არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?

ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?

ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?

„ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფეს. 5:10).

1, 2. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვას სურს, გავიხაროთ ცხოვრებით? ბ) რისკენ აღგვძრავს ის, რომ დასვენებასა და გართობას ღვთის საჩუქრად მივიჩნევთ?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს არა მარტო ვიცოცხლოთ, არამედ გავიხაროთ ცხოვრებით. მაგალითად, ფსალმუნის 104:14, 15-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა უზრუნველგვყოფს საკვებით, „გვაძლევს ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს, ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს, და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს“. მართლაც, იეჰოვა გვაძლევს არსებობისთვის საჭირო საკვებს. მისი წყალობით გვაქვს მარცვლეული, ზეთი და ღვინო. თუმცა ღვინო სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის, ის „გულს ახალისებს“ (ეკლ. 9:7; 10:19). იეჰოვას სურს, რომ სიცოცხლით გავიხაროთ და „სიხარულით გვივსებს გულებს“ (საქ. 14:16, 17).

2 თავი დამნაშავედ არ უნდა ვიგრძნოთ, თუ გარკვეულ დროს „ცის ფრინველებისა“ და „მინდვრის შროშანების“ დაკვირვებას ვუთმობთ ან ისეთი საქმეებით ვართ დაკავებული, რომლებიც გვახალისებს და ცხოვრებას გვილამაზებს (მათ. 6:26, 28; ფსალმ. 8:3, 4). ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება „ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). თუ დასვენებას ღვთის საჩუქრად მივიჩნევთ, ეს აღგვძრავს დასვენებისთვის და გართობისთვის განკუთვნილი დრო ღვთის მოსაწონად გამოვიყენოთ. *

მრავალფეროვნება და ზომიერება

3. რატომ ირჩევენ ადამიანები გართობის სხვადასხვა საშუალებას?

3 მათ, ვისაც გართობასა და დასვენებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი აქვთ, შეუძლიათ სხვადასხვა სახით დაისვენონ, მაგრამ ამავე დროს ზომიერების ფარგლებს არ უნდა გასცდნენ. რას ნიშნავს ეს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდით, გართობა საკვებს შევადაროთ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კერძია პოპულარული. ის, რაც ერთი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მადის აღმძვრელია, სხვებისთვის შეიძლება პირიქით იყოს. მსგავსადვე, ის, რასაც ერთ ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანები სასიამოვნო გართობად მიიჩნევენ, სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებს შეიძლება სულაც არ ხიბლავდეთ. ერთ ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანებსაც კი შეიძლება დასვენებასა და გართობაზე სხვადასხვა შეხედულება ჰქონდეთ. მაგალითად, ვიღაცისთვის კარგი წიგნის კითხვა დროის სასიამოვნოდ გატარებაა, სხვები კი ამას მოსაწყენად თვლიან; ვიღაცა შეიძლება ველოსიპედით გასეირნებას სასიამოვნო დასვენებად მიიჩნევდეს, სხვებისთვის კი ეს შეიძლება დამღლელი იყოს. ფაქტია, როგორც საკვებია ათასგვარი, ასევე გართობის მრავალფეროვანი საშუალება არსებობს, და სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა არჩევანს აკეთებს (რომ. 14:2—4).

4. რატომ არ უნდა გავცდეთ ზომიერების ფარგლებს გართობის არჩევისას? მოიყვანეთ მაგალითი.

4 მაგრამ ისიც გვესმის, რომ გართობის მრავალფეროვნება იმის უფლებას არ გვაძლევს, განურჩევლად ყველაფრით გავერთოთ. დავუბრუნდეთ საკვების მაგალითს. შესაძლოა, გვიყვარს ნაირფეროვანი საკვები, მაგრამ გაფუჭებულს ან გახრწნილს პირსაც არ დავაკარებთ. ასეთი საკვების ჭამა ნამდვილად არ იქნებოდა გონივრული და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიდა. მსგავსადვე, გვაქვს საშუალება, სხვადასხვა სახის ჯანსაღი გართობა ავირჩიოთ, მაგრამ ჩვენი თავისუფალი დროიდან ერთ წუთსაც არ დავუთმობთ სიცოცხლისთვის საშიშ, ძალადობრივ ან ზნეობრივად გამხრწნელ გართობას. ასეთი გართობა ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ ზომიერების ფარგლებს არ გავცდეთ, საჭიროა, წინასწარ განვსაზღვროთ, არის თუ არა ჩვენთვის მოსაწონი გართობის სახეობა ქრისტიანისთვის შესაფერისი (ეფეს. 5:10). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

5. როგორ განვსაზღვროთ შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ არჩეული გართობა ღვთის ნორმებს?

