მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
დაბადების 6:3-ში ვკითხულობთ: „მუდამ არ მოუთმენს ჩემი სული ადამიანს, რადგან მხოლოდ ხორცია ის. ამიტომ მისი დღეები ითვლიდეს ას ოც წელიწადს“. ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ იეჰოვამ ადამიანის სიცოცხლის წლები 120 წლამდე შეამცირა და ნოეც მოსალოდნელი წარღვნის შესახებ 120 წელი ქადაგებდა?
ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია.
წარღვნამდე ბევრი ადამიანი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა. როცა წარღვნა მოხდა, ნოე 600 წლის იყო. მან 950 წელი იცოცხლა (დაბ. 7:6; 9:29). ზოგმა წარღვნის შემდეგაც კი 120 წელზე მეტი იცხოვრა, მაგალითად, არფაქშადმა 438 წელი იცოცხლა, ხოლო შელახმა — 433 წელი (დაბ. 11:10—15). თუმცა, როგორც ჩანს, მოსეს დროს, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 70—80 წელი იყო (ფსალმ. 90:10). ამგვარად, დაბადების 6:3-ში ჩაწერილი სიტყვები არ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს არც მეტი და არც ნაკლები, 120 წელი უნდა ეცოცხლა.
დაბადების 6:3 არც იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის დავალებით ნოეს 120 წელი უნდა ექადაგა მოსალოდნელი განადგურების შესახებ. თუმცა, ამავე თავიდან ვიგებთ, რომ ღმერთი არაერთხელ დაელაპარაკა წარღვნის შესახებ ნოეს. «უთხრა ღმერთმა ნოეს: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა“». წლების შემდეგ, როცა ნოემ დაასრულა უზარმაზარი კიდობნის მშენებლობა, «უთხრა იეჰოვამ ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი“» (დაბ. 6:13; 7:1). წიგნ „დაბადებაში“ ვკითხულობთ, რომ ღმერთმა ნოეს კიდევ არაერთი მითითება მისცა (დაბ. 8:15; 9:1, 8, 17).
დაბადების 6:3-ში არ არის მოხსენიებული ნოე და არც ის, რომ მას ღმერთმა რაიმე უთხრა. ამ სიტყვებიდან უბრალოდ ვიგებთ, თუ რა ჰქონდა ღმერთს გადაწყვეტილი (შეადარეთ დაბადების 8:21). ღვთის სიტყვაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ადამის შექმნამდე. ბიბლიის ამ მონაკვეთში ხშირად ვხვდებით სიტყვებს: „შემდეგ თქვა ღმერთმა . . .“ (დაბ. 1:6, 9, 14, 20, 24). ცხადია, იეჰოვა ამ სიტყვებს დედამიწაზე ვერავის ეტყოდა, რადგან მას ჯერ ადამიანი არ ჰყავდა შექმნილი.
აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ დაბადების 6:3-ში ჩაწერილია ღვთის განზრახვა, რომლის თანახმადაც ის დედამიწაზე ბოროტებას მოსპობდა. იეჰოვას უკვე ჰქონდა ხალხისთვის განაჩენი გამოტანილი, რომ მათ 120 წელიწადში გაანადგურებდა, მაგრამ ამის შესახებ ნოესთვის არაფერი უთქვამს. მაგრამ რატომ განსაზღვრა ღმერთმა წინასწარ დრო და რატომ დააყოვნა ბოროტთა განადგურება?
მოციქული პეტრე გვიხსნის ამის მიზეზს: „მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს, სანამ კიდობანი შენდებოდა, რომელშიც რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტ. 3:20). ღმერთი 120 წელს იმიტომ იცდიდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა მომხდარიყო. დაახლოებით 20 წლის შემდეგ ნოესა და მის ცოლს შეეძინათ შვილები (დაბ. 5:32; 7:6). მისი სამი ვაჟი გაიზარდა და ცოლები შეირთეს. ამგვარად, ნოეს ოჯახი რვასულიანი გახდა. მათ უნდა აეშენებინათ კიდობანი, რაც არცთუ ისე ადვილი იყო, თუ გავითვალისწინებთ კიდობნის ზომებსა და მცირერიცხოვან მუშახელს, რომელიც, სულ რაღაც, რვა კაცისგან შედგებოდა. როგორც ვხედავთ, ღმერთი 120 წელი უმიზეზოდ არ იცდიდა. მისი მოთმინების წყალობით, რვა ერთგული ადამიანი ‘გადაურჩა წყალს’.
ბიბლიაში არ არის დაკონკრეტებული წელი, თუ როდის უთხრა ღმერთმა ნოეს, რომ წარღვნა მოხდებოდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ნოეს შვილები უნდა ჰყოლოდა, რომლებიც უნდა გაზრდილიყვნენ და ცოლები შეერთოთ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ წარღვნამდე დაახლოებით 40—50 წელი იქნებოდა დარჩენილი. ამის შემდეგ უთხრა იეჰოვამ ნოეს: „ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო“. ამ დროს უთხრა ღმერთმა ნოეს, რომ უნდა აეგო კიდობანი და მთელი ოჯახი შეეყვანა მასში (დაბ. 6:13—18). წარღვნამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ნოე არა მხოლოდ ღვთის მოსაწონად იქცეოდა, არამედ „სიმართლის მქადაგებელიც“ იყო. ის გაბედულად უცხადებდა ხალხს ღვთის განაჩენს — მალე ღმერთი უღვთო ქვეყნიერებას გაანადგურებდა. ნოემ კარგა ხანს არ იცოდა, რომელ წელს მოხდებოდა წარღვნა, მაგრამ ის კი ნამდვილად იცოდა, რომ განადგურება ყველა უღვთოს დაატყდებოდა თავს. ყველაფერი სწორედ ასე მოხდა (2 პეტ. 2:5).