არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სტიქია უტევს სოლომონის კუნძულებს

სტიქია უტევს სოლომონის კუნძულებს

სტიქია უტევს სოლომონის კუნძულებს

2007 წლის 2 აპრილს, ორშაბათს, 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრამ შეარყია სოლომონის კუნძულების, ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტროპიკული არქიპელაგის, ნაწილი. რამდენიმე წუთში წყლის უშველებელ კედლებად აღმართულმა ტალღებმა, რომელთაგან ზოგი, როგორც იტყობინებიან, სიმაღლეში თითქმის 10 მეტრს აღწევდა, კუნძულების დასავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე კუნძულს გადაუარა. სტიქიამ 52 ადამიანი შეიწირა, ხოლო 6 000 უსახლკაროდ დატოვა.

ყველაზე მეტად დაზარალებულ ადგილებს შორის იყო კუნძულ გიზოზე მდებარე ამავე სახელწოდების სანაპირო ქალაქი, სადაც დაახლოებით 7 000 ადამიანი ცხოვრობს. ამ ქალაქიდან მიწისძვრის ეპიცენტრი სულ რაღაც 45 კილომეტრში იყო. ქალაქ გიზოს იეჰოვას მოწმეთა პატარა კრება იმ დღეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად ემზადებოდა (1 კორინთელები 11:23—26). დღე ჩვეულებრივად, მზის ლამაზი ამოსვლით დაიწყო. ზღვაც ჩაწყნარებული იყო. მაგრამ ცოტა ხანში, ადგილობრივი დროით 7 საათსა და 39 წუთზე, მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა!

რონ პარკინსონი, კრების უხუცესი, და მისი ცოლი დოროთი საუზმეს ამზადებდნენ, როცა მიწისძვრა მოხდა. „ჩვენი ძველი სახლი ქოქოსის პალმასავით ირხეოდა, მაგრამ არ დანგრეულა, — ამბობს რონი. — საშინელი ხმაური იყო. ჭურჭლის კარადები, ავეჯი, პიანინო და სხვა საგნები დაიმტვრა. რის ვაი-ვაგლახით გავაღწიეთ გარეთ. დოროთიმ გატეხილ ჭიქას შიშველი ფეხი დააბიჯა და ღრმად გაიჭრა“.

მისიონერები ტონი და კრისტინ შოებიც, რომლებიც იქვე ახლოს ცხოვრობდნენ, გარეთ გამოცვივდნენ. „მიწა ისე ირყეოდა, რომ ძირს დავეცი და ვეღარ ვდგებოდი, — ამბობს კრისტინი. — ზღვასთან ახლოს მდებარე სახლები წყალში ტივტივებდნენ. უშველებელ ტალღას ისინი საძირკვლიდან ამოეგდო. ადამიანები, რომლებიც კანოეში ისხდნენ, უმწეოდ უსვამდნენ ნიჩაბს და ნანგრევებს შორის გადარჩენილებს ეძებდნენ. ამ მიწისძვრას კიდევ ორი ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა. განმეორებითი ბიძგები ხუთი დღე გრძელდებოდა. ეს საშინელება იყო!“

ცუნამი

მიწისძვრის დროს პატსონ ბაია იმყოფებოდა თავის მშობლიურ კუნძულ სეპო-ჰიტეზე, რომელიც ქალაქ გიზოდან 6 კილომეტრში მდებარეობს. რა გადახდათ თავს პატსონსა და მისი ოჯახის წევრებს ამ სტიქიური უბედურების დროს?

პატსონი იხსენებს იმ შავბნელი დღის მოვლენებს: „მიწისძვრის დროს სანაპიროზე მყოფი ჩემი ცოლის, ნაომისა და ჩვენი ოთხი შვილისკენ გავიქეცი, რომლებიც მიწის რყევას წაექცია. საბედნიეროდ, მათ არაფერი დაშავებიათ. ბავშვები კანკალებდნენ, ზოგი მათგანი ტიროდა. მე და ნაომიმ მალევე დავამშვიდეთ ისინი.

შევამჩნიე, რომ ზღვა უჩვეულოდ ღელავდა. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ აშკარად ცუნამი გვიახლოვდებოდა. ჩვენს პაწაწინა კუნძულს, როგორც ჩანს, წყალი გადაუვლიდა. დედაჩემი, ეველინი, რომელიც ახლომდებარე პატარა კუნძულზე ცხოვრობდა, აგრეთვე საფრთხის წინაშე იყო. მთელი ოჯახი სასწრაფოდ ჩავსხედით ჩვენს მოტორიან ნავში და დედაჩემის გადასარჩენად წავედით.

პატარა მანძილი რომ გავიარეთ, ერთ დიდ ტალღას ზემოდან მოვექეცით. ზღვა საშინლად ღელავდა. როდესაც დედაჩემამდე მივაღწიეთ, ის ჩვენს დანახვაზე გაოგნდა. მას ძალიან ეშინოდა წყალში შემოსვლის. ნაომი და ჯერემი, ჩვენი 15 წლის ვაჟი, აღელვებულ ზღვაში გადახტნენ, ნაპირამდე ყვინთვით გავიდნენ და დედაჩემს დაეხმარნენ, რომ ჩვენამდე მოეცურა. შემდეგ მთელი სისწრაფით ზღვის შუაგულისკენ გავემართეთ, რომ უფრო ღრმა წყალში შევსულიყავით.