5 გართობა სასარგებლოც და იეჰოვას მოსაწონიც რომ იყოს, ღვთის სიტყვაში ჩაწერილ გარკვეულ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს (ფსალმ. 86:11). იმის განსასაზღვრავად, ასეთი არის თუ არა თქვენ მიერ არჩეული გართობა, დაფიქრდით სამ მარტივ შეკითხვაზე: რა, რამდენი და ვისთან ერთად? მოდი, განვიხილოთ თითოეული მათგანი.

რა შედის ქრისტიანისთვის შესაფერის დასვენებაში?

6. რა სახის გართობაზე უნდა ვთქვათ უარი და რატომ?

6 გართობის რომელიმე სახეობის არჩევამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: რა სახის გართობა მიზიდავს? კარგი იქნებოდა, ყოველთვის გხსომებოდათ, რომ გართობის ყველა სახეობა შეიძლება ორ ჯგუფში გაერთიანდეს. პირველ ჯგუფში შემავალ გართობაზე ქრისტიანი კატეგორიულ უარს ამბობს; მეორე ჯგუფში შემავალ გართობაზე კი შეიძლება უარი არ თქვას. რა სახის გართობა შედის პირველ ჯგუფში? ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გართობათა უმეტესობა ისეთია, რომ აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებსა თუ ღვთის კანონებს (1 იოან. 5:19). ჭეშმარიტი ქრისტიანები გართობის ყველა ასეთ სახეობაზე მტკიცე უარს ამბობენ. ამგვარი გართობებისთვის დამახასიათებელია სადიზმი, დემონიზმი, ჰომოსექსუალიზმი, პორნოგრაფია, ძალადობა ან ის, რაც სხვა შემზარავ უზნეობას განადიდებს (1 კორ. 6:9, 10; წაიკითხეთ გამოცხადების 21:8 ). მნიშვნელობა არა აქვს, თუ სად ვცხოვრობთ, მსგავსი გართობის უგულებელყოფით ცხადვყოფთ, რომ გვეზიზღება ბოროტება (რომ. 12:9; 1 იოან. 1:5, 6).

7, 8. როგორ განვსაზღვროთ მისაღებია თუ არა გართობის ესა თუ ის სახეობა? მოიყვანეთ მაგალითი.

7 მეორე ჯგუფში შედის გართობის ისეთი სახეობები, რომლებზეც კარგად დაფიქრებაა საჭირო, რადგან ღვთის სიტყვა პირდაპირ არ განსჯის მათ. სანამ ავირჩევდეთ, გავერთოთ თუ არა ასეთი სახის გართობით, საჭიროა საგულდაგულოდ ავწონ-დავწონოთ და შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ის ბიბლიურ პრინციპებს და განვსაზღვროთ, არის თუ არა იეჰოვასთვის მოსაწონი (იგავ. 4:10, 11). შემდეგ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ სუფთა სინდისი შევინარჩუნოთ (გალ. 6:5; 1 ტიმ. 1:19). როგორ შეიძლება ამის გაკეთება? დავფიქრდეთ შემდეგზე: ახალი კერძის ჭამამდე ჯერ, ალბათ, იმას გავიგებდით, თუ რისგან არის ის მომზადებული, ანუ რა ინგრედიენტებს შეიცავს. მსგავსადვე, გართობის რომელიმე სახეობის არჩევამდე საჭიროა, გავიგოთ, რა შედის ასეთი სახით დასვენებაში (ეფეს. 5:17).

8 მაგალითად, შეიძლება მოგწონთ სპორტის ესა თუ ის სახეობა, და ეს ნორმალურია. ზოგიერთი მათგანი სახალისო და სასიამოვნოა. მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ სპორტის ისეთი სახეობა გიზიდავთ, რომელიც მეტოქეობის სულს აღვივებს, დიდ რისკთანაა დაკავშირებული, თავაშვებულობით გამოირჩევა, ნაციონალიზმის ელფერი დაჰკრავს ან სხვა მსგავს „ინგრედიენტებს“ შეიცავს? კარგად დაფიქრების შემდეგ ალბათ დაინახავთ, რომ ეს იეჰოვასთვის მოსაწონი არ არის და არ შეესაბამება მშვიდობისა და სიყვარულის შესახებ ცნობას, რომელსაც სხვებს ვუქადაგებთ (ეს. 61:1; გალ. 5:19—21). მეორე მხრივ, თუ გართობა იეჰოვასთვის მოსაწონ „ინგრედიენტებს“ შეიცავს, ის ნამდვილად სასარგებლო და გამომაცოცხლებელი იქნება (გალ. 5:22, 23; წაიკითხეთ ფილიპელების 4:8 ).

რამდენი დრო დავუთმოთ გართობას?

9. რა ჩანს ჩვენი პასუხიდან კითხვაზე, რამდენი დრო უნდა დავუთმოთ გართობას?

