არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უმღერეთ იეჰოვას!

უმღერეთ იეჰოვას!

უმღერეთ იეჰოვას!

„ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ“ (ფსალმ. 146:2).

1. რამ აღძრა დავითი ზოგი ფსალმუნის დასაწერად?

ახალგაზრდობაში დავითი, როცა მამამისის ფარას მწყემსავდა, არაერთ საათს ატარებდა მინდორში, ბეთლემთან ახლოს. ამ დროს ის იეჰოვას შემოქმედებით ტკბებოდა — აკვირდებოდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, „ტრიალი მინდვრის მხეცებსა“ და „ცის ფრინველებს“. მასზე იმხელა შთაბეჭდილებას ახდენდა ღვთის ქმნილებები, რომ შემოქმედს სადიდებელი სიმღერები მიუძღვნა. წიგნ „ფსალმუნებში“ * ჩაწერილია დავითის შექმნილი არაერთი კომპოზიცია (წაიკითხეთ ფსალმუნების 8:3, 4, 7—9).

2. ა) როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანზე? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რას ვსწავლობთ დავითისა და იეჰოვას ურთიერთობიდან, რის შესახებაც ფსალმუნის 34:7, 8-სა და 139:2—8-ში ვკითხულობთ?

2 სწორედ ცხვრის მწყემსვისას, როცა იეჰოვას შემოქმედებას აკვირდებოდა, დავითი შესანიშნავ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. ის იმდენად კარგი მუსიკოსი გახდა, რომ მეფე საულთან მიიყვანეს და მისთვის ქნარზე უკრავდა (იგავ. 22:29). დავითის მიერ შესრულებული მელოდია ისევე ამშვიდებდა მშფოთვარე ფიქრებით შეპყრობილ მეფე საულს, როგორც ჩვენ გვამშვიდებს დღეს სასიამოვნო მელოდია. როგორც კი დავითი ინსტრუმენტს იღებდა ხელში, „შვებას გრძნობდა საული, მშვიდდებოდა“ (1 სამ. 16:23). ღვთისმოშიშმა მუსიკოსმა და სიმღერების ტექსტების შემქმნელმა დავითმა ისეთი მუსიკალური ნაწარმოებები დაწერა, რომ მათ ფასი დღემდე არ დაუკარგავს. დავითის დაბადებიდან 3 000-ზე მეტი წლის შემდეგაც კი მისი ფსალმუნები სხვადასხვა წარმომავლობის მილიონობით ადამიანს დარდს უქარვებს და იმედს უნერგავს (2 მატ. 7:6; წაიკითხეთ ფსალმუნების 34:7, 8; 139:2—8; ამოს. 6:5).

მუსიკის მნიშვნელოვანი როლი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში

3, 4. რა გააკეთა დავითმა, რომ მუსიკა წმინდა თაყვანისცემლობის ნაწილი გამხდარიყო?

3 დავითი თავის ნიჭს საუკეთესოდ იყენებდა იეჰოვას განსადიდებლად. მას შემდეგ, რაც ისრაელის მეფე გახდა, დავითმა იზრუნა, რომ იეჰოვას კარავში მსახურების შესრულებისას სასიამოვნო მელოდია გაჟღერებულიყო. 38 000 ლევიანიდან დაახლოებით 4 000 ‘ხოტბას ასხამდა’ იეჰოვას, 288 ლევიანი კი ‘იეჰოვასთვის განსწავლული დახელოვნებული მგალობელი იყო’ (1 მატ. 23:3, 5; 25:7).

4 იმ სიმღერებიდან მრავალი, რომლებსაც ლევიანები ასრულებდნენ, დავითის მიერ იყო დაწერილი. ღვთის თაყვანსაცემად შეკრებილ ისრაელებზე დავითის ფსალმუნების მოსმენა, უდავოდ, წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა. მოგვიანებით, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში გადაიტანეს, „უბრძანა დავითმა ლევიანთა მთავრებს, რომ თავიანთი ძმები, მგალობლები დაეყენებინათ საკრავებით: ქნარებით, სხვა სიმებიანი საკრავებითა და წინწილებით. მათ ხმამაღლა უნდა დაეკრათ და სასიხარულო ჰანგები აეჟღერებინათ“ (1 მატ. 15:16).

5, 6. ა) რატომ ენიჭებოდა მუსიკას დიდი მნიშვნელობა დავითის დროს? ბ) საიდან ვიგებთ, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ეკავა ღვთის თაყვანისმცემლობაში?

5 რატომ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა დავითის დროს მუსიკას? მხოლოდ იმიტომ ხომ არა, რომ თავად მეფე იყო მუსიკოსი? ეს რომ ასე არ იყო, საუკუნეების შემდეგ მეფე ხიზკიას შემთხვევიდანაც გამოჩნდა, როცა მან ტაძარში მსახურება აღადგინა. 2 მატიანეს 29:25-ში ვკითხულობთ: „მან [ხიზკიამ] იეჰოვას სახლში ლევიანები დააყენა წინწილებით, ქნარებითა და სხვა სიმებიანი საკრავებით დავითის, მეფის წინასწარმხილველ გადისა და წინასწარმეტყველ ნათანის ბრძანებისამებრ, რადგან იეჰოვას ხელი იყო მათზე და ათქმევინა ეს ბრძანება თავის წინასწარმეტყველებს“.

6 იეჰოვა წინასწარმეტყველების მეშვეობით მიუთითებდა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სიმღერით განედიდებინათ იგი. მომღერლები, რომლებიც სამღვდელო ტომის, ლევის წარმომადგენლები იყვნენ, ყველა იმ მოვალეობისგან თავისუფლდებოდნენ, რასაც სხვა ლევიანები ასრულებდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალი მელოდიების შესაქმნელად და შესრულების მანერის დასახვეწად მათ საკმარისი დრო ჰქონოდათ (1 მატ. 9:33).

7, 8. რა უფრო მნიშვნელოვანია, როცა სამეფოს სიმღერებს ვმღერით?

7 შეიძლება გაიფიქრო: მე რომ იმ დროს მეცხოვრა, არავინ მიმიწვევდა კარავში დახელოვნებულ მომღერალთა გუნდში. მაგრამ ყველა ლევიანი არ ყოფილა თავის საქმეში განსწავლული. როგორც 1 მატიანეს 25:8-დან ვიგებთ, ზოგი მათგანი დაუხელოვნებელი იყო. ეჭვგარეშეა, ისრაელის სხვა ტომებს შორისაც იქნებოდნენ დახელოვნებული მუსიკოსები და მომღერლები, მაგრამ იეჰოვამ ეს საქმე მხოლოდ ლევიანებს მიანდო. ერთი რამ ცხადია: ერთგული ლევიანები იმისდა მიუხედავად, დახელოვნებულები იყვნენ თუ არა, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ღირსეულად შეესრულებინათ მათზე დაკისრებული მოვალეობა.

8 დავითს ძალიან უყვარდა მუსიკა და ნიჭიერი მუსიკოსიც იყო. მაგრამ მხოლოდ ამის გამო აირჩია იგი ღმერთმა თავისი განსადიდებელი სიმღერების შესაქმნელად? ფსალმუნების 33:3-ში დავითის სიტყვებს ვკითხულობთ: „მთელი გულით დაუკარით სიმებიან საკრავებზე და მხიარულად შესძახეთ“. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ მთავარია, „მთელი გულით“ განვადიდოთ იეჰოვა.

რა როლს ასრულებდა მუსიკა დავითის მეფობის შემდგომ პერიოდში?

9. აღწერე, რას დაინახავდი და მოისმენდი, სოლომონის მმართველობის დროს ტაძრის მიძღვნას რომ დასწრებოდი.

9 სოლომონის მმართველობისას მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წმინდა თაყვანისმცემლობაში. ტაძრის მიძღვნის დროს ძვირფას სამოსში გამოწყობილი მგალობლები მღეროდნენ და 120 მესაყვირე მღვდელი საყვირს ახმიანებდა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 5:12). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „მესაყვირეებმა [მღვდლებმა] და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას . . . კარგია იგი, მარადიულიაო მისი სიკეთე“. როგორც კი სასიამოვნო მელოდია აჟღერდა, „ღრუბელმა აავსო სახლი“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ იეჰოვამ მოიწონა თავისი განმადიდებელი სიმღერა. რა ამაღელვებელი იქნებოდა არაერთ საკრავზე შესრულებული მელოდიის მოსმენა, რომელსაც თან ერთვოდა ათასობით მომღერლის ურთიერთშეწყობილი ხმა! (2 მატ. 5:13).

10, 11. საიდან ვიცით, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მუსიკას თაყვანისცემის დროს?

10 მუსიკას პირველ საუკუნეშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქრისტიანებისთვის. ღვთის თაყვანისმცემლები კარავში და ტაძარში კი არ იკრიბებოდნენ, არამედ სახლებში. დევნისა და სხვა უსიამოვნებების გამო მათ ხშირად არასახარბიელო პირობებში უწევდათ შეკრება. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები სიმღერით განადიდებდნენ ღმერთს.

11 პავლე მოციქულმა კოლოსელ ძმებს მოუწოდა: „შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით“ (კოლ. 3:16). როცა პავლე და სილა ციხეში ჩასვეს, ისინი „ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ“ მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების წიგნი არ ჰქონდათ (საქ. 16:25). ციხეში რომ ჩაგსვან, რამდენ სამეფოს სიმღერას გაიხსენებ და იმღერებ?

12. როგორ ვაჩვენებთ, რომ სამეფოს სიმღერებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თაყვანისცემაში?

12 როგორც დავინახეთ, მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ღვთის თაყვანისმცემლობაში. ვკითხოთ საკუთარ თავს: კარგად მესმის, რომ იეჰოვას განმადიდებელ სიმღერებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თაყვანისცემაში? ვცდილობ, კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე დროულად მივიდე და მთელი გულით განვადიდო იეჰოვა და-ძმებთან ერთად სიმღერით, რომლითაც პროგრამა იწყება? ხომ არ ვაძლევ შვილებს ნებას, რომ შეისვენონ თეოკრატიული მსახურების სკოლისა და სამსახურებრივი შეხვედრის, ასევე საჯარო მოხსენებისა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის შუალედებში? ხომ არ ვრთავ მათ ნებას, რომ კრების დროს აქეთ-იქით დაიწყონ სიარული და ცოტა ხნით შეისვენონ? სიმღერა ღვთის თაყვანისმცემლობის ნაწილია. ‘დახელოვნებული ვართ თუ დაუხელოვნებელი’, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვუმღეროთ იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები (შეადარეთ 2 კორინთელების 8:12).

დროის სვლასთან ერთად ბიბლიური მუხლები ახლებურად იხსნება

13, 14. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კრების შეხვედრაზე მთელი გულით ვიმღეროთ? მოიყვანეთ მაგალითი.

13 ას წელზე მეტი ხნის წინ „სიონის საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რატომ არის მნიშვნელოვანი სამეფოს სიმღერების მღერა. მასში ეწერა: „სამეფოს სიმღერების მღერა გულსა და გონებაში უბეჭდავს ღვთის ხალხს ბიბლიურ ჭეშმარიტებას“. სამეფოს სიმღერის ტექსტები ბიბლიიდან არის აღებული, ამიტომ ზოგი ტექსტის დამახსოვრება გვეხმარება, რომ ჭეშმარიტებამ ჩვენს გულში ღრმად გაიდგას ფესვი. ბევრზე, ვინც პირველად დაესწრო იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრას, დიდი გავლენა მოახდინა სამეფო დარბაზში მთელი გულით შესრულებულმა ღვთის სადიდებელმა სიმღერებმა.

14 ათას რვაას სამოცდაცხრა წლის ერთ საღამოს, როცა ჩარლზ ტეიზ რასელი სამსახურიდან ბრუნდებოდა, მას სარდაფიდან სიმღერის ხმა მოესმა. იმ პერიოდში მას დაკარგული ჰქონდა იმედი, რომ ჭეშმარიტებას ოდესმე იპოვიდა. ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, მთელი თავისი დრო და ენერგია ბიზნესისთვის მიეძღვნა, რადგან ასეთი სახით შეძლებდა ხალხს სულიერად თუ არა, მატერიალურად მაინც დახმარებოდა. ძმა რასელი ჩავიდა ბნელ და მტვრიან სარდაფში, სადაც რელიგიური მსახურებისთვის პატარა ჯგუფი იყო შეკრებილი. ის დაესწრო მათ შეხვედრას. მოგვიანებით მან დაწერა, რომ იმ საღამოს მოსმენილი „საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ღვთის შეწევნით კვლავ ერწმუნა, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი“. აღსანიშნავია, რომ ძმა რასელი ამ შეხვედრაზე სწორედ სიმღერამ მიიზიდა.

15. რა ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო სიმღერების წიგნში?

15 დროის სვლასთან ერთად ბიბლიური მუხლები ახლებურად იხსნება. იგავების 4:18-ში ნათქვამია: „მართალთა ბილიკი დილის ნათელს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო კაშკაშა ხდება შუადღის დადგომამდე“. ახლებურ გაგებას ყოველთვის თან ახლავს ცვლილებები და ეს სიმღერების ტექსტებზეც აისახება. გასული 25 წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეები ბევრ ქვეყანაში იყენებდნენ სიმღერების წიგნს „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“. * მას შემდეგ, რაც ეს კრებული პირველად გამოიცა, ბევრ ქრისტიანულ სწავლებას მოეფინა ნათელი და ზოგი ტერმინიც შეიცვალა. მაგალითად, ადრე გამოიყენებოდა ტერმინი „ახალი ერა“, დღეს კი ვიყენებთ „ახალ ქვეყნიერებას“. რაც შეეხება „იეჰოვას სახელის გამართლებას“, დღეს მის ნაცვლად ვიყენებთ „იეჰოვას სახელის გაწმენდას“. რამდენადაც სწავლებასთან დაკავშირებული ტერმინები შეიცვალა, საჭირო გახდა, რომ სიმღერების წიგნშიც შესულიყო ცვლილებები.

16. როგორ დაგვეხმარება ახალი სიმღერების წიგნი, მივყვეთ მოციქულ პავლეს რჩევას, რომელიც ეფესოელების 5:19-შია მოცემული?

16 ამ და სხვა მიზეზების გამო ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, გამოეცათ სამეფოს სიმღერების ახალი კრებული „უმღერეთ იეჰოვას“. ახალ კრებულში სიმღერების რაოდენობა შემცირდა 135-მდე. სიმღერების კრებულში მხოლოდ რამდენიმე ახალი სიმღერაა შესული, რაც გაგვიადვილებს ზოგიერთი სიმღერის ტექსტის დამახსოვრებას. სწორედ ამას გვირჩევს პავლე მოციქული ეფესოელების 5:19-ში (წაიკითხეთ).

იყავით მადლიერი

17. რაზე დაფიქრება დაგვეხმარება, არ მოგვერიდოს კრების შეხვედრებზე იეჰოვას სიმღერით განდიდება?

17 არ უნდა ვიმღეროთ კრების შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გვერიდება? დაფიქრდით ერთ რამეზე: რომელი ჩვენგანი ‘არ ცდება ხშირად სიტყვით’? (იაკ. 3:2). მიუხედავად ამისა, ჩვენი ბაგეებით მაინც განვადიდებთ იეჰოვას კარდაკარ. მსგავსად ამისა, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად ვერ ვმღერით, აღარ უნდა განვადიდოთ იეჰოვა? იეჰოვას, რომელმაც „მისცა კაცს ბაგე“, ძალიან სიამოვნებს, როცა ვუმღერით განსადიდებელ სიმღერებს (გამ. 4:11).

