არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნუ დაეყრდნობით საკუთარ გონებას

ნუ დაეყრდნობით საკუთარ გონებას

ნუ დაეყრდნობით საკუთარ გონებას

„მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავ. 3:5).

1, 2. ა) რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ? ბ) ვის უნდა მივენდოთ, როდესაც რთული მდგომარეობის პირისპირ ვდგავართ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ან ცდუნებას ვებრძვით და რატომ?

სინტიას * დამსაქმებელმა თავისი კომპანიის ნაწილი დახურა და რამდენიმე მუშა გაათავისუფლა. სინტია ფიქრობს, რომ მასაც გაათავისუფლებენ. რა უნდა გააკეთოს მან თუ სამსახურს დაკარგავს? როგორ გადაიხდის გადასახადებს? ერთ ქრისტიან დას პამელას უნდა გადავიდეს იქ, სადაც სამეფოს მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილებაა, მაგრამ არის კი აუცილებელი გადასვლა? ახალგაზრდა სამუელს სხვა რამ აწუხებს. ადრეული ასაკიდან ის პორნოგრაფიას უყურებდა. ახლა ის 20 წელს გადაცილებულია და დგას დიდი ცდუნების წინაშე, დაუბრუნდეს ამ უწმინდურ ჩვევას. როგორ შეუძლია მას სძლიოს ამ ცდუნებას?

2 ვის ენდობით, როდესაც რთული მდგომარეობის პირისპირ დგახართ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ან ცდუნებას ებრძვით? მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით თუ იეჰოვას ანდობთ თქვენს ტვირთს? (ფსალმ. 55:22). ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15). ამიტომ მნიშვნელოვანია, მთელი გულით მივენდოთ იეჰოვას და არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებას (იგავ. 3:5).

3. ა) რას ნიშნავს იეჰოვაზე მინდობა? ბ) რატომ შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს საკუთარ გონებას?

3 იეჰოვაზე მთელი გულით მინდობა მისი ნების შესაბამისად მოქმედებას ნიშნავს. ამისათვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ლოცვით მივმართოთ ღმერთს და მთელი გულით ვთხოვოთ ხელმძღვანელობა. მაგრამ ბევრისთვის რთულია იეჰოვაზე სრულად მინდობა. მაგალითად, ერთი ქრისტიანი და, ლინი, აღიარებს: „იეჰოვაზე სრულად მინდობა ყოველთვის მიჭირდა“. რატომ? ის განაგრძობს: „მამასთან არავითარი ურთიერთობა არ მქონია. დედა კი არ ზრუნავდა ჩემს ემოციურ და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე. ამიტომ ბავშვობიდანვე საკუთარ თავზე თავადვე ვზრუნავ“. ლინს ამის გამო უჭირს, სრულად მიენდოს ვინმეს. ადამიანი საკუთარ გონებას შეიძლება თავისი უნარის ან მიღწეული წარმატებების გამოც ეყრდნობოდეს. მაგალითად, უხუცესმა შეიძლება მიღებული გამოცდილების საფუძველზე, კრებასთან დაკავშირებული საკითხები ისე გადაწყვიტოს, რომ ლოცვით არ მიმართოს ღმერთს.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 იეჰოვა მოელის, რომ გულწრფელად მოვახმართ ძალისხმევას ჩვენი ლოცვებისა და მისი ნების შესაბამისად მოქმედებას. მაგრამ, როგორ შეგვიძლია გავაწონასწოროთ იეჰოვაზე მინდობა და რთული პრობლემის გადასაჭრელად ჩვენი მხრიდან ძალისხმევის გამოვლენა? გადაწყვეტილების მიღებისას, როგორ უნდა გამოვავლინოთ სიფრთხილე? რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვა, როდესაც ცდუნების პირისპირ ვდგავართ? ამ საკითხებს ბიბლიური მაგალითების საფუძველზე განვიხილავთ.

