არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს

მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს

მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს

„წინდახედული აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავ. 14:15).

1, 2. ა) პირველ რიგში, რაზე უნდა ვფიქრობდეთ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ და თანაც არაერთხელ. ზოგჯერ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ზოგჯერ კი შეიძლება მთელი ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. ალბათ, მიხვდით, რომ საუბარი გადაწყვეტილებების მიღებაზე მიდის. იმის მიუხედავად, მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ჩვენთვის მთავარი ღვთის განდიდება უნდა იყოს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31 ).

2 გიადვილდებათ თუ გიჭირთ გადაწყვეტილებების მიღება? თუ ქრისტიანული მოწიფულობისკენ ისწრაფვით, უნდა ისწავლოთ კარგისა და ცუდის გარჩევა, და სხვების გავლენის ქვეშ კი არ უნდა მოექცეთ, არამედ პირადად მიიღოთ გადაწყვეტილებები (რომ. 12:1, 2; ებრ. 5:14). კიდევ რატომ არის აუცილებელი, ვისწავლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება? რატომ არის ზოგჯერ ეს ასე რთული? რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, განადიდებს თუ არა ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ღმერთს?

საჭიროა კი გადაწყვეტილებების მიღება?

3. რა არ უნდა დავუშვათ გადაწყვეტილებების მიღების დროს?

3 თუ კლასელები ან თანამშრომლები ხედავენ, რომ ბიბლიურ ნორმებთან დაკავშირებით მყარი პოზიცია არ გვიჭირავს, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ რწმენაში სუსტები ვართ და ადვილად შეიძლება ჩვენზე გავლენის მოხდენა. ისინი შეიძლება იტყუებიან, თაღლითობენ ან ქურდობენ და ცდილობენ, რომ ჩვენც „ავყვეთ უმრავლესობას ბოროტებაში“ ან, სულ მცირე, ხელი დავაფაროთ მათ (გამ. 23:2). მაგრამ თუ ადამიანმა იცის, როგორ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ღმერთს განადიდებს, არ დაუშვებს, რომ შიშმა ან სხვების თვალში აღიარების სურვილმა სძლიოს და ბიბლიით განსწავლული სინდისის საპირისპიროდ მოიქცეს (რომ. 13:5).

4. რატომ შეიძლება სხვებმა ჩვენ მაგივრად მოისურვონ გადაწყვეტილებების მიღება?

4 რასაკვირველია, ყველას, ვინც ცდილობს ჩვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება, არა აქვს ცუდი განზრახვა. ჩვენმა კეთილის მსურველმა მეგობრებმა შეიძლება დაჟინებით გვთხოვონ, რომ მათი რჩევები გავითვალისწინოთ. მაშინაც კი, თუ მშობლებთან აღარ ვცხოვრობთ, ჩვენი კეთილდღეობით დაინტერესებულმა ნათესავებმა შეიძლება კეთილი განზრახვით თავი ვალდებულად ჩათვალონ, მიგვაღებინონ გადაწყვეტილება. მაგალითად, შევეხოთ მკურნალობის საკითხს. ბიბლია კრძალავს სისხლის არასწორად გამოყენებას (საქ. 15:28, 29). რაც შეეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, ბიბლიაში პირდაპირი მითითებები არ არის მოცემული, ამიტომ საჭიროა, რომ ყველამ პირადად გადაწყვიტოს, მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევს. * ჩვენს ახლობლებს შეიძლება ამ საკითხზე საკუთარი აზრი აქვთ, რომლის შეცვლაც უჭირთ. მაგრამ, როცა მსგავს საკითხებში გადაწყვეტილებებს ვიღებთ, თითოეულმა მიძღვნილმა და მონათლულმა ქრისტიანმა „თავისი სატარებელი“ უნდა ატაროს (გალ. 6:4, 5). ჩვენთვის მთავარია, ღვთის წინაშე გვქონდეს სუფთა სინდისი და არა ადამიანების წინაშე (1 ტიმ. 1:5).

5. რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ჩვენი რწმენა ხომალდივით არ დაიმსხვრეს?

