არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი შეიკავეთ რისხვისგან და სძლიეთ ბოროტებას

თავი შეიკავეთ რისხვისგან და სძლიეთ ბოროტებას

თავი შეიკავეთ რისხვისგან და სძლიეთ ბოროტებას

„ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო . . . სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომ. 12:19, 21).

1, 2. რა მაგალითი დატოვეს იეჰოვას მოწმეებმა?

იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარი 34 კაციანი ჯგუფი ერთ-ერთ ქვეყანაში ფილიალის მიძღვნის პროგრამაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა. ტექნიკური პრობლემების გამო თვითმფრინავს ერთ აეროპორტში მოუწია დაშვება. საწვავის მარაგის ასავსებად ერთ საათიანი შეფერხება 44 საათს გაგრძელდა. მგზავრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან აეროპორტში არ ჰქონდათ საკმარისი საკვები და წყალი და არც სანიტარიული პირობები იყო დაცული. ამ ფაქტმა ბევრი მგზავრი აღაშფოთა და აეროპორტის პერსონალს მუქარა დაუწყო, მაგრამ ჩვენი და-ძმები სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ.

2 ბოლოს მოწმეები დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ და მიძღვნის პროგრამის დასკვნით ნაწილს მიუსწრეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილები იყვნენ, პროგრამის შემდეგ ისინი ადგილობრივი და-ძმების გასაცნობად დარჩნენ. მოგვიანებით მათ გაიგეს, რომ აეროპორტში გამოვლენილი მათი მოთმინება და თავშეკავება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ-ერთმა მგზავრმა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს უთხრა: „რომ არა 34 ქრისტიანი, აეროპორტში მდგომარეობა უმართავი გახდებოდა“.

რისხვით ანთებულ ქვეყნიერებაში ცხოვრება

3, 4. ა) საიდან იღებს რისხვა და ძალადობა დასაბამს? ბ) შეეძლო კაენს რისხვის დაცხრომა? ახსენით.

3 დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებაში ადამიანი შეიძლება ადვილად განრისხდეს (ეკლ. 7:7). განრისხება კი ხშირად სიძულვილისა და ძალადობის მიზეზი ხდება. რისხვის შედეგად ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არაერთი ომი მომხდარა. ოჯახური დაძაბულობის გამო ბევრი სახლი ბრძოლის ველს ემსგავსება. რისხვასა და ძალადობას დიდი ხნის ისტორია აქვს. შურითა და რისხვით აღვსილმა კაენმა, ადამისა და ევას პირმშომ, თავისი უმცროსი ძმა, აბელი მოკლა. იეჰოვამ კაენს უთხრა, რისხვა დაეცხრო, რათა კურთხეული ყოფილიყო, მაგრამ მან მაინც ჩაიდინა ეს დიდი ბოროტება (წაიკითხეთ დაბადების 4:6—8).

4 არასრულყოფილების მიუხედავად, კაენს ჰქონდა არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. მას შეეძლო, რისხვა დაეოკებინა. ამიტომაც მას სრული პასუხისმგებლობა დაეკისრა ჩადენილ დანაშაულზე. არასრულყოფილების გამო, რთულია რისხვისგან თავშეკავება. გარდა ამისა, ამ „ძნელად ასატან დროში“ არსებული სერიოზული პრობლემები კიდევ უფრო მეტ სტრესს გვიჩენს (2 ტიმ. 3:1). მაგალითად, ეკონომიკურმა სირთულეებმა შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. პოლიციისა და ოჯახთა დაცვის ორგანიზაციების აზრით, ფინანსური კრიზისის გამო ოჯახებში გახშირდა რისხვის გადმონთხევის და ძალადობის ფაქტები.

5, 6. როგორია ქვეყნიერების დამოკიდებულება რისხვასა და შურისძიებაზე და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ჩვენზე?

