დაეხმარეთ მამაკაცებს სულიერ წინსვლაში
დაეხმარეთ მამაკაცებს სულიერ წინსვლაში
„ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10).
1, 2. ა) როგორ ეხმაურებოდნენ მამაკაცები იესოს ქადაგებას? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
გალილეაში მსახურების დროს იესო და მისი მოწაფეები ერთხელ ნავით უკაცრიელ ადგილას წავიდნენ. მაგრამ ხალხი ფეხით გაჰყვა მათ. იმ დღეს იქ მივიდა „ხუთი ათასამდე კაცი . . . თუ არ ჩავთვლით ქალებსა და ბავშვებს“ (მათ. 14:21). სხვა დროს, განკურნებისა და მოსმენის მიზნით, იესოსთან ქალებისა და ბავშვების გარდა, ოთხი ათასი კაცი მივიდა (მათ. 15:38). როგორც ჩანს, მათ შორის, ვისაც იესოს სწავლებები აინტერესებდა, მრავალი მამაკაცი იყო. მაგრამ იესო მოელოდა, რომ ჭეშმარიტებას სხვა მრავალიც გაიგებდა. ამიტომ, როცა მოწაფეებს თევზი სასწაულებრივად დააჭერინა, სიმონს უთხრა: „ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკ. 5:10). იესოს მოწაფეებს ბადეები კაცობრიობის „ზღვაში“ უნდა ესროლათ და მრავალი მამაკაცის დაჭერის მოლოდინი ჰქონოდათ.
2 მსგავსადვე, მამაკაცები დღესაც ინტერესდებიან ბიბლიური ცნობით და იწყებენ შესწავლას (მათ. 5:3). მაგრამ ზოგიერთი მათგანი სულიერად წინ ვერ მიიწევს. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ასეთებს? იესო მამაკაცებს განსაკუთრებულად არ უქადაგებდა, თუმცა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას. იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ მამაკაცებს გაუმკლავდნენ დღეს არსებულ სამ ძირითად პრობლემას: 1) თავის რჩენას, 2) იმის შიშს, თუ რას იტყვიან სხვები და 3) არასრულფასოვნების გრძნობას.
თავის რჩენა
3, 4. ა) რა არის მამაკაცების უმრავლესობის უმთავრესი საზრუნავი? ბ) რატომ აყენებს ზოგიერთი მამაკაცი მატერიალურ უზრუნველყოფას სულიერ მიზნებზე წინ?
3 ერთმა მწიგნობარმა იესოს უთხრა: „მოძღვარო, სადაც წახვალ, ყველგან გამოგყვები“. მაგრამ როდესაც იესომ უთხრა, რომ „კაცის ძეს . . . თავის დასადები ადგილი არ გააჩნია“, მწიგნობარმა აზრი შეიცვალა. ბიბლიიდან არ ჩანს, გახდა თუ არა ის იესოს მიმდევარი. შესაძლოა მწიგნობარი ზედმეტად ფიქრობდა, სად იცხოვრებდა და თავს რით ირჩენდა (მათ. 8:19, 20).
4 მამაკაცები მატერიალურ უზრუნველყოფას ხშირად აყენებენ სულიერ მიზნებზე წინ. უმრავლესობა მათგანისთვის ცხოვრებაში უმთავრესი უმაღლესი განათლება და მაღალანაზღაურებადი სამსახურია. მათი აზრით, ფული უფრო საჭიროა და უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ადამიანს, ვიდრე ბიბლიის შესწავლა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. ბიბლიური სწავლებები შეიძლება ეხება მათ გულს, მაგრამ „ქვეყნიერების საზრუნავი [და] სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ აშთობს მათ ინტერესს (მარ. 4:18, 19). განვიხილოთ, როგორ ეხმარებოდა იესო თავის მოწაფეებს პრიორიტეტების დადგენაში.
