იეჰოვა ისმენს თავმდაბალთა ღაღადს
იეჰოვა ისმენს თავმდაბალთა ღაღადს
ძველად ისრაელის ბრძენმა მეფემ სოლომონმა თქვა: „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). ტრაგიკულმა შემთხვევამ ან თავსდატეხილმა არაერთმა საშინელმა განსაცდელმა შეიძლება სიცოცხლე გაგიმწაროს. მაგალითად, ოჯახის წევრის ან ახლობლის უეცარმა სიკვდილმა შეიძლება ემოციურად გაგანადგუროს. კვირებისა და თვეების მანძილზე შესაძლოა თვალზე ცრემლი არ შეგაშრეს და დარდმა გშთანთქას. ასეთ დროს შეიძლება თავი იმდენად უღირსად იგრძნო, რომ იეჰოვას ლოცვით აღარ მიმართო.
ყველას სჭირდება გამხნევება, თანაგრძნობა და სიყვარული. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და აყენებს ყველა მოდრეკილს“ (ფსალმ. 145:14). ბიბლია გვეუბნება, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატ. 16:9). ის არის ‘დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან, რათა გამოაცოცხლოს თავმდაბალთა სულები და გამოაცოცხლოს დაჩაგრულთა გულები’ (ეს. 57:15). როგორ უდგას იეჰოვა მხარში და ანუგეშებს დაჩაგრულებსა და თავმდაბლებს?
„დროულად ნათქვამი სიტყვა“
იეჰოვა დროულად გვეხმარება ქრისტიანული საძმოს მეშვეობით. ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“ (1 თეს. 5:14). თუ თანაქრისტიანს მწუხარებისა და განსაცდელის დროს სიყვარულით დავუჭერთ მხარს და ვანუგეშებთ, ეს ძალას შეჰმატებს მას. ასეთ დროს თანაქრისტიანს ერთი-ორი მანუგეშებელი სიტყვაც კი გამოაცოცხლებს. შეიძლება მისთვის გამამხნევებელი იყოს, თუ ისეთი თანაქრისტიანი ანუგეშებს, რომელმაც თავად გამოსცადა საკუთარ თავზე ემოციური ტკივილი. შესაძლოა იგი გააძლიეროს ისეთი მეგობრის სიტყვებმა, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა. ასეთი სახით იეჰოვა ‘გამოაცოცხლებს თავმდაბალთა სულებს’.
მოვიყვანოთ ქრისტიანი უხუცესის, ალექსის მაგალითი. ის ახალდაქორწინებული იყო, როცა დაეღუპა მეუღლე, რომელსაც უკურნებელი სენი ჭირდა. ალექსი ერთი თანამგრძნობი მიმომსვლელი ზედამხედველის სიტყვებმა ძალიან ანუგეშა. მასაც დაღუპული ჰყავდა მეუღლე, მაგრამ იმ დროისთვის ის ხელმეორედ იყო დაქორწინებული. მიმომსვლელმა ზედამხედველმა ალექსს გაუზიარა, რას გრძნობდა იმ დროს, როცა ცოლი ახალი დაღუპული ჰყავდა — იგი ემოციურად იყო გამოფიტული. როცა სხვებთან ერთად მსახურობდა და ქრისტიანულ კრებებს ესწრებოდა, ის კარგად გრძნობდა თავს. მაგრამ როგორც კი სახლში შევიდოდა და ოთხ კედელს შუა მარტო რჩებოდა, კვლავ ეულად გრძნობდა იგავ. 15:23).
