არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“

იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“

იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“

„იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხ. 1:1).

როგორ უპასუხებთ?

უზარმაზარი ქანდაკების რომელი ნაწილები წარმოადგენს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის სიმბოლოს?

როგორ აღწერა იოანემ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის კავშირი?

როგორ აღწერენ დანიელი და იოანე ადამიანთა მმართველობების დასასრულს?

1, 2. ა) რის გაგებაში გვეხმარება დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებების განხილვა? ბ) რომელი სახელმწიფოებია წარმოდგენილი მხეცის პირველი ექვსი თავით?

დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებების განხილვა გვეხმარება, გავიგოთ მსოფლიოში მიმდინარე თუ მოსალოდნელი მოვლენების მნიშვნელობა. რის სწავლა შეგვიძლია იოანეს ხილვაში ნაჩვენები მხეცის, დანიელის მიერ ნანახი ათრქიანი შიშისმომგვრელი მხეცისა და ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმარში ნანახი უზარმაზარი ქანდაკების ერთმანეთთან შედარებით? რისკენ აღგვძრავს ამ წინასწარმეტყველებების გაგება?

2 მოდი, დავუბრუნდეთ იოანეს მიერ ნანახ მხეცს (გამოცხ. მე-13 თავი). როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, მხეცის პირველი ექვსი თავით წარმოდგენილი იყო ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი. თითოეული მათგანი ავლენდა სიძულვილს ქალის შთამომავლის მიმართ (დაბ. 3:15). როცა იოანემ ეს ხილვა ნახა, რომი, მეექვსე თავი, მსოფლიო იმპერია იყო. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში კვლავაც ინარჩუნებდა ძალაუფლებას. საბოლოოდ, რომის ადგილს მეშვიდე თავი დაიკავებდა. რომელი იქნებოდა ეს მსოფლიო იმპერია და როგორ მოეპყრობოდა ის ქალის შთამომავალს?

ბრიტანეთი და შეერთებული შტატები მართვის სადავეებს იღებენ ხელში

3. რას განასახიერებს შიშისმომგვრელი ათრქიანი მხეცი და რისი სიმბოლოა ათი რქა?

3 ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას განასახიერებს წიგნ „გამოცხადების“ მე-13 თავში მოხსენიებული მხეცის მეშვიდე თავი, თუ მას დანიელის ხილვაში ნანახ შიშისმომგვრელ ათრქიან მხეცს შევადარებთ * (წაიკითხეთ დანიელის 7:7, 8, 23, 24). მხეცი, რომელიც დანიელმა ნახა, რომის მსოფლიო იმპერიას წარმოადგენს (იხილეთ გვერდები 12, 13). ახ. წ. მე-5 საუკუნეში რომის იმპერიამ დაშლა დაიწყო. შიშისმომგვრელი მხეცის თავიდან ამოსული ათი რქით გვევლინება სამეფოები, რომლებიც ამ იმპერიიდან წარმოიშვა.

4, 5. ა) რა გააკეთა პატარა რქამ? ბ) რისი სიმბოლოა მხეცის მეშვიდე თავი?

4 ოთხ რქას, ანუ ოთხ სამეფოს, რომლებიც საზარელი მხეცის თავიდან ამოვიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „პატარა რქამ“ ამოაგდო სამი რქა. ეს მაშინ შესრულდა, როცა ბრიტანეთი, რომის იმპერიის პატარა ნაწილი, მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა. მე-17 საუკუნემდე ბრიტანეთი დიდი სიძლიერით არ გამოირჩეოდა. რომის იმპერიის სხვა ნაწილები — ესპანეთი, ნიდერლანდი და საფრანგეთი უფრო გავლენიანი სამეფოები იყო. ბრიტანეთმა ამ სამეფოებს ერთიმეორის მიყოლებით წაართვა დიდება და ძალაუფლება და მე-18 საუკუნის შუახანებიდან დაიწყო ძალების მოკრება, რომ მსოფლიოში დომინანტი სახელმწიფო გამხდარიყო. მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო მხეცის მეშვიდე თავი.

