წმინდები ვიყოთ ნებისმიერ საქციელში!
„ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 პეტ. 1:15).
1, 2. ა) რა მოეთხოვება ღვთის ხალხს? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
ღვთივშთაგონებით მოციქულმა პეტრემ წიგნ „ლევიანებიდან“ სიწმინდესთან დაკავშირებით ციტატა მოიყვანა და აღნიშნა, რომ ქრისტიანებიც ნებისმიერ საქციელში წმინდები უნდა ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:14—16). იეჰოვა, რომელიც წმინდა ღმერთია, ცხებული ქრისტიანებისგან და „სხვა ცხვრისგან“ მოელის, რომ არც ისინი დაიშურებენ ძალ-ღონეს, რათა ყოველმხრივ წმინდები იყვნენ (იოან. 10:16).
2 მოდი, წიგნ „ლევიანებიდან“ სხვა „მარგალიტებიც“ ამოვკრიფოთ. ამ ძვირფასი აზრების შესწავლაც მრავალმხრივ სასარგებლო აღმოჩნდება ჩვენთვის და დაგვეხმარება, წმინდები ვიყოთ ნებისმიერ საქციელში. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ შემდეგ კითხვებზე: როგორ უნდა ვუყურებდეთ კომპრომისს? რა მხრივ დაგვეხმარება წიგნი „ლევიანები“, მხარი დავუჭიროთ იეჰოვას უზენაესობას? და, რის სწავლა შეგვიძლია ისრაელების მიერ გაღებული შესაწირავებიდან?
ნუ წახვალთ კომპრომისზე!
3, 4. ა) რატომ არ უნდა წავიდნენ ქრისტიანები კომპრომისზე, როცა საქმე ბიბლიური კანონებისა და პრინციპების დაცვაზე მიდგება? ბ) რატომ არ უნდა ვიძიოთ შური და რატომ არ უნდა ჩავიდოთ ბოღმა გულში?
3 თუ გვინდა, რომ იეჰოვა ღმერთს ვაამოთ, მტკიცედ უნდა დავიცვათ მისი კანონები და პრინციპები, არ წავიდეთ კომპრომისზე და არასოდეს მოვიქცეთ უწმინდურად. მართალია, ჩვენ დღეს მოსეს კანონის ლევ. 19:18).
დაცვა არ მოგვეთხოვება, მაგრამ ამ კანონში მოცემული მოთხოვნები იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რა არის ღვთისთვის მისაღები და რა — მიუღებელი. მაგალითად, იეჰოვამ ისრაელებს მოსეს მეშვეობით უთხრა: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე. მე ვარ იეჰოვა“ (4 იეჰოვა მოითხოვს, რომ თავი შევიკავოთ შურისძიებისგან და გულში ბოღმა არ ჩავიდოთ (რომ. 12:19). თუ ღვთის კანონებსა და პრინციპებს არ გავითვალისწინებთ, ეშმაკს გავახარებთ და იეჰოვას შეურაცხვყოფთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მიზანმიმართულად გვტკენს გულს, მოდი, წყენას გულში ნუ ჩავიტოვებთ. ღმერთმა წილად გვარგუნა პატივი, რომ ვიყოთ „თიხის ჭურჭელი“, რომელშიც „მსახურების განძი“ ინახება (2 კორ. 4:1, 7). დაე, არ იყოს მასში ადგილი ბალღამის შესანახად!
5. რას ვსწავლობთ აარონის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)
5 ლევიანების 10:1—11 მუხლები აარონის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. აარონის ოჯახი ემოციურად განადგურდებოდა, როცა ზეციდან ცეცხლი ჩამოვარდა და კარავში მყოფი აარონის ვაჟები, ნადაბი და აბიჰუ შთანთქა. წარმოიდგინეთ, რწმენის რამხელა გამოცდა იქნებოდა აარონისა და მისი ოჯახის წევრებისთვის, როცა ღვთისგან მითითება მიიღეს, რომ არ ეგლოვათ თავიანთი მკვდრები! პირადად თქვენ, ავლენთ თუ არა სიწმინდეს იმ მხრივ, რომ აღარ გაქვთ ურთიერთობა გარიცხულებთან, იქნებიან ისინი ოჯახის წევრები თუ სხვები? (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:11).