5 თუ გადაწყვეტილების მიღების დროს ვმერყეობთ, ეს შეიძლება ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს. მოწაფე იაკობმა დაწერა, რომ მერყევი კაცი „არამდგრადია ნებისმიერ საქმეში“ (იაკ. 1:8). ის ადვილად მოექცევა არასაიმედო და ცვალებადი ადამიანური აზროვნების გავლენის ქვეშ. ასეთი კაცი შეიძლება აღელვებულ ზღვაში საჭის გარეშე დარჩენილ ხომალდზე მყოფ ადამიანს შევადაროთ. მისი რწმენა ერთი ხელის მოსმით შეიძლება ხომალდივით დაიმსხვრეს და თავის უბედურებაში მან შესაძლოა სხვა დაადანაშაულოს (1 ტიმ. 1:19). როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება? ჩვენ უნდა „განვმტკიცდეთ რწმენაში“ (წაიკითხეთ კოლოსელების 2:6, 7 ). სიმტკიცის შესანარჩუნებლად საჭიროა, ვისწავლოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, საიდანაც გამოჩნდება, რომ გვწამს ღვთივშთაგონებული სიტყვის (2 ტიმ. 3:14—17). რამ შეიძლება ხელი შეგვიშალოს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში?

რატომ შეიძლება გაგვიჭირდეს გადაწყვეტილებების მიღება?

6. როგორ შეიძლება შიშმა ხელ-ფეხი შეგვიკრას?

6 შიშმა შეიძლება ხელ-ფეხი შეგვიკრას — შესაძლოა, გვეშინია, ვაითუ არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, მარცხი განვიცადოთ ან სხვების თვალში უგუნურები გამოვჩნდეთ. ეს სავსებით ბუნებრივია. არავის სურს, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც პრობლემებს შეუქმნის ან სხვების წინაშე შეარცხვენს. მიუხედავად ამისა, ღვთისა და მისი სიტყვის სიყვარული დაგვეხმარება, მოვერიოთ ასეთ შიშს. ღვთის სიყვარული აღგვძრავს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ბიბლიითა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციებით ვიხელმძღვანელოთ. თუ ასე მოვიქცევით, ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ. ბიბლიაში მოცემულია რჩევები, რათა „გამოუცდელებს მიეცეთ წინდახედულობა, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და ჭკუა“ (იგავ. 1:4).

7. რას ვსწავლობთ დავითის მაგალითიდან?

7 შეუძლებელია, ადამიანმა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული (რომ. 3:23). მაგალითად, მეფე დავითი ბრძენი და ერთგული კაცი იყო. მაგრამ დროდადრო ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, რაც თავად მასაც და სხვებსაც დიდ ტკივილს აყენებდა (2 სამ. 12:9—12). შეცდომების მიუხედავად, დავითს არასდროს შეუკავებია თავი გადაწყვეტილებების მიღებისგან და ღვთის კეთილგანწყობაც დაიმსახურა (1 მეფ. 15:4, 5). წარსულში დაშვებული შეცდომების მიუხედავად, ჩვენც დავითის მსგავსად, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა გვპატიობს და ივიწყებს ჩვენს ცოდვებს. იგი კვლავაც დაუჭერს მხარს მათ, ვინც ავლენს მისადმი სიყვარულს და მორჩილებას (ფსალმ. 51:1—4, 7—10).

8. რას ვსწავლობთ პავლე მოციქულის სიტყვებიდან ქორწინების შესახებ?

8 გადაწყვეტილებების მიღებისას ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ. ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე არჩევნის წინაშე იდგე, მაგრამ ყველა სწორი იყოს. ნახეთ, როგორ მსჯელობს პავლე ქორწინების შესახებ. ღვთის შთაგონებით მან დაწერა: „თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაუქორწინებლისთვის შეუფერებლად იქცევა და თუ ახალგაზრდული ვნებები დაუცხრა, რაც ასეც უნდა იყოს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს, დაქორწინდეს. ის კი, ვინც გულით მტკიცედ დგას და არ გრძნობს საჭიროებას, არამედ ძალაუფლება აქვს თავის ნება-სურვილზე და დაუქორწინებლობა გადაწყვიტა გულში, კარგად იქცევა“ (1 კორ. 7:36—38). პავლემ თქვა, რომ დაუქორწინებლობა საუკეთესო, მაგრამ არა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

9. უნდა გავითვალისწინოთ სხვების აზრი გადაწყვეტილებების მიღებისას? ახსენით.

