არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემოქმედება ცოცხალი ღვთის არსებობას გვამცნობს

შემოქმედება ცოცხალი ღვთის არსებობას გვამცნობს

„შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება . . . რადგან ყველაფერი შენ შექმენი“ (გამოცხ. 4:11).

1. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ძლიერი რწმენა შევინარჩუნოთ?

„მე მჯერა მარტო იმის, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ“, — ამ აზრს დღეს უამრავი ადამიანი ეთანხმება. გიცდიათ, როდისმე დახმარებოდით ამგვარად მოაზროვნე ადამიანს? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს რწმენა ჩავუსახოთ გულში იეჰოვასადმი? თუმცა სანამ მსჯელობას დავიწყებთ, მოვიყვანოთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოან. 1:18). მოდი დავსვათ ლოგიკური კითხვა: როგორ უნდა დავრწმუნდეთ პირადად ჩვენ, რომ „უხილავი ღვთისადმი“ ჩვენი რწმენა ძლიერია და არ სუსტდება? (კოლ. 1:15). ყველაზე მთავარი და აუცილებელი ის არის, რომ განვსაზღვროთ სწავლებები, რომლებიც აბუნდოვანებს ჭეშმარიტებას იეჰოვას შესახებ. იმისათვის, რომ დავამხოთ „ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართული ყოველგვარი სიმაღლე“, ყოველ მიზეზგარეშე დაგვჭირდება ბიბლიის ცოდნა და მისი გამოყენება (2 კორ. 10:4, 5).

2, 3. რომელი ორი მოძღვრება აბუნდოვანებს ჭეშმარიტებას ღვთის შესახებ?

2 ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ცრუ სწავლება, რომელიც აბუნდოვანებს ჭეშმარიტებას ღმერთზე, არის მოძღვრება ევოლუციის შესახებ. ეს ადამიანური თეორია ცალსახად უპირისპირდება ბიბლიას და ხალხს მომავლის იმედს „ჰპარავს“. ამ თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლე სპონტანურად გაჩნდა; აქედან გამომდინარე, ეს თეორია იმასაც გულისხმობს, რომ სიცოცხლეს არანაირი მიზანი არ გააჩნია.

3 მეორე მხრივ, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები ასწავლიან, რომ სამყარო და მათ შორის ჩვენი დედამიწა თავისი ყველა ცოცხალი ქმნილებით, სულ რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. ამ მოძღვრებას კრეაციონიზმი ეწოდება. ისინი შეიძლება დიდ პატივს სცემენ ბიბლიას, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო მოძღვრებას ამტკიცებენ, რადგან სწამთ, რომ ღმერთმა ყველაფერი რამდენიმე ათასწლეულის წინ ექვს 24-საათიან დღეში შექმნა. ისინი არ ეთანხმებიან არც ერთ დადასტურებულ მეცნიერულ ფაქტს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ მრწამსს. ამგვარად კრეაციონიზმი ეჭვქვეშ აყენებს ბიბლიის ავტორიტეტს და მასში ჩაწერილ ინფორმაციას არასწორად და დამახინჯებულად წარმოგვიდგენს.  ამ მოძღვრების მხარდამჭერთა შემხედვარეს, ზოგს შეიძლება გაახსენდეს პირველ საუკუნეში მცხოვრები ხალხი, რომელთაც ჰქონდათ ღვთის მოშურნეობა, „მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომ. 10:2). როგორ შეგვიძლია ღვთის სიტყვის გამოყენება ისე, რომ დავამხოთ ევოლუციისა და კრეაციონიზმის ყოველგვარი „სიმაგრე“? * ამას მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მივიღებთ საფუძვლიან ცოდნას ბიბლიური სწავლებების შესახებ.

ფაქტებითა და საღი აზროვნებით ნაშენი რწმენა

4. რაზე უნდა იყოს ჩვენი რწმენა დაფუძნებული?

4 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ დავიუნჯოთ ცოდნა (იგავ. 10:14). იეჰოვას სურს, რომ ჩვენი მისადმი რწმენა ფაქტებსა და საღ აზროვნებაზე იყოს დაფუძნებული და არა ფილოსოფიასა და რელიგიურ ტრადიციებზე (წაიკითხეთ ებრაელების 11:1 ). თუ გვსურს, რომ ძლიერი რწმენა გვქონდეს, ჯერ იეჰოვას არსებობაში უნდა დავრწმუნდეთ (წაიკითხეთ ებრაელების 11:6 ). ღვთის არსებობა იმიტომ კი არ უნდა დავიჯეროთ, რომ უბრალოდ მთელი გულით გვინდა, ღმერთი არსებობდეს, ამ დასკვნამდე ფაქტების გამოკვლევამ და საკითხისადმი გააზრებულმა მიდგომამ უნდა მიგვიყვანოს (რომ. 12:1).