5 გარდა ამისა, ბევრი, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ‘საკუთარი თავის მოყვარული, ამპარტავანი და სასტიკია’. ძალიან ადვილია, რომ მათგან ცუდი თვისებები გადავიღოთ და იოლად განვრისხდეთ ხოლმე (2 ტიმ. 3:2—5). კინოფილმები და სატელევიზიო პროგრამები შურისძიებას ხშირად კეთილშობილურ საქმედ წარმოგვიდგენენ, ძალადობას კი — პრობლემის მოგვარების ბუნებრივ და სამართლიან გზად. ასეთ ფილმებში სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ მაყურებელი სულმოუთქმელად ელის იმ მომენტს, როცა არამზადას საკადრისი მიეზღვება. როგორც წესი, ბოლოს მას ფილმის გმირი ვერაგულად კლავს.

6 ამგვარი პროპაგანდა ხელს უწყობს „ქვეყნიერების სულის“ გავრცელებას და მისი განრისხებული მმართველის, სატანის წისქვილზე ასხამს წყალს (1 კორ. 2:12; ეფეს. 2:2; გამოცხ. 12:12). ეს სული ადამიანს ხორცის საქმეებს აკეთებინებს და სრულიად ეწინააღმდეგება ღვთის წმინდა სულს და მის ნაყოფს. ქრისტიანობის მთავარი სწავლება ის არის, რომ მწყენინებელს სამაგიერო არ მივუზღათ (წაიკითხეთ მათეს 5:39, 44, 45 ). როგორ შეგვიძლია ამ მხრივ იესოს სწავლებების გამოყენება?

ცუდი და კარგი მაგალითები

7. რა მოჰყვა სიმონისა და ლევის თავშეუკავებელ რისხვას?

7 ბიბლია უამრავ რჩევას გვაძლევს რისხვის დასაცხრომად. მასში ბევრი მაგალითიცაა ჩაწერილი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს რისხვისგან თავის შეკავებას და რა — რისხვის გადმონთხევას. ვნახოთ, რა მოხდა როცა იაკობის შვილებმა, სიმონმა და ლევიმ შექემზე შური იძიეს თავიანთი დის, დინას გაუპატიურებისთვის. მათ „შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ“ (დაბ. 34:7). შემდეგ იაკობის დანარჩენი ვაჟები თავს დაესხნენ ქალაქ შექემს და გაძარცვეს, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. ეს მათ მარტო დინას გამო არ გააკეთეს. როგორც ჩანს, ისინი თავიანთ რეპუტაციას უფრთხილდებოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ შექემმა პირადად მათ და იაკობს მიაყენა შეურაცხყოფა. რა რეაქცია ჰქონდა იაკობს თავისი ვაჟების მოქმედებაზე?

8. რას ვიგებთ სიმონისა და ლევის მაგალითიდან შურისძიებაზე?

8 დინას უბედურებამ ძალიან დაამწუხრა იაკობი, თუმცა მან დაგმო შურისძიება. სიმონი და ლევი ამართლებდნენ თავიანთ საქციელს და ამბობდნენ: „განა მეძავივით უნდა მოპყრობოდნენ ჩვენს დას?!“ (დაბ. 34:31). თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. იეჰოვამ არ მოიწონა მათი საქციელი. წლების შემდეგ იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ სიმონისა და ლევის რისხვისა და ძალადობის გამო, მათი შთამომავლობა ისრაელის ტომებში გაიფანტებოდა (წაიკითხეთ დაბადების 49:5—7 ). შეუკავებელმა რისხვამ სიმონსა და ლევის ღვთის კეთილგანწყობაც დააკარგვინა და იაკობისაც.

9. მოყევით შემთხვევა, როცა განრისხებულმა დავითმა კინაღამ შური იძია.

