ის წმინდა თაყვანისცემას იცავდა
მიჰბაძეთ მათ რწმენას
ის წმინდა თაყვანისცემას იცავდა
ელია გადმოჰყურებდა, როგორ ამოდიოდა არაქათგაწყვეტილი ხალხი ქარმელის მთაზე. დილის ბინდ-ბუნდშიც კი აშკარად ჩანდა, რომ ხალხი სიღარიბესა და შიმშილს წელში გაეწყვიტა. სამ-წელიწად ნახევრის გვალვას მათზე თავისი დაღი დაესვა.
მათ შორის თავაწეული ამაყად მოაბიჯებდა ბაალის 450 წინასწარმეტყველი, რომლებსაც საშინლად სძულდათ იეჰოვას წინასწარმეტყველი ელია. დედოფალმა იზებელმა იეჰოვას მრავალი მსახური დახოცა, მაგრამ ელია მაინც მტკიცედ იდგა ბაალის თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. მაგრამ როდემდე? შეიძლება ის მღვდლები ფიქრობდნენ, რომ ეს ერთი კაცი მათ ვერაფერს დააკლებდა (1 მეფეები 18:3, 19, 20). სხვებთან ერთად სამეფო ეტლით მეფე ახაბიც მოვიდა. არც მას უყვარდა ელია.
ელიას, რომელიც იქ მისულთა შორის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთადერთი მომხრე იყო, წინ მნიშვნელოვანი დღე ელოდა. ელია თვალყურს ადევნებდა სიკეთესა და ბოროტებას შორის მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი დაპირისპირებისთვის მზადებას. თენდებოდა. რას გრძნობდა წინასწარმეტყველი? არც მისთვის იყო უცნობი შიშის გრძნობა, რადგან ისიც „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი“ იყო (იაკობი 5:17). მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას — რწმენადაკარგული ხალხით, მათი განდგომილი მეფითა და მკვლელი მღვდლებით გარშემორტყმული ელია ფიქრობდა, რომ მარტოდმარტო იყო (1 მეფეები 18:22).
რამ მიიყვანა ისრაელი ამ სავალალო მდგომარეობამდე? რის სწავლა შეიძლება დღეს ამ შემთხვევიდან? ბიბლია მოგვიწოდებს, დავუკვირდეთ ღვთის ერთგულ მსახურთა ცხოვრებას და ‘მივბაძოთ მათ რწმენას’ (ებრაელები 13:7). ახლა, მოდი განვიხილოთ ელიას მაგალითი.
დიდი ხნის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს
ელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმის მოწმე იყო, როგორ უარყვეს და ფეხქვეშ გათელეს მისი მშობლიური ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო რამ — იეჰოვასთვის თაყვანისცემა. დიახ, ისრაელი უკვე დიდხანს იბრძოდა, რათა არჩევანი გაეკეთებინა წმინდა და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის, იეჰოვა ღმერთისთვის თაყვანისცემასა და ირგვლივ მცხოვრები ერების კერპთაყვანისმცემლობას შორის. ელიას დღეებში ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამწვავდა.
მეფე ახაბმა ცოლად შეირთო იზებელი, სიდონის მეფის ასული. იზებელის მიზანი იყო, ბაალის თაყვანისცემა მთელ ისრაელში გაევრცელებინა და იეჰოვას თაყვანისმცემლობა აღმოეფხვრა. ახაბი მალევე მოექცა ცოლის გავლენის ქვეშ. მან ბაალს ტაძარი და სამსხვერპლო აუგო და ამ უცხო ღმერთს თაყვანს სცემდა. ახაბმა დიდად გაანაწყენა იეჰოვა (1 მეფეები 16:30—33) *.
რატომ იყო ბაალის თაყვანისცემა ამაზრზენი? მან შეცდომაში შეიყვანა მრავალი ისრაელი და ის ღმერთს ჩამოაშორა. ბაალის თაყვანისცემა გახრწნილებითა და სისასტიკითაც გამოირჩეოდა. ბაალის ტაძარში ჰყავდათ როგორც მეძავი ქალები, ისე კაცები; ბაალის თაყვანისცემის რიტუალი სექსუალურ ორგიებს მოიცავდა, და ბაალს ბავშვებსაც კი სწირავდნენ მსხვერპლად. ყოველივე ამის გამო იეჰოვამ ელია მიუგზავნა ახაბს, რათა მისთვის ემცნო, რომ გვალვა იქნებოდა ქვეყანაში მანამ, სანამ ღვთის წინასწარმეტყველი არ გააცხადებდა მის დასასრულს (1 მეფეები 17:1). მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მივიდა ელია ახაბთან და უთხრა, რომ ქარმელის მთაზე შეეკრიბა ხალხი და ბაალის წინასწარმეტყველები.