9 რამდენი დრო დავუთმოთ გართობას? ეს არის მეორე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. პირველ კითხვაზე პასუხიდან ჩანს, თუ რისკენ ვართ მიდრეკილი, ანუ რას ვთვლით მისაღებად და რას — არა. მაგრამ მეორე კითხვაზე პასუხიდან ჩანს, რას ვანიჭებთ უპირატესობას, ანუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა — უმნიშვნელო. რა დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში გართობის იმ სახეობას, რომელსაც მისაღებად ვთვლით?

10, 11. როგორ გვეხმარება მათეს 6:33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები იმის განსაზღვრაში, თუ რამდენი დრო დავუთმოთ გართობას?

10 იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარ. 12:30). ასე რომ, იეჰოვას სიყვარული პირველ ადგილზე უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში. ამას ცხადვყოფთ, თუ მივყვებით იესოს მითითებას: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33). როგორ დაგვეხმარება ეს მითითება იმის განსაზღვრაში, რამდენ დროს უნდა ვუთმობდეთ და რამდენად მნიშვნელოვნად მივიჩნევდეთ გართობას?

11 ყურადღება მიაქციეთ შემდეგ დეტალს — იესომ მოგვიწოდა, უპირველესად ვეძებოთ სამეფო. მას არ უთქვამს, რომ ვეძებოთ მხოლოდ სამეფო. ცხადია, იესომ იცოდა, რომ სამეფოს გარდა ცხოვრებაში ბევრი სხვა რამეც გვაქვს „საძებნი“. გვჭირდება სახლი, საკვები, ტანსაცმელი, გარკვეული განათლება, სამუშაო, დასვენება და სხვა. მაგრამ ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზე სამეფოს ინტერესები უნდა იყოს (1 კორ. 7:29—31). ამ ძირითადმა ჭეშმარიტებამ უნდა აღგვძრას, რომ მეორეხარისხოვან საქმიანობას, მათ შორის გართობას, ისეთი ადგილი მივუჩინოთ ცხოვრებაში, რომ შეგვეძლოს პირველხარისხოვანი საქმის, სამეფოს საქმის, შესრულება. თუ ამგვარად მოვიქცევით, ზომიერად დასვენება სარგებლობას მოგვიტანს.

12. როგორ შეიძლება ლუკას 14:28-ში ჩაწერილი პრინციპის დასვენებასთან დაკავშირებით გამოყენება?

12 ამგვარად, როდესაც საქმე გართობისთვის დროის დათმობას ეხება, კარგი იქნება, წინასწარ „გამოვთვალოთ ხარჯები“ (ლუკ. 14:28). საჭიროა, განვსაზღვროთ, რა დაგვიჯდება, ანუ რამდენ დროს დავხარჯავთ მასზე. შემდეგ უნდა განვსაზღვროთ, ღირს კი ამდენი დროის დახარჯვა? თუ გართობას ეწირება დრო, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გვჭირდება, როგორიცაა ბიბლიის პირადი შესწავლა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ან სამეფოს შესახებ ქადაგება, მაშინ ნამდვილად არ ღირს ამგვარად დასვენება (მარ. 8:36). მაგრამ, თუ დასვენება სამეფო საქმის შესასრულებლად ძალებს გვმატებს, არ უნდა დაგვენანოს დრო, რომელსაც ასეთ დასვენებას ვახმართ.

ვისთან ერთად დავისვენოთ?

13. რატომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, ვისთან ერთად დავისვენებთ?

13 ვისთან ერთად დავისვენოთ? ეს კი მესამე კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ. მნიშვნელოვანია, ამასაც მივაქციოთ ყურადღება. რატომ? ის, თუ როგორ დავისვენებთ, დიდად არის დამოკიდებული იმაზე, ვისთან ერთად დავისვენებთ. როგორც კარგ მეგობრებთან ერთად ჭამაა სასიამოვნო, ასევე გართობაც ხშირად უფრო სასიამოვნოა მაშინ, როცა ჩვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად ვისვენებთ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ უმეტესობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, გართობა სხვებთან ერთად უყვართ. მაგრამ დასვენებამ რომ სარგებლობა მოგვიტანოს, გონივრული იქნებოდა წინასწარ იმის განსაზღვრა, ვისთან გავერთობოდით და ვისთან — არა (2 მატ. 19:2; წაიკითხეთ იგავების 13:20; იაკ. 4:4).

14, 15. ა) რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ მეგობრების სწორად არჩევასთან დაკავშირებით? ბ) რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როცა საქმე მეგობრების არჩევას ეხება?

