არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთისთვის მსახურება მთელი ცხოვრება სიხარულს მანიჭებდა

ღვთისთვის მსახურება მთელი ცხოვრება სიხარულს მანიჭებდა

ღვთისთვის მსახურება მთელი ცხოვრება სიხარულს მანიჭებდა

მოგვითხრო ბილ იარმჩუკი

1947 წლის მარტში, სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი, აშშ) „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მერვე კლასის დამთავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გემით შორეული სინგაპურისკენ გავემართეთ, სადაც მისიონერად დამნიშნეს.

ჩემთან ერთად უნდა ემსახურა სკოლა „გალაადის“ მეშვიდე კლასის კურსდამთავრებულს დავ ფარმერს. ჩავსხედით ყოფილ სამხედრო გემში „ზღვის გველგესლა“ და სან-ფრანცისკოდან (კალიფორნია) გავედით.

აღმოსავლეთში პირველად ჰონკონგის პორტში შევედით. იქ ნანახით გაოგნებულნი დავრჩით. მეორე მსოფლიო ომის კვალი ყველგან იგრძნობოდა — ტროტუარებზე შიმშილისგან გაძვალტყავებული ხალხი იწვა, რომელთაც მომაკვდავის შესახედაობა ჰქონდათ. მალე გემზე დავბრუნდით და მანილასკენ, ფილიპინების დედაქალაქისკენ, გავცურეთ.

ომს იქაც დაეტოვებინა თავისი საშინელი კვალი. ნავსადგური სავსე იყო ჩაძირული გემების ანძებით, რომლებიც მოკავშირეებს დაებომბა, გარშემო კი სიღარიბეს ყველგან დაესვა თავისი დაღი. შევხვდით რამდენიმე იეჰოვას მოწმეს, რომლებმაც სამეფო დარბაზში მიგვიყვანეს. სირთულეების მიუხედავად, ისინი ბედნიერები იყვნენ.

შემდეგ ინდონეზიაში ბატავიას (დღევანდელი ჯაკარტა) პორტში შევედით. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა; არცთუ ისე შორიდან სროლის ხმაც ისმოდა, რის გამოც გემიდან არ ჩაგვიშვეს. სინგაპურში რომ ჩავედით, არ ვიცოდით, იქ რა დაგვხვდებოდა. ვფიქრობდით, ნუთუ ეგზოტიკური აღმოსავლეთი მხოლოდ მოგზაურთათვის განკუთვნილი ბროშურების ფურცლებზე დარჩა?

ჩემი ეჭვები სულ რამდენიმე დღეში გაიფანტა. მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომლებმაც მე და დავს ცხადად დაგვანახვა, რომ ღმერთი ჩვენს გვერდით იყო.

როგორ დაგვრთეს ქვეყანაში დარჩენის ნება

სან-ფრანცისკოს დატოვებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩვენმა გემმა წმინდა იოანეს კუნძულის სანაპიროზე ჩაუშვა ღუზა. სანამ სინგაპურში შესვლის ნებას დართავდნენ, გემები მანამ აქ ჩერდებოდნენ. მგზავრების შესამოწმებლად გემზე საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ამოვიდნენ. მათ მე და დავს პასპორტში ჩაგვირტყეს ბეჭედი — „ჩასვლა ნებადართულია“. მომდევნო დილას გემი სინგაპურის ნავსაყუდელში შევიდა. გემზე მყოფმა ოფიციალურმა პირებმა საბუთები შეგვიმოწმეს, რის შემდეგაც ნაპირზე გადავედით.

მეორე დღეს ნავსადგურში დავბრუნდით იმ მისიონერებთან დასამშვიდობებლად, რომლებიც ჩვენთან ერთად მგზავრობდნენ. ისინი გზას ინდოეთამდე და ცეილონამდე (დღევანდელი შრი-ლანკა) განაგრძობდნენ. როდესაც გემის კაპიტანმა დაგვინახა, გემიდან ჩამოვიდა და წინ გადაგვიდგა. მან განრისხებულმა გვიყვირა, რომ გემიდან არ უნდა ჩავსულიყავით. პორტში მოსვლამდე, ჯერ კიდევ ზღვაში ყოფნისას, საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა მისტერ ჰაკსვორსმა, გემის კაპიტანს უთხრა, რომ გემიდან ჩასვლის უფლება არც ერთი მგზავრისთვის არ მიეცა. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით; არც იმ ოფიციალურმა პირმა იცოდა რამე, რომელმაც გემის დატოვების ნებართვა მოგვცა.

მიგვიყვანეს მისტერ ჰაკსვორსთან, რომელიც გაცეცხლებული დაგვხვდა. მან გვიყვირა და გვითხრა, რომ სინგაპურში შესვლა გვეკრძალებოდა. ჩვენთვის მსგავსი განცხადება სრულიად მოულოდნელი იყო; ამიტომ მას წარვუდგინეთ ჩვენი ბეჭედჩარტყმული პასპორტები, რის საფუძველზეც გემიდან ჩასვლისა და ქალაქში შესვლის უფლება გვქონდა. მან პასპორტები ხელიდან გამოგვგლიჯა და ჩარტყმული ბეჭდები გადახაზა. მაგრამ, საბედნიეროდ, გემი უკვე წასული იყო! მისტერ ჰაკსვორსს ჩვენი პასპორტები თითქმის მთელი წელი არ დაუბრუნებია, მაგრამ შემდეგ ბეჭდები ჩაგვირტყა და მოგვცა.