რთული მდგომარეობის პირისპირ

5, 6. როგორ მოიქცა ხიზკია, როდესაც მას ასურეთის მეფე დაემუქრა?

5 იუდას მეფე ხიზკიას შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიეკრა ის იეჰოვას და არ განდგომია მას, არამედ იცავდა მის მცნებებს, რომლებიც იეჰოვამ უბრძანა მოსეს“. დიახ, „ის იეჰოვას, ისრაელის ღმერთზე იყო მინდობილი“ (2 მეფ. 18:5, 6). რა რეაქცია ჰქონდა ხიზკიას, როცა იერუსალიმს მიადგნენ ასურეთის მეფე სინახერიბის მიერ გამოგზავნილი წარმომადგენლები, რომელთა შორის იყო რაბშაკე მრავალრიცხოვან ჯართან ერთად? ასურელთა ჯარს უკვე აღებული ჰქონდა იუდას მრავალი გამაგრებული ქალაქი და სინახერიბის თვალი ახლა იერუსალიმისკენ იყო მიპყრობილი. ხიზკია იეჰოვას სახლში შევიდა და ღმერთს მიმართა: „იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, ახლა გთხოვ, გვიხსენი მისი ხელიდან, რათა დედამიწის ყველა სამეფომ გაიგოს, რომ, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ ღმერთი!“ (2 მეფ. 19:14—19).

6 ხიზკია თავისი ლოცვის შესაბამისად მოქმედებდა. ტაძარში ლოცვის აღვლენამდეც კი მან თავისი ხალხი დაარიგა, რომ რაბშაკეს შეურაცხმყოფელ სიტყვებზე პასუხი არ გაეცათ. რჩევის საკითხავად ხიზკიამ წინასწარმეტყველ ესაიასთანაც გაგზავნა ხალხი (2 მეფ. 18:36; 19:1, 2). ამ ერთგულმა მეფემ სათანადო ზომები მიიღო. ამ შემთხვევაში ის არ ცდილობდა ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ღვთის ნების საპირისპირო იქნებოდა და დახმარებისთვის ეგვიპტისთვის ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყნისთვის არ მიუმართავს. ხიზკია საკუთარ გონებაზე კი არ იყო დაყრდნობილი, არამედ იეჰოვაზე იყო მინდობილი. მას შემდეგ, რაც იეჰოვას ანგელოზმა 185 000 ასურელი ჯარისკაცი დახოცა, სინახერიბი „აიყარა“ და ნინევეში დაბრუნდა (2 მეფ. 19:35, 36).

7. როგორ გვანუგეშებს ხანას და იონას ლოცვა?

7 ლევიანი ელკანას ცოლი ხანაც მიენდო იეჰოვას, როცა ის რთულ მდგომარეობაში იყო. მას ბავშვი არ უჩნდებოდა (1 სამ. 1:9—11, 18). წინასწარმეტყველი იონა იეჰოვამ დიდი თევზის მუცლიდან გაათავისუფლა. მან თქვა: „გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას და მან მიპასუხა. შველას ვთხოვდი სამარის მუცლიდან. შენ ისმინე ჩემი ხმა“ (იონ. 2:1, 2, 10). მართლაც, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში შეგვიძლია მივმართოთ იეჰოვას და წყალობა ვთხოვოთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 55:1, 16 ).

8, 9. როგორც ხიზკიას, ხანასა და იონას ლოცვებიდან გამოჩნდა, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი და რას ვსწავლობთ მათი მაგალითებიდან?

8 ხიზკიას, ხანასა და იონას მაგალითებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ — განსაცდელებისას ლოცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. რთულ მდგომარეობაში ყოფნისას სამივე ემოციურ ტკივილს განიცდიდა, მაგრამ მათი ლოცვებიდან გამოჩნდა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე და თავიანთი პრობლემიდან გამოსავალზე არ ფიქრობდნენ. მათთვის უმნიშვნელოვანესი იეჰოვას სახელის განდიდება, მისადმი სათანადოდ თაყვანისცემა და ღვთის ნების შესრულება იყო. ხიზკიას ტკივილს აყენებდა ის, რომ იეჰოვას სახელს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ხანამ იეჰოვას აღუთქვა, რომ მისთვის ასე სანატრელ შვილს შილოში გაგზავნიდა, სადაც ის ღვთის კარავში იმსახურებდა. იონამ კი თქვა: „რაც აღმითქვამს, შევასრულებ“ (იონ. 2:9).