ზღვამ იმდენად დიდ მანძილზე დაიხია უკან, რომ მარჯნის რიფები გამოჩნდა. უცბად, უზარმაზარი ზღვის ტალღა წამოვიდა და ორივე კუნძულს გადაუარა. სტუმრებისთვის განკუთვნილი ჩვენი სახლი საძირკვლებიდან მოგლიჯა და ისე დაანგრია, რომ მისი აღდგენა უკვე შეუძლებელი იყო. წყალმა ჩვენი საცხოვრებელი სახლიც დატბორა და ქონებაც გაგვინადგურა. როდესაც ზღვა ჩაწყნარდა, სახლიდან ავიღეთ ბიბლიები და სიმღერების წიგნები, რომლებიც განადგურებას გადაურჩა, და ქალაქ გიზოსკენ წავედით“.

სანაპირო საშინელი სანახავი იყო — ყველგან გვამები ეყარა და სახლები ნანგრევებად იყო ქცეული. ყველაზე მეტად კუნძულ გიზოს დასავლეთი ნაწილი დაზიანდა. როგორც იტყობინებიან, იქ ხუთმეტრიანი ტალღები იყო, რამაც იქ, სულ მცირე, 13 სოფელი მთლიანად გაანადგურა!

იმ ღამეს ქალაქ გიზოში, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში, 22 ადამიანი შეიკრიბა გახსენების საღამოს აღსანიშნავად. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა სტიქიის დროს. „ელექტროენერგია არ გვქონდა და ლამპებიც დაიმსხვრა, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული რონი. — ამიტომ ძმა შომ მოხსენება ფარნის შუქზე წაიკითხა. სიბნელეში ჩვენ იეჰოვას სამადლობელ სიმღერებს მრავალ ხმაში ვმღეროდით“.

დაზარალებულთა დახმარება

როდესაც სტიქიის ამბავი დედაქალაქ ჰონიარაში შეიტყვეს, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივმა ფილიალმა სასწრაფოდ მიიღო ზომები, რომ სტიქიის მხარეში მცხოვრები და-ძმებისთვის პირველადი მოხმარების საგნები გაეგზავნა. ისინი ტელეფონით დაუკავშირდნენ სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოწმეებს და გაიგეს, რომ მათგან უმეტესობა უსაფრთხოდ იყო. რამდენიმე საიმედო ძმა გაგზავნეს შორეულ კუნძულ შუაზელზე მცხოვრები ერთი მოწმის მოსაძებნად. საბედნიეროდ ეს და არ დაშავებულა და მას საშიშროება არ ემუქრებოდა. ძმებმა გიზოში ფულიც გაუგზავნეს დაზარალებულ და-ძმებს პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად.

ფილიალიდან წარმომადგენლები გიზოში ხუთშაბათს პირველივე რეისით ჩაფრინდნენ, როგორც კი ფრენა გახდა შესაძლებელი. „ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე ყუთი ჩავიტანეთ, — ამბობს კრეგ ტაკერი, ფილიალის კომიტეტის წევრი. — სხვა მგზავრებს თავიანთი ბარგის დატოვება მოუწიათ, რადგან თვითმფრინავს არ შეეძლო განსაზღვრულზე მეტი ბარგის გადატანა. მაგრამ ჩვენდა გასახარად, არც ერთი ყუთის დატოვება არ მოგვიწია და ყველა დაუბრკოლებლად ჩავიტანეთ. ჩვენ ერთ-ერთი პირველთაგანი ვიყავით მათ შორის, ვინც სტიქიის ზონაში დახმარება ჩაიტანა. დაზარალებულთა დახმარებისთვის განკუთვნილი სხვა საგნები ორი დღის შემდეგ შემოიტანეს გემით“.

ამ დროს სხვა გიზოელ მოწმეებთან ერთად ტონი შომ და პატსონ ბაიამ ორი საათი იმგზავრეს კანოეთი, რათა ჩასულიყვნენ დაშორებულ კუნძულ რანონგაზე მცხოვრები მოწმეების დასახმარებლად. მიწისძვრის დამანგრეველმა ძალამ 32 კილომეტრი სიგრძისა და 8 კილომეტრი სიგანის კუნძული ზღვიდან ორ მეტრზე მაღლა ასწია! როგორც ჩანს, ამ კუნძულის გარშემო წყლის მოულოდნელმა მოძრაობამ წარმოქმნა ცუნამი, რომელმაც სხვა, გარშემო მდებარე კუნძულებს გადაუარა.

