არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდება

იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდება

იეჰოვას წინასწარმეტყველებები სრულდება

„მე ვარ ღმერთი და არ არსებობს სხვა ღმერთი, არც ვინმე — ჩემი მსგავსი, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10). ამას ამბობს იეჰოვა, რომელსაც მომავლის უშეცდომოდ წინასწარმეტყველება შეუძლია.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კაცს არ შეუძლია მომავლის ზუსტად განსაზღვრა. იმ ფაქტმა, რომ ბიბლია წინასწარმეტყველებების წიგნია ჭეშმარიტების მაძიებლები უნდა აღძრას, გამოიკვლიონ, ბიბლიის სიტყვებისამებრ, არის თუ არა ამ წიგნის ავტორი ღმერთი. განვიხილოთ უკვე შესრულებული რამდენიმე ბიბლიური წინასწარმეტყველება.

ძველი ცივილიზაციები

ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონი სამუდამოდ განადგურდებოდა და სამარადისოდ მოისპობოდა ედომიც, მოაბიცა და ამონიც (იერემია 48:42; 49:17, 18; 51:24—26; აბდია 8, 18; სოფონია 2:8, 9). ამ ხალხების, როგორც ცალკეული ერების, განადგურება ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვის დამადასტურებელია.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ნებისმიერს შეუძლია იწინასწარმეტყველოს რომელიმე, თუნდაც ძლიერი ერის შესახებ, რომ ის თანდათანობით შეწყვეტს არსებობას. მაგრამ ასეთ ადამიანს მხედველობიდან რჩება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი — ბიბლია წინასწარმეტყველებებს დაწვრილებით აღგვიწერს. მაგალითად, მასში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ დაეცემოდა ბაბილონი. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ქალაქს მიდიელები აიღებდნენ, დამპყრობთა ჯარის მეთაური კიროსი იქნებოდა და მდინარეებს, რომლებიც ქალაქს იცავდა, ამოაშრობდნენ (ესაია 13:17—19; 44:27—45:1).

ბიბლია ყოველთვის არ წინასწარმეტყველებდა, რომ დაპყრობილი ერი სამუდამოდ შეწყვეტდა არსებობას. მაგალითად, ბაბილონელების მიერ იერუსალიმის აღების შესახებ წინასწარმეტყველებისას ღმერთმა თქვა, რომ იერუსალიმი აღდგებოდა, თუმცა ბაბილონელები, ჩვეულებრივ, არასოდეს ათავისუფლებდნენ დაპყრობილ ერებს (იერემია 24:4—7; 29:10; 30:18, 19). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა და ებრაელები, როგორც ერი, დღემდე არსებობენ.

გარდა ამისა, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ეგვიპტეს, როგორც მსოფლიო მპყრობელს, დაამხობდნენ, „შემდეგ კი ის ძველებურად“ დასახლდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ძველი მსოფლიო მპყრობელი „დამდაბლებულ სამეფოდ“ იქცეოდა (იერემია 46:25, 26; ეზეკიელი 29:14, 15). ეს წინასწარმეტყველებაც შესრულდა. აგრეთვე, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ საბერძნეთი დაკარგავდა მსოფლიო მპყრობელობას, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ბერძნები, როგორც ერი, არსებობას შეწყვეტდნენ. რას ვსწავლობთ იმ ფაქტიდან, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებისამებრ ზოგი ცივილიზაცია საერთოდ გაქრა, ზოგი კი დღემდე არსებობს? იმას რომ, ღვთის სიტყვაში ჭეშმარიტი, სანდო წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი.

საოცარი დეტალები

როგორც უკვე აღინიშნა, იეჰოვამ ბევრი რამ გაგვიმხილა ბაბილონის დაცემასთან დაკავშირებით. მსგავსად ამისა, „ეზეკიელის“ წიგნში ტვიროსის დაცემის შესახებ წინასწარმეტყველებისას ნათქვამია, რომ ‘მის ქვებს, ხესა და მტვერს წყალში ჩაყრიდნენ’ (ეზეკიელი 26:4, 5, 12). ეს წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 332 წელს, როდესაც ალექსანდრე დიდის ჯარმა კონტინენტზე მდებარე დაპყრობილი ქალაქის ნანგრევები წყალში ჩაყარა, რათა კუნძულამდე მისასვლელი გზა გაეკეთებინა და შემდეგ კუნძულიც დაიპყრო.