9 გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეულწილად უნდა გვაინტერესებდეს სხვების აზრი. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს პავლე იმ საკვების შესახებ, რომელიც, შესაძლოა, კერპთშენაწირი იყო. პავლე აღიარებდა, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება შეიძლება თავისთავად მცდარი არ იყოს, მაგრამ ამან შეიძლება დააბრკოლოს სუსტი სინდისის მქონე ადამიანი. რა გადაწყვეტილება მიიღო პავლემ? მან თქვა: „თუ საჭმელი აბრკოლებს ჩემს ძმას, საერთოდ არ შევჭამ ხორცს, რომ არ დავაბრკოლო ჩემი ძმა“ (1 კორ. 8:4—13). მართალია, გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვისი სინდისი, მაგრამ უმთავრესი მაინც ის უნდა იყოს, როგორ იმოქმედებს ჩვენი არჩევანი იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობაზე (წაიკითხეთ რომაელების 14:1—4 ). რომელი ბიბლიური პრინციპები დაგვეხმარება, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ღმერთს განადიდებს?

სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გადადგმული ექვსი ნაბიჯი

10, 11. ა) რატომ არ უნდა ვიყოთ კადნიერნი ოჯახში გადაწყვეტილებების მიღებისას? ბ) რა უნდა ახსოვდეთ უხუცესებს იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც მთელ კრებაზე ახდენს გავლენას?

10 ნუ იქნებით კადნიერნი. არჩევნის გაკეთებამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: მაქვს ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება? მეფე სოლომონმა დაწერა: „სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა, სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგავ. 11:2).

11 მშობლებს შეუძლიათ შვილებს ზოგიერთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ნება დართონ, მაგრამ ბავშვები ამის გამო არ უნდა გათამამდნენ და არ უნდა დაასკვნან, რომ ახლა მათ ამის უფლება აქვთ (კოლ. 3:20). ცოლებს და დედებს აქვთ ოჯახში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების უფლება, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მათი თავი ქმარია (იგავ. 1:8; 31:10—18; ეფეს. 5:23). მსგავსად ამისა, ქმრებსაც არ უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ არც მათ აქვთ აბსოლუტური თავისუფლება, რადგან ქრისტეს ემორჩილებიან (1 კორ. 11:3). უხუცესების გადაწყვეტილებები მთელ კრებაზე ახდენს გავლენას. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ არ გადადიან ღვთის სიტყვაში დაწერილს (1 კორ. 4:6). უხუცესები აგრეთვე ზედმიწევნით მიჰყვებიან ერთგული მონის მითითებებს (მათ. 24:45—47). თუ თავმდაბლად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და არ გავცდებით ჩვენს უფლებებს, ნაკლებ ტკივილს მივაყენებთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს.

12. ა) რატომ ღირს ყველაფრის კარგად გამოკვლევა? ბ) ახსენით, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება.

12 ყველაფერი კარგად გამოიკვლიეთ. სოლომონმა დაწერა: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“ (იგავ. 21:5). მაგალითად, თუ ვინმე ბიზნესის წამოწყებას გთავაზობთ, ემოციებს ნუ აჰყვებით. გაერკვიეთ ყველა მნიშვნელოვან დეტალში, ჰკითხეთ რჩევა მათ, ვინც ამ საქმეში ჩახედულია და განსაზღვრეთ, რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოთ (იგავ. 20:18). აიღეთ ორი ფურცელი: ერთზე ჩამოწერეთ დადებითი მხარეები, მეორეზე კი — მოსალოდნელი სირთულეები. გადაწყვეტილების მიღებამდე „გამოთვალეთ ხარჯები“ (ლუკ. 14:28). დაფიქრდით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მარტო თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე, არამედ — თქვენს სულიერობაზეც. ამ ყველაფრის კარგად გამოკვლევა დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამგვარად თქვენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ და ზედმეტ საზრუნავსაც აირიდებთ.