5 მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ძალაუფლება მოიპოვა, ჩრდილოეთ ამერიკაში მისმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ასე ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებული შტატები. ბრიტანეთი თავისი სამხედრო ფლოტით მაინც ეხმარებოდა მას, რომ ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. 1914 წლისთვის, როდესაც უფლის დღე დაიწყო, ბრიტანეთი უკვე უდიდესი იმპერია იყო, ხოლო შეერთებული შტატები უძლიერესი სამრეწველო სახელმწიფო გახდა. * პირველი მსოფლიო ომის დროს შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებული ალიანსი შექმნა დიდ ბრიტანეთთან. მხეცის მეშვიდე თავი ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიად მოგვევლინა. როგორ მოეპყრობოდა ეს თავი ქალის შთამომავალს?

6. როგორ მოეპყრო მეშვიდე თავი ღვთის ხალხს?

6 უფლის დღის დაწყებიდან მალევე მეშვიდე თავმა იერიში მიიტანა ღვთის ხალხზე, დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ძმებზე (მათ. 25:40). იესომ აღნიშნა, რომ როცა ის მოსული იქნებოდა, შთამომავლის ეს ნაწილი აქტიურად შეასრულებდა ღვთისგან მიღებულ დავალებას (მათ. 24:45—47; გალ. 3:26—29). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიამ „ბრძოლა გაუმართა“ წმინდებს (გამოცხ. 13:3, 7). პირველი მსოფლიო ომის დროს მან შეავიწროვა ღვთის ხალხი, აკრძალა ზოგიერთი მათი პუბლიკაცია და ერთგული მონის წარმომადგენლები ციხეში ჩასვა. მხეცის მეშვიდე თავმა გარკვეული დროით თითქმის შეაჩერა სამქადაგებლო საქმე. იეჰოვამ განჭვრიტა ეს მოვლენები და გაუმჟღავნა იოანეს. ღმერთმა იოანეს ისიც უთხრა, რომ შთამომავლის სხვა ნაწილი განაახლებდა სულიერ საქმიანობას (გამოცხ. 11:3, 7—11). იეჰოვას მსახურების უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ ეს ყოველივე შესრულდა.

ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია და თიხისა და რკინის ტერფები

7. რა კავშირია მხეცის მეშვიდე თავსა და უზარმაზარ ქანდაკებას შორის?

7 რა კავშირია მხეცის მეშვიდე თავსა და უზარმაზარ ქანდაკებას შორის? ბრიტანეთი რომის იმპერიისგან წარმოიშვა. გარკვეულწილად, იმავეს თქმა შეიძლება შეერთებულ შტატებზეც. რას ვიტყოდით ქანდაკების ტერფებზე? ის წარმოდგენილია როგორც რკინისა და თიხის ნაზავი (წაიკითხეთ დანიელის 2:41—43). ეს აღწერა ემთხვევა იმ დროს, როდესაც მეშვიდე თავი, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია, უნდა გამოჩენილიყო. როგორც თიხისა და რკინის ნარევია რკინაზე სუსტი, ასევე ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაა იმ იმპერიაზე სუსტი, რომლისგანაც ის წარმოიშვა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

8, 9. ა) როგორ გამოავლინა მეშვიდე მსოფლიო იმპერიამ რკინის სიძლიერე? ბ) რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თიხას ქანდაკების ტერფებში?

8 დროდადრო მეშვიდე თავი რკინის სიძლიერეს ავლენდა. მაგალითად, მისი სიძლიერე გამოვლინდა, როდესაც გამარჯვება მოიპოვა პირველ მსოფლიო ომში. მეშვიდე თავის რკინის სიძლიერე მეორე მსოფლიო ომის დროსაც გახდა ცხადი. * მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც მეშვიდე თავი დროდადრო ავლენდა რკინისებრ ხასიათს. მაგრამ თავიდანვე ამ რკინას თიხა შეერია.