რა მნიშვნელობა აქვს ამ ბრძოლას ჩვენთვის? ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ბაალის თაყვანისცემის შესახებ ცნობა დღეს ჩვენ არ გვეხება, რადგან არსად არ არის ბაალის ტაძარი თუ სამსხვერპლო. მაგრამ ეს მხოლოდ ძველ დროს მომხდარი შემთხვევა როდია (რომაელები 15:4). სიტყვა „ბაალი“ „პატრონს“ ან „ბატონს“ ნიშნავს. იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა, რომ ის თავიანთ „ბაალად“, ანუ ქმრად, უნდა აერჩიათ (ესაია 54:5). განა არ დაეთანხმებით იმ აზრს, რომ ხალხი დღემდე ყოვლისშემძლე ღვთის ნაცვლად მრავალ „ბატონს“ ემსახურება? მართლაც, როდესაც ადამიანი ირჩევს ცხოვრება ფულს, კარიერას, გართობას, სექსუალურ სიამოვნებასა თუ იეჰოვა ღმერთის ნაცვლად უამრავი ღვთაებების თაყვანისცემას მიუძღვნას, ამით ის თავის „ბატონს“ ირჩევს (მათე 6:24; რომაელები 6:16). ასე რომ, გარკვეული გაგებით, ბაალის თაყვანისმცემლობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები დღესაც ფართოდ არის გავრცელებული. ძველად იეჰოვასა და ბაალის დაპირისპირების შესახებ ცნობა გვეხმარება გონივრული არჩევანი გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვემსახუროთ.
როგორ „კოჭლობდნენ“ ისრაელები?
ქარმელის მთის მწვერვალზე ასულ ადამიანს თვალწინ გადაეშლებოდა ისრაელის ვრცელი ნაწილი — კიშონის ხევი, რომელიც დიდ ზღვამდე (ხმელთაშუა ზღვამდე) იყო გადაჭიმული, ხოლო შორს, ჩრდილოეთის ჰორიზონტზე ლიბანის მთები *. ამ მნიშვნელოვან დღეს მზის ამოსვლამ ნათლად გამოაჩინა, რა საშინელ მდგომარეობაში იყო ეს მიდამო. იეჰოვას მიერ აბრაამის შვილებისთვის მიცემული ეს ერთ დროს ნაყოფიერი მიწა, ახლა გადახრიოკებული იყო. მცხუნვარე მზის სხივებს ის მთლიანად გადაეხრუკა, ღვთის ხალხის უგუნურებას კი უვარგისად ექცია! მას შემდეგ, რაც ხალხმა თავი მოიყარა, ელია მივიდა მათთან და უთხრა: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (1 მეფეები 18:21).
რას გულისხმობდა ელია „ორივე ფეხით კოჭლობაში“? ისრაელ ერს არ ესმოდა, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა და გადაეწყვიტა, იეჰოვასთვის ეცა თაყვანი, თუ ბაალისთვის. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ეს ორი თაყვანისმცემლობა გაეერთიანებინათ — ამაზრზენი რიტუალებით ბაალისთვის ესიამოვნებინათ და, ამავე დროს, იეჰოვა ღმერთის კეთილგანწყობა ეთხოვათ. შეიძლება მათ ეგონათ, რომ ბაალი აკურთხებდა მათ მოსავალსა და საქონელს, „ლაშქართა . . . იეჰოვა“ კი ომში დაიცავდა (1 სამუელი 17:45). მათ დაავიწყდათ ძირითადი ჭეშმარიტება, რომელიც დღესაც მრავალს რჩება მხედველობიდან — იეჰოვასთვის მიუღებელია თაყვანისცემა, რომელიც სხვა ღმერთების თაყვანისცემასთან არის არეული. იეჰოვა მოითხოვს და იმსახურებს კიდეც განსაკუთრებულ ერთგულებას. სხვა თაყვანისმცემლობასთან შერეული თაყვანისცემა მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კია! (გამოსვლა 20:5).