6, 7. ა) რომელ სერიოზულ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ, როცა გვთხოვენ, მონაწილეობა მივიღოთ ჯვრისწერის ცერემონიალში? (იხილეთ სქოლიო) ბ) როგორ ავუხსნათ ნათესავს ჩვენი პოზიცია?
6 ჩვენი რწმენა შესაძლოა აარონისა და მისი ოჯახის წევრების რწმენის მსგავსად არც არასოდეს გამოიცადოს. მაგრამ, როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ნათესავი ჯვრისწერაზე დაგპატიჟებთ და იცით, რომ ეკლესიაში გამართულ საქორწილო ცერემონიალში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება? მართალია, ბიბლია პირდაპირ არ კრძალავს ეკლესიაში ჯვრისწერაზე დასწრებას, მაგრამ წამოიჭრება კითხვა: რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა ასეთი გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდებით? *
7 როდესაც ასეთი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდებით, აუხსენით თქვენს ნათესავს, რომ იეჰოვას თვალში წმინდად დარჩენა გწადიათ; თქვენმა პოზიციამ შესაძლოა იგი განაცვიფროს (1 პეტ. 4:3, 4). მართალია, ნათესავის განაწყენება არ გსურთ, მაგრამ ასეთ დროს უპრიანია, მას თავაზიანად და პირდაპირ უთხრათ სათქმელი. უმჯობესია, თუ ამის შესახებ მას ქორწილამდე დაელაპარაკებით. თქვენ შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ, რომ მისთვის ღირშესანიშნავ დღეს ასეთი პატივი გარგუნათ წილად. შემდეგ კი აუხსნათ, რომ თქვენი რელიგიური პოზიციის გამო არ გსურთ, ბედნიერი დღე ჩაუშხამოთ ან უხერხულობა შეუქმნათ მათ და სხვა მექორწილეთ. ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ცხადყოფთ, რომ არ გსურთ კომპრომისზე წასვლა.
მხარი დაუჭირეთ იეჰოვას უზენაესობას
8. როგორ ამახვილებს ყურადღებას წიგნი „ლევიანები“ იეჰოვას უზენაესობაზე?
8 „ლევიანების“ წიგნი ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას უზენაესობაზე. მასში 30-ზე მეტჯერაა ნათქვამი, რომ კანონები ისრაელმა უშუალოდ იეჰოვასგან მიიღო. ეს შესანიშნავად უწყოდა მოსემ, რის გამოც ყოველთვის იეჰოვას ბრძანებისამებრ მოქმედებდა (ლევ. 8:4, 5). ჩვენც ყოველთვის ის უნდა ვაკეთოთ, რასაც უზენაესი ღმერთი ითხოვს. ამაში ფასდაუდებელ დახმარებას ღვთის ორგანიზაცია, ჩვენი საძმო, გვიწევს. მაგრამ შესაძლოა თითოეული ჩვენგანი რწმენის გამოცდის პირისპირ მაშინ აღმოვჩნდეთ, როცა მარტონი ვიქნებით, როგორც ეს იესოს შემთხვევაში მოხდა უდაბნოში ყოფნისას (ლუკ. 4:1—13). თუ ყოველთვის მხარს დავუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და მივენდობით მას, ვერავინ გვაიძულებს კომპრომისზე წასვლას და არც ძრწოლა აგვიტანს (იგავ. 29:25).
9. რატომ არის ღვთის ხალხი მოძულებული მთელ მსოფლიოში?