9 სრულიად საპირისპიროს ვხედავთ მეფე დავითის მაგალითიდან. მას არაერთხელ მიეცა მტერზე შურისძიების შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია (1 სამ. 24:3—7). თუმცა ერთხელ განრისხებულმა კინაღამ შური იძია. ერთმა მდიდარმა კაცმა, ნაბალმა, დავითის კაცებს უყვირა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მის ფარასა და მწყემსებს იცავდნენ. თავისი კაცების შეურაცხყოფისთვის დავითი მზად იყო შური ეძია. დავითი და მისი კაცები ნაბალის სახლზე თავდასასხმელად მიდიოდნენ, რომ ერთმა მსახურმა ნაბალის გონიერ ცოლს, აბიგაილს მომხდარის შესახებ შეატყობინა და უთხრა, სასწრაფოდ ემოქმედა. აბიგაილმა უმალ გაამზადა ძღვენი და დავითთან შესახვედრად გაემგზავრა. მან თავმდაბლურად მოიბოდიშა ქმრის უტიფრობის გამო და სთხოვა დავითს, იეჰოვას შიშით რისხვისგან თავი შეეკავებინა. დავითი გონს მოეგო და თქვა: „კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან“ (1 სამ. 25:2—35).

ქრისტიანების დამოკიდებულება

10. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს შურისძიებაზე?

10 ზემოთ განხილული ბიბლიური მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა არ იწონებს მას, ვინც დაუოკებელ რისხვასა და ძალადობას ავლენს, ხოლო ვინც მშვიდობისკენ ისწრაფვის, კურთხევის გარეშე არ ტოვებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: «რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“. მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხლებს დააგროვებ მის თავზე“. არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით» (რომ. 12:18—21). *

11. როგორ ისწავლა ერთმა დამ რისხვის დაოკება?

11 პავლეს რჩევა ნამდვილად საყურადღებოა. ერთმა დამ უხუცესთან დაიჩივლა, რომ სამსახურში ახალი მენეჯერი უხეშად და უსამართლოდ ექცეოდა. ეს და მასზე გულმოსული იყო და სამსახურიდან წამოსვლას აპირებდა. უხუცესმა დას ურჩია, რომ ცხელ გულზე არაფერი გაეკეთებინა. თუ და მენეჯერის უხეშობას უხეშობითვე უპასუხებდა, მდგომარეობას უფრო გაამწვავებდა (ტიტ. 3:1—3). უხუცესმა დას უთხრა, სამსახური რომც შეეცვალა, მაინც უნდა ესწავლა, როგორ მოქცეულიყო მსგავს სიტუაციებში. მან დას ურჩია, გამოეყენებინა იესოს მითითება და მენეჯერს ისე მოქცეოდა, როგორც თავად ისურვებდა, რომ მენეჯერი მოქცეოდა (წაიკითხეთ ლუკას 6:31 ). დამ გაითვალისწინა ძმის რჩევა. დროთა განმავლობაში მენეჯერს გული მოულბა და კარგი მუშაობისთვის დას მადლობაც კი გადაუხადა.

12. რატომაა გაცილებით რთული ასატანი, როცა პრობლემები ქრისტიანებს შორის წამოიჭრება?

12 გასაკვირი არაა, როცა კრების გარეთ ქრისტიანი ასეთ პრობლემებს ხვდება. ვიცით, რომ სატანის ქვეყნიერება უსამართლოა, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ ავყვეთ ბოროტებს და რისხვისგან თავი შევიკავოთ (ფსალმ. 37:1—11; ეკლ. 8:12, 13; 12:13, 14). მაგრამ გაცილებით მტკივნეულია, როცა პრობლემები სულიერ და-ძმებს შორის იჩენს თავს. ერთი და იხსენებს: „ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ჩემთვის ყველაზე რთული იმ აზრთან შეგუება იყო, რომ იეჰოვას ხალხიც უშვებდა შეცდომებს“. ჩვენ კრებაში ცივი და უგულო ქვეყნიერებიდან მოვედით და ვიმედოვნებდით, რომ აქ ცუდად არავინ არავის მოეპყრობოდა. ამიტომ, თუ თანაქრისტიანი, განსაკუთრებით, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა აქვს, დაუფიქრებლად ან ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცევა, შესაძლოა გული გვეტკინოს და გავბრაზდეთ. შეიძლება გაიფიქრო: როგორ შეიძლება იეჰოვას ხალხში ასეთი რამ ხდებოდეს? სინამდვილეში, მსგავსი რამ მოციქულების დროს, ცხებულ ქრისტიანებს შორისაც ხდებოდა (გალ. 2:11—14; 5:15; იაკ. 3:14, 15). როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ამ დროს?