„კრების წევრებმა ძალიან გაიხარეს ჩვენ დანახვაზე, — ამბობს ტონი, — საბედნიეროდ, ისინი უვნებლები იყვნენ, მაგრამ განმეორებითი ბიძგების შიშით გარეთ ცხოვრობდნენ. ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც იქ დახმარება ჩავიტანეთ. ვიდრე უკან გამოვბრუნდებოდით, ყველამ ერთად ვილოცეთ და იეჰოვას გულითადი მადლობა გადავუხადეთ“.

პატსონი ამბობს: „რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ დატვირთულები დავბრუნდით რანონგაზე, თანაც გვინდოდა მოგვეძებნა მოწმეთა ოჯახი, რომელიც მოშორებით, კუნძულის მეორე ბოლოში ცხოვრობდა. როგორც იქნა, მოვძებნეთ მეთიუ იტუს ოჯახი, რომელიც ღია ცის ქვეშ, ბუჩქნარში ათევდა ღამეს. ისინი სიხარულისგან ატირდნენ, როცა დაინახეს, რომ ჩვენ ისინი არ დაგვიწყებია! მათ სოფელში მიწისძვრამ სახლების უმეტესობა დაანგრია, მათ შორის მათი სახლიც. მაგრამ ყველაზე მეტად ისინი იმაზე წუხდნენ, რომ მიწისძვრის დროს მათ ბიბლიები დაკარგეს და ძალიან უნდოდათ ახლების შეძენა“.

უცხოები გვაქებენ

ასეთი ქრისტიანული სიყვარული სხვებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. „ერთი ჟურნალისტი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ხალხს სათანადოდ არ ეწეოდა დახმარება, გაოცებული იყო იეჰოვას მოწმეების მოქმედებით. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ იმ დღეებში, როცა ჯერ კიდევ ბიძგები გრძელდებოდა, მოწმეებმა თავიანთი თანამორწმუნეები საკვებით, ბრეზენტითა და სხვა აუცილებელი ნივთებით უზრუნველყვეს“, — ამბობს კრეგ ტაკერი. „რანონგას მცხოვრებნი გვაქებდნენ იმის გამო, რომ ჩვენ სწრაფად მივაწოდეთ დახმარება დაზარალებულებს. ამავე დროს ისინი ჩიოდნენ იმაზე, რომ თავიანთი ეკლესიის მხრიდან ვერ გრძნობდნენ მხარდაჭერას“, — დასძენს პატსონი. ერთმა ქალმა წამოიძახა: „რა სწრაფად აღმოგიჩინათ დახმარება თქვენმა ორგანიზაციამ!“

მოწმეებმა თავიანთ მეზობლებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი. „როდესაც ქალაქ გიზოში დროებით მოწყობილ საავადმყოფოში შევიარეთ, ჩვენ შევხვდით ერთ წყვილს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მსახურების დროს გავიცანით, — იხსენებს კრისტინ შო. — ცოლ-ქმარი საშინლად იყო დაშავებული. ისინი ემოციურადაც იყვნენ განადგურებულები. ცუნამის დროს დაიხრჩო მათი შვილიშვილი, რომელიც წყალმა ამ ქალს ხელიდან გამოსტაცა. ჩვენ სწრაფად დავბრუნდით სახლში, რათა მათთვის საჭმელი და ტანსაცმელი მიგვეტანა. ისინი ძალიან მადლიერები იყვნენ“.

სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულებისთვის მხოლოდ მატერიალური დახმარება როდია საკმარისი. მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ნუგეში, რომელსაც მხოლოდ ღვთის სიტყვა, ბიბლია იძლევა. „ზოგი სასულიერო პირი ამბობდა, რომ ღმერთი ადამიანებს მათი ცოდვებისთვის სჯიდა, — ამბობს რონი, — მაგრამ ჩვენ ბიბლიიდან ვუჩვენებდით ხალხს, რომ ღვთისგან არ მომდინარეობს ბოროტება. მრავალმა მადლობა გადაგვიხადა იმისათვის, რომ ეს მანუგეშებელი ბიბლიური ცნობა გავუზიარეთ“ (2 კორინთელები 1:3, 4; იაკობი 1:13) *.

[სქოლიო]

^ აბზ. 24 იხილეთ 2006 წლის ნოემბრის „გამოიღვიძეთ!“, სტატიათა სერია «„რატომ?“ — ამ ურთულეს კითხვაზე პასუხი არსებობს», გვერდები 3—9. სტიქიური უბედურების შემდეგ ქალაქ გიზოში მოწმეებმა ამ ჟურნალის ასობით ეგზემპლარი გაავრცელეს.

[დიაგრამა⁄რუკები 13 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

შუაზელი

გიზო

გიზო

რანონგა

ჰონიარა

ავსტრალია

[სურათი 15 გვერდზე]

ბაიას ოჯახი თავიანთ მოტორიან ნავში

[სურათი 15 გვერდზე]

ცუნამის შედეგად დანგრეული ქალაქი გიზო

[სურათი 15 გვერდზე]

ეს სამეფო დარბაზი ერთადერთი შენობაა, რომელიც სოფელ ლალეში განადგურებას გადაურჩა (კუნძული რანონგა)