9 ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები და იეჰოვას მოწმეები, მსოფლიო მასშტაბით ვიდევნებით. ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მათ. 24:9). მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მტრულადაა განწყობილი, ჩვენ მაინც არ ვწყვეტთ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას და იეჰოვას წინაშე სიწმინდეს ვინარჩუნებთ. და მაინც, რატომ სძულს ხალხს ესოდენ პატიოსანი და კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ? (რომ. 13:1—7). ამის მიზეზი ისაა, რომ იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ იეჰოვას, როგორც უზენაეს მმართველს! ჩვენ მხოლოდ მას ვუსრულებთ წმინდა მსახურებას და არასდროს ვღალატობთ მის სამართლიან კანონებსა თუ პრინციპებს (მათ. 4:10).
10. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ერთი ძმა, რომელიც კომპრომისზე წავიდა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაიცვა?
10 გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ „ქვეყნიერების ნაწილი“. სწორედ ამის გამო ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ — იარაღს არ ვიღებთ ხელში და არ ვერევით პოლიტიკაში (წაიკითხეთ იოანეს 15:18—21; ესაიას 2:4). იეჰოვას მსახურთაგან ზოგი კომპრომისზე წავიდა და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი არ დაიცვა. თუმცა მათ შორის ბევრმა მოინანია და გულმოწყალე ზეციერ მამას დაუბრუნდა (ფსალმ. 51:17). იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ მოინანიეს. მაგალითად, II მსოფლიო ომის დროს უნგრეთში მთავრობის წარმომადგენლებმა უსამართლოდ დაპატიმრებულ 160 ძმას, რომლებიც 45 წლამდე ასაკისანი იყვნენ, ქვეყნის სხვადასხვა ციხიდან ერთ ქალაქში მოუყარეს თავი. მათ უბრძანეს, რომ სამხედრო სამსახური დაეწყოთ. უმრავლესობამ იეჰოვას უერთგულა და ამაზე მტკიცე უარი განაცხადა. თუმცა 9 ძმა დათმობაზე წავიდა; მათ სამხედრო ფიცი დადეს და მუნდირი მოირგეს. ორი წლის შემდეგ ამ ძმათაგან ერთ-ერთი მოხვდა იმ დამსჯელ რაზმში, რომელსაც ერთგული მოწმეები უნდა დაეხვრიტა. ერთგულ მოწმეთა შორის მისი ხორციელი ძმაც იყო! საბედნიეროდ, სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულებულა.
საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის
11, 12. რას ვსწავლობთ იეჰოვას კანონიდან შესაწირავებთან დაკავშირებით?
11 მოსეს კანონის თანახმად, ისრაელებს სხვადასხვა სახის შესაწირავების გაღება მოეთხოვებოდათ (ლევ. 9:1—4, 15—21). მსხვერპლად გაღებული შესაწირავი საღი და უნაკლო უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იესოს სრულყოფილი მსხვერპლის პირველსახე იყო. უფრო მეტიც, თითოეული შესაწირავი თავისი წესისა და რიგის დაცვით უნდა შეწირულიყო. მაგალითად, ვნახოთ, რა მოითხოვებოდა ახალმოლოგინებული ქალისგან ძველ ისრაელში. ლევიანების 12:6-ში ვკითხულობთ: „განწმენდის დღეების დასასრულს, იქნება ეს ბიჭის თუ გოგოს გამო, შეხვედრის კარვის შესასვლელთან მღვდელს მიუყვანოს ერთი წლის მამალი ცხვარი დასაწვავ შესაწირავად და მტრედის ხუნდი ან გვრიტი ცოდვის შესაწირავად“. მართალია, ღვთის მოთხოვნები შესაწირავების თაობაზე ზედმიწევნითი და კონკრეტული იყო, მაგრამ თითოეული კანონი იეჰოვას სიყვარულსა და სიბრძნეს ირეკლავდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ თუ დედას ხელი არ მიუწვდებოდა ცხვარზე, მას ორი გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის შეწირვა შეეძლო (ლევ. 12:8). ფაქტია, იეჰოვასთვის ხელმოკლე თაყვანისმცემელიც ისეთივე ძვირფასი იყო, როგორც — შეძლებული. რას ვსწავლობთ იეჰოვას კანონიდან შესაწირავებთან დაკავშირებით?
