ნუ მოექცევით საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ
ნუ მოექცევით საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ
ყველგან განსხვავებული შეხედულება არსებობს იმაზე, თუ რა არის მისაღები და რა მიუღებელი, რა არის საქებარი და რა საძრახისი. ეს შეხედულებები დროის სვლასთან ერთად იცვლება. ამიტომ, როცა ბიბლიაში დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენების შესახებ ვკითხულობთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გადასახედიდან შევაფასოთ ისინი, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რა შეხედულებები და ღირებულებები იყო იმ დროს გავრცელებული.
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ხშირად არის საუბარი პატივსა და სირცხვილზე. უკეთ რომ ჩავწვდეთ ამ ბიბლიურ ეპიზოდებს, უნდა გავითვალისწინოთ, რა შეხედულება ჰქონდა იმ დროს მცხოვრებ ხალხს პატივსა და სირცხვილზე.
პირველ საუკუნეში გავრცელებული ღირებულებები
„ბერძნულ, რომაულ და ებრაულ კულტურაში ადამიანის ღირსება-უღირსობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, — ამბობს ერთ-ერთი პროფესორი. — ბევრი სიკვდილზეც არ დაიხევდა უკან, ოღონდ საზოგადოებაში სახელი, დიდება, აღიარება და პატივისცემა მოეპოვებინა“. ასეთი დამოკიდებულების გამო, მათზე სხვების აზრი ადვილად ახდენდა გავლენას.
სტატუსს, მდგომარეობასა და ღირსებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა საზოგადოებაში, რომელიც სხვადასხვა ფენად იყო დაყოფილი, დიდებულებით დაწყებული მონებით დამთავრებული. როცა საქმე ღირსებას ეხებოდა, ხალხი საკუთარ შეხედულებაზე წინ სხვების შეხედულებას აყენებდა. ადამიანი პატივდებულად ითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი ქმედებით აკმაყოფილებდა საზოგადოების მოთხოვნებს. სიმდიდრე, მდგომარეობა და წარმომავლობა განსაზღვრავდა, პატივისცემით მოეპყრობოდნენ მას თუ არა. პატივისცემას იმსახურებდა ის, ვინც კეთილშობილურად მოიქცეოდა ან თავს გამოიჩენდა. მეორე მხრივ, დიდი სირცხვილი იყო, თუ ვინმე საზოგადოების მხრიდან დამცირების ან დაცინვის ობიექტი გახდებოდა. სირცხვილის გრძნობას უფრო საზოგადოების რეაქცია იწვევდა, ვიდრე პირადი განცდა ან სინდისის ქენჯნა.
პატივსა და სირცხვილზე იმდროინდელ კულტურაში გავრცელებული შეხედულება კარგად გამოჩნდა იესოს სიტყვებიდან, როცა მან „ყველაზე საპატიო ადგილი“ და „ყველაზე არასაპატიო ადგილი“ მოიხსენია (ლუკ. 14:8—10). ბიბლიაში, სულ მცირე, ორი შემთხვევაა მოყვანილი, როგორ კამათობდნენ იესოს მოწაფეები იმაზე, „თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკ. 9:46; 22:24). ამ შემთხვევებიდან გამოჩნდა, რომ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრი მათზეც ახდენდა გავლენას. ამაყი და შურიანი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესოს ქადაგებას თავიანთი ღირსებისა და ავტორიტეტის შელახვად მიიჩნევდნენ. მაგრამ მათი მცდელობა, იესოსთან კამათის დროს სახალხოდ გამოეჩინათ თავი, ყოველთვის წარუმატებლად მთავრდებოდა (ლუკ. 13:11—17).
პირველი საუკუნის ებრაულ, ბერძნულ და რომაულ კულტურაში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ ვინმეს „შეიპყრობდნენ და დანაშაულში საჯაროდ ამხელდნენ“. ადამიანისთვის ძალიან დამამცირებელი იყო, თუ შებოჭავდნენ და დააპატიმრებდნენ. ასეთი მოპყრობა მას შეურაცხყოფდა მეგობრების, ოჯახის წევრებისა თუ საზოგადოების წინაშე იმისდა მიუხედავად, დაუმტკიცდებოდა თუ არა დანაშაული. თუ მის რეპუტაციას დაღი დააჩნდებოდა, ეს მას პირადი ღირსების
გრძნობას შეულახავდა და სხვებთან ურთიერთობაზე იმოქმედებდა. შებოჭვაზე უფრო სამარცხვინო გაშიშვლება და გამათრახება იყო. ასეთი მოპყრობის გამო ადამიანი ზიზღისა და დაცინვის ობიექტი ხდებოდა, რითაც უკიდურესად ილახებოდა მისი ღირსება.დასჯის მიზნით ბოძზე ვინმეს გაკვრა ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო. როგორც მეცნიერი მარტინ ჰენგელი ამბობს, ასე „მონებს სჯიდნენ. ამაში უდიდესი დამცირება, სირცხვილი და წამება მოიაზრებოდა“. საზოგადოება დიდ ზეწოლას ახდენდა დამნაშავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე, რომ უარი ეთქვათ მასზე. იმის გამო, რომ იესოც ასე დასაჯეს, ყველას, ვინც ახ. წ. პირველ საუკუნეში მის მიმდევრობას მოინდომებდა, დაცინვა არ ასცდებოდა. ბევრისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რატომ უნდა მონდომებოდა ვინმეს იმ კაცის მიმდევრობა, რომელიც ძელზე გააკრეს. მოციქული პავლე წერდა: „ჩვენ კი ვქადაგებთ ბოძზე გაკრულ ქრისტეს, რაც იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის — უგუნურება“ (1 კორ. 1:23). როგორ უმკლავდებოდნენ პირველი ქრისტიანები ასეთ დამოკიდებულებას?