გარდა ამისა, დანიელის 8:5—8, 21, 22-სა და 11:3, 4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება „საბერძნეთის [არაჩვეულებრივად დიდი] მეფის“ შესახებ საოცარ დეტალებს გვიმხელს. ეს მმართველი ძალაუფლების ზენიტში ყოფნისას მოიკვეთებოდა და მისი სამეფო ოთხად გაიყოფოდა, მაგრამ მმართველები მისი შთამომავლები არ იქნებოდნენ. ამ წინასწარმეტყველების დაწერიდან 200-ზე მეტი წლის შემდეგ ეს ძლიერი მეფე ალექსანდრე მაკედონელი აღმოჩნდა. ისტორიული წყაროები მოგვითხრობს, რომ ის უდროოდ დაიღუპა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი იმპერია დაინაწილა მისმა ოთხმა გენერალმა, რომლებიც ალექსანდრეს შთამომავლები არ იყვნენ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს წინასწარმეტყველება მასში აღწერილი მოვლენების განვითარების შემდეგ დაიწერა. მაგრამ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი დანიელის წიგნიდან ზემოთ მოყვანილ ციტატას. თუ მას წინასწარმეტყველებად მივიჩნევთ, მასში მნიშვნელოვანი დეტალებია აღნიშნული; მაგრამ, თუ — ისტორიულ ცნობად, რომელსაც ავტორი წინასწარმეტყველებად წარმოადგენდა, მას აშკარად აკლია მრავალი დეტალი. თუ ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ მცხოვრები რომელიმე თვითმარქვია შეეცადა, ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველების შეთხზვით მკითხველზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რატომ არ მოიხსენია მან ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მალევე მომხდარი ფაქტი, მისი ორი ვაჟის მკვლელობა? რატომ არ აღნიშნა, რომ მრავალი წელი გავიდოდა მანამ, სანამ ოთხი გენერალი ალექსანდრეს იმპერიას დაინაწილებდა? ან რატომ არ მოიხსენია მან ამ დიდი მეფის და მისი ოთხი გენერლის სახელები?

დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ აღნიშნული ბიბლიური წინასწარმეტყველება მასში აღწერილი ისტორიული მოვლენების განვითარების შემდეგ დაიწერა, მაგრამ მსგავსი განაცხადი საფუძველს მოკლებულია და ისეთი ადამიანების მიერ არის გაკეთებული, რომლებმაც ფაქტების გამოკვლევის გარეშე დაასკვნეს, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. ისინი ბიბლიას ღვთის სიტყვად არ მიიჩნევენ, რის გამოც ყველაფრის ახსნას მხოლოდ ადამიანური, მატერიალური თვალსაზრისიდან გამომდინარე ცდილობენ. და მაინც, ღვთის შთაგონებით ბიბლიაში ჩაწერილია მრავალი წინასწარმეტყველური დეტალი, რაც ცხადყოფს, რომ ამ წიგნის ავტორი ღმერთია *.

ბიბლიური წინასწარმეტყველებები რწმენას განგიმტკიცებთ, თუ დაფიქრდებით კონკრეტულ წინასწარმეტყველებებსა და მათ შესრულებაზე. ხომ არ გამოიკვლევდით ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს? ამაში შეიძლება დაგეხმაროთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში“ მე-200 გვერდზე მოცემული რუკა *. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ეს რწმენის განმტკიცების მიზნით გააკეთეთ. ნუ იჩქარებთ და ნუ ეცდებით მასალის მხოლოდ გადაკითხვას. ნაცვლად ამისა, დაფიქრდით და დაუკვირდით იმ ფაქტს, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველება აუცილებლად სრულდება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებები მასში აღწერილი მოვლენების განვითარების შემდეგ არ დაწერილა, შეგიძლიათ იხილოთ წიგნში „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“, გვერდები 106—111; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 14 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]

პრაქტიკული რჩევები

უნდა დაუფიქრდეთ კიდევ ერთ რამეს. ღმერთი, რომელმაც ასე ზუსტად იწინასწარმეტყველა მსოფლიო მპყრობელთა აღზევება და დაცემა, პრაქტიკულ რჩევებსაც გვაძლევს. აქ მოყვანილია ზოგიერთი მათგანი:

რასაც დათესავთ, იმას მოიმკით (გალატელები 6:7).

გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქმეები 20:35).

ბედნიერება სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული (მათე 5:3).

ამ რჩევების თანახმად მოქმედება ბედნიერებასა და წარმატებას მოგიტანთ.

[სურათები 22, 23 გვერდებზე]

ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია შემდეგი ცივილიზაციების სამუდამო განადგურება:

ედომი

ბაბილონი

მაგრამ არა ამ ცივილიზაციების:

საბერძნეთი

ეგვიპტე

[საავტორო უფლებები]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

WHO photo by Edouard Boubat

[სურათი 23 გვერდზე]

ალექსანდრე მაკედონელი