13. ა) რაში გვარწმუნებს იაკობის 1:5? ბ) რატომ არის კარგი, თუ ღმერთს სიბრძნეს ვთხოვთ?

13 სთხოვეთ ღმერთს სიბრძნე. ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში განადიდებს ღმერთს, თუ მას მივმართავთ დახმარებისთვის. მოწაფე იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკ. 1:5). არ უნდა გვეთაკილებოდეს იმის აღიარება, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ღვთის სიბრძნე გვჭირდება (იგავ. 3:5, 6). მხოლოდ საკუთარ თავზე დაიმედება კარგს არაფერს მოგვიტანს. როცა ლოცვაში ღმერთს სიბრძნეს ვთხოვთ და ბიბლიით ვხელმძღვანელობთ, ღვთის წმინდა სულს საშუალებას ვაძლევთ, რომ დაგვანახვოს, სინამდვილეში, რატომ გვინდა ამა თუ იმ საქმის წამოწყება (ებრ. 4:12; წაიკითხეთ იაკობის 1:22—25 ).

14. რატომ არ უნდა გავაჭიანუროთ გადაწყვეტილების მიღება?

14 მიიღეთ გადაწყვეტილება. არ გადადგათ ეს ნაბიჯი მანამ, სანამ კარგად არ გამოიკვლევთ ყველაფერს და არ სთხოვთ ღმერთს სიბრძნეს. გონიერი ადამიანი დროს გამოყოფს და კარგად „აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავ. 14:15). მაგრამ არც გაჭიანურება ვარგა. ის, ვინც აყოვნებს გადაწვეტილების მიღებას, უსაფუძვლოდ ამართლებს თავის უმოქმედობას (იგავ. 22:13). ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ადამიანი მაინც იღებს რაღაც გადაწყვეტილებას და ამით, ფაქტობრივად, სხვებს თავის ცხოვრებაში ჩარევის უფლებას აძლევს.

15, 16. როგორ შეგვიძლია საქმის ბოლომდე მიყვანა?

15 საქმე ბოლომდე მიიყვანეთ. მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ, თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. სოლომონმა დაწერა: „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (ეკლ. 9:10). არაფერს უნდა დართოთ ნება, რომ ხელი შეგიშალოთ დასახული მიზნის მიღწევაში. მაგალითად, მაუწყებელმა გადაწყვიტა პიონერად მსახურება. მიაღწევს ის დასახულ მიზანს? დიახ, თუ არ დაუშვებს, რომ სამსახურმა და გართობამ იმდენად გამოფიტოს, რომ მსახურებისთვის არც დრო დარჩეს და არც ენერგია.

16 დღეს ადვილი არ არის საუკეთესო გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანა, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ „ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (ეფეს. 6:12). როგორც პავლე მოციქულმა, ისე მოწაფე იუდამ აღნიშნეს, რომ ვისაც ღვთის განდიდება სურს, უნდა იბრძოლოს ამისთვის (1 ტიმ. 6:12; იუდ. 3).

17. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, როცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს?

17 შეიხსენეთ, რა გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინეთ ცვლილებები. ყველაფერი შეიძლება ისე არ წარიმართოს, როგორც დავგეგმეთ. თითოეულზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). მაგრამ იეჰოვა მოელის, რომ სირთულეების მიუხედავად, ზოგიერთი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. რაც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა იეჰოვასადმი თავის მიძღვნა და საქორწინო აღთქმის დადება, ქრისტიანები ასეთ დროს უკან არ იხევენ და თავიანთ პირობას ასრულებენ. ღმერთი მოელის, რომ ასეთი გადაწყვეტილებების დროს სიტყვას არ გავტეხთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1, 2, 4 ). ზოგი გადაწყვეტილება შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს. მიუხედავად ამისა, გონიერი ადამიანი დროდადრო შეიხსენებს, რის მიღწევა სურდა. მას სიჯიუტე და სიამაყე ხელს არ შეუშლის, რომ თავის გადაწყვეტილებაში ცვლილებები შეიტანოს ან საერთოდ საპირისპირო გადაწყვეტილებაც კი მიიღოს; უფრო მეტიც, ის არ დაუშვებს, რომ ვინმემ ან რამემ მიზანზე უარი ათქმევინოს (იგავ. 16:18). მისი მთავარი მიზანია, რომ ყოველთვის ღვთისმოსაწონად იცხოვროს და პატივი მიაგოს ღმერთს.