5. რომელია ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დარწმუნებულნი ვართ, რომ ღმერთი არსებობს?

5 მოციქულმა პავლემ დაასახელა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი ღვთის არსებობაში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ ღმერთს. მან იეჰოვას შესახებ ასეთი რამ დაწერა: „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომ. 1:20). როგორ შეგიძლიათ ამ სიტყვების სიმართლეში დაარწმუნოთ ის ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება ღვთის არსებობაში? ამაში შესაძლოა დაგეხმაროთ ქვემოთ მოცემული ფაქტების განხილვა, რომლებიც ნამდვილად ადასტურებს, რომ შემოქმედი ბრძენი და ძლიერია.

ღვთის ძალა შემოქმედებაში ვლინდება

6, 7. რომელი ორი „ჯავშანი“ იცავს დედამიწას და როგორ ვლინდება ამაში ღვთის ძალა?

6 თუ დავაკვირდებით ატმოსფეროსა და მაგნიტურ ველს ანუ იმ ორ „ჯავშანს“, რომელიც დედამიწას იცავს, აშკარად დავინახავთ იეჰოვას ძალას. ატმოსფერო არა მარტო სუნთქვის საშუალებას იძლევა, არამედ იგერიებს კოსმოსიდან გამოტყორცნილ სხეულებს. უშველებელი ლოდები, რომელთაც დიდი ზიანის მოტანა შეუძლია დედამიწისთვის, ატმოსფეროში მოხვედრისას იწყებს წვას და ღამის ცაზე შესანიშნავ ნათელ კვალს ტოვებს.

7 მაგნიტური ველიც არანაკლებ გვიცავს ზიანისგან. ეს „ჯავშანი“ დედამიწის სიღრმეში წარმოიქმნება. სიღრმეში არსებული გარეგანი ბირთვი, რომელიც ძირითადად გამდნარი რკინისგან შედგება, მთელ პლანეტაზე ქმნის ძლიერ მაგნიტურ ველს, რომელიც გარს აკრავს დედამიწას და მის გარშემო შორეულ კოსმოსში ვრცელდება. ის გვიცავს მზის აფეთქებებისა და მზის გვირგვინზე მომხდარი გამოფრქვევის დროს წარმოქმნილი რადიაციისგან. სწორედ მაგნიტურ ველს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ეს გამოტყორცნილი ენერგია არ სპობს სიცოცხლეს დედამიწაზე. მაგნიტური ველი ამ ენერგიას ან შთანთქავს, ან უკან აგზავნის კოსმოსში. ამ „ჯავშნის“ მოქმედების დანახვა თვალითაც შესაძლებელია, როცა ის მრავალფეროვანი ნათების სახით გვევლინება ცაზე სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებთან ახლოს. უდავოა, იეჰოვა მართლაც ძლევამოსილი ღმერთია (წაიკითხეთ ესაიას 40:26 ).

ღვთის სიბრძნე ბუნებაში ვლინდება

8, 9. როგორ ვლინდება იეჰოვას სიბრძნე სასიცოცხლო ციკლებში?

8 იეჰოვას სიბრძნე დედამიწაზე არსებულ სასიცოცხლო ციკლებში ვლინდება. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ მჭიდროდ დასახლებულ გალავნიან ქალაქში, რომელიც არ მარაგდება სუფთა წყლით და არ სუფთავდება ნარჩენებისგან. ცხადია, ეს ქალაქი მალე სიბინძურის ბუდედ იქცევა და აღარც არავინ იცხოვრებს იქ. გარკვეული გაგებით, ჩვენი დედამიწა ამ გალავნიან ქალაქს ჰგავს. მასში შეზღუდული რაოდენობის სასმელი წყალია და ნარჩენებისგან გათავისუფლებაც არ  ხდება ადვილად. თუმცა ამ „გალავნიან ქალაქს“ შეუძლია სიცოცხლე შეუნარჩუნოს მილიარდობით ქმნილებას, თაობიდან თაობას. როგორ? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებათა საოცარი წრებრუნვების წყალობით.

