არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიხარულო ცნობა, რომელიც ყველას სჭირდება

სასიხარულო ცნობა, რომელიც ყველას სჭირდება

სასიხარულო ცნობა, რომელიც ყველას სჭირდება

„სასიხარულო ცნობა . . . ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:16).

1, 2. რატომ ქადაგებთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და ამ ცნობის რომელ მხარეებზე ამახვილებთ ყურადღებას?

„ბედნიერი ვარ, რომ ყოველდღე ვუზიარებ სხვებს სასიხარულო ცნობას“. შეიძლება მსგავსი აზრი თქვენც მოგსვლიათ ან გითქვამთ კიდეც. როგორც იეჰოვას ერთგულმა მოწმემ, თქვენ იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. შესაძლოა, ზეპირადაც იცით, რა იწინასწარმეტყველა იესომ ამ საქმიანობის შესახებ (მათ. 24:14).

2 სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით იესოს მიერ დაწყებულ საქმეს განაგრძობთ (წაიკითხეთ ლუკას 4:43 ). ერთ-ერთი საკითხი, რაზეც შეიძლება ყურადღებას ამახვილებთ არის ის, რომ ღმერთი მალე ადამიანთა საქმეებში ჩაერევა. „დიდი გასაჭირის“ დროს ღმერთი მოსპობს ცრუ რელიგიას და დედამიწას ბოროტებისგან განწმენდს (მათ. 24:21). ალბათ, იმაზეც გაგიმახვილებიათ ყურადღება, რომ ღვთის სამეფო დედამიწაზე სამოთხეს აღადგენს და მასზე მშვიდობა და ბედნიერება დაისადგურებს. ფაქტობრივად, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იმ ცნობის ნაწილია, რომელიც ღმერთმა აბრაამს ახარა: „შენით იკურთხება ყველა ერი“ (გალ. 3:8).

3. რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოციქულმა პავლემ რომაელებისთვის მიწერილ წერილში ყურადღება სასიხარულო ცნობაზე გაამახვილა?

3 მაგრამ შეიძლება საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ სასიხარულო ცნობის იმ მნიშვნელოვან მხარეს, რომელიც ხალხს სჭირდება. მოციქულ პავლეს მიერ რომაელებისთვის მიწერილი წერილის ბერძნულ ორიგინალში სიტყვა „სამეფო“ მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული, „სასიხარულო ცნობა“ კი — თორმეტჯერ (რომ. 14:17). სასიხარულო ცნობის რომელ მხარეს მოიხსენიებდა პავლე რომაელებისთვის მიწერილ წერილში ასე ხშირად? რატომ არის სასიხარულო ცნობის ეს მხარე მნიშვნელოვანი? და რატომ უნდა გვახსოვდეს ეს, როდესაც ხალხს „ღვთის სასიხარულო ცნობას“ ვამცნობთ? (მარ. 1:14; რომ. 15:16; 1 თეს. 2:2).

ის, რის ცოდნაც რომაელებს სჭირდებოდათ

4. რაზე ქადაგებდა პავლე რომში პირველი პატიმრობისას?

4 ყურადსაღებია, თუ რა საკითხებზე საუბრობდა პავლე რომში პირველი პატიმრობისას. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პავლე მის მოსანახულებლად მისულ იუდეველებს საფუძვლიანად უმოწმებდა 1) ღვთის სამეფოზე და დამაჯერებლად ელაპარაკებოდა 2) იესოზე. შედეგად, „ზოგმა ირწმუნა მისი ნათქვამი, ზოგმა — არა“. პავლე ამის შემდეგაც ყველას გულთბილად იღებდა; უქადაგებდა მათ 1) ღვთის სამეფოზე და ასწავლიდა 2) უფალ იესო ქრისტეზე (საქ. 28:17, 23—31). აშკარაა, პავლე ყურადღებას ღვთის სამეფოზე ამახვილებდა. მაგრამ, კიდევ რაზე ამახვილებდა ის ყურადღებას? იმაზე, რაც ყველაზე მთავარია ღვთის სამეფოში — იესოს როლზე ღვთის განზრახვაში.

5. რის საჭიროებაზე გაამახვილა პავლემ ყურადღება რომაელებისთვის მიწერილ წერილში?