5, 6. რა დაეხმარა ანდრიას, პეტრეს, იაკობსა და იოანეს, რომ პირველ ადგილზე სამქადაგებლო საქმიანობა დაეყენებინათ და არა მატერიალურზე ზრუნვა?
5 ანდრია და მისი ძმა სიმონ პეტრე მეთევზეები იყვნენ. აგრეთვე მეთევზეობით ირჩენდნენ თავს იოანე და მისი ძმა იაკობი, თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად. მათ საქმე იმდენად კარგად მისდიოდათ, რომ მუშების დაქირავებაც კი შეეძლოთ (მარ. 1:16—20). როდესაც იოანე ნათლისმცემლისგან ანდრიამ და იოანემ პირველად გაიგეს იესოს შესახებ, დარწმუნებული იყვნენ, რომ მესია იპოვეს. ანდრიამ ეს ამბავი თავის ძმა სიმონ პეტრეს აცნობა, იოანემ კი, შესაძლოა — თავის ძმა იაკობს (იოან. 1:29, 35—41). ამის შემდეგ, თვეების განმავლობაში, ოთხივე თან ახლდა იესოს, როცა ის გალილეაში, იუდეასა და სამარიაში ქადაგებდა. მოგვიანებით ისინი კვლავ მეთევზეობას დაუბრუნდნენ. მათ აინტერესებდათ სულიერი საკითხები, მაგრამ მსახურება მათ ცხოვრებაში პირველ ადგილზე არ იდგა.
6 გარკვეული ხნის შემდეგ, იესომ პეტრეს და ანდრიას მოუწოდა, გაჰყოლოდნენ მას და „ადამიანთა მებადურები“ გამხდარიყვნენ. როგორ გამოეხმაურნენ ისინი? „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“. მსგავსადვე მოიქცნენ იაკობი და იოანე. მათაც „მაშინვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ“ (მათ. 4:18—22). რა დაეხმარა ამ მამაკაცებს, სრული დროით მსახურება დაეწყოთ? ხომ არ იყო ეს დაუფიქრებელი და ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, არა. თვეების განმავლობაში ისინი უსმენდნენ იესოს, ხედავდნენ მის მიერ მოხდენილ სასწაულებს და იმას, თუ რა გულმოდგინედ იცავდა სიმართლეს. ისინი თავად იყვნენ იმის მოწმენი, რომ იესოს ქადაგებას ბევრი ეხმაურებოდა. შედეგად იეჰოვასადმი მათი რწმენა და ნდობა უფრო განმტკიცდა.
7. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში?
7 როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და ბიბლიის შემსწავლელებს დავეხმაროთ, განივითარონ იეჰოვასადმი ნდობა? (იგავ. 3:5, 6). დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ვასწავლით. სწავლებისას კარგი იქნება, თუ ყურადღებას გავამახვილებთ ღვთის დაპირებაზე, რომ ის უხვად გვაკურთხებს, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ (წაიკითხეთ მალაქიას 3:10; მათეს 6:33 ). შეგვიძლია, ბიბლიიდან დავანახვოთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ჩვენი მაგალითიდანაც ბევრს სწავლობენ. როცა შემსწავლელს ვუყვებით, პირადად ჩვენ როგორ დაგვეხმარა იეჰოვა, ეს მას იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში ეხმარება. აგრეთვე შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული გამამხნევებელი შემთხვევები. *
8. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის შემსწავლელისთვის, „იგემოს და ნახოს, რომ კარგია იეჰოვა“? ბ) როგორ აღვძრათ შემსწავლელი, პირადად გამოსცადოს, რომ იეჰოვა კარგია?