9 მოდი, ვისაუბროთ ჟანგბადის ციკლზე. დედამიწაზე მილიარდობით ქმნილება ჩაისუნთქავს ჟანგბადს და ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს. მიუხედავად ამისა, ჟანგბადის მარაგი არ ილევა და ატმოსფერო არ ივსება „დაბინძურებული“ აირით, ნახშირორჟანგით. საინტერესოა, რატომ? ამას განაპირობებს კიდევ ერთი საოცარი პროცესი, რომელიც ფოტოსინთეზის სახელითაა ცნობილი. ფოტოსინთეზის დროს მცენარეები ჩვენ მიერ ამოსუნთქულ ნახშირორჟანგთან ერთად შთანთქავენ მზის ენერგიას, წყალს და მასაზრდოებელ ნივთიერებებს და წარმოქმნიან ნახშირწყლებსა და ჟანგბადს. ეს ციკლი მაშინ სრულდება, როცა ჩვენ ჩავისუნთქავთ ჟანგბადს. იეჰოვა პირდაპირი გაგებით იყენებს მცენარეებს იმისათვის, რომ ყველას მისცეს „სიცოცხლე და სუნთქვა“ (საქ. 17:25). ნუთუ ძნელია ამ ყველაფერში შეუდარებელი სიბრძნის დანახვა?!

10, 11. როგორ მოწმობს იეჰოვას სიდიადეზე მონარქ პეპელასა და ნემსიყლაპიას არსებობა?

10 იეჰოვას სიდიადე აგრეთვე ბრწყინვალედ ჩანს ჩვენს პლანეტაზე მოფუთფუთე მრავალფეროვან ქმნილებებში. დედამიწაზე 2 მილიონიდან 100 მილიონამდე ცოცხალი არსება ბინადრობს (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:24 ). მოდი, ცოტა ახლოდან დავაკვირდეთ ღვთის ზოგიერთ ქმნილებას და დავინახოთ, როგორ ვლინდება ღვთის სიბრძნე მათში.

ღვთის სიბრძნე აშკარად ჩანს თუნდაც იქიდან, თუ როგორ შექმნა მან ნემსიყლაპიას თვალი; მოცემულია გადიდებული მასშტაბით (იხილეთ აბზაცი მე-11)

11 პეპელა მონარქს საწერი კალმის წვერის ზომის ტვინი აქვს, მაგრამ კანადიდან მექსიკის ტყემდე 3 000 კილომეტრზე შეუძლია გადაფრენა. ის მზის მდებარეობის მეშვეობით განსაზღვრავს მიმართულებას. როგორ ახერხებს ის ამას მზის მდებარეობის ცვლილების მიუხედავად? იეჰოვამ მისი პაწაწინა ტვინი ისეთი უნარით შექმნა, რომ მან თავის წარმოსახვაში წარმოიდგინოს მზის მოძრაობა. შეგვიძლია აგრეთვე დავფიქრდეთ ნემსიყლაპიას თვალის აგებულებაზეც. მისი თვალი საკმაოდ რთული აგებულებისაა. მისი თითოეული თვალი 30 000 ლინზისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ნემსიყლაპიას ძალიან მცირე ზომის ტვინი აქვს, ამ 30 000 ლინზიდან მიღებული სიგნალების მეშვეობით მას უმნიშვნელო მოძრაობის დაფიქსირებაც კი შეუძლია.

12, 13. რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე იმის ცოდნა, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ ჩვენი სხეულის უჯრედები?

12 გაცილებით შთამბეჭდავია ის, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ ცოცხალი ორგანიზმების უჯრედები. მაგალითად, ადამიანის სხეული დაახლოებით 100 ტრილიონი უჯრედისგან შედგება. თითოეულ უჯრედში თოკის მსგავსი კონსტრუქციაა ჩადებული, რომელიც დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) სახელწოდებითაა ცნობილი. დნმ-ში „ჩაწერილია“ თითქმის მთლიანი ინფორმაცია ადამიანის სხეულის აგებულების შესახებ.