5 ყველას სჭირდება იესოს შესახებ ცოდნის მიღება და მისდამი რწმენის გამოვლენა. პავლემ რომაელი ქრისტიანების ყურადღება ამ საჭიროებაზე გაამახვილა, როცა დაწერა: „ღმერთს . . . სულით ვუსრულებ წმინდა მსახურებას იმით, რასაც მისი ძის შესახებ სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ“. შემდეგ დასძინა: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“. მოგვიანებით მან ისაუბრა დროზე, „როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა ფარულ საქმეებს გაასამართლებს . . . სასიხარულო ცნობის მიხედვით“. მან აგრეთვე აღნიშნა: „იერუსალიმიდან ილირიკონამდე ყველგან გულდასმით ვიქადაგე სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ“  * (რომ. 1:9, 16; 2:16; 15:19). როგორ ფიქრობთ, რატომ გაუმახვილა ყურადღება პავლემ რომაელებს იესო ქრისტეზე?

6, 7. რის თქმა შეიძლება რომის კრების ჩამოყალიბებაზე და მის პირველ წევრებზე?

6 ჩვენ არ ვიცით, როგორ ჩამოყალიბდა კრება რომში. შესაძლოა, პირველი რომაელი ქრისტიანები ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაბრუნებული იუდეველები ან პროზელიტები იყვნენ (საქ. 2:10). ან შეიძლება ჭეშმარიტება ქრისტიანმა ვაჭრებმა და მოგზაურებმა ჩაიტანეს რომში. ნებისმიერ შემთხვევაში, დაახლოებით ახ. წ. 56 წელს, როცა პავლემ რომაელებს წერილი მისწერა, იქ კრება უკვე დიდი ხნის დაფუძნებული იყო (რომ. 1:8). ვინ იყვნენ რომის კრების წევრები?

7 ზოგი მათგანი იუდეველი იყო. პავლემ მოიკითხა ანდრონიკე და იუნია, თავისი ნათესავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იუდეველები იყვნენ. კარვების მკერავი აკვილა და მისი ცოლი პრისკაც იუდეველები იყვნენ (რომ. 4:1; 9:3, 4; 16:3, 7; საქ. 18:2). მაგრამ მრავალი და-ძმა, რომლებსაც პავლემ მოკითხვა შეუთვალა, როგორც ჩანს, არაიუდეველები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი „კეისრის სახლეულობას მიეკუთვნებოდნენ“; შეიძლება ისინი კეისრის მონები ან მსახურები ყოფილიყვნენ (ფილ. 4:22; რომ. 1:6; 11:13).

8. რა მდგომარეობაში იყვნენ რომში მცხოვრები ქრისტიანები?

8 რომში მცხოვრები ყველა ქრისტიანი, ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. პავლემ ეს მდგომარეობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). აშკარაა, რომ მათ, ვისაც პავლემ მისწერა უნდა ეღიარებინათ, რომ ცოდვილები იყვნენ და რწმენა გამოევლინათ იმ საშუალებისადმი, რომელიც ღმერთმა ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად გაითვალისწინა.

ადამიანებმა უნდა აღიარონ, რომ ცოდვილები არიან

9. სასიხარულო ცნობის რომელ შესაძლო შედეგზე გაამახვილა პავლემ ყურადღება?

9 რომაელებისადმი მიწერილი წერილის დასაწყისში პავლემ აღნიშნა, თუ რა შესანიშნავი შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა მის მიერ არაერთხელ მოხსენიებულ სასიხარულო ცნობას: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად, ჯერ იუდეველის, მერე კი ბერძნისა“. დიახ, ხსნა შესაძლებელი იყო. მაგრამ ამისთვის რწმენის გამოვლენა იყო აუცილებელი. ეს უდავო ჭეშმარიტება პავლემ ასე გამოხატა: „მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს“ (აბაკ. 2:4; რომ. 1:16, 17; გალ. 3:11; ებრ. 10:38). მაგრამ, რა კავშირი აქვს სასიხარულო ცნობას, რომელსაც ხსნა შეუძლია, იმ ფაქტთან, რომ ყველანი ცოდვილები ვართ?