9 გონივრული იქნებოდა გამოგვეკვლია ჩვენი მოტივები, როცა რთულ მდგომარეობაში იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ. რით ვართ დაინტერესებული? მხოლოდ ჩვენი პრობლემის მოგვარებაზე ვფიქრობთ თუ იეჰოვასა და მის განზრახვებზე? პირადმა პრობლემამ შეიძლება იმდენად გვშთანთქას, რომ სულიერმა საკითხებმა ჩვენს ცხოვრებაში ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. როდესაც ღმერთს დახმარებისთვის მივმართავთ, ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვა, მისი სახელის განწმენდა და მისი უზენაესობის გამართლება. ასე მოქცევა დაგვეხმარება შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა მაშინაც კი, თუ ჩვენი პრობლემა ისე არ გვარდება, როგორც გვინდა. ლოცვებზე პასუხი შეიძლება ის იყოს, რომ ღვთის დახმარებით ავიტანოთ ჩვენი მდგომარეობა (წაიკითხეთ ესაიას 40:29; ფილიპელების 4:13 ).

გადაწყვეტილების მიღებისას

10, 11. როგორ მოიქცა იეჰოშაფატი, როდესაც არ იცოდა, როგორ გამკლავებოდა რთულ სიტუაციას?

10 როგორ იღებთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს? იქნებ, ჯერ გადაწყვეტილებას იღებთ და შემდეგ ლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს თქვენი გადაწყვეტილება? განვიხილოთ, როგორ მოიქცა იუდას მეფე იეჰოშაფატი, როდესაც მის წინააღმდეგ მოაბელებისა და ამონელების ჯარი გამოვიდა. იუდას ძალა არ შესწევდა, წინააღმდეგობა გაეწია მათთვის. რა ზომებს მიმართა იეჰოშაფატმა?

11 „შეეშინდა იეჰოშაფატს [და] გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა“, — ნათქვამია ბიბლიაში. მან მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა და ხალხი შეკრიბა, რომ „შეჰკითხვოდნენ იეჰოვას“. შემდეგ კი იუდასა და იერუსალიმის კრებულის წინაშე იეჰოვას ლოცვით მიმართა. მან ღმერთს სთხოვა: „ჩვენო ღმერთო, განა არ აღასრულებ მათზე განაჩენს?! ძალა არ შეგვწევს წინ აღვუდგეთ ჩვენ წინააღმდეგ გამოსულ ამ დიდ ბრბოს და არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ამიტომ შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები“. ჭეშმარიტმა ღმერთმა შეისმინა იეჰოშაფატის ლოცვა და სასწაულებრივად იხსნა თავისი ხალხი (2 მატ. 20:3—12, 17). გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ჩვენს სულიერობაზე ახდენს გავლენას, განა საკუთარი გონების ნაცვლად იეჰოვას არ უნდა მივენდოთ?

12, 13. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, რა მაგალითი დაგვიტოვა მეფე დავითმა?

12 როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ წარსული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, მდგომარეობიდან გამოსავალი ადვილად ვიპოვოთ? ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში მეფე დავითის მაგალითზე დაფიქრება დაგვეხმარება. როდესაც ამალეკელები თავს დაესხნენ ქალაქ ციკლაგს და დავითის ცოლები, შვილები და მსახურები ტყვედ წაასხეს, დავითმა იეჰოვას ჰკითხა: «„დავედევნო იმ ურდოს? დავეწევი?“ ღმერთმა მიუგო: „დაედევნე, დაეწევი და გამოიხსნი ხალხს“». დავითიც დაედევნა და „დაიბრუნა . . . ყველაფერი, რაც ამალეკელებს ჰქონდათ წაღებული“ (1 სამ. 30:7—9, 18—20).