ნაყოფიერი მსახურება სინგაპურში

სინგაპურში 1947 წლის აპრილში ჩავედით; იქ ერთადერთი იეჰოვას მოწმე დაგვხვდა, რომელსაც სახელად ჯოშუა ერქვა. ის სიკვდილამდე, სამოცდაათიანი წლების დასაწყისამდე, სრული დროით მსახური, პიონერი, იყო. სულ მალე ისინი, ვინც ბიბლიურ ჭეშმარიტებას სწავლობდნენ, ნასწავლს სხვებს უზიარებდნენ. პასუხი ეცემოდა ჩვენს ლოცვებს, რომ სულიერ მკაში მეტ „მუშას“ მიეღო მონაწილეობა (მათე 9:37, 38).

1949 წელს მაშინ, როცა მისტერ ჰაკსვორსი ხანგრძლივი შვებულებით ინგლისში იყო, სინგაპურში გალაადის მე-11 კლასის ექვსი კურსდამთავრებული ჩამოვიდა. ამასობაში დავს, რომელიც ჩემთან ერთად რამდენიმე წელი მსახურობდა მისიონერად, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სინგაპურიდან წასვლა მოუწია. ის ავსტრალიაში წავიდა, სადაც სიკვდილამდე, 1973 წლამდე, ერთგულად მსახურობდა. ექვს ჩამოსულ მისიონერთა შორის იყო ილენ ფრენკი, რომელიც 1956 წელს ცოლად შევირთე.

წლების განმავლობაში ბევრს დავეხმარეთ ბიბლიის შესწავლაში, რომლებმაც შვილებთან ერთად მიუძღვნეს თავი იეჰოვას. ზოგიერთი მათგანი უცხო ქვეყანაში დღემდე სრული დროით მსახურობს. ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას გიამბობთ სინგაპურში მცხოვრებ ამერიკელ წყვილზე, ლესტერ და ჯოანა ჰეინებზე. მათთან ბიბლიის შესწავლა ორმოცდაათიან წლებში დავიწყეთ. წყვილმა სწრაფად წაიწია წინ სულიერად და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მოინათლა. მოგვიანებით ლესტერმა და ჯოანამ გულმოდგინედ დაიწყეს ქადაგება. ისინი მრავალს დაეხმარნენ ჭეშმარიტების გაცნობაში, მათ შორის თავიანთ შვილებს.

ჯოანამ მოგვწერა: „როდესაც სინგაპურზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ იქ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. თქვენ რომ არა ჩვენ, ალბათ, დღემდე მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურებდით. ძალიან მიხარია, რომ ლესს თქვენნაირი მასწავლებელი ჰყავდა და თავიდანვე იეჰოვასა და ქრისტიანული საძმოს სიყვარული ჩაუნერგეთ. მას ეს სიყვარული არასდროს დაუკარგავს“.

მთელი ოჯახი სინგაპურში ვმსახურობთ

1962 წელს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილება მოხდა. ჩვენი ოჯახის ექიმმა ილენს უთხრა, რომ ორსულად იყო. გვინდოდა, რომ მისიონერული მსახურება გაგვეგრძელებინა, მაგრამ როგორ შევძლებდით ამას, როცა შვილი უნდა გაგვეზარდა? ნეითან ნორმა, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას, წერილი მოგვწერა, შემომთავაზა სამუშაო მომეძებნა და სინგაპურში დავრჩენილიყავი; ეს კი არცთუ ისე ადვილი იყო.

უცხოელების უმრავლესობას უცხოური კომპანიები ასაქმებდა. ბიზნესის არაფერი გამეგებოდა, რადგან სკოლის დამთავრებისთანავე სრული დროით დავიწყე მსახურება, მას შემდეგ კი 23 წელი გავიდა. ლონდონში დასაქმების სააგენტოს მომსახურების ღირებულება გადავუხადე, ჩემი მონაცემები გავუგზავნე და მივწერე, რომ რელიგიური მსახური ვიყავი უცხო ქვეყანაში, მათ კი ჩემი მონაცემები სინგაპურში მრავალ საერთაშორისო კომპანიებს გაუგზავნეს.

ამ საერთაშორისო კომპანიების გამოხმაურება ასეთი იყო: „ვწუხვართ, მაგრამ თქვენთვის შესაფერისი სამსახურის შემოთავაზება არ შეგვიძლია“. მათი აზრით, მეტისმეტად დიდი გამოცდილება მქონდა! რამდენიმე თვის შემდეგ ჩვენი პატარა გოგონა ჯუდიც მოევლინა ქვეყანას. ამ დროს ძმა ნორი სინგაპურში იყო ჩამოსული; მან ჩემი მეუღლე და ჯუდი საავადმყოფოში ინახულა და დაამშვიდა: „ვიდრე ბილი სამსახურს არ იპოვის, შეგიძლიათ მისიონერთა სახლში დარჩეთ“.

რამდენიმე თვის შემდეგ საერთაშორისო ავიაკომპანიაში დავიწყე მუშაობა. ხელფასი თვიდან თვემდე ძლივს გვყოფნიდა. ორი წლის შემდეგ სამუშაო ამერიკის ავიაკომპანიამ შემომთავაზა და ხელფასიც გამიორმაგა. მას შემდეგ, რაც სამსახურში ჩემი მდგომარეობა სტაბილური გახდა, შემეძლო მეტი დრო დამეთმო ოჯახისა და ქრისტიანული მსახურებისთვის.

ჩვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას