თქვენ ნამდვილად გაქვთ სიხარულის მიზეზი!
თქვენ ნამდვილად გაქვთ სიხარულის მიზეზი!
იეჰოვას შემოქმედება, დაწყებული უმცირესი ცოცხალი უჯრედებიდან დამთავრებული უზარმაზარი გალაქტიკებით, რომლებიც გროვებად არიან შეკრული და ზეგროვებს ანუ გიგანტურ სისტემებს წარმოქმნიან, იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთმა ყველაფერი ორგანიზებულად შექმნა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან შემოქმედი უწესრიგობის ღმერთი არ არის (1 კორ. 14:33). გაოცებას იწვევს ისიც, თუ როგორ განსწავლა იეჰოვამ თავისი ხალხი, რომ ორგანიზებული სახით ეცათ მისთვის თაყვანი. მან ჩამოაყალიბა ერთი ორგანიზაცია, სადაც თავი მოუყარა ასობით მილიონ ფიზიკურ და სულიერ გონიერ ქმნილებას, რომლებსაც აქვთ ნების თავისუფლება და წმინდა თაყვანისმცემლობაში არიან გაერთიანებულნი. მართლაც რომ საოცარი წესრიგია ღვთის ორგანიზაციაში!
ძველად ისრაელში, ღვთის ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს იერუსალიმი წარმოადგენდა, სადაც იეჰოვას ტაძარი მდებარეობდა და მის მიერ ცხებული მეფე მმართველობდა. ბაბილონის ტყვეობაში მყოფმა ერთმა ისრაელმა თავისი გრძნობები წმინდა ქალაქის შესახებ ასე გამოხატა: „სასაზე მიმეკრას ენა, თუ არ გაგიხსენო, თუ იერუსალიმი არ ვაქციო ჩემი სიხარულის მთავარ მიზეზად“ (ფსალმ. 137:6).
თქვენც მსგავსი გრძნობა გეუფლებათ, როცა ღვთის ორგანიზაციაზე ფიქრობთ? არის თქვენი სიხარულის მთავარი მიზეზი ის, რომ იეჰოვას ორგანიზაციას ეკუთვნით? იციან თქვენმა შვილებმა ღვთის მიწიერი ორგანიზაციის ისტორია და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დღეს? აფასებენ ისინი, რომ იეჰოვას მოწმეების მსოფლიო ორგანიზაციის საძმოს ნაწილი არიან? (1 პეტ. 2:17). კარგი იქნება, თუ ასეთ საკითხებს განიხილავთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე, რათა თქვენმა ოჯახმა მეტი გაიგოს იეჰოვას ორგანიზაციაზე და დააფასოს ის!
მოუყევით, რაც „დიდი ხნის წინათ“ მოხდა
ყოველ წელს ისრაელში პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად ოჯახები იკრიბებოდნენ. როცა პირველად ამ დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს, მოსემ უთხრა ხალხს: „თუ გკითხავს შენი ვაჟი, ეს რას ნიშნავსო, უთხარი: იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან“ (გამ. 13:14). ისრაელებს ყოველთვის უნდა ხსომებოდათ, როგორ ექცეოდა იეჰოვა თავის ხალხს. როგორც ჩანს, ისრაელში ბევრი მამა მიჰყვებოდა მოსეს რჩევას. მოსეს სიტყვების წარმოთქმიდან საუკუნეების გასვლის შემდეგ ერთი ისრაელი მღეროდა: „ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს, დიდი ხნის წინათ“ (ფსალმ. 44:1).
დღეს ახალგაზრდა ქრისტიანებმაც შეიძლება „დიდი ხნის წინათ“ მომხდარ ისტორიად ჩათვალონ ის, რაც იეჰოვას მოწმეებს ასი წლის ან მეტი ხნის წინ გადახდათ თავს. როგორ შეგიძლიათ, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს ისე გადასცეთ წარსულში მომხდარი მოვლენები, რომ გააცოცხლოთ მათ წინაშე? ზოგი მშობელი უყვება შვილებს საინტერესო შემთხვევებს „წელიწდეულიდან“, ჟურნალებში დაბეჭდილი ბიოგრაფიებიდან, წიგნიდან „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ და სხვა პუბლიკაციებიდან, რომლებშიც თეოკრატიული ორგანიზაციის ისტორიაა მოთხრობილი. გარდა ამისა, ისინი იყენებენ ახალ DVD-ს, სადაც თანამედროვე დროის ღვთის მსახურებზეა საუბარი. ფილმები, სადაც ნაჩვენებია, როგორ იდევნებოდნენ ჩვენი და-ძმები საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის რეჟიმის დროს, ეხმარება ოჯახებს, რომ განსაცდელებისა და დევნების დროს მიენდონ იეჰოვას. უყურეთ ასეთ ფილმებს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე. ეს ყოველივე განუმტკიცებს რწმენას თქვენს შვილებს და დაეხმარებათ მაშინ, როცა მათი ერთგულება გამოიცდება.
მაგრამ მხოლოდ ისტორიის მოყოლა ახალგაზრდებისთვის შეიძლება არც ისე სახალისო იყოს. ამიტომ შეეცადეთ, შვილებიც ჩააბათ საუბარში. მაგალითად, შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს ვაჟს, აირჩიოს თავისი საყვარელი ქვეყანა, მოიძიოს
ინფორმაცია ამ ქვეყნის თეოკრატიული ისტორიის შესახებ და შემდეგ გაგიზიაროთ მთელ ოჯახს. თქვენს კრებაში შეიძლება იყვნენ ისეთი და-ძმები, რომლებიც დიდი ხანია ერთგულად ემსახურებიან ღმერთს. მოიწვიეთ ისინი ოჯახთან ერთად თაყვანისცემის ერთ-ერთ საღამოზე. შეგიძლიათ თქვენს ქალიშვილს უთხრათ, რომ კითხვები დაუსვას მათ და სთხოვოს, მოყვნენ თავიანთი მსახურების შესახებ საინტერესო ისტორიები. ან შეგიძლიათ შვილებს დაახატვინოთ მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც კი თეოკრატიულ ისტორიაში მომხდარა, მაგალითად, კარდაკარ მსახურების დროს გრამოფონის გამოყენების, ფილიალის მშენებლობისა თუ საერთაშორისო კონგრესის მსვლელობის ამსახველი ეპიზოდი.ისწავლეთ, როგორ მოქმედებს „თითოეული ნაწილი თავისი ზომის შესაბამისად“
პავლე მოციქულმა ქრისტიანული კრება შეადარა „მთელ სხეულს, თანაზომიერად შეერთებულს და თანამშრომლობისკენ აღძრულს საჭირო სახსრების მეშვეობით, რომელთაგან თითოეული ნაწილი თავისი ზომით მოქმედების შესაბამისად იზრდება, რათა საკუთარი თავი აღაშენოს სიყვარულში“ (ეფეს. 4:16). თუ გამოვიკვლევთ, სხეულის თითოეული ნაწილი როგორ ასრულებს თავის ფუნქციას, უფრო მეტად დავაფასებთ ჩვენს შემოქმედს და მადლიერებას გამოვხატავთ მის მიმართ. მსგავსად ამისა, რაც უფრო მეტს გავიგებთ, როგორ მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში ქრისტიანული კრებების საქმიანობა, მით უფრო გაგვაოცებს „ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე“ (ეფეს. 3:10).
იეჰოვა აღგვიწერს, როგორ ფუნქციონირებს მისი ორგანიზაციის როგორც მიწიერი, ისე ზეციერი ნაწილი. მაგალითად, ღმერთი ამბობს, რომ თავდაპირველად ხილვა იესო ქრისტეს უჩვენა. მან კი თავის მხრივ „გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს, რომელმაც დაამოწმა“ (გამოცხ. 1:1, 2). თუ ღმერთი იმას გვიმხელს, როგორ ფუნქციონირებს მისი ორგანიზაციის უხილავი ნაწილი, ნუთუ არ ენდომება, გავიგოთ, როგორ მოქმედებს „თითოეული ნაწილი თავისი ზომის შესაბამისად“ დედამიწაზე?
მაგალითად, თუ მოახლოვდა სარაიონო ზედამხედველის მონახულების დრო, კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად განიხილავთ, რამხელა საქმეს აკეთებენ ისინი კრების გასამხნევებლად, რა კურთხევებს იღებენ სანაცვლოდ და როგორ ეხმარებიან ისინი თითოეულ ჩვენგანს. შეგიძლიათ განიხილოთ აგრეთვე კითხვები: რატომ არის აუცილებელი სამქადაგებლო მსახურების ანგარიშის ჩაბარება? როგორ ფინანსდება ღვთის ორგანიზაცია? როგორ არის ორგანიზებული ხელმძღვანელი საბჭო და როგორ გვაწვდის სულიერ საზრდოს?
თუ გვეცოდინება, როგორ ფუნქციონირებს იეჰოვას ორგანიზაცია, ეს, სულ მცირე, სამ რამეში დაგვეხმარება: მადლიერებას გამოვავლენთ მათ მიმართ, ვინც მძიმედ შრომობს ჩვენთვის (1 თეს. 5:12, 13). აღძრულნი ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ თეოკრატიულ ღონისძიებებს (საქ. 16:4, 5). უფრო მეტად მივენდობით ხელმძღვანელ ძმებს, რომლებიც ბიბლიის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებსა თუ საჭირო ზომებს (ებრ. 13:7).
„დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები“
„გარს შემოუარეთ სიონს და მოიარეთ იგი, დათვალეთ მისი კოშკები. დააკვირდით მის მიწაყრილებს, დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები, რათა მოუყვეთ მომავალ თაობას“ (ფსალმ. 48:12, 13). ფსალმუნმომღერალი მოუწოდებდა ისრაელებს, რომ კარგად გაცნობოდნენ იერუსალიმს. წარმოიდგინეთ, რა აღფრთოვანებით გაუზიარებდნენ ისრაელთა ოჯახები სხვებს თავიანთ შთაბეჭდილებებს, როცა ყოველწლიურ დღესასწაულების აღსანიშნავად ადიოდნენ წმინდა ქალაქში და სტუმრობდნენ დიდებულ ტაძარს! ისინი, ალბათ, დიდი სიამოვნებით მოუყვებოდნენ მომავალ თაობებს, რაც იხილეს.