10, 11. რატომ არის ზოგიერთებისთვის უცხო რომაელების 3:23-ში ჩაწერილი აზრი?

10 სანამ ადამიანი განივითარებს რწმენას, რომელსაც ხსნა შეუძლია, მას უნდა ესმოდეს, რომ ცოდვილია. ის, რომ ადამიანი ცოდვილია, უცხო არ არის მათთვის, ვისაც სწამს ღმერთი და გარკვეული ბიბლიური ცოდნა აქვს (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:20 ). ეთანხმებიან ისინი ამ აზრს თუ ეჭვი ეპარებათ მასში, სულ მცირე, წარმოდგენა მაინც აქვთ იმაზე, რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში: „ყველამ შესცოდა“ (რომ. 3:23). მაგრამ, ქადაგებისას შეიძლება შევხვდეთ მრავალ ადამიანს, რომელთათვისაც ეს აზრი სრულიად უცხოა.

11 ზოგ ქვეყანაში ხალხი ისეთ გარემოში გაიზარდა, არც კი იციან, რომ ცოდვა მემკვიდრეობით მიიღეს და დაბადებიდანვე ცოდვილები არიან. მათ, შესაძლოა, გათვიცნობიერებული აქვთ, რომ უშვებენ შეცდომებს, აქვთ უარყოფითი თვისებები და შეიძლება რაღაც ცუდიც ჩაიდინონ. ისინი ხედავენ, რომ სხვებიც მსგავს მდგომარეობაში არიან. მიუხედავად ამისა, აღზრდის გამო, მათ არ ესმით, რატომ არიან ადამიანები ასეთები. ზოგ ენაში, კი სიტყვა ცოდვილი ასოცირდება ბოროტმოქმედთან ან, სულ მცირე, ადამიანთან, რომელიც რაიმე კანონს არღვევს. ერთი რამ უდავოა, ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს, რომ ცოდვილია, ამ სიტყვის იმ მნიშვნელობით, რაც პავლეს ჰქონდა მხედველობაში.

12. რატომ არ სჯერა მრავალს, რომ ყველა ცოდვილია?

12 ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ქვეყნებშიც კი ბევრს არ სჯერა, რომ ცოდვილები არიან. რატომ? თუმცა ისინი დროდადრო დადიან კიდეც ეკლესიებში, ადამსა და ევაზე ბიბლიურ ისტორიას მხოლოდ ზღაპრად ან მითად მიიჩნევენ. სხვები ისეთ საზოგადოებაში იზრდებიან, სადაც საერთოდ არ სწამთ ღმერთი ან ეჭვი ეპარებათ მის არსებობაში. სწორედ ამიტომ არ ესმით მათ, რომ უზენაესმა შემოქმედმა ადამიანებს დაუდგინა ზნეობრივი ნორმები, რომელთა დარღვევაც ცოდვაა. გარკვეულწილად, ისინი ჰგვანან პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებსაც პავლემ უიმედოები და უღმერთოები უწოდა (ეფეს. 2:12).

13, 14. ა) რატომ არა აქვთ გამართლება მათ, ვისაც არ სწამთ ღმერთი და არ სჯერათ, რომ ცოდვილები არიან? ბ) სანამდე მიიყვანა მრავალი რწმენის უქონლობამ?

13 რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ მოიყვანა ორი მიზეზი, რის საფუძველზეც ადამიანი ვერც მაშინ გაიმართლებდა თავს და ვერც დღეს გაიმართლებს იმით, რომ ასე აღიზარდა. პირველი მიზეზი ის არის, რომ თავად ქმნილება მოწმობს შემოქმედის არსებობაზე (წაიკითხეთ რომაელების 1:19, 20 ). მსგავსი აზრი მისწერა პავლემ რომიდან ებრაელ ქრისტიანებს: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებრ. 3:4). პავლეს მსჯელობიდან აშკარად ჩანს, რომ არსებობს შემოქმედი, რომელმაც „ააშენა“, ანუ შექმნა მთელი სამყარო.