ამგვარად, ელიას თანამედროვე ისრაელები იმ ადამიანივით „კოჭლობდნენ“, რომელიც ერთდროულად ორ ბილიკზე სიარულს ცდილობს. დღეს მრავალი ადამიანი უშვებს მსგავს შეცდომას და მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სხვა „ბაალი“, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის ადგილზე დგება! ელიას მოწოდება, აღარ იკოჭლონ, აღგვძრავს, გამოვიკვლიოთ, ჩვენი თაყვანისმცემლობა და ის, თუ რას ვანიჭებთ ცხოვრებაში უპირატესობას.
უმნიშვნელოვანესი გამოცდა
ელიამ გამოცდა მოაწყო. გამოცდა ძალიან მარტივი იყო. ბაალის მღვდლებს უნდა გაეკეთებინათ სამსხვერპლო, დაედოთ მასზე მსხვერპლი, შემდეგ კი ღვთისთვის ლოცვაში ეთხოვათ ზეციდან ცეცხლი გამოეგზავნა. ელიაც იმავეს გააკეთებდა. მან თქვა: „ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც ცეცხლით უპასუხებს“. ელიამ კარგად იცოდა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მას იმდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა, რომ უყოყმანოდ მისცა ბაალის წინასწარმეტყველებს საშუალება, ჯერ მათ ელოცათ. მან მოწინააღმდეგეებს ყველა უპირატესობა მისცა — მათ შეეძლოთ აერჩიათ მსხვერპლად შესაწირავი ხარი და პირველად მათ მიემართათ ბაალისთვის ლოცვით * (1 მეფეები 18:24, 25).
ჩვენ სასწაულების ეპოქაში არ ვცხოვრობთ. მაგრამ იეჰოვა არ შეცვლილა. ჩვენც შეგვიძლია ისევე გვჯეროდეს მისი, როგორც ელიას. მაგალითად, როდესაც სხვები გვეკამათებიან ბიბლიურ სწავლებაზე, არ უნდა შეგვეშინდეს და მივცეთ საშუალება, პირველად მათ თქვან თავიანთი აზრი. ელიას მსგავსად, ჩვენც ჭეშმარიტ ღმერთს უნდა მივენდოთ. ამ დროს ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვართ დაიმედებული, არამედ ღვთის შთაგონებით დაწერილ მის სიტყვაზე, რომელიც „სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“ (ბაალის წინასწარმეტყველებმა აღმართეს სამსხვერპლო და მოუხმეს თავიანთ ღმერთს. „ბაალ, გვიპასუხე!“ — ყვიროდნენ ისინი. გადიოდა წუთები, საათები. „მაგრამ არც ხმა ისმოდა და არც პასუხი“, — ნათქვამია ბიბლიაში. შუადღისას ელიამ დაცინვა დაუწყო მათ და სარკასტულად ეუბნებოდა, რომ ბაალი, ალბათ, მეტისმეტად იყო დაკავებული და მათთვის პასუხის გასაცემად არ ეცალა ან საპირფარეშოში იყო გასული, ან ჩაეძინა და გასაღვიძებელი იყო. „მთელი ხმით დაუძახეთ“, — მოუწოდებდა ელია თვითმარქვიებს. ცხადია, ელიასთვის ბაალის თაყვანისმცემლები სასაცილო თვითმარქვიები იყვნენ და წინასწარმეტყველს სურდა, ღვთის ხალხს მათი ნამდვილი სახე დაენახა (1 მეფეები 18:26, 27).
საპასუხოდ ბაალის მღვდლები კიდევ უფრო გახელდნენ, „მთელი ხმით ეძახდნენ და, ჩვეულებისამებრ, სისხლის დენამდე ისერავდნენ სხეულს ხანჯლებითა და შუბებით“. მაგრამ ამაოდ! „არც ხმა იყო, არც პასუხი და არც არანაირი გამოხმაურება“ (1 მეფეები 18:28, 29). ცხადია, არავითარი ბაალი არ არსებობდა. ის სატანის მიერ იმ მიზნით იყო მოგონილი, რომ ხალხი მოეტყუებინა და იეჰოვასთვის ჩამოეშორებინა. დღესაც, როგორც წარსულში, იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევას იმედგაცრუება და სირცხვილი მოჰყვება (ფსალმუნი 25:3; 115:4—8).