13 ამალეკის შემდეგ ისრაელს ფილისტიმელები დაესხნენ თავს. დავითი ისევ დაეკითხა იეჰოვას და კვლავ ნათელი პასუხი მიიღო: „გადი და ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს“ (2 სამ. 5:18, 19). ცოტა ხნის შემდეგ ფილისტიმელებმა ისევ გაილაშქრეს დავითის წინააღმდეგ. როგორ მოიქცა დავითი ამჯერად? მას შეეძლო ეფიქრა: „მსგავს სიტუაციაში ორჯერ ვიყავი. მოდი, გავილაშქრებ ღვთის მტრების წინააღმდეგ, როგორც ეს ადრე გამიკეთებია“. თუ დავითი იეჰოვას დაეკითხა? მას თავისი გამოცდილების საფუძველზე არ უმოქმედია. დავითმა კვლავ მიმართა იეჰოვას ლოცვით და არც შემცდარა. ამჯერად ღვთისგან მან სრულიად განსხვავებული მითითება მიიღო (2 სამ. 5:22, 23). როდესაც აღმოვჩნდებით ისეთი პრობლემის წინაშე, რომლის მსგავსიც ადრე გვქონია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ გამოცდილების საფუძველზე არ ვიმოქმედოთ (წაიკითხეთ იერემიას 10:23 ).

14. რას ვსწავლობთ იესო ნავეს ძისა და გაბაონელების შემთხვევიდან?

14 ყველანი არასრულყოფილები ვართ, მათ შორის — გამოცდილი უხუცესებიც. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არასდროს გამოგვრჩეს მხედველობიდან, ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მივმართოთ. განვიხილოთ იესო ნავეს ძისა და ისრაელის უხუცესების მაგალითი. წინდახედულმა გაბაონელებმა ისრაელებს თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს შორი ქვეყნიდან იყვნენ. იესო ნავეს ძე და სხვები იეჰოვას არ დაეკითხნენ, ისე შეკრეს ზავი გაბაონელებთან და შეთანხმება დაუდეს. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში იეჰოვამ მაინც მხარი დაუჭირა მათ შეთანხმებას, მისი მითითებით ეს შემთხვევა ჩვენს სასწავლებლად ბიბლიაში ჩაიწერა (იეს. 9:3—6, 14, 15).

ცდუნების პირისპირ

15. ახსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვა ცდუნების გასაძლებად.

15 ვინაიდან ყველანი ჩვენი სხეულის ნაწილებში მყოფი „ცოდვის კანონის“ ტყვეები ვართ, საჭიროა მთელი ძალით შევებრძოლოთ ცოდვილ მიდრეკილებებს (რომ. 7:21—25). ამ ბრძოლაში გამარჯვება შესაძლებელია. როგორ? იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ ცდუნების დასაძლევად მნიშვნელოვანი იყო, ელოცათ (წაიკითხეთ ლუკას 22:40 ). მაშინაც კი, როდესაც არასწორი სურვილები თუ ფიქრები ლოცვის შემდეგაც არ გვშორდება, საჭიროა განვაგრძოთ ლოცვა და ცდუნების გასაძლებად ღმერთს სიბრძნე ვთხოვოთ. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღმერთი „ყველას უხვად და დაუყვედრებლად“ მოგვცემს სიბრძნეს (იაკ. 1:5). იაკობი აგრეთვე წერს: „[სულიერად] ავად არის რომელიმე თქვენგანი? მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს“ (იაკ. 5:14, 15).

16, 17. ცდუნებამ რომ არ გვძლიოს, როდის არის საუკეთესო, ვილოცოთ?