დაეხმარეთ სხვებს, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს

18. როგორ შეუძლიათ მშობლებს, ასწავლონ შვილებს სწორი გადაწყვეტილებების მიღება?

18 მშობლებს შეუძლიათ ასწავლონ შვილებს, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც ღმერთს განადიდებს. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება თქვენი კარგი მაგალითია (ლუკ. 6:40). ზოგჯერ კარგი იქნება, თუ მშობლები მოუყვებიან შვილებს, მსგავს სიტუაციაში თვითონ რა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ აგრეთვე უნდა მისცენ ბავშვებს თავისუფლება, რომ ზოგი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ, შემდეგ კი, როცა მიღებულ გადაწყვეტილებას განახორციელებენ, უნდა შეაქონ ისინი. მაგრამ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, როცა ბავშვი არასწორ გადაწყვეტილებას იღებს? მშობლების პირველი რეაქცია, შესაძლოა, ის იყოს, რომ ბავშვი მიღებული გადაწყვეტილების ცუდი შედეგებისგან დაიცვან, მაგრამ ასე მოქცევა შეიძლება ყოველთვის არ იყოს მისთვის სასარგებლო. მაგალითად, მშობლებმა შეიძლება ნება მისცენ შვილს, რომ აიღოს მართვის მოწმობა. დავუშვათ, მან დაარღვია მოძრაობის წესი, რის გამოც დააჯარიმეს. ჯარიმა შეიძლება მშობლებმა გადაიხადონ. მაგრამ, თუ მშობლები ეტყვიან შვილს, რომ იმუშაოს და თავად გადაიხადოს ჯარიმა, ის უფრო ისწავლის, რომ საკუთარ საქციელზე თავად აგოს პასუხი (რომ. 13:4).

19. რა უნდა ვასწავლოთ ბიბლიის შემსწავლელებს და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

19 იესომ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ესწავლებინათ სხვებისთვის (მათ. 28:20). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ბიბლიის შემსწავლელს ვასწავლოთ, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაა. ეს რომ საუკეთესოდ გავაკეთოთ, არ უნდა ვუკარნახოთ, როგორ უნდა მოიქცნენ. უმჯობესია, ვასწავლოთ, როგორ გამოიკვლიონ ბიბლიური პრინციპები და თავად მიიღონ გადაწყვეტილება. „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12). ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ 2006 წლის ნოემბრის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი „როგორ მოვიქცე იმ შემთხვევაში, თუ საქმე სისხლის ფრაქციების გადასხმამდე ან მკურნალობის მიზნით ჩემივე სისხლის გამოყენებამდე მივა?“, გვერდები 3—6.

როგორ უპასუხებთ?

• რატომ არის აუცილებელი ვისწავლოთ, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები?

• როგორ შეიძლება შიშმა ხელ-ფეხი შეგვიკრას და როგორ შეიძლება მისი დაძლევა?

• რომელი ექვსი ნაბიჯი დაგვეხმარება იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც განადიდებს ღმერთს?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო⁄სურათი 16 გვერდზე]

სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ნაბიჯები

1 ნუ იქნებით კადნიერნი

2 ყველაფერი კარგად გამოიკვლიეთ

3 სთხოვეთ ღმერთს სიბრძნე

4 მიიღეთ გადაწყვეტილება

5 საქმე ბოლომდე მიიყვანეთ

6 შეიხსენეთ და ცვლილებები მოახდინეთ

[სურათი 15 გვერდზე]

მერყევი ადამიანი ჰგავს აღელვებულ ზღვაში საჭის გარეშე დარჩენილ ხომალდზე მყოფ კაცს