13. რატომ და როგორ უნდა დავძლიოთ უთანხმოებები?

13 ზემოხსენებული და აღნიშნავს: „მათთვის დავიწყე ლოცვა, ვინც გულს მტკენდა. ამას ყოველთვის კარგი შედეგი მოაქვს“. როგორც ზემოთ წავიკითხეთ, იესომ გვასწავლა, გველოცა ჩვენი მდევნელებისთვის (მათ. 5:44). განა ჩვენი სულიერი და-ძმებისთვის უფრო მეტად არ უნდა ვილოცოთ?! ყველა მამას უნდა, რომ მის შვილებს ერთმანეთი უყვარდეთ. მით უფრო იეჰოვას სურს, რომ მის მიწიერ მსახურებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. ჩვენ ველით იმ დროს, როცა ყველა მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვრებთ მარადიულად, და ამას იეჰოვა დღესვე გვასწავლის. მას უნდა, ამ განზრახვის შესრულებაში ხელი შევუწყოთ. ამიტომ, მოდი მოვაგვაროთ ერთმანეთში წამოჭრილი უთანხმოებები ან უბრალოდ ‘გვერდი ავუაროთ’ სხვის შეცდომებს და დავრჩეთ ერთობაში (წაიკითხეთ იგავების 19:11 ). პრობლემამ არ უნდა დაგვაშოროს ერთმანეთს; პირიქით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ დავრჩეთ ღვთის ხალხს შორის და თავი შევაფაროთ იეჰოვას „მარადიულ მკლავებს“ (კან. 33:27).

იყავით ყველასთან თავაზიანი

14. როგორ შევეწინააღმდეგოთ სატანის გავლენას?

14 სასიხარულო ცნობის გავრცელებაში ხელი რომ შეგვიშალონ, სატანა და მისი დემონები აქტიურად ცდილობენ, დაარღვიონ ოჯახებისა თუ კრების იდილია, რათა. მათ უნდათ, ღვთის ხალხს შორის უთანხმოების თესლი ჩათესონ, რადგან იციან, რომ შიგნიდან გაჩენილ ბზარს ნგრევა მოჰყვება (მათ. 12:25). მათ გავლენას რომ შევეწინააღმდეგოთ, პავლეს რჩევა უნდა გავითვალისწინოთ: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმ. 2:24). გვახსოვდეს, რომ „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ . . . ბოროტი სულების წინააღმდეგ“. ამ ბრძოლაში რომ გავიმარჯვოთ, უნდა აღვიჭურვოთ სულიერი საჭურვლით, რაშიც ისიც შედის, რომ ფეხშემოსილნი ვიყოთ „მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“ (ეფეს. 6:12—18).

15. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ იეჰოვას მტრების წინააღმდეგობაზე?

15 იეჰოვას მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ღვთის მტრებს ვერაგულად მიაქვთ იერიში. ზოგი მოწმეებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს; ზოგიც პრესაში თუ სასამართლოებზე გვწამებს ცილს. იესომ თქვა, რომ ეს არ უნდა გაგვკვირვებოდა (მათ. 5:11, 12). როგორ უნდა ვრეაგირებდეთ წინააღმდეგობაზე? ‘სამაგიერო არავის უნდა გადავუხადოთ’ არც სიტყვით და არც საქმით (რომ. 12:17; წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:16 ).

16, 17. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთი კრება?

16 რაც უნდა ცუდი გაგვიკეთოს ეშმაკმა, თუ ბოროტებას სიკეთით ვძლევთ, იეჰოვას სახელს განვადიდებთ. მაგალითად, წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე კრებამ გახსენების საღამოს ჩასატარებლად დარბაზი დაიქირავა. ეს რომ ადგილობრივი ეკლესიის მესვეურებმა გაიგეს, თავიანთი მრევლი ღვთისმსახურებისთვის იმავე დარბაზში იმ დროს დაიბარეს, როცა გახსენების საღამო უნდა ჩატარებულიყო. მაგრამ პოლიციის უფროსს მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ დარბაზი დათქმულ დროს იეჰოვას მოწმეებისთვის უნდა დაეცალათ. როცა გახსენების საღამოს ჩატარების დრო მოვიდა, დარბაზი ეკლესიის მრევლით იყო სავსე და ღვთისმსახურება იწყებოდა.