9 იეჰოვას მსახურებს დიდი ხანია სურდათ ამ ქანდაკების ტერფების მნიშვნელობის გაგება. დანიელის 2:41-ში აღწერილი რკინისა და თიხის ნაზავი წარმოადგენს ერთ და არა ბევრ სამეფოს. თიხით ნაჩვენები გარკვეული ელემენტები გავლენას ახდენს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაზე. ეს ელემენტები ამ იმპერიას ასუსტებს და რკინით წარმოდგენილ რომის იმპერიასთან შედარებით უფრო სუსტს ხდის. თიხაში იგულისხმება „ადამიანთა შთამომავლები“ ანუ უბრალო ადამიანები (დან. 2:43). ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაში გამოჩნდნენ მოქალაქეთა უფლებების დამცველები, პროფკავშირები და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები. უბრალო ადამიანებმა ძირი გამოუთხარეს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის რკინისებრ სიძლიერეს. ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიებისა და არჩევნების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის მცირე სხვაობების გამო პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერებსაც კი არ აქვთ საიმისო მხარდაჭერა, რომ თავიანთი პოლიტიკა გაატარონ. დანიელმა იწინასწარმეტყველა: „ეს სამეფოც ნაწილობრივ ძლიერი იქნება და ნაწილობრივ მყიფე“ (დან. 2:42; 2 ტიმ. 3:1—3).

10, 11. ა) რა დაემართება ქანდაკების „ტერფებს“? ბ) რა შეიძლება ითქვას ფეხის თითების რაოდენობაზე?

10 ბრიტანეთი და შეერთებული შტატები 21-ე საუკუნეში კვლავ მოკავშირეები არიან და ხშირად თანამშრომლობენ მსოფლიო საქმეებთან დაკავშირებით. წინასწარმეტყველებები უზარმაზარ ქანდაკებაზე და მხეცზე იმას ამტკიცებს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას სხვა იმპერია არ შეცვლის. ეს უკანასკნელი მსოფლიო იმპერია შეიძლება უფრო სუსტია, ვიდრე რკინის ფეხებით წარმოდგენილი იმპერია, მაგრამ ის თავისით არ განადგურდება.

11 აქვს ქანდაკების ფეხის თითების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა? სხვა ხილვებში დანიელი ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, მაგალითად, სხვადასხვა მხეცის თავზე რქების რაოდენობას, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დანიელი ამ ქანდაკების აღწერისას არ მოიხსენიებს ფეხის თითების რაოდენობას. ამიტომ ქანდაკების მკლავების, ხელების, ხელის თითების, ფეხებისა და ტერფების რაოდენობის მსგავსად, არც ფეხის თითების რაოდენობას აქვს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. სამაგიეროდ, დანიელი მოიხსენიებს, რომ ფეხის თითები იქნებოდა რკინისა და თიხისგან. ამ აღწერით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა, როცა ღვთის სამეფოთი წარმოდგენილი „ქვა“ დაეცემა ქანდაკების ტერფებს (დან. 2:45).

ინგლის-ამერიკა და ორრქიანი მხეცი

12, 13. რას წარმოადგენს ორრქიანი მხეცი და რას აკეთებს ის?

12 იესოს მიერ იოანესთვის ნაჩვენები ხილვებიდან ჩანს, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია კვლავაც შეასრულებდა მნიშვნელოვან როლს ბოლო დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია რკინისა და თიხის ტერფებით. იოანემ იხილა ორრქიანი მხეცი, რომელიც დრაკონივით ლაპარაკობდა. რას განასახიერებს ეს უცნაური მხეცი? მას ორი რქა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო იმპერია. იოანე ისევ ხედავს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას, მაგრამ ამჯერად ის განსაკუთრებულ როლს ასრულებს (წაიკითხეთ გამოცხადების 13:11—15).

13 მხეცს ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა. იოანემ დაწერა, რომ მხეცის ქანდაკება გამოჩნდებოდა, გაქრებოდა და კვლავ გამოჩნდებოდა. სწორედ ასე დაემართა ორგანიზაციას, რომელიც ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ხელშეწყობით შეიქმნა. მისი მიზანი ერების გაერთიანება და მათ წარმომადგენლად ყოფნა იყო. * ეს ორგანიზაცია, რომელსაც ერთა ლიგა ეწოდა, გამოჩნდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ის გაქრა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე. ამ ომის განმავლობაში ღვთის ხალხი „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად აცხადებდა, რომ მხეცის ქანდაკება კვლავ გამოჩნდებოდა. და ეს მართლაც ასე მოხდა — შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გამოცხ. 17:8).