12 მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, რომ ღვთისთვის „ქების მსხვერპლი“ შეეწირათ (ებრ. 13:15). ჩვენ გვმართებს, რომ ბაგეებით საჯაროდ გავაცხადოთ ღვთის წმინდა სახელი. ყრუ-მუნჯი და-ძმებიც განადიდებენ ღმერთს ჟესტების ენაზე. ღვთის სახელისთვის დიდება იმ და-ძმებსაც მოაქვთ, რომლებიც ფიზიკური უძლურების გამო სახლიდან ვერ გადიან. ისინი ღვთის დიდებულ საქმეებზე თავიანთ მომვლელებსა და მნახველებს ესაუბრებიან, იმავდროულად, ქადაგებენ წერილებითა და ტელეფონით. ასე რომ, იეჰოვასთვის ქების მსხვერპლს ყველა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვიღებთ. მთავარია, ერთი რამ არ გამოგვრჩეს მხედველობიდან — ჩვენ საუკეთესო უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის (რომ. 12:1; 2 ტიმ. 2:15).
13. რატომ უნდა ჩავაბაროთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიში?
13 იეჰოვას ქების მსხვერპლს ნებაყოფლობით ვწირავთ, რადგან ის მთელი სულითა და გულით გვიყვარს (მათ. 22:37, 38). მაგრამ ჩვენგან მსახურების ანგარიშის ჩაბარება მოითხოვება. ისმის კითხვა: რა დამოკიდებულება გვაქვს ამ მოთხოვნისადმი? ანგარიში, რომელსაც ყოველთვიურად ვაბარებთ, საუკეთესოდ მოწმობს იმაზე, რომ ღვთის ერთგულები ვართ (2 პეტ. 1:7). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ მსახურებას უამრავი საათი დავუთმოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ანგარიშში დიდი მაჩვენებლები დაფიქსირდეს. მაგალითად, ჯანმრთელობაშერყეულ მაუწყებლებსა და მათ, რომლებიც მოხუცებულთა სახლებსა თუ თავშესაფრებში არიან, შეუძლიათ თვეში მხოლოდ 15 წუთი ჩააბარონ. იეჰოვასთვის ეს წუთები ამ მაუწყებლების მიერ გაღებული საუკეთესო შესაწირავია; მან იცის, რომ ისინი გულით ღვთის სიყვარულს დაატარებენ და ძალიან აფასებენ მის მოწმედ ყოფნის შეუფასებელ პატივს. იეჰოვა აფასებდა იმ ისრაელებს, რომელთაც სიღარიბის გამო ძვირადღირებული მსხვერპლის შეწირვა არ შეეძლოთ. ის დღესაც აფასებს ერთგულ მსახურებს, რომლებიც თავიანთი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, ანგარიშს მაინც აბარებენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თითოეული ჩვენგანის ანგარიში მთელი მსოფლიო საძმოს ანგარიშის ნაწილია, რომელიც ხელმძღვანელ ძმებს სამქადაგებლო საქმიანობის ორგანიზებაში ეხმარება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ალბათ უკეთ გავიგეთ, თუ რატომ ვაბარებთ სამქადაგებლო მსახურების ანგარიშს.
შესწავლის ჩვევა და ქების მსხვერპლი
14. ახსენით, რატომ ღირს იმის გამოკვლევა, თუ რამდენად სიღრმისეულად ვეკიდებით შესწავლის პროცესს.
