდევ რა ამხნევებთ იეჰოვას მსახურებს?

6 ისრაელები იერუსალიმში წელიწადში სამჯერ მიდიოდნენ დღესასწაულების აღსანიშნავად (გამ. 34:23). ამისათვის ბევრს უწევდა ყანებისა და სავაჭრო საქმეების მიტოვება და რამდენიმე დღე მტვრიან გზაზე ფეხით სიარული. დამქანცველი გზის მიუხედავად, ტაძარში მისულები დიდად ხარობდნენ, როცა მღვდლები „ქებას უძღვნიდნენ იეჰოვას“ (2 მატ. 30:21). დღესაც იეჰოვას მსახურები ძალიან მხნევდებიან, როცა ოჯახებით სტუმრობენ ბეთელს, იეჰოვას მოწმეთა ფილიალს. შეგიძლიათ თქვენც დაგეგმოთ ოჯახთან ერთად ბეთელში სტუმრობა?

7. ა) რატომ არის კარგი მეგობრული შეხვედრები? ბ) რა უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვინდა, რომ მეგობრული შეხვედრები დაუვიწყარი და აღმშენებლური იყოს?

7 ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრება და ურთიერთობაც გამამხნევებელია. ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლ. 2:24). გარდა იმისა რომ ვმხნევდებით, მეგობრულ შეხვედრებზე უკეთ ვეცნობით თანაქრისტიანებს და ერთმანეთის სიყვარულიც გვიძლიერდება. ამგვარი შეხვედრები დაუვიწყარი და აღმშენებლური რომ იყოს, კარგი იქნება, თუ ბევრ სტუმარს არ დავპატიჟებთ. ასე იმასაც მივაქცევთ ყურადღებას, რომ შეხვედრამ ღვთისმოსაწონად ჩაიაროს, განსაკუთრებით თუ მაგიდაზე ალკოჰოლური სასმელები იქნება.

მსახურება სულს გვიცოცხლებს

8, 9. ა) რა სხვაობა იყო იესოს ცნობასა და ფარისეველთა სწავლებებს შორის? ბ) რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ბიბლიური ჭეშმარიტების ქადაგებას?

8 იესო გულმოდგინედ ქადაგებდა და თავის მოწაფეებსაც გულმოდგინე მსახურებისკენ მოუწოდებდა. ეს კარგად ჩანს მისი სიტყვებიდან: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). იესოს სწავლება ნამდვილად გამომაცოცხლებელი იყო, რადგან ის „სასიხარულო ცნობას“ ქადაგებდა (მათ. 4:23; 24:14). ის სრულიად განსხვავდებოდა იმ დამამძიმებელი წესებისგან, რასაც ფარისევლები უდგენდნენ ადამიანებს (წაიკითხეთ მათეს 23:4, 23, 24 ).

9 ჩვენ ადამიანებს სულიერად გამომაცოცხლებელ ცნობას გადავცემთ. ამ დროს ჩვენც ვიღრმავებთ ბიბლიურ ცოდნას და ფასდაუდებელ ჭეშმარიტებას უფრო ვაფასებთ. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ადიდეთ იაჰი, რადგან კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს, რადგან ეს სასიამოვნოა“ (ფსალმ. 147:1). განადიდეთ იეჰოვა და იგრძენით მეტი სიხარული!

10. რაზე არ არის ჩვენი წარმატება დამოკიდებული? ახსენით.

10 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგან სასიხარულო ცნობას კარგად ისმენენ, ზოგან — არა (წაიკითხეთ საქმეების 18:1, 5—8). თუ ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, სადაც სამეფოს ცნობას ნაკლებად ეხმაურებიან, ეცადეთ იმ კარგზე იფიქროთ, რასაც მსახურებაში აღწევთ. გახსოვდეთ, რომ იეჰოვას სახელის გასაცხადებლად გაწეული თქვენი შრომა, ამაო არ არის (1 კორ. 15:58). ჩვენი წარმატება ხალხის გამოხმაურებაზე არ არის დამოკიდებული. დარწმუნებული იყავით, რომ წრფელი გულის ადამიანებს იეჰოვა მისცემს სამეფოს შესახებ ცნობის გაგების შესაძლებლობას (იოან. 6:44).

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა გამომაცოცხლებელია

11. რა პასუხისმგებლობა დააკისრა იეჰოვამ მშობლებს და როგორ შეუძლიათ მათ ამ დავალების შესრულება?