14 ასე რომ, პავლეს მტკიცე საფუძველი ჰქონდა, მიეწერა რომაელებისთვის, რომ არავის, მათ შორის ისრაელებსაც, რომლებიც უსიცოცხლო გამოსახულებებს სცემენ თაყვანს, „გამართლება არა აქვს“. იმავეს თქმა შეიძლება მათზეც, ვინც ადამიანის სხეულს, იქნება ეს ქალის თუ კაცის, არაბუნებრივად იყენებს და უზნეო ცხოვრებას ეწევა (რომ. 1:22—27). პავლე ამ მსჯელობას ასეთი სიტყვებით ამთავრებს: „იუდეველებიც და ბერძნებიც ცოდვის ქვეშ არიან“ (რომ. 3:9).

შინაგანი მოწმე

15. რა აქვს ყველა ადამიანს და რა გავლენას ახდენს ეს მათზე?

15 რომაელებისადმი მიწერილ წერილში მოცემულია მეორე მიზეზიც, თუ რატომ უნდა აღიარონ ადამიანებმა, რომ ცოდვილები არიან და სჭირდებათ ხსნა. ღვთის მიერ ისრაელი ერისთვის მიცემულ კანონთა კრებულის შესახებ პავლემ დაწერა: „ყველა, ვინც კანონს ექვემდებარებოდა და სცოდავდა, კანონით გასამართლდება“ (რომ. 2:12). პავლემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ერებსა თუ ეთნიკურ ჯგუფებზე, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამ ღვთიური კანონების შესახებ, მაგრამ ისინი „თავიანთი ბუნებით ასრულებდნენ იმას, რაც კანონშია“. რატომ იყო მათი საზოგადოებისთვის მიუღებელი სისხლის აღრევა, მკვლელობა და ქურდობა? პავლეს მოჰყავს მიზეზი — მათ ჰქონდათ სინდისი (წაიკითხეთ რომაელების 2:14, 15 ).

16. რატომ სცოდავენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ სინდისი აქვთ?

16 მიუხედავად იმისა, რომ სინდისი ყველას აქვს, ყველა არ უსმენს ამ შინაგან ხმას, და არ ხელმძღვანელობს მისით. ეს ჩანს ძველი ისრაელის მაგალითიდან. თუმცა მათ ჰქონდათ როგორც ღვთისგან ბოძებული სინდისი, ასევე კანონები, რომლებიც კრძალავდა ქურდობასა და მრუშობას, ისინი ხშირად უგულებელყოფდნენ, როგორც საკუთარი სინდისის ხმას ისე იეჰოვას კანონებს (რომ. 2:21—23). ეჭვგარეშეა, ისინი დამნაშავეები და, აქედან გამომდინარე, ცოდვილები იყვნენ, რადგან არღვევდნენ ღვთის ნორმებს და არ ასრულებდნენ მის ნებას. ამან უარყოფითი გავლენა იქონია თავიანთ შემოქმედთან მათ ურთიერთობაზე (ლევ. 19:11; 20:10; რომ. 3:20).

17. რა გამამხნევებელი აზრია მოცემული წიგნში „რომაელები“?

17 ის, რაც წიგნში „რომაელები“ განვიხილეთ, ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის, თითქოს ადამიანების, და მათ შორის ჩვენი, მდგომარეობა ღვთის წინაშე ძალიან სავალალოა. მაგრამ პავლე ფსალმუნის 32:1, 2-დან დავითის სიტყვებს ციტირებს და მსჯელობას ასე განაგრძობს: „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც უკანონო საქმეები ეპატიათ და ვისი ცოდვებიც დაიფარა. ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (რომ. 4:7, 8). დიახ, ღმერთმა შესაძლებელი გახადა ადამიანებისთვის ცოდვების პატიება ისე, რომ თავისი სამართლიანი ნორმები არ დაერღვია.

სასიხარულო ცნობა იესოს შესახებ

18, 19. ა) რომაელებისთვის მიწერილ წერილში სასიხარულო ცნობის რომელ მხარეზე გაამახვილა პავლემ ყურადღება? ბ) რა უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ მივიღოთ ღვთის სამეფოს კურთხევები?

18 როდესაც დაფიქრდებით, თუ რა გააკეთა იეჰოვამ ადამიანებისთვის, იტყვით, რომ ეს ნამდვილად სასიხარულო ცნობაა. და ეს მართლაც ასეა. ამას მივყავართ სასიხარულო ცნობის იმ მხარემდე, რომელიც პავლემ ხაზგასმით აღნიშნა რომაელებისთვის მიწერილ წერილში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პავლემ დაწერა: „არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:15, 16).