14. რა გაგებით არის მხეცის ქანდაკება „მერვე მეფე“?

14 იოანე მხეცის ქანდაკებას „მერვე მეფედ“ მოიხსენიებს. რა გაგებით არის ის „მერვე მეფე“? ის არ არის თავდაპირველად მოხსენიებული მხეცის მერვე თავი. ის მხოლოდ ამ მხეცის ქანდაკებაა. მერვე მეფე ძალაუფლებას იღებს მისი წევრი ქვეყნებისგან, განსაკუთრებით მთავარი მხარდამჭერისგან, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიისგან (გამოცხ. 17:10, 11). ამ ძალაუფლების წყალობით ის იმოქმედებს, როგორც მეფე და შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მთელ მსოფლიოს.

მხეცის ქანდაკება ანადგურებს მეძავს

15, 16. რისი სიმბოლოა მეძავი და რა მდგომარეობაშია რელიგიები დღეს?

15 იოანეს თანახმად, სიმბოლური მეძავი მართავს ალისფერ მხეცს. ეს ალისფერი მხეცი და შვიდთავიანი მხეცის ქანდაკება ერთი და იგივეა. მეძავის სახელია „დიდი ბაბილონი“ (გამოცხ. 17:1—6). ეს მეძავი ნამდვილად განასახიერებს ყველა ცრუ რელიგიას, რომლის უმეტეს ნაწილს ქრისტიანული რელიგიები შეადგენს. რელიგიური ორგანიზაციები მხარს უჭერენ მხეცის ქანდაკებას და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ მასზე.

16 მაგრამ უფლის დღის განმავლობაში დიდი ბაბილონის წყლები აშკარად შრება, ანუ მას აკლდება მხარდამჭერები (გამოცხ. 16:12; 17:15). მაგალითად, როდესაც მხეცის ქანდაკება პირველად გამოჩნდა, ქრისტიანული სამყარო, დიდი ბაბილონის ყველაზე გავლენიანი ნაწილი, დომინირებდა დასავლურ სამყაროზე. დღეს კი ეკლესიებმა და მათმა მსახურებმა დაკარგეს მასების პატივისცემა და მხარდაჭერა. ზოგი ფიქრობს, რომ რელიგიები ხელს უწყობს ან იწვევს კიდეც კონფლიქტებს. სხვები კი საჯაროდ აცხადებენ, რომ საზოგადოებაზე რელიგიების გავლენას ბოლო უნდა მოეღოს.

17. რა დაემართება ცრუ რელიგიას მალე და რატომ?

17 ცრუ რელიგია თავისით არ შეწყვეტს არსებობას. მეძავი შეინარჩუნებს დიდ ძალაუფლებას და შეეცდება, მეფეებს თავისი ნება შეასრულებინოს მანამ, სანამ ღმერთი მათ გულებში არ ჩაუდებს მისი განადგურების იდეას (წაიკითხეთ გამოცხადების 17:16, 17). მალე ღმერთი აღძრავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციით წარმოდგენილ სატანის ქვეყნიერების პოლიტიკურ სტრუქტურებს, თავს დაესხან ცრუ რელიგიას. ისინი ბოლოს მოუღებენ მის გავლენასა და სიმდიდრეს. ასეთი მოვლენები შეიძლება წარმოუდგენელი ყოფილიყო ათწლეულების წინ. დღეს მეძავი ლაღად არის შემომჯდარი ალისფერ მხეცზე. ამიტომ ის საკუთარი ნებით არ „ჩამობრძანდება“ თავისი ადგილიდან. მეძავი მიიღებს მოულოდნელ და გამანადგურებელ დარტყმას (გამოცხ. 18:7, 8, 15—19).

მხეცებს ბოლო ეღება

18. ა) რას გააკეთებს მხეცი და რა მოჰყვება ამას შედეგად? ბ) დანიელის 2:44-ში მოხსენიებულ რომელ სამეფოებს გაანადგურებს ღვთის სამეფო? (იხილეთ ჩარჩო მე-17 გვერდზე).