14 წიგნ „ლევიანებიდან“ ამ საინტერესო აზრების განხილვის შემდეგ შესაძლოა ახლა უფრო უკეთ გვესმის, თუ რატომაა ეს წიგნიც ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილი (2 ტიმ. 3:16). ალბათ, ახლა უფრო მეტად გაქვთ გადაწყვეტილი, იყოთ წმინდები. ამის მიზეზი მხოლოდ ის კი არ არის, რომ იეჰოვა სიწმინდეს ითხოვს, არამედ ის, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს თქვენი მხრიდან ყველაფრის გაკეთებას, რათა მას ასიამოვნოთ. „ლევიანების“ წიგნის განხილვის შემდეგ შესაძლოა უფრო მეტად გაგიჩნდათ ბიბლიის სიღრმისეულად გამოკვლევის სურვილი (წაიკითხეთ იგავების 2:1—5). ილოცეთ და გამოიკვლიეთ, რამდენად სიღრმისეულად ეკიდებით შესწავლის პროცესს. ცხადია, გსურთ, რომ თქვენი ქების მსხვერპლი იეჰოვასთვის მისაღები იყოს. მაგრამ ხომ არ ამჩნევთ, რომ სატელევიზიო გადაცემები, ვიდეოთამაშები, სპორტი ან საყვარელი საქმიანობა ხელს გიშლით სულიერ ზრდაში? თუ ასეა, ძალიან სასარგებლო იქნება იმ რჩევებზე დაფიქრება, რომლებიც პავლე მოციქულმა ებრაელებს მისწერა.
15, 16. რატომ მისწერა პავლემ ებრაელებს პირდაპირი წერილი?
15 პავლემ ებრაელ ქრისტიანებს საკმაოდ პირდაპირი წერილი მისწერა (წაიკითხეთ ებრაელების 5:7, 11—14). მას არ შეურბილებია თავისი სათქმელი. მოციქულმა წერილში აღნიშნა, რომ ისინი ყურმძიმენი გახდნენ. ისმის კითხვა: რატომ იყო პავლე ასეთი შეუვალი და პირდაპირი? იმიტომ, რომ მასაც იეჰოვას მსგავსად უყვარდა თანაქრისტიანები და ძალიან დარდობდა, რომ ისინი მხოლოდ სულიერ რძეს სჯერდებოდნენ. მართალია, ძირითადი ქრისტიანული სწავლებების ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ იმისათვის, რომ სულიერად გავიზარდოთ და მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოვყალიბდეთ, „მაგარი საჭმლით“ უნდა ვიკვებოთ.
16 იმის ნაცვლად, რომ ებრაელ ქრისტიანებს სხვებისთვის ესწავლებინათ ჭეშმარიტება, მათ თავად სჭირდებოდათ ღვთის სიტყვის მასწავლებლები. ამის მიზეზი ის იყო, რომ ისინი არ იკვებებოდნენ „მაგარი საჭმლით“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორი დამოკიდებულება მაქვს „მაგარი საჭმლის“ მიმართ? ვიკვებები ამ საჭმლით? ვლოცულობ ყოველთვის და ვსწავლობ ბიბლიას სიღრმისეულად? თუ ეს ასე არაა, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ შესწავლის კარგი ჩვევა არა გაქვთ? ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ქადაგება როდია, ჩვენ ადამიანებს უნდა ვასწავლოთ და მოწაფეებად უნდა მოვამზადოთ ისინი (მათ. 28:19, 20).
17, 18. ა) რატომ უნდა ვიკვებოთ გამუდმებით „მაგარი საჭმლით“? ბ) როგორ უნდა ვუყურებდეთ კრების შეხვედრაზე წასვლამდე ალკოჰოლის მიღების საკითხს?