17 პოლიცია მრევლის ძალით გაყვანას აპირებდა, როცა ეკლესიის წინამძღოლი ერთ-ერთ ჩვენს უხუცესთან მივიდა და ჰკითხა: „რამე განსაკუთრებული გაქვთ ამ საღამოს დაგეგმილი?“ ძმამ უთხრა, რომ გახსენების საღამოს ჩატარებას აპირებდნენ. წინამძღოლმა თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ლაპარაკში იქვე მდგომი პოლიციელი ჩაერია: „მაგრამ მე ხომ გითხარით ამ დილით!“ ეკლესიის წინამძღოლი უხუცესს მიუბრუნდა და ირონიული ღიმილით უთხრა: „ახლა რას გააკეთებთ, პოლიიციის ძალით გამოიყვანთ ამდენ ხალხს დარბაზიდან?“ ის ეშმაკურად ცდილობდა, მოწმეები მდევნელების როლში გამოეყვანა. როგორ მოიქცნენ ჩვენი ძმები?

18. როგორ მოიქცნენ ძმები პროვოკაციის დროს და რა იყო შედეგი?

18 მოწმეებმა ეკლესიის წარმომადგენლებს შესთავაზეს, ნახევარ საათში დაემთავრებინათ თავიანთი მსახურება და მერე მათთვის დაეთმოთ დარბაზი. მათი მსახურება ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა როგორც კი მრევლმა დარბაზი დატოვა, მოწმეებს გახსენების საღამოს ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. მეორე დღეს მთავრობამ კომისია მოიწვია ამ საქმის გამოსაძიებლად. ფაქტების განხილვის შემდეგ კომისიამ ეკლესიას მოსთხოვა, განცხადება გაეკეთებინა, რომ მომხდარზე ეკლესიის წინამძღოლი იყო პასუხისმგებელი და არა იეჰოვას მოწმეები. კომისიამ მადლობა გადაუხადა იეჰოვას მოწმეებს რთულ სიტუაციში მოთმინების გამოვლენისთვის. მოწმეების მცდელობამ, რომ ‘ყველასთან მშვიდობიანები ყოფილიყვნენ’, კარგი ნაყოფი გამოიღო.

19. კიდევ რა უწყობს ხელს მშვიდობიან ურთიერთობას?

19 კიდევ ერთი მხარე, რაც მშვიდობიან ურთიერთობას უწყობს ხელს, თავაზიანი საუბარია. მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ რა მოიაზრება თავაზიან სიტყვა-პასუხში და როგორ გავხადოთ ჩვენი საუბარი თავაზიანი.

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ძვირფასი ლითონის მისაღებად ძველად მადანს ნაკვერჩხლებზე დებდნენ და ზემოდანაც ნაკვერჩხლებს აყრიდნენ. ჩვენმა სიკეთემ შეიძლება გული მოულბოს ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილ ადამიანს და უკეთესობისკენ შეცვალოს.

შეგიძლიათ ახსნათ?

• რატომ არიან დღეს ადამიანები რისხვით ანთებულები?

• ბიბლიური მაგალითების საფუძველზე ახსენით, რა შეიძლება მოჰყვეს რისხვისგან თავის შეკავებას და რა — რისხვის გადმონთხევას.

• როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანი გულს გვტკენს?

• როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა იეჰოვას მტრები გვეწინააღმდეგებიან?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 16 გვერდზე]

სიმონი და ლევი შურისძიების შემდეგ სახლში ბრუნდებიან

[სურათები 18 გვერდზე]

სიკეთეს ადამიანის გულის მოლბობა შეუძლია