13 რამდენად დიდ ინფორმაციას იტევს დნმ? მოდი ამ თვალსაზრისით დნმ შევადაროთ კომპაქტ-დისკს (CD). ერთ კომპაქტ დისკს შეუძლია დაიტიოს ერთ დიდ ლექსიკონში მოცემული ინფორმაცია, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა, რადგან საუბარია პლასტმასის  თხელ ფირფიტაზე. მაგრამ ერთ გრამ დნმ-ს შეუძლია დაიტიოს დაახლოებით ტრილიონ დისკზე მოცემული ინფორმაცია. სხვაგვარად რომ წარმოვიდგინოთ, ერთ ჩაის კოვზ დნმ-ში არსებული ინსტრუქცია საკმარისი იქნებოდა იმაზე 350-ჯერ მეტი ადამიანის შესაქმნელად, ვიდრე დღეს ცხოვრობს დედამიწაზე.

14. რას ფიქრობთ იეჰოვას შესახებ, როცა მეცნიერულ გამოკვლევებს ეცნობით?

14 მეფე დავითი ამბობს, რომ ადამიანის აგებულების შესახებ ინფორმაცია ერთგვარ სიმბოლურ წიგნშია ჩაწერილი. იეჰოვას შესახებ საუბრისას მან თქვა: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაშინ, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა“ (ფსალმ. 139:16). ცხადია, დავითი აკვირდებოდა საკუთარ თავს და ხედავდა, თუ რა საოცრად იყო შექმნილი; სწორედ ამან აღძრა ის, რომ ხოტბა შეესხა იეჰოვასთვის. ჩვენც მოწიწებისა და მოკრძალების გრძნობა გვეუფლება, როცა ჩვენს სხეულსა და აგებულებაში დიდებული შემოქმედის ხელს ვხედავთ. ამ გრძნობას კიდევ უფრო გვიძლიერებს ბოლოდროინდელი მეცნიერული აღმოჩენები. ეს აღმოჩენები კიდევ უფრო მეტ მიზეზს გვაძლევს, უყოყმანოდ დავეთანხმოთ დავითს, რომელმაც იეჰოვაზე ასეთი სიტყვები თქვა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან შიშს მინერგავს ის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმეები და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა“ (ფსალმ. 139:14). ნუთუ მართლა ასე ძნელია ამდაგვარ ფაქტებზე დაკვირვების შემდეგ ცოცხალი ღვთის არსებობის დაჯერება?!

დაეხმარეთ სხვებს, პატივი მიაგონ ცოცხალ ღმერთს

15, 16. ა) როგორ უღრმავებს მკითხველს იეჰოვას შემოქმედებისადმი მადლიერებას ჩვენი პუბლიკაციები? ბ) განსაკუთრებით რომელი სტატიები მოგეწონათ რუბრიკიდან „ვინ შექმნა?“

15 ათწლეულებია, რაც ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ მილიონებს ეხმარება, დაინახონ და დააფასონ ის, რასაც შემოქმედება გვიმხელს ცოცხალი ღვთის შესახებ. 2006 წლის სექტემბერში გამოიცა სპეციალური ნომერი სახელწოდებით „არსებობს შემოქმედი?“. ამ ნომრის მიზანი ის იყო, რომ თვალი აეხილა კრეაციონიზმისა და ევოლუციის მოძღვრებათა მიმდევართათვის. ამ ჟურნალთან დაკავშირებით ერთმა დამ შეერთებულ შტატებში ბეთელს ასეთ რამ მისწერა: „ჟურნალის გავრცელების კამპანიამ შესანიშნავად ჩაიარა. ერთმა ქალმა 20 ჟურნალი გამოგვართვა. ის ბიოლოგიის მასწავლებელი იყო და ამდენი ჟურნალი იმიტომ აიღო, რომ თავისი მოსწავლეებისთვის დაერიგებინა“. ერთმა ძმამ კი მოგვწერა: „1940-იანი წლების ბოლოდან სამქადაგებლო საქმეში ვარ ჩაბმული. დღეს უკვე 75 წლისა ვარ; ასეთი სიამოვნება არასოდეს მიმიღია მსახურებიდან“.

16 ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჟურნალის „გამოიღვიძეთ!“ თითქმის ყველა ნომერში იბეჭდება რუბრიკა „ვინ შექმნა?“. ეს მოკლე სტატიები ყურადღებას ამახვილებს ბუნებაში არსებულ საინჟინრო შედევრებზე და გვიჩვენებს იმ საშუალებებს, რითაც ადამიანი ცდილობს, მიჰბაძოს დიდებულ შემოქმედს. 2010 წელს გამოიცა კიდევ ერთი დამხმარე საშუალება ბროშურის სახით, რომლის სახელწოდებაცაა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. ეს ბროშურა გვეხმარება, უფრო მეტად განვადიდოთ ღმერთი სხვების წინაშე. მასში მოცემული შესანიშნავი სურათებისა და სქემების დახმარებით უფრო მეტად ჩავწვდებით იეჰოვას შემოქმედებით უნარს და დავაფასებთ მას. თითოეული ნაწილის ბოლოს დასმული კითხვები მკითხველს ეხმარება, დაფიქრდეს წაკითხულზე. იყენებთ ამ ბროშურას ქადაგებისას?