14 იესოს მაგალითი ამ საკითხშიც ძალიან დაგვეხმარება. მას ადამიანები შექმნიდანვე უყვარდა (იგავ. 8:31). დედამიწაზე ყოფნისას ის ყველანაირი ადამიანისადმი ავლენდა სიყვარულს (მათ. 15:29—37). მაგრამ იესო აკეთებდა განსხვავებას კარგ დამოკიდებულებასა და ახლო მეგობრობას შორის. ის მეგობრული იყო ყველას მიმართ, მაგრამ ახლო მეგობრობა მხოლოდ მათთან ჰქონდა, ვინც გარკვეულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა. თავის 11 მოციქულს იესომ უთხრა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:14; იხილეთ აგრეთვე იოანეს 13:27, 30). იესო მეგობრებად მხოლოდ მათ მიიჩნევდა, ვინც მას მიჰყვებოდა და იეჰოვას ემსახურებოდა.

15 აქედან გამომდინარე, როდესაც მეგობრის არჩევაზე ვფიქრობთ, გონივრული იქნებოდა, გვხსომებოდა იესოს სიტყვები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: სიტყვითა და საქმით ცხადყოფს ეს ადამიანი, რომ ემორჩილება იეჰოვასა და იესოს მითითებებს? ისიც იმავე ბიბლიური ფასეულობებითა და ზნეობრივი ნორმებით ცხოვრობს, როგორითაც მე? შემიწყობს ხელს მასთან ურთიერთობა, პირველ ადგილზე დავაყენო სამეფო, და იეჰოვას ერთგულად ვემსახურო? თუ ამ კითხვებზე პასუხები დადებითია, თქვენ უკვე გიპოვიათ კარგი მეგობარი, ვისთან ერთადაც სასიამოვნოდ გაატარებდით დროს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:63; 2 კორ. 6:14; 2 ტიმ. 2:22).

„ჩააბარებს გამოცდას“ ჩვენ მიერ არჩეული დასვენება?

16. რაზე უნდა დავფიქრდეთ გართობის არჩევისას?

16 ჩვენ განვიხილეთ გართობასთან დაკავშირებული სამი საკითხი: ხარისხი, რაოდენობა და კომპანია. დასვენება რომ სასარგებლო იყოს, აუცილებელია თითოეული მათგანი ბიბლიურ ნორმებს შევუსაბამოთ. დასვენების არჩევამდე მას უნდა „ჩავუტაროთ გამოცდა“. როცა საქმე ეხება ხარისხს, უნდა დავფიქრდეთ: რა შედის ქრისტიანისთვის შესაფერის დასვენებაში? ჯანსაღია ის თუ ზნეობრივად გამხრწნელი? (იგავ. 4:20—27). რაც შეეხება რაოდენობას, უნდა გამოვიკვლიოთ: რამდენ დროს ვუთმობ გართობას? ძალიან ბევრს ხომ არა? (1 ტიმ. 4:8). ხოლო, როცა საქმე კომპანიას ეხება, უნდა დავფიქრდეთ: ვისთან ერთად ვისვენებთ? კარგი საზოგადოებაა ისინი თუ ცუდი? (ეკლ. 9:18; 1 კორ. 15:33).

17, 18. ა) როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ არჩეული გართობა ბიბლიურ ნორმებს? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი გართობის არჩევასთან დაკავშირებით?

17 თუ ამ სამ საკითხში გართობა არ შეესაბამება ბიბლიურ ნორმებს, მაშინ მან „გამოცდა ვერ ჩააბარა“. ხოლო, თუ ჩვენ მიერ არჩეული გართობა ბიბლიურ ნორმებს შეესაბამება, მაშინ ის განადიდებს იეჰოვას და სარგებლობას მოგვიტანს ჩვენ (ფსალმ. 119:33—35).

18 ამიტომ, როდესაც საქმე გართობის არჩევას ეხება, ვეცადოთ შევარჩიოთ სათანადო გართობა, დავუთმოთ სათანადო დრო და დავისვენოთ სათანადო ადამიანებთან. მოდი, თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მივიტანოთ ბიბლიური რჩევა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორ. 10:31).

[სქოლიო]

^ აბზ. 2 ამ სტატიაში სიტყვები „დასვენება“ და „გართობა“ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება და მიუთითებს დროზე, რომელსაც ძალების აღსადგენად და სიამოვნების მისაღებად ვიყენებთ.

შეგიძლიათ ახსნათ?

დასვენებასთან დაკავშირებით, როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ შემდეგი ბიბლიური პრინციპები . . .

ფილიპელები 4:8?

მათე 6:33?

იგავები 13:20?

[სასწავლო კითხვები]

[დიაგრამა 9 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რა

[დიაგრამა 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

როდის

[დიაგრამა 12 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ვისთან ერთად

[სურათი 10 გვერდზე]

როგორ მივბაძოთ ქრისტეს მაგალითს მეგობრებისა და დასვენების არჩევასთან დაკავშირებით?