თავს. „ძალიან გავმხნევდი, როცა გავიგე, რომ უჩვეულო არაფერი იყო იმაში, რაც მემართებოდა. მივხვდი, რომ მე არ ვიყავი გამონაკლისი, რადგან სხვებმაც გამოსცადეს მსგავსი ტკივილი“, — იხსენებს ალექსი. „დროულად ნათქვამი სიტყვა“ მართლაც ძალიან მანუგეშებელია მათთვის, ვინც დარდმა მოიცვა! (ალექსისთვის აგრეთვე მანუგეშებელი იყო ერთი ქრისტიანი უხუცესის სიტყვები. ეს უხუცესი იცნობდა რამდენიმე ადამიანს, რომელთაც მეუღლე ჰყავდათ დაღუპული. მას კარგად ესმოდა, რა ემოციურ ტკივილს გრძნობდნენ და-ძმები ასეთ დროს. ძმამ სიყვარულით აუხსნა ალექსს, რომ იეჰოვა ხედავდა, რას გრძნობდა და რა სჭირდებოდა. „თუ თვეებისა და წლების გასვლის შემდეგ თანამგზავრის გარეშე მარტოსულად იგრძნობ თავს, შეგიძლია ხელმეორედ დაქორწინდე. იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ქვრივებზე, გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და ხელმეორედ დაქორწინების უფლება მისცა“, — უთხრა უხუცესმა ალექსს. რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც მეუღლე დაეღუპა, არ ექნება კვლავ დაქორწინების სურვილი, მაგრამ ამ ძმის სიტყვებმა ალექსი ბევრ რამეზე დააფიქრა. ის ამბობს: „ხელახლა დაქორწინება იეჰოვას ნებას არ ეწინააღმდეგება. ამაზე ფიქრი დაგეხმარება, თავი დამნაშავედ არ იგრძნო იმის გამო, რომ ხელმეორედ დაქორწინებით მეუღლეს უღალატებ ან იეჰოვას კანონს დაარღვევ“ (1 კორ. 7:8, 9, 39).
ფსალმუნმომღერალმა დავითმა, რომელსაც არაერთი განსაცდელი და გასაჭირი დაატყდა თავს, თქვა: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15). იეჰოვა მართლაც რომ დროულად პასუხობს მართლებს მოწიფული, გონიერი და თანამგრძნობი ქრისტიანების გამამხნევებელი სიტყვებით! ამგვარი თანადგომა დიდ შვებას ჰგვრის განსაცდელში მყოფთ.
ქრისტიანული კრების როლი
სასოწარკვეთილი ადამიანი შეიძლება უარყოფითმა აზრებმა მოიცვას და განმარტოვდეს. იგავების 18:1-ში ვკითხულობთ: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“. ალექსი ამბობს: „როცა მეუღლე გიკვდება, გონებაში სულ უარყოფითი აზრები გიტრიალებს“. ის საკუთარ თავს ეკითხებოდა: „შემეძლო რაიმეს შეცვლა? შემეძლო ვყოფილიყავი უფრო გულისხმიერი და თანამგრძნობი? არ მინდოდა მარტო დარჩენა, მეუღლის გარეშე ყოფნა. ასეთი აზრების მოშორება ძალიან რთულია, რადგან ყოველდღე რეალობას უსწორებ თვალს. რეალობა კი ის არის, რომ მარტოსული ხარ“.
გულგატეხილებს ყველაზე მეტად სულიერად მოწიფულ და-ძმებთან ურთიერთობა სჭირდებათ. ეს კი ქრისტიანულ კრების შეხვედრებზეა შესაძლებელი. ასეთ გარემოში ჩვენი გონება ღვთისგან მომდინარე დადებითი და გამამხნევებელი აზრებით ივსება.
ქრისტიანული შეხვედრები ჩვენი მდგომარეობის სწორად შეფასებაში გვეხმარება. როცა ვისმენთ ბიბლიაში მოცემულ აზრებს და ვფიქრობთ მათზე, ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე, იეჰოვას უზენაესობის გამართლებასა და მისი სახელის განწმენდაზე გადაგვაქვს და არა პირად საწუხარზე. გარდა ამისა, ასეთი სულიერი განათლების წყალობით ვიგებთ, რომ მაშინაც კი, თუ სხვებს არ ესმით ჩვენი ტკივილი, იეჰოვა ყველაფერს ხედავს და შედის ჩვენს მდგომარეობაში. მან იცის, რომ „გულისტკივილი . . . სულს ამწუხრებს“ (იგავ. 15:13). ჭეშმარიტ ღმერთს სურს ჩვენი დახმარება. ამის ცოდნა ძალას გვმატებს, გავაგრძელოთ მსახურება (ფსალმ. 27:14).