პასუხი
ნაშუადღევს ელიას ჯერიც დადგა. მან აღადგინა იეჰოვას სამსხვერპლო, რომელიც, ეჭვგარეშეა, წმინდა თაყვანისმცემლობის მტრებმა დაანგრიეს. ამისათვის მან გამოიყენა 12 ქვა, რათა ისრაელის ათტომიანი სამეფოსთვის შეეხსენებინა, რომ 12 ტომისთვის მიცემული კანონის შესრულება მათ კვლავაც ევალებოდათ. შემდეგ სამსხვერპლოზე მსხვერპლი დადო და ყველაფერს გადაასხა წყალი, რომელიც, ალბათ, მახლობლად მდებარე ხმელთაშუა ზღვიდან მოზიდეს. მან სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილიც კი შემოავლო და წყლით აავსო. ელია იმდენად იყო თავის ღმერთში დარწმუნებული, რომ მან ბაალის თაყვანისმცემლებს ყველანაირად გაუადვილა საქმე, ხოლო იეჰოვას ყველანაირად გაურთულა (1 მეფეები 18:30—35).
ყველაფრის გამზადების შემდეგ, ელიამ ილოცა. ეს ლოცვა უბრალო სიტყვებით იყო წარმოთქმული, მაგრამ მასში აშკარად ჩანდა, წინასწარმეტყველი რას ანიჭებდა უპირატესობას. პირველ რიგში მას უნდოდა, ყველას გაეგო, რომ „ღმერთი ისრაელში“ იეჰოვა იყო და არა ბაალი. აგრეთვე, ყველასთვის აშკარა გაეხადა, რომ ის მხოლოდ იეჰოვას მსახური იყო და მთელი დიდება იეჰოვას ეკუთვნოდა. და ბოლოს, მან ცხადყო, რომ ის მაინც ფიქრობდა მშობლიურ ხალხზე, რადგან მთელი გულით სურდა, რომ იეჰოვას ‘მოექცია მათი გული’ (1 მეფეები 18:36, 37). მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხმა ურწმუნოების გამო საშინელ დღეში ჩაიგდო თავი, ელიას მაინც უყვარდა ისინი. კარგი იქნებოდა ჩვენი ლოცვებიდანაც გამოჩენილიყო, რომ ვზრუნავთ იეჰოვას სახელზე, ვავლენთ თავმდაბლობას და გაჭირვებაში მყოფთა მიმართ თანაგრძნობას.
ელიას ლოცვამდე ხალხს შეიძლება ეფიქრა, იეჰოვას მიმართ აღვლენილი ლოცვაც ისევე ამაო ხომ არ აღმოჩნდებოდა, როგორიც ბაალის მიმართ აღვლენილი. მაგრამ ლოცვის შემდეგ ფიქრისთვის დრო აღარ იყო. ბიბლიაში ნათქვამია: „ჩამოვარდა იეჰოვას ცეცხლი და შთანთქა დასაწვავი შესაწირავი, შეშა, ქვები, მტვერი და თხრილიდან წყალი ამოაშრო“ (1 მეფეები 18:38). რა დიდებული პასუხია! როგორი იყო ხალხის რეაქცია?
„იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ — წამოიძახეს მათ ერთხმად (1 მეფეები 18:39). ბოლოს და ბოლოს მათ დაინახეს, სად იყო ჭეშმარიტება. მაგრამ ეს რწმენის გამოვლენა არ იყო. გულახდილად რომ ვთქვათ, იეჰოვას ჭეშმარიტ ღმერთად აღიარება რწმენის გამოვლენა სულაც არ არის ლოცვის პასუხად ციდან ცეცხლის ჩამოვარდნის შემდეგ. ამიტომ ელიამ რწმენის სხვაგვარად გამოვლენისკენ მოუწოდა მათ. მან უთხრა, გაეკეთებინათ ის, რაც მრავალი წლის წინ უნდა გაეკეთებინათ — დამორჩილებოდნენ იეჰოვას კანონს. ღვთის კანონის თანახმად, ცრუ წინასწარმეტყველები და კერპთაყვანისმცემლები უნდა დაეხოცათ (კანონი 13:5—9). ეს ბაალის მღვდლები იეჰოვა ღმერთის მტრები იყვნენ და მიზანმიმართულად მოქმედებდნენ ღვთის განზრახვის წინააღმდეგ. იმსახურებდნენ ისინი შეწყალებას? ვინ გამოავლინა გულმოწყალება იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც ბაალისთვის შესაწირავად ცოცხლად წვავდნენ? (იგავები 21:13; იერემია 19:5). არა, ეს მღვდლები მართლაც არ იმსახურებდნენ შეწყალებას. ამიტომ ელიამ ბრძანა, დაეხოცათ ისინი, და ეს ასეც მოხდა (1 მეფეები 18:40).
დღეს ზოგი აკრიტიკებს ქარმელის მთაზე მომხდარი დაპირისპირების ასეთ დასასრულს. ზოგი ფიქრობს, რომ რელიგიურმა ფანატიკოსებმა შეიძლება რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი ძალადობა ამ ბიბლიური მაგალითით გაამართლონ. სამწუხაროდ, დღეს ბევრი მოძალადე რელიგიური ფანატიკოსი არსებობს. მაგრამ ელია ფანატიკოსი არ იყო. ის იეჰოვას ნებისამებრ მოქმედებდა და სამართლიანი განაჩენი აღასრულა. გარდა ამისა, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა იციან, რომ მათ არ უნდა მიჰბაძონ ელიას იმით, რომ ხელში ხმალი აიღონ და ბოროტები დახოცონ. მესიის მოსვლის შემდეგ იესოს ყველა მიმდევარმა უნდა იხელმძღვანელოს პრინციპით, რომელიც ქრისტეს მიერ პეტრესთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). ღვთის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვა თავის ძეს გამოიყენებს მომავალში.
ჭეშმარიტ ქრისტიანებს რწმენის გამოვლენა ევალებათ (იოანე 3:16). რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საშუალება კი ელიასა და იეჰოვას სხვა ერთგული მსახურების რწმენის მიბაძვაა. ელია იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. ის გაბედულად ამხელდა იმ რელიგიის სიცრუეს, რომელსაც სატანა იეჰოვასთვის ხალხის ჩამოსაშორებლად იყენებდა. ის საკუთარ თავზე კი არ იყო მინდობილი, არამედ იეჰოვაზე და მისი ნების შესაბამისად მოქმედებდა. მართლაც, ელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველი იყო. მოდი, თითოეულმა მივბაძოთ მის რწმენას!
[სქოლიოები]
^ აბზ. 9 იმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ელიას ახაბის მიმართ, იხილეთ 1992 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „გაქვთ ისეთი რწმენა, როგორიც ელიას ჰქონდა?“ (რუს.).
^ აბზ. 13 ქარმელის მთა, ჩვეულებრივ, უხვი მცენარეული საფარით იყო დაფარული, რადგან ზღვიდან მონაქროლი ქარი მთის კალთებს ხშირად წვიმითა და უხვი ნამით უზრუნველყოფდა. ვინაიდან ბაალის თაყვანისმცემლები წვიმას ბაალის წყალობად მიიჩნევდნენ, ეს მთა, როგორც ჩანს, ბაალის თაყვანსაცემად მნიშვნელოვანი ადგილი იყო. ამგვარად, უნაყოფო, გამომშრალი ქარმელი იდეალური ადგილი იყო ბაალის თაყვანისცემის სიცრუის გამოსააშკარავებლად.
^ აბზ. 17 აღსანიშნავია, რომ ელიამ ბაალის წინასწარმეტყველებს უთხრა: „ცეცხლი არ შეუნთოთ“ მსხვერპლს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კერპთაყვანისმცემლები სამსხვერპლოს უკეთებდნენ ხვრელს, რომელიც არ ჩანდა, და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ცეცხლი ზებუნებრივი ძალით ჩნდებოდა.
[ჩანართი 20 გვერდზე]
იეჰოვას გარდა სხვა ბატონის არჩევას იმედგაცრუება მოჰყვება.
[სურათი 21 გვერდზე]
„იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“