16 ცდუნების დასაძლევად აუცილებელია ლოცვა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, როდის ვილოცოთ. განვიხილოთ იგავების 7:6—23-ში ჩაწერილი ახალგაზრდა მამაკაცის შემთხვევა. შებინდებისას ის გაემართა ქუჩისკენ, სადაც იცოდა, რომ მეძავი ცხოვრობდა. ქალის დამაჯერებელი ლაპარაკითა და ტკბილმოუბარი ბაგეებით შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდა მაშინვე დასაკლავი ხარივით გაჰყვა მას. რამ მიიყვანა ეს ახალგაზრდა აქამდე? ის უგუნური, გამოუცდელი, იყო და, შესაძლოა, არასწორ სურვილებს ებრძოდა (იგავ. 7:7). ამ შემთხვევაში როდის იქნებოდა ლოცვა ყველაზე მართებული? რა თქმა უნდა, ცდუნების გასაძლებად ლოცვა ნებისმიერ დროს არის კარგი, მაგრამ ამ ახალგაზრდისთვის ლოცვა საუკეთესო მაშინ იქნებოდა, როცა მეძავის ქუჩისკენ წასვლა მოუვიდა აზრად.

17 დღეს შეიძლება ვინმე მაქსიმალურად ცდილობს, არ უყუროს პორნოგრაფიას. მაგრამ, რას ვიტყოდით, თუ ის აპირებს იმ ვებ-გვერდებზე შესვლას, სადაც მაცდური სურათები ან ვიდეოკლიპებია? განა ეს იმ სიტუაციას არ ჰგავს, რომელიც იგავების მე-7 თავშია აღწერილი? რა სახიფათო იქნებოდა ამგვარად მოქმედება. პორნოგრაფიის ყურების ცდუნებას რომ გაუძლოს, საჭიროა ადამიანმა იეჰოვას ხელმძღვანელობა მანამ სთხოვოს, სანამ ინტერნეტში უზნეობის ამსახველ ვებ-გვერდებზე შევა.

18, 19. ა) რატომ არ არის ადვილი, გავუძლოთ ცდუნებას, მაგრამ როგორ შეგვიძლია ვძლიოთ მას? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?

18 ცდუნების გაძლება და ცუდი ჩვევების დაძლევა ადვილი არ არის. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი — ხორცის საწინააღმდეგო“. ამიტომ ვერ ვაკეთებთ იმას, რის გაკეთებაც გვინდა (გალ. 5:17). ამ სირთულესთან გასამკლავებლად, საჭიროა, მხურვალედ ვილოცოთ, როგორც კი არასწორი ფიქრები მოგვივა თავში, შემდეგ კი ლოცვების შესაბამისად ვიმოქმედოთ. „არ გვქონია ცდუნება, გარდა ადამიანურისა“ და იეჰოვას დახმარებით შევძლებთ მისადმი ერთგულების შენარჩუნებას (1 კორ. 10:13).

19 რთული მდგომარეობის პირისპირ ვდგავართ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ თუ ცდუნებას ვებრძვით, იეჰოვა გვაძლევს ბრწყინვალე ძღვენს — ლოცვის შესაძლებლობას. ლოცვით ცხადვყოფთ, რომ ღმერთზე ვართ მინდობილი. ღმერთს აგრეთვე წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რომელიც გვიხელმძღვანელებს და გაგვაძლიერებს (ლუკ. 11:9—13). მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მივენდოთ იეჰოვას და არ დავეყრდნოთ საკუთარ გონებას.

[სქოლიო]

^ აბზ. 1 სახელები შეცვლილია.

გახსოვთ?

• იეჰოვაზე მინდობასთან დაკავშირებით, რას ვსწავლობთ ხიზკიას, ხანასა და იონას მაგალითებიდან?

• როგორ ცხადყოფს დავითისა და იესო ნავეს ძის მაგალითები, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილეა საჭირო?

• განსაკუთრებით როდის არის მართებული ვილოცოთ, რომ ცდუნებას გავუძლოთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

ცდუნების გასაძლებად, როდის იქნებოდა ლოცვა ყველაზე მართებული?