17, 18. ა) მშობლებო, როგორ შეგიძლიათ თქვენს შვილებს შემატოთ თვითრწმენა, რათა მათ უფრო თამამად დაიცვან თავიანთი მრწამსი? ბ) როგორ იყენებთ შემოქმედებასთან დაკავშირებულ ბროშურებს ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს?

17 მშობლებო, განგიხილავთ ეს ლამაზად დასურათებული ბროშურა ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს თქვენს შვილებთან? ასე თქვენს შვილს დაეხმარებით პატივისცემა და მადლიერების გრძნობა გაუჩნდეს ცოცხალი ღვთის მიმართ. თუ თქვენი შვილი მოზარდია, ალბათ, ხშირად ხდება სკოლაში ევოლუციის მიმდევართა ერთგვარი სამიზნე. დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები და გასართობი პროგრამები ევოლუციის მოძღვრებას ხშირ შემთხვევაში დადასტურებულ ფაქტად წარმოადგენენ. ამ მოსაზრებას ბევრი  მეცნიერი და პედაგოგიც უჭერს მხარს. ამგვარი პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში შეგიძლიათ თქვენს შვილს დაეხმაროთ აგრეთვე სხვა ბროშურის მეშვეობითაც. ამ ბროშურის სახელწოდებაა: „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“. ის 2010 წელს გამოიცა. ეს ორი ბროშურა კარგი დამხმარე საშუალებაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა შეიძინონ „ჭკუა . . . და გამჭრიახობა“ (იგავ. 2:10, 11). ეს სახელმძღვანელოები დაეხმარება მათ, განსაზღვრონ, რამდენად ლოგიკური და სწორია ის, რასაც სკოლაში სწავლობენ.

მშობლებო, მოამზადეთ შვილები, რათა მათ შეძლონ თავიანთი რწმენის დაცვა (იხილეთ მე-17 აბზაცი)

18 ბროშურა „სიცოცხლის წარმოშობა“ დაეხმარება მოსწავლეს, სწორად შეაფასოს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული სენსაციური ცნობები ნამარხების, ეგრეთ წოდებული დაკარგული რგოლების აღმოჩენის შესახებ. ამ ბროშურის დახმარებით მოზარდი განსაზღვრავს, ენდოს თუ არა მტკიცებულებას, რომ ადამიანი დაბალ საფეხურზე მდგომი ცოცხალი ორგანიზმისგან წარმოიშვა. ბროშურა აგრეთვე ასწავლის მოზარდს, როგორ უპასუხოს მათ, ვინც ამტკიცებს, რომ სიცოცხლის უეცარი წარმოშობის შესახებ თეორია ლაბორატორიებში იქნა დამტკიცებული. მშობლებო, თუ ამ ბროშურებს გამოიყენებთ, თქვენს შვილებს შემატებთ თვითრწმენას, რომ უფრო თავდაჯერებულად უპასუხონ მათ, ვინც შემოქმედისადმი რწმენის გამო ახსნა-განმარტებას სთხოვს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:15 ).

19. რა პატივი გვხვდა წილად ჩვენ ყველას ერთად?

19 სიღრმისეულად გამოკვლეული ინფორმაცია, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაციაში ვიღებთ, გვეხმარება, დავაფასოთ იეჰოვას შეუდარებელი თვისებები, რომლებიც ასე კარგად ჩანს ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროში. სწორედ ეს აღგვძრავს, ვისაუბროთ ღვთის სიდიადეზე (ფსალმ. 19:1, 2). მართლაც, უდიდესი პატივი გვხვდა წილად, რომ ყოველივეს შემოქმედს, იეჰოვას დიდება მივაგოთ, რასაც ის უდავოდ იმსახურებს! (1 ტიმ. 1:17).

^ აბზ. 3 თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, როგორ ვიმსჯელოთ კრეაციონისტებთან, იხილეთ ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“, გვერდები 24—28.