როცა მტრებისგან დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, დავით მეფემ ღმერთს შესჩივლა: „სული დამიუძლურდა; გული ჩამიკვდა“ (ფსალმ. 143:4). დამწუხრებულს ფიზიკური ძალა ეცლება, ემოციურად იფიტება და გულიც ჩამკვდარი აქვს. კიდევ ერთი განსაცდელი შეიძლება ის იყოს, რომ სერიოზულად დავავადდეთ ან დიდი ხნის მანძილზე საწოლს ვიყოთ მიჯაჭვული. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა მოთმინების ძალას მოგვცემს (ფსალმ. 41:1—3). მართალია, ღმერთი დღეს არავის კურნავს სასწაულებრივად, მაგრამ ის გვაძლევს სიბრძნეს და ძალას, რათა გავუმკლავდეთ ნებისმიერ განსაცდელს. გახსოვდეთ, როცა დავითს ძალიან უჭირდა, ის იეჰოვაზე ამყარებდა იმედს. იგი ამბობდა: „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს. ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე. სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე“ (ფსალმ. 143:5).
ბიბლიის ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი გრძნობები. ეს კი იმაში გვარწმუნებს, რომ იგი ისმენს ჩვენს ღაღადს. თუ დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ, ‘ის ამოგვიდგება მხარში’ (ფსალმ. 55:22).
„განუწყვეტლივ ილოცეთ“
იაკობის 4:8-ში ვკითხულობთ: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. ღმერთთან დაახლოება ლოცვით შეგვიძლია. პავლე მოციქული გვირჩევს, რომ ‘განუწყვეტლივ ვილოცოთ’ (1 თეს. 5:17). მაშინაც კი, თუ ჩვენი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა გაგვიჭირდება, ‘სული გვიშუამავლებს გამოუთქმელი ოხვრით’ (რომ. 8:26, 27). იეჰოვას ნამდვილად ესმის, თუ რას ვგრძნობთ!
მონიკა, რომელსაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აქვს, ამბობს: „ლოცვის, ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის მეშვეობით ვგრძნობ, რომ იეჰოვა ჩემი უახლოესი მეგობარია. ის იმდენად რეალური პიროვნებაა ჩემთვის, რომ მის ხელს ყოველთვის ვგრძნობ ჩემს ცხოვრებაში. ძალიან მანუგეშებს, რომ მას ესმის ჩემი მაშინაც კი, თუ ბოლომდე ვერ გამოვხატავ ჩემს გრძნობებს. მის სიკეთესა და წყალობას საზღვარი არ აქვს!“
ნურასდროს ჰკრავთ ხელს თანაქრისტიანებს, რომლებიც თქვენდამი სიყვარულს ავლენენ და მანუგეშებელ სიტყვებს არ იშურებენ. ცხოვრებაში გამოიყენეთ ქრისტიანულ შეხვედრებზე მოსმენილი რჩევები და ყურად იღეთ რწმენის განმამტკიცებელი შეხსენებები. ლოცვაში გული გადმოუღვარეთ იეჰოვას. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა დროულ დახმარებას გვიწევს და ამგვარად ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე. ალექსი თავის გამოცდილებას გვიზიარებს: «თუ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ, მივიღებთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და ნებისმიერ განსაცდელს გავუმკლავდებით» (2 კორ. 4:7).
[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვა ანუგეშებს თავმდაბალ მსახურებს
წიგნი „ფსალმუნები“ არაერთხელ აღწერს ღვთის მსახურთა გრძნობებს. მასში აგრეთვე მრავალგზის ესმება ხაზი იმას, რომ იეჰოვა ისმენს თავის თავმდაბალ მსახურთა ღაღადს, რომლებიც ემოციურ ტკივილს გრძნობენ და არაერთ განსაცდელს ხვდებიან. წაიკითხეთ წიგნ „ფსალმუნებიდან“ მოყვანილი მუხლები:
„გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას, შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს. თავისი ტაძრიდან ისმენდა ჩემს ხმას, მის ყურს მისწვდა ჩემი ხმა, როცა შველას ვთხოვდი“ (ფსალმ. 18:6).
„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმ. 34:18).
„ის [იეჰოვა] კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3).
[სურათი 17 გვერდზე]
განსაცდელის დროს მართლაც რომ მანუგეშებელია „დროულად ნათქვამი სიტყვა“!