როგორ შევძლებ ქადაგებას?
როგორ შევძლებ ქადაგებას?
მთელ მსოფლიოში არიან და-ძმები, რომლებიც ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად ერთგულად ქადაგებენ. განვიხილოთ დალიას მაგალითი, რომელიც ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ცხოვრობს.
დალია 30-ს გადაცილებული დაა. ის დაბადებიდან ცერებრული დამბლით იტანჯება. დალია პარალიზებულია და მეტყველების სერიოზული დეფექტი აქვს. მისი ბოლომდე მხოლოდ ოჯახის წევრებს ესმით. დალია დედასთან, გალინასთან ცხოვრობს, რომელიც უვლის მას. ტკივილისა და ტანჯვის მიუხედავად, ის დადებით განწყობას ინარჩუნებს. როგორ?
აი, რას გვიყვება გალინა: „1999 წელს ჩემი ბიძაშვილი აპოლონია გვესტუმრა. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმან, რომ აპოლონიამ, რომელიც იეჰოვას მოწმეა, კარგად იცოდა ბიბლია. დალია ბევრ კითხვას უსვამდა მას. მალე მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დროდადრო მეც ვესწრებოდი შესწავლებს, რომ დალიას ნათქვამი განმემარტა აპოლონიასთვის. ვამჩნევდი, რომ რასაც დალია სწავლობდა, დადებითად მოქმედებდა მასზე. ცოტა ხანში მეც მოვინდომე ბიბლიის შესწავლა“.
რაც უფრო მეტს იგებდა დალია ბიბლიის შესახებ, ერთი კითხვა მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და ჰკითხა აპოლონიას: „როგორ შეძლებს ჩემნაირი პარალიზებული ქადაგებას?“ (მათ. 28:19, 20). აპოლონიამ დაამშვიდა დალია და უთხრა: „ნუ გეშინია, იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარება“. და ასეც მოხდა.
მაშ, როგორ ქადაგებს დალია? სხვადასხვა სახით. ქრისტიანი დები მას ბიბლიური ცნობის შემცველი წერილების წერაში ეხმარებიან. დალია ჯერ თავის აზრებს აგებინებს დებს. შემდეგ დები წერილს ადგენენ. დალია ასევე მობილური ტელეფონით აგზავნის ტექსტურ შეტყობინებებს და ასე ქადაგებს. როცა კარგი ამინდია კრების წევრებს ის გარეთ გაჰყავთ, რომ პარკებსა თუ ქუჩებში ხალხს უქადაგონ.
დალიამ და დედამისმა სულიერად წინ წაიწიეს. მათ თავი მიუძღვნეს იეჰოვას და 2004 წლის ნოემბერში მოინათლნენ. 2008 წლის სექტემბერში ვილნიუსში პოლონურენოვანი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ვინაიდან ამ ჯგუფში სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო, დალია დედასთან ერთად იქ გადავიდა. დალია ამბობს: „რამდენიმე თვე მსახურებაში ვერ გავდიოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. მაგრამ ვილოცე და მალე ერთმა ქრისტიანმა მსახურებაში წაყვანა შემომთავაზა“. როგორ უყურებს დალია თავის მდგომარეობას? ის გვიზიარებს: „დაავადებამ ჩემი სხეულის პარალიზება მოახდინა და არა გონების. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია სხვებს იეჰოვაზე ვესაუბრო“.