8 ძლიერი რწმენის განვითარებისთვის უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე იმის წაკითხვა და მოსმენა, როგორ აკურთხა იეჰოვამ სხვები. ბიბლიის შემსწავლელმა პირადად უნდა გამოსცადოს იეჰოვას სიკეთე. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას“ (ფსალმ. 34:8). როგორ დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელს იმის დანახვაში, რომ კარგია იეჰოვა? დავუშვათ, მას ფინანსური პრობლემები აქვს. ამავე დროს ის ცდილობს დასძლიოს ცუდი ჩვევა, მაგალითად, მოწევა, აზარტული თამაშები ან გადამეტებული სმა (იგავ. 23:20, 21; 2 კორ. 7:1; 1 ტიმ. 6:10). კარგი იქნება, თუ ვურჩევთ, ღმერთს ლოცვით მიმართოს და სთხოვოს, დაეხმაროს ამ ცუდი ჩვევის დაძლევაში. შედეგად ის პირადად გამოსცდის, რომ იეჰოვა კარგია. წარმოიდგინეთ, როგორ შედეგებს მივაღწევთ, თუ შემსწავლელს აღვძრავთ, ყოველკვირეულად შეისწავლოს ბიბლია, მოემზადოს კრების შეხვედრებისთვის, დაესწროს მათ და ასეთი სახით პირველ ადგილზე სულიერი საკითხები დააყენოს. დიახ, როცა ის პირადად დაინახავს, რომ იეჰოვამ აკურთხა მისი ძალისხმევა, რწმენა უფრო და უფრო გაუძლიერდება.
იმის შიში, თუ რას იტყვიან სხვები
9, 10. ა) რატომ მალავდნენ ნიკოდემე და იოსებ არიმათეელი, რომ აინტერესებდათ იესოს სწავლებები? ბ) რატომ იკავებს ზოგი მამაკაცი თავს, გახდეს ქრისტეს მიმდევარი?
9 ზოგი თავს იკავებს, გახდეს იესოს მიმდევარი იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები. ნიკოდემესა და იოსებ არიმათეელს აინტერესებდათ იესოს სწავლებები, მაგრამ მალავდნენ ამას, რადგან ეშინოდათ, თუ რას იტყოდნენ ან რას იზამდნენ სხვა იუდეველები (იოან. 3:1, 2; 19:38). ეს შიში არ იყო საფუძველს მოკლებული. რელიგიურ წინამძღოლებს იმდენად სძულდათ იესო, რომ სინაგოგიდან მოკვეთით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მისადმი რწმენას გამოავლენდა (იოან. 9:22).
10 ზოგ ქვეყანაში დღეს, თუ მამაკაცი ავლენს ინტერესს ღვთისადმი, ბიბლიის ან რელიგიისადმი, შეიძლება
წინააღმდეგობას შეხვდეს თანამშრომლების, მეგობრების ან ნათესავების მხრიდან. ზოგან რელიგიის შეცვლის შესახებ საუბარიც კი შეიძლება სახიფათო იყოს. წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება განსაკუთრებით მაშინ იყოს რთული, როცა მამაკაცი სამხედროა, პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა ან რაიმე თანამდებობა უკავია. მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა აღიარა: „რასაც თქვენ, იეჰოვას მოწმეები, ბიბლიის შესახებ ქადაგებთ, ჭეშმარიტებაა. მაგრამ მე რომ დღეს იეჰოვას მოწმე გავხდე, ხვალ ამის შესახებ ყველა გაიგებს. რას იფიქრებენ თანამშრომლები, მეზობლები ან ოჯახის წევრები? ამას ნამდვილად ვერ ავიტან“.11. როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, დაეძლიათ კაცთმოშიშება?