19 ეს სასიხარულო ცნობა ღვთის განზრახვის შესრულებაში იესოს როლზე ამახვილებს ყურადღებას. პავლე მოელოდა „დღეს, როცა ღმერთი ქრისტე იესოს მეშვეობით ადამიანთა ფარულ საქმეებს გაასამართლებდა . . . სასიხარულო ცნობის მიხედვით“ (რომ. 2:16). ასეთი სახით ის სულაც არ ამცირებდა „ღვთისა და ქრისტეს სამეფოს“ მნიშვნელოვნებას, ანუ იმას, რასაც ღმერთი ამ სამეფოს მეშვეობით გააკეთებდა (ეფეს. 5:5). მაგრამ, როგორც დავინახეთ, იმისათვის რომ ვიცოცხლოთ და იმ კურთხევებით დავტკბეთ, რომელსაც სამეფო მოგვიტანს, უნდა ვაღიაროთ, რომ 1) ღვთის თვალში ცოდვილები ვართ და 2) ჩვენი ცოდვების პატიებისთვის აუცილებელია იესო ქრისტესადმი რწმენის გამოვლენა. როდესაც ადამიანს ეს ესმის, ღვთის ნების შესაბამისად მოქმედებს და ხედავს, რა კურთხევებს მოუტანს ღვთის სამეფო, მას შეუძლია თქვას: „ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა!“

20, 21. მსახურებისას რატომ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის რომაელებისთვის მიწერილ წერილში არაერთხელ მოხსენიებული სასიხარულო ცნობა და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან?

20 ქრისტიანული მსახურებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სასიხარულო ცნობის ეს მხარე. იესოს შესახებ საუბრისას, პავლეს ესაიას სიტყვები მოჰყავს: „არავის გაუცრუვდება იმედი, ვისაც სწამს იგი“ (რომ. 10:11; ეს. 28:16). ეს ინფორმაცია უცხო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან, რას ამბობს ბიბლია ცოდვაზე. მაგრამ სხვებისთვის ეს ინფორმაცია სრულიად ახალია. მათ არაფერი იციან იესოზე ან არ სწამთ მისი. იმისათვის, რომ ასეთმა ადამიანებმა ირწმუნონ ღმერთი და ენდონ ბიბლიას, საჭიროა მათ იესოს როლი ავუხსნათ. მომდევნო სტატიაში შევისწავლით, როგორ არის განხილული სასიხარულო ცნობის ეს მხარე რომაელების მე-5 თავში. ამ სტატიაში ნასწავლი მსახურებაში გამოგვადგება.

21 მართლაც კურთხევების მომტანია, დავეხმაროთ გულწრფელ ადამიანებს რომაელებისთვის მიწერილ წერილში არაერთხელ მოხსენიებული სასიხარულო ცნობის გაგებაში, რადგან ის „ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად“ (რომ. 1:16). გარდა ამისა, დავინახავთ, რომ სხვებიც იზიარებენ პავლეს გრძნობას, რომელიც რომაელების 10:15-შია ჩაწერილი: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ (ეს. 52:7).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 მსგავსი გამოთქმები გვხვდება ღვთივშთაგონებით დაწერილ სხვა წიგნებშიც (მარ. 1:1; საქ. 5:42; 1 კორ. 9:12; ფილ. 1:27).

გახსოვთ?

• წიგნ „რომაელებში“ სასიხარულო ცნობის რომელ მხარეზეა ყურადღება გამახვილებული?

• რის გაგებაში უნდა დავეხმაროთ სხვებს?

• როგორ შეიძლება „სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ“ კურთხევა იყოს, როგორც ჩვენთვის, ისე სხვებისთვის?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 8 გვერდზე]

წიგნ „რომაელებში“ ხაზგასმით მოხსენიებული სასიხარულო ცნობა ეხება ღვთის განზრახვაში იესოს მნიშვნელოვან როლს

[სურათი 9 გვერდზე]

ჩვენ ყველანი დაბადებიდანვე ცოდვილები ვართ