18 ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ მხეცი, სატანის მიწიერი პოლიტიკური სისტემა, წაქეზებული იქნება, ღვთის სამეფოზე მიიტანოს იერიში. ვინაიდან მიწიერ მეფეებს ცამდე ხელი არ მიუწვდებათ, ისინი თავიანთ რისხვას გადმოანთხევენ დედამიწაზე მცხოვრებ ღვთის სამეფოს მხარდამჭერებზე. მაგრამ უშედეგოდ, რადგან მიწიერი მეფეების განადგურება გარდაუვალია (გამოცხ. 16:13—16; 17:12—14). დანიელი აღწერს ამ ბოლო ბრძოლის ერთ მხარეს (წაიკითხეთ დანიელის 2:44). გამოცხადების 13:1-ში მოხსენიებული მხეცი, მისი ქანდაკება და ორრქიანი მხეცი განადგურდება.

19. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული და რის გაკეთების დროა ახლა?

19 ჩვენ ვცხოვრობთ „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცის მეშვიდე თავის პერიოდში. ეს მხეცი ისე განადგურდება, რომ სხვა თავი აღარ გამოჩნდება. ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება გაბატონებული პოლიტიკური ძალა, როდესაც ცრუ რელიგიას მოეღება ბოლო. დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები უზუსტეს დეტალებში სრულდება. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მალე ვიხილავთ ცრუ რელიგიის განადგურებასა და არმაგედონის ომს. ღმერთმა ეს ყოველივე წინასწარ გაგვიმჟღავნა. ყურად ვიღებთ ამ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებებს? (2 პეტ. 1:19). სწორედ ახლა არის დრო, დავიკავოთ იეჰოვასა და მისი სამეფოს მხარე (გამოცხ. 14:6, 7).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ბიბლიაში ხშირად რიცხვი 10 სრული რაოდენობის აღსაწერად გამოიყენება. ამ შემთხვევაში იგულისხმება რომის იმპერიიდან წარმოქმნილი ყველა სამეფო.

^ აბზ. 5 მიუხედავად იმისა, რომ ორი სახელმწიფოსგან შემდგარი იმპერიის ნაწილები მე-18 საუკუნიდან არსებობდა, როგორც იოანემ აღწერა, ის მოქმედებას უფლის დღიდან დაიწყებდა. ფაქტობრივად, წიგნ „გამოცხადებაში“ ჩაწერილი ხილვები „უფლის დღეს“ სრულდება (გამოცხ. 1:10) პირველ მსოფლიო ომამდე მეშვიდე თავს, როგორც მსოფლიო იმპერიას, მოქმედება არ დაუწყია.

^ აბზ. 8 დანიელმა იწინასწარმეტყველა საშინელი განადგურება, რომელსაც ეს მეფე გამოიწვევდა ამ ომის დროს. მან დაწერა, რომ ის „უჩვეულოდ შეუდგებოდა განადგურებას“ (დან. 8:24). მაგალითად, შეერთებულმა შტატებმა უპრეცედენტო მასშტაბების განადგურება გამოიწვია, როდესაც ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიის მტრების წინააღმდეგ ორი ატომური ბომბი გამოიყენა.

^ აბზ. 13 იხილეთ „გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!“, გვერდები 240, 241, 253.

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 17 გვერდზე]

ვინ იგულისხმება „ყველა ამ სამეფოში“?

დანიელის 2:44-ში ვკითხულობთ, რომ ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს“. ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ ქანდაკების სხვადასხვა ნაწილით წარმოდგენილ სამეფოებს ეხება.

რას ვიტყოდით ადამიანთა სხვა მმართველობებზე? წიგნი „გამოცხადება“ მეტ ნათელს ჰფენს ამ საკითხს. იქ წერია, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ გაილაშქრებენ იეჰოვას წინააღმდეგ „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხ. 16:14; 19:19—21). ამიტომ არმაგედონში განადგურდება არა მარტო ქანდაკებით წარმოდგენილი სახელმწიფოები, არამედ ადამიანთა ყველა მმართველობა.