11 იესოს მოციქულები არ იყვნენ მშიშრები, თუმცა კაცთმოშიშებასთან მაინც უწევდათ ბრძოლა (მარ. 14:50, 66—72). როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს, წინააღმდეგობის მიუხედავად, სულიერად გაზრდილიყვნენ? იესომ მოამზადა ისინი მომავალი განსაცდელებისთვის. მან თქვა: „ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ, თავიდან გიშორებენ, გლანძღავენ და თქვენს სახელს ბოროტად მიიჩნევენ კაცის ძის გამო“ (ლუკ. 6:22). იესომ გააფრთხილა მოწაფეები, რომ „კაცის ძის გამო“ მათაც გალანძღავდნენ. მან დაარწმუნა, რომ თუ იეჰოვას დახმარებასა და ძალას სთხოვდნენ, ის მხარში ამოუდგებოდა მათ (ლუკ. 12:4—12). იესომ ახლებსაც მოუწოდა, ეთანამშრომლათ მოციქულებთან და ყოფილიყვნენ მათი მეგობრები (მარ. 10:29, 30).
12. როგორ დავეხმაროთ ახლებს, დასძლიონ კაცთმოშიშება?
12 ჩვენც უნდა დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დასძლიონ კაცთმოშიშება. განსაცდელების გადატანა უფრო ადვილია მაშინ, როცა წინასწარ ვართ ამისთვის მზად (იოან. 15:19). მაგალითად, კარგი იქნება, თუ ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით მარტივი შეთავაზების მომზადებაში. აგრეთვე ვასწავლით, როგორ უპასუხოს ბიბლიის დახმარებით თანამშრომლების ან სხვების მიერ დასმულ კითხვებს. ჩვენ კი ვმეგობრობთ ბიბლიის შემსწავლელთან, მაგრამ კარგი იქნებოდა მისთვის კრების სხვა წევრებიც გაგვეცნო, განსაკუთრებით ისინი, ვინც შეიძლება მსგავს სიტუაციაში იყო. ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვასწავლოთ გულწრფელად და რეგულარულად ლოცვა. ლოცვის მეშვეობით ის დაუახლოვდება ღმერთს და იეჰოვა გახდება მისი თავშესაფარი და კლდე (წაიკითხეთ ფსალმუნის 94:21—23; იაკობის 4:8 ).
არასრულფასოვნების გრძნობა
13. როგორ შეიძლება არასრულფასოვნების გრძნობის გამო ზოგმა თავი შეიკავოს თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობისგან?
13 ზოგიერთი მამაკაცი თავს იკავებს თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობისგან იმის გამო, რომ კარგად ვერ კითხულობს, აზრების გასაგებად გადმოცემა უჭირს ან, უბრალოდ, მორცხვია. ზოგს კი არ შეუძლია საჯაროდ გამოხატოს თავისი შეხედულებები და გრძნობები. მათ შესწავლების ჩატარება, ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება და თავიანთ რწმენაზე სხვებთან საუბარი გადაულახავ პრობლემად ეჩვენებათ. ერთი ქრისტიანი ძმა აღიარებს: „როცა ახალგაზრდა ვიყავი, კარდაკარ მსახურების დროს სწრაფად მივიდოდი კართან, თავს ისე მოვაჩვენებდი თითქოს ზარს ვრეკავდი და შემდეგ ჩუმად მოვდიოდი იმ იმედით, რომ ვერავინ გაიგებდა და დამინახავდა . . . იმაზე ფიქრიც კი ცუდად მხდიდა, რომ კარდაკარ უნდა წავსულიყავი“.
14. რატომ ვერ შეძლეს იესოს მოწაფეებმა დემონით შეპყრობილი ბიჭის განკურნება?
14 შესაძლოა, იესოს მოწაფეებიც განიცდიდნენ არასრულფასოვნების გრძნობას, როცა დემონით შეპყრობილი ბიჭი ვერ განკურნეს. ბიჭის მამა იესოსთან მივიდა და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ბნედიანია და იტანჯება, ხან ცეცხლში ვარდება, ხან — წყალში. შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“. იესომ განდევნა დემონი ბიჭისგან და ისიც განიკურნა. მოგვიანებით მოწაფეებმა ჰკითხეს იესოს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“ იესომ უპასუხა: „მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“ მათ. 17:14—20). იეჰოვასადმი რწმენაა საჭირო, რომ მთისმაგვარი დაბრკოლებები გადავლახოთ. რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი დაკარგავს რწმენას და საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნობა? ის წარმატებას ვერ მიაღწევს და არასრულფასოვნების გრძნობა დაეუფლება.