11 ღვთისმოშიში მშობლები ვალდებულნი არიან, ასწავლონ შვილებს იეჰოვასა და მისი გზების შესახებ (კან. 11:18, 19). გამოყოფილი გაქვთ დრო იმისათვის, რომ შვილებს ზეციერ მამაზე ესაუბროთ? ეს სერიოზული პასუხისმგებლობა რომ შეასრულოთ და ოჯახის მოთხოვნილებებზე იზრუნოთ, იეჰოვა გამომაცოცხლებელ სულიერ საკვებს გვაძლევს წიგნების, ჟურნალების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით.

12, 13. ა) როგორი უნდა იყოს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო? ბ) რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ თაყვანისცემის საღამო გამომაცოცხლებელი იყოს?

12 ერთგული და გონიერი მონა ოჯახებს მოუწოდებს, ჩაატარონ თაყვანისცემის საღამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახს კვირაში ერთხელ გამოყოფილი უნდა ჰქონდეს დრო ბიბლიის შესასწავლად. ბევრმა აღნიშნა, რომ ამ ღონისძიებამ ოჯახის წევრები დააახლოვა ერთმანეთთან და იეჰოვასთან. მაგრამ, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ ეს შესწავლა სულიერად გამომაცოცხლებელი იყოს?

13 ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო არც უღიმღამო უნდა იყოს და არც ზედმეტად ოფიციალური. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ „ბედნიერ ღმერთს“ ვეთაყვანებით. მას სურს, რომ ეს შესწავლა სიხარულს გვგვრიდეს (1 ტიმ. 1:11; ფილ. 4:4). სულიერ საკითხებზე სამსჯელოდ ეს დამატებითი საღამო, ჩვენთვის დიდი კურთხევაა. შესწავლა ერთფეროვანი არ უნდა იყოს, რაშიც მშობლებს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარის გამოყენება დაეხმარებათ. მაგალითად, ერთ ოჯახში მშობლებმა ათი წლის ბრენდონს დაავალეს, მოემზადებინა მოხსენება თემაზე, „რატომ მოიხსენიებს ბიბლია სატანას გველად“? ბრენდონს ეს საკითხი ძალიან აინტერესებდა, რადგან გველები უყვარდა; მას არ მოსწონდა, რომ გველი სატანასთან ასოცირდებოდა. ზოგ ოჯახში ბიბლიის მონაკვეთების კითხვისას ოჯახის წევრები ბიბლიური პერსონაჟების როლებს ინაწილებენ ან წარმოდგენებს დგამენ. გარდა იმისა, რომ ეს მეთოდები სახალისო და საინტერესოა, მათი გამოყენებით ბავშვები აქტიურად ებმებიან შესწავლაში და ღვთის პრინციპებიც ნელ-ნელა ებეჭდებათ გულში. *

მოერიდეთ ყველაფერს, რაც დაგამძიმებთ

14, 15. ა) რის გამო განიცდიან ადამიანები სტრესს ამ ბოლო დღეებში? ბ) კიდევ რა ამძიმებს ქრისტიანების მდგომარეობას?

14 ამ ბოროტ ქვეყნიერებაში, რაც დრო გადის, ადამიანები მეტად განიცდიან სტრესს და თავს დაუცველად გრძნობენ. მილიონობით ადამიანი უმუშევარი რჩება ან სხვა სახის ეკონომიკურ გაჭირვებას ხვდება. ბევრი, ვისაც სამუშაო აქვს, აღნიშნავს, რომ ფული თვალსა და ხელს შუა უქრება და ოჯახს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს (შეადარეთ ანგიას 1:4—6). იმასაც აშკარად ვხედავთ, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი უძლურნი არიან ტერორიზმთან თუ უბედურების გამომწვევ სხვა მიზეზებთან ბრძოლაში. ბევრსაც თავისი შეცდომები აწევს ტვირთად (ფსალმ. 38:4).

15 ქრისტიანები არ არიან დაზღვეული სატანის ქვეყნიერებაში არსებული პრობლემებისგან (1 იოან. 5:19). ზოგჯერ ქრისტიანების მდგომარეობას ის განსაცდელებიც ამძიმებს, რასაც ღვთის ერთგულებისთვის იტანენ. იესომ თქვა: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). მაგრამ ‘მიტოვებულნი მაშინაც არა ვართ, როცა გვდევნიან’ (2 კორ. 4:9). რატომ ვამბობთ ამას?

16. რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში?

16 იესომ თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28). თუ მთელი გულით გვწამს, რომ ქრისტეს მსხვერპლს ხსნის ძალა აქვს, იეჰოვას მივენდობით. ამგვარად, გვექნება „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). დამხმარე ანუ ღვთის წმინდა სული რწმენას განგვიმტკიცებს, რაც არა მარტო განსაცდელებს აგვატანინებს, არამედ სიხარულსაც შეგვანარჩუნებინებს (იოან. 14:26; იაკ. 1:2—4).

17, 18. ა) რისგან უნდა დაიცვან თავი ქრისტიანებმა? ბ) რა მოხდება, თუ ამქვეყნიურ სიამოვნებას მივეცემით?

17 ჭეშმარიტი ქრისტიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არ მოექცნენ სიამოვნებას გადაყოლილი ქვეყნიერების სულის გავლენაში (წაიკითხეთ ეფესოელების 2:2—5 ). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ‘ხორცისა და თვალის სურვილს ავყვეთ და ქონებით ტრაბახი’ დავიწყოთ (1 იოან. 2:16). ან შესაძლოა არასწორად დავასკვნათ, რომ ხორცის სურვილების დაკმაყოფილება გამოგვაცოცხლებს (რომ. 8:6). მაგალითად, მძაფრი შეგრძნებების ძიებაში ზოგი ნარკოტიკებს, ალკოჰოლს ან პორნოგრაფიას დაემონა, ზოგს სიამოვნებას ექსტრემალური სპორტი ანიჭებს. სატანის მზაკვრული საქმეები იმისთვისაა გამიზნული, რომ ადამიანებს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმაზე, თუ სინამდვილეში რა არის გამომაცოცხლებელი (ეფეს. 6:11).

18 ჭამა-სმა და ჯანსაღი გართობა კარგია, ოღონდ ზომიერად. მაგრამ ამ საქმეებს ჩვენს ცხოვრებაში მთავარი ადგილი არ უნდა ეკავოს. დღეს განსაკუთრებით გვმართებს ზომიერებისა და თავშეკავების გამოვლენა. პირად ინტერესებზე ზრუნვამ შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ გავხდეთ „უმოქმედო ან უნაყოფო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“ (2 პეტ. 1:8).

19, 20. როგორ ვპოვოთ ნამდვილი გამოცოცხლება?

19 თუ იეჰოვას მითითებებს გავითავისებთ, დავრწმუნდებით, რომ ნებისმიერი ქვეყნიური სიამე წარმავალია. მოსეს ეს შესანიშნავად ესმოდა, და ეს ჩვენც უნდა გვესმოდეს (ებრ. 11:25). უდავოა, რომ ნამდვილი გამოცოცხლება, რომელიც ჩვენში დიდ და ხანგრძლივ სიხარულსა თუ კმაყოფილებას იწვევს, ჩვენი ზეციერი მამის ნების შესრულებას მოაქვს (მათ. 5:6).

20 დაე, კვლავაც დავკავდეთ სულიერი საქმეებით და გამოვიცოცხლოთ სული. ამგვარად, ‘უარვყოფთ უღმერთოებას და ქვეყნიურ სურვილებს’, „ვიდრე ველით მშვენიერ იმედს და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებით გამოცხადებას“ (ტიტ. 2:12, 13). ასე რომ, ვატაროთ იესოს უღელი და დავემორჩილოთ მის ხელმძღვანელობას, რადგან მხოლოდ ამას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება და გამოცოცხლება.

[სქოლიო]

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ ოჯახური შესწავლა უფრო საინტერესო, იხილეთ 2009 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 29—31.

როგორ უპასუხებთ?

• რას მოაქვს იეჰოვას ხალხისთვის სულიერი გამოცოცხლება?

• რა მხრივ არის გამომაცოცხლებელი მსახურება ჩვენთვის და მათთვის, ვისაც ვუქადაგებთ?

• რა უნდა გააკეთოს ოჯახის თავმა, რომ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო გამომაცოცხლებელი იყოს?

• რამ შეიძლება დაგვამძიმოს სულიერად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 26 გვერდზე]

იესოს უღელი ყოველმხრივ გამოგვაცოცხლებს