განსხვავებული ღირებულებები
პირველი საუკუნის ქრისტიანები ემორჩილებოდნენ კანონს და ყველანაირად ცდილობდნენ, სამარცხვინო არაფერი გაეკეთებინათ. „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს“, — წერდა მოციქული პეტრე (1 პეტ. 4:15). მაგრამ იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ მის მიმდევრებს განდევნიდნენ მისი სახელის გამო (იოან. 15:20). პეტრე წერდა: „თუ [ვინმეს] ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს“ (1 პეტ. 4:16). თუ ვინმეს ქრისტეს გამო შეურაცხყოფდნენ და მას არ შერცხვებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა საზოგადოებრივ აზრს.
ქრისტიანთა საქციელს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტანდარტები არ განაპირობებდა. ხალხისთვის პირველ საუკუნეში მიუღებელი იყო ის აზრი, რომ ძელზე გაკრული კაცი შეიძლება მესია ყოფილიყო. ასეთ შეხედულებას ქრისტიანებზეც შეეძლო ემოქმედა და საზოგადოებრივი აზრი მათთვისაც მისაღები გამხდარიყო. მაგრამ იესოს მესიად აღიარება მათთვის იმას ნიშნავდა, რომ დაცინვის მიუხედავად გაჰყოლოდნენ მას. იესო ამბობდა: „ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო, როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“ (დღეს ჩვენზეც ბევრი რამ ახდენს გავლენას, რაც იმისთვის არის გამიზნული, რომ უარი გვათქმევინოს ქრისტიანობაზე. თანაკლასელები, მეზობლები ან თანამშრომლები შეიძლება ცდილობენ, უზნეო, უპატიოსნო ან სხვა მიუღებელ საქციელში აგვიყოლიონ. მათ შესაძლოა უნდათ, შეგვრცხვეს იმის გამო, რომ სწორი პრინციპებით ვცხოვრობთ. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
მიჰბაძეთ მათ, ვინც შეურაცხყოფა არაფრად ჩააგდო
ღვთის ერთგული რომ დარჩენილიყო, იესოს ყველაზე სამარცხვინო სახით მოუწია სიკვდილი. „მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებრ. 12:2). იესოს მტრები სახეში ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, ტანსაცმელს ახევდნენ, ამათრახებდნენ, ლანძღავდნენ და ბოლოს ძელზეც გააკრეს (მარ. 14:65; 15:29—32). მაგრამ იესომ არაფრად ჩააგდო მტრების მცდელობა, რომ შეერცხვინათ და დაემცირებინათ ის. ასეთი მოპყრობის მიუხედავად, იესოს უკან არ დაუხევია. მან იცოდა, რომ იეჰოვას თვალში არ დაუკარგავს ღირსება. მას არ სჭირდებოდა დიდება ადამიანებისგან. მიუხედავად იმისა, რომ იესო მონასავით მოკლეს, იეჰოვამ განადიდა ის, როცა აღადგინა და თავის გვერდით ყველაზე საპატიო ადგილი უბოძა. ფილიპელების 2:8—11-ში ვკითხულობთ: „[იესო ქრისტემ] თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“.
იესოსთვის სულერთი არ ყოფილა ის სირცხვილი, რაც მისი სიკვდილით დასჯას ახლდა თან. იესო იმაზე ღელავდა, რომ ის ღვთისმგმობელივით უნდა მომკვდარიყო და ამით ღვთის სახელი უნდა შელახულიყო. ის იეჰოვას სთხოვდა, რომ აერიდებინა მისთვის ეს შეურაცხყოფა. იესო ლოცულობდა: „ამაცილე ეს სასმისი“. მაგრამ საბოლოო ჯამში მან მაინც შეასრულა ღვთის ნება (მარ. 14:36). იესომ გაუძლო ყველანაირ ზეწოლას და სირცხვილი არაფრად ჩააგდო. იესოს ადგილზე შერცხვებოდა ყველას, ვისთვისაც იმ დროს გავრცელებულ ღირებულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგრამ იესოსთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია.
იესოს მოწაფეებიც დააპატიმრეს და გაშოლტეს. ასეთი მოპყრობის გამო ისინი ბევრის თვალში დამცირდნენ. მათ ზემოდან დაჰყურებდნენ და სძულდათ, მაგრამ მათ უკან არ დაუხევიათ. იესოს ჭეშმარიტმა მოწაფეებმა გაუძლეს საზოგადოების გავლენას და არაფრად ჩააგდეს სირცხვილი (მათ. 10:17; საქ. 5:40; 2 კორ. 11:23—25). მათ იცოდნენ, რომ უნდა აეღოთ წამების ბოძი და გაჰყოლოდნენ იესოს (ლუკ. 9:23, 26).
რისი თქმა შეიძლება დღეს ჩვენზე? ის, ვისაც ქვეყნიერება უგუნურს, სუსტსა და მდაბიოს უწოდებს, ღვთისთვის ბრძენი, ძლიერი და პატივსაცემია (1 კორ. 1:25—28). აქედან გამომდინარე, განა უგუნურება და წინდაუხედაობა არ იქნება, თუ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრით ვიხელმძღვანელებთ?
ვისაც ამ ქვეყნიერებაში დიდება და პატივი სწადია, მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს ქვეყნიერება მასზე. მაგრამ ჩვენ, იესოსა და პირველ საუკუნეში მცხოვრები მისი მიმდევრების მსგავსად, იეჰოვასთან მეგობრობა გვსურს. ამიტომ ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმას, თუ რა არის ღვთის თვალში ღირსეული და რა სამარცხვინო.
[სურათი 4 გვერდზე]
იესოზე გავლენა არ მოუხდენია ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებას სირცხვილზე