(15, 16. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, დასძლიონ არასრულფასოვნების გრძნობა?
15 ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რითაც ბიბლიის შემსწავლელს არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევაში დავეხმარებით არის ის, რომ აღვძრათ, მიენდოს იეჰოვას და არა საკუთარ თავს. პეტრემ დაწერა: „დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ, და ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:6, 7). ბიბლიის შემსწავლელს უნდა დავეხმაროთ სულიერ ზრდაში. სულიერად მოწიფული ადამიანი აფასებს სულიერ საკითხებს. მას უყვარს ღვთის სიტყვა და ცხოვრებაში „სულის ნაყოფს“ ავლენს (გალ. 5:22, 23). მისთვის ლოცვა მნიშვნელოვანია (ფილ. 4:6, 7). ასეთი ადამიანი ღმერთს მიმართავს დახმარებისთვის, რომ მიიღოს საჭირო გამბედაობა და ძალა, რათა გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას და წარმატებით შეასრულოს მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:7, 8 ).
16 ზოგ შემსწავლელს შეიძლება პრაქტიკული დახმარება დასჭირდეს, რომ გაიუმჯობესოს კითხვისა თუ მეტყველების უნარი. სხვები წარსულში ჩადენილი არასწორი საქციელის გამო, თავს უღირსად თვლიან, ემსახურონ იეჰოვას. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა მათთდამი სიყვარულისა და მოთმინების გამოვლენა. იესომ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მათ. 9:12).
დაეხმარეთ რაც შეიძლება მეტ მამაკაცს
17, 18. ა) როგორ შეგვიძლია მეტი მამაკაცის პოვნა მსახურებაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
17 ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მამაკაცი გამოეხმაუროს იმ მანუგეშებელ ცნობას, რომელსაც მხოლოდ ბიბლიაში ვპოულობთ (2 ტიმ. 3:16, 17). როგორ შეგვიძლია უფრო და უფრო მეტი მამაკაცის პოვნა ქადაგებისას? ამის გაკეთება შეიძლება, თუ უფრო მეტად ვიმსახურებთ საღამოობით, შაბათ-კვირას ან დღესასწაულების დროს, როცა მამაკაცები ძირითადად სახლში არიან. კარდაკარ მსახურებისას ძმებს შეუძლიათ იკითხონ ოჯახის თავი, რომ მას ესაუბრონ. მოდი, შეძლებისდაგვარად, სამსახურში მამაკაცებს არაფორმალურად ვუქადაგოთ და კრების წევრების არა იეჰოვას მოწმე მეუღლეებს ვესაუბროთ.
18 თუ ყველას ვუქადაგებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გულწრფელი ადამიანები დადებითად გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. მოდი, მოთმინებით დავეხმაროთ ყველას, ვინც ჭეშმარიტებისადმი გულწრფელ ინტერესს ავლენს. მაგრამ, როგორ დავეხმაროთ მონათლულ მამაკაცებს, რომ ღვთის ორგანიზაციაში ისწრაფონ გარკვეული პასუხისმგებლობებისკენ? ეს საკითხი მომდევნო სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“ და „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემული ბიოგრაფიები.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ დავეხმაროთ მამაკაცებს, რომ სულიერი პირველ ადგილზე დააყენონ?
• როგორ დავეხმაროთ ახლებს, გაუმკლავდნენ წინააღმდეგობებს?
• როგორ დავეხმაროთ მათ, ვისაც არასრულფასოვნების გრძნობა აწუხებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 25 გვერდზე]
იყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ სასიხარულო ცნობა მამაკაცებს უქადაგო?
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ შეგიძლიათ ბიბლიის შემსწავლელი მოამზადოთ განსაცდელებთან შესახვედრად?