გაიხსენეთ საბას დედოფალი, რომელსაც თავიდან დაუჯერებელი ეჩვენებოდა, რასაც სოლომონის მმართველობასა და უსაზღვრო სიბრძნეზე ეუბნებოდნენ. როგორ დარწმუნდა საბას დედოფალი, რომ რაც სხვებისგან გაიგო, სიმართლე იყო? „არ მჯეროდა ამ სიტყვების, — თქვა მან. — სანამ თავად არ მოვედი და საკუთარი თვალით არ ვიხილე“ (2 მატ. 9:6). დიახ, ის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავთ, ღრმა კვალს ტოვებს ჩვენზე.
როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, „საკუთარი თვალით“ ნახონ იეჰოვას ორგანიზაციის მრავალი საოცარი საქმე? თუ თქვენთან ახლოს არის იეჰოვას მოწმეების ფილიალი, ეწვიეთ მას. მენდი და ბეთანი ბეთელიდან დაახლოებით 1 500 კილომეტრის
მოშორებით ცხოვრობდნენ. მაგრამ მშობლებს ბავშვობაში ისინი ხშირად დაჰყავდათ ფილიალში. მენდი და ბეთანი იხსენებენ: „სანამ პირველად მივიდოდით ბეთელში სტუმრად, გვეგონა, რომ იქ ოფიციალური გარემო იყო და მხოლოდ ასაკოვანი ხალხი მსახურობდა. მაგრამ იქ ჩვენ შევხვდით ახალგაზრდებსაც, რომლებიც ბევრს აკეთებდნენ იეჰოვასთვის და დიდ სიამოვნებას იღებდნენ ბეთელში მსახურებით. დავინახეთ, რომ იეჰოვას ორგანიზაცია მხოლოდ ჩვენი კრებით არ შემოიფარგლება. ყოველთვის, როცა ბეთელს ვსტუმრობდით, უფრო ვუახლოვდებოდით იეჰოვას და სულიერად ვმტკიცდებოდით“. ღვთის ორგანიზაციის კარგად გაცნობა დაეხმარა მენდისა და ბეთანის, რომ დაეწყოთ პიონერად მსახურება. ისინი დროებით ბეთელშიც მსახურობდნენ მოხალისეებად.ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას ორგანიზაციას კიდევ სხვა საშუალებითაც გავეცნოთ, რისი შესაძლებლობაც ისრაელებს არ ჰქონდათ. ბოლო წლებში ღვთის ხალხმა მიიღო არაერთი ვიდეო და DVD ფილმი, რომელთა მეშვეობით ღვთის ორგანიზაციას სხვადასხვა კუთხით ვეცნობით. ზოგი ასეთი ვიდეოფილმია: „იეჰოვას მოწმეები — ორგანიზებულნი არიან სასიხარულო ცნობის საუწყებლად“, „ჩვენი საძმო“, „დედამიწის კიდით კიდემდე“ და „ღვთიური სწავლებით გაერთიანებულნი“. როდესაც თქვენ და თქვენი ოჯახი ხედავთ, როგორ მუხლჩაუხრელად შრომობენ ბეთელელები, მოხალისეები, მისიონერები და ის ძმები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ კონგრესებს და ემზადებიან ამ ღონისძიების ჩასატარებლად, უფრო მეტად აღიძვრებით, დააფასოთ მსოფლიო საძმო.
თითოეულ კრებას დიდი წვლილი შეაქვს სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ადგილობრივი და-ძმების მხარდაჭერაში. კარგი იქნება, თუ მთელი ოჯახი გამოყოფთ დროს იმაზე დასაფიქრებლად, თუ რას აკეთებს „თქვენი საძმო“ ქვეყნიერებაში. ეს დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს შვილებს, გქონდეთ „მტკიცე რწმენა“. თქვენ ნამდვილად გაქვთ სიხარულის მიზეზი! (1 პეტ. 5:9).
[ჩარჩო⁄სურათი 18 გვერდზე]
ღვთის ორგანიზაცია განიხილეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი შესწავლის დროს
ჩვენ არაერთი სახით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, კარგად გაეცნონ იეჰოვას ორგანიზაციის ისტორიას და იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ის დღეს. შემდეგი კითხვები დაგეხმარებათ საუბრის დაწყებაში:
☞ როგორ დაიწყეს თავდაპირველად მიმომსვლელმა ზედამხედველებმა მსახურება? („იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 222—227 [რუს.]).
☞ რით იყო მნიშვნელოვანი 1941 წელს გამართული თეოკრატიული კონგრესის ერთ-ერთი დღის თემა, სახელწოდებით „ბავშვების დღე“? („იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 86, 88 [რუს.]).
☞ როგორ იღებს ხელმძღვანელი საბჭო გადაწყვეტილებებს? („საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“, გვერდები 108—114)