გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რომელ რელიგიურ მიმდინარეობებს სწამთ ბედისწერის?
ბედისწერის შესახებ სწავლება კალვინიზმმა ჩამოაყალიბა. უდიდესი რეფორმატორის ჟან კალვინის იდეები და სწავლებები შენარჩუნებულია ისეთ პროტესტანტულ მიმდინარეობებში, როგორებიცაა რეფორმაცია, პრესვიტერიანობა, კონგრეგაციონალიზმი და პურიტანობა (9/1, გვერდები 18—21).
• საიდან მოიყვანა კაენმა ცოლი?
კაენის ცოლი ევას ერთ-ერთი შთამომავალი იყო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ევას შეეძინა „ვაჟები და ასულები“ (დაბ. 5:4) (9/1, გვერდი 25).
• რომელი ანგელოზი წაუმძღვარა ღმერთმა ისრაელს, როცა ეგვიპტიდან გამოჰყავდა ისინი? (გამ. 23:20, 21).
საფუძველს არ არის მოკლებული, ვიფიქროთ, რომ ანგელოზი, ‘რომელშიც იეჰოვას სახელია’, ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო. ის მოგვიანებით იესოს სახელით გახდა ცნობილი (9/15, გვერდი 21).
• რატომ არის მოხსენიებული კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში კერპებისთვის შეწირული ხორცი?
ბერძნულ და რომაულ ტაძრებში ცხოველების მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. შეწირული ხორცის ნაწილი, რომელიც იქვე არ იჭმებოდა, ბაზარში გასაყიდად მიჰქონდათ. ქრისტიანები წარმართულ თაყვანისმცემლობაში არ მონაწილეობდნენ. თუმცა, როცა ისინი ბაზარში ხორცს ყიდულობდნენ, არ იკვლევდნენ, საიდან იყო მოტანილი, რადგან ხორცი, რომელიც ტაძარში იყო შეწირული, ავტომატურად მის უწმინდურებაზე არ მეტყველებდა. პავლე მოციქულმა თქვა: «ყველაფერი, რაც ხორცის ბაზარში იყიდება, ჭამეთ და ნუ გამოიძიებთ თქვენი სინდისის გამო, რადგან „იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა“» (1 კორ. 10:25, 26) (10/1, გვერდი 12).
• რით იმართლებს ზოგი თავს, ვინც აღარ ქადაგებს? გამართლებულია ეს მიზეზები ღვთის თვალში?
ზოგი ამბობს: „ჩემთვის ეს მეტისმეტად რთულია“, „სურვილი არ მაქვს“, „ძალიან დაკავებული ვარ“, „ეს საქმე კარგად არ გამომდის“, „ნაწყენი ვარ“. ამ მიზეზებიდან ვერც ერთით ვერ გავიმართლებთ თავს ღვთის წინაშე (10/15, გვერდები 12—15).
• რომელი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ქრისტიანული შეხვედრები აღმშენებლური იყოს როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის?
წინასწარ მოემზადეთ; დაესწარით რეგულარულად; მიდით თავის დროზე; თან იქონიეთ, რაც საჭიროა; ყურადღება არაფერმა გაგიფანტოთ; მიიღეთ მონაწილეობა; გააკეთეთ მოკლე კომენტარები; შეასრულეთ დავალებები; შეაქეთ მონაწილეები; გქონდეთ ურთიერთობა კრების წევრებთან შეხვედრამდე და შეხვედრის შემდეგ (10/15, გვერდი 22).
• ბიბლიის რომელ მონაკვეთში არის მოხსენიებული კეთრის დაავადება, რომელიც დღეს ჰანსენის დაავადებით არის ცნობილი, და რა კავშირშია ეს მონაკვეთი ისრაელ გოგონასთან?
მეორე მეფეების მე-5 თავში. ამ მონაკვეთში მოხსენიებულია ისრაელი გოგონა, რომელიც სირიის მეფის მხედართმთავრის, ნაამანის სახლში მსახური იყო. მის ბატონს კეთრი ჰქონდა. ისრაელმა გოგონამ ურჩია მას, წასულიყო წინასწარმეტყველ ელისესთან და განიკურნებოდა (11/1, გვერდი 22).
• რა შეგვიძლია ვისწავლოთ აარონის შემთხვევიდან, როდესაც იგი იმ ისრაელთა გავლენაში მოექცა, რომლებიც მისი ასაკისანი იყვნენ?
როცა მოსე არ იყო აარონის გვერდით, ისრაელებმა აარონს მოსთხოვეს, ღმერთი ჩამოესხა მათთვის და ისიც დაჰყვა მათ ნებას. თანატოლების გავლენაში მხოლოდ ისინი არ ექცევიან, ვინც ახალგაზრდაა. ეს შეიძლება დაემართოთ უფროსი ასაკის ადამიანებსაც, რომელთაც მთელი გულით სურთ სწორი გზით სიარული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ თანატოლების გავლენას (11/15, გვერდი 8).
• რა არის სიმართლე და რა — სიცრუე?
სიმართლე: სატანა რეალური პიროვნებაა (2 კორ. 11:14). სიცრუე: სიკვდილის შემდეგ ყველა ადამიანი ზეცაში აგრძელებს ცხოვრებას (ეკლ. 9:5). სიმართლე: ღვთის ერთგული ანგელოზები ზრუნავენ ჩვენზე (ფსალმ. 34:7). სიცრუე: იესო ღვთის თანასწორია (1 კორ. 11:3) (12/1, გვერდები 8, 9).