18. რომელი რჩევები დაგეხმარებათ, რომ გაგიადვილდეთ სიმღერების ტექსტების დამახსოვრება?

18 სიმღერების კრებული „უმღერეთ იეჰოვას“, გუნდის შესრულებით, რამდენიმე ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ ახალ სიმღერებს ასრულებს ორკესტრი გუნდთან ერთად. ახალი არანჟირებით შესრულებული სიმღერები ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ხშირად მოუსმინეთ ახალი სიმღერების კრებულს, რომ ზოგის ტექსტი მაინც დაიმახსოვროთ. ზოგი სიმღერის ტექსტი ისეა გარითმული, რომ ერთი ხაზის შემდეგ ადვილი მისახვედრია, რა ეწერება მეორე ხაზზე. როცა სიმღერებს მოუსმენთ, აჰყევით გუნდს. თუ სახლში კარგად ისწავლით ტექსტს და მელოდიასაც დაიმახსოვრებთ, სამეფო დარბაზშიც აღარ მოგერიდებათ სიმღერების მთელი გულით მღერა.

19. როგორ იქმნებოდა სამეფოს ახალი სიმღერები?

19 შეიძლება დიდად არ ვფიქრობდეთ, რამხელა შრომა გასწიეს ჩვენმა და-ძმებმა სამეფოს სიმღერების შესაქმნელად, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვისმენთ სპეციალურ, სარაიონო თუ საოლქო კონგრესებზე. შექმნილი მელოდიების არჩევის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 64-კაციანი ორკესტრი არაერთი საათის მანძილზე გადიოდა რეპეტიციებს და, საბოლოოდ, პატერსონში (ნიუ-იორკი, აშშ) საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ აუდიო-სტუდიაში ჩაწერეს სიმღერები. ამ 64 და-ძმიდან 10 იქ სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩასული. მათ ძალიან უხარიათ, რომ წილად ხვდათ პატივი, შეექმნათ იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მათ მიერ გაწეულ შრომას. როცა კონგრესის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამეფოს მელოდიების დაწყებისთანავე დავიკავოთ ადგილები, დაუყოვნებლივ უნდა გავითვალისწინოთ მითითება, დავსხდეთ და გულისყურით მოვუსმინოთ მელოდიებს, რომელთა შესაქმნელადაც ჩვენმა საყვარელმა და-ძმებმა დრო და ენერგია არ დაზოგეს.

20. რისი გაკეთება გვმართებს?

20 იეჰოვა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რა განწყობით ვმღერით სამეფოს სიმღერებს. გული გავუხაროთ ღმერთს და მთელი გულით ვიმღეროთ ნებისმიერ ადგილას, სადაც მისი თაყვანისცემისთვის ვიკრიბებით! ‘დახელოვნებულებმა თუ დაუხელოვნებლებმა’, ყველამ „ვუმღეროთ იეჰოვას“! (ფსალმ. 104:33).

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 აღსანიშნავია, რომ დავითის სიკვდილიდან ათი საუკუნის შემდეგ ანგელოზთა ლაშქარმა მესიის დაბადება აუწყა მწყემსებს, რომლებიც ბეთლემთან ახლოს მინდორში მწყემსავდნენ ფარას (ლუკ. 2:4, 8, 13, 14).

^ აბზ. 15 სამეფოს სიმღერების კრებული, რომელშიც 225 სიმღერა შედიოდა, 100-ზე მეტ ენაზე იყო გამოცემული.

რას ფიქრობთ?

• ბიბლიის რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ მუსიკას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში?

• რა მითითებას გვაძლევს იესო მათეს 22:37-ში და რა კავშირშია მისი სიტყვები იმასთან, რომ სამეფოს სიმღერები მთელი გულით შევასრულოთ?

• რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამეფოს სიმღერები?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ხომ არ აძლევთ შვილებს ნებას, რომ სიმღერის დროს აქეთ-იქით დაიწყონ სიარული?

[სურათი 24 გვერდზე]

სწავლობთ ახალი სიმღერების ტექსტებს სახლში?