17 ბიბლიის შესწავლა ბევრ ჩვენგანს შესაძლოა არ ეხალისებოდეს. იეჰოვა ღმერთს ნამდვილად არ სურს, რომ ჩვენ ბიბლია მხოლოდ და მხოლოდ სინდისის დასამშვიდებლად წავიკითხოთ. იმისდა მიუხედავად, წლებია, იეჰოვას მივუძღვენით თავი, თუ შედარებით ახალბედები ვართ რწმენაში, გამუდმებით უნდა ვიკვებოთ „მაგარი საჭმლით“. ეს აუცილებელია, თუ გვსურს, რომ არასოდეს გადავუხვიოთ სიწმინდის გზიდან.
18 წმინდები რომ დავრჩეთ, საგულდაგულოდ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლია და შევასრულოთ ღვთის მოთხოვნები. აარონის ვაჟები, ნადაბი და აბიჰუ, იეჰოვამ „უკანონო ცეცხლის“ შეწირვის გამო დასაჯა; შესაძლოა ისინი იმ დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ლევ. 10:1, 2). ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა ღმერთმა აარონს (წაიკითხეთ ლევიანების 10:8—11). რას ვსწავლობთ აქედან: აკრძალულია კრებაზე წასვლამდე ალკოჰოლური სასმლის მიღება? ჩვენ მოსეს კანონის დაცვა არ მოგვეთხოვება (რომ. 10:4). ზოგ ქვეყანაში ჩვენი და-ძმები კრების დღეს სადილობისას ზომიერად მიირთმევენ ალკოჰოლურ სასმელს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პასექის დღესასწაულზე 4 ჭიქა ღვინოს სვამდნენ. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ როცა იესომ გახსენების საღამო დააფუძნა, მოციქულებს ღვინო დაალევინა, რაც მის სისხლს განასახიერებდა (მათ. 26:27). თუმცა ბიბლია განსჯის გადამეტებულ სმასა და ლოთობას (1 კორ. 6:10; 1 ტიმ. 3:8). ბევრ ქრისტიანს წმინდა მსახურების შესრულებამდე სინდისი ნებას არ რთავს, რომ ალკოჰოლური სასმელი მიიღოს. მართალია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული კულტურაა, მაგრამ ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია, განასხვაოს „წმინდა შებღალულისგან“, რათა იყოს წმინდა და ასიამოვნოს ღმერთს.
19. ა) როგორ უნდა გავამრავალფეროვნოთ ოჯახური თაყვანისცემა და პირადი შესწავლა? ბ) რით უნდა ცხადყოთ, რომ გსურთ სიწმინდის შენარჩუნება?
19 თუ ღვთის სიტყვას სიღრმისეულად გამოიკვლევთ, მასში გაბნეულ კიდევ უამრავ „მარგალიტს“ აღმოაჩენთ. ოჯახური თაყვანისცემისა და პირადი შესწავლის გასამრავალფეროვნებლად მიმართეთ თქვენს ხელთ არსებულ „ხელსაწყოებს“. უფრო უკეთ გაეცანით იეჰოვა ღმერთსა და მის განზრახვას. უფრო მეტად დაუახლოვდით მას (იაკ. 4:8). ისე ილოცეთ, როგორც ფსალმუნმომღერალი ლოცულობდა: „თვალები ამიხილე, რათა ვიხილო შენი კანონის საოცრებები“ (ფსალმ. 119:18). არასოდეს დაარღვიოთ ბიბლიური კანონები და პრინციპები. მთელი გულით შეასრულეთ იეჰოვას, წმინდა ღმერთის, აღმატებული კანონი და მთელი შემართებით ჩაებით „ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში“ (1 პეტ. 1:15; რომ. 15:16). კვლავაც წმინდები იყავით ამ მშფოთვარე ბოლო დღეების განმავლობაში. მოდი, ნებისმიერ საქციელში ვიყოთ წმინდები და ამგვარად დავუჭიროთ მხარი იეჰოვას, წმინდა ღმერთის, უზენაესობას!
^ აბზ. 6 იხილეთ 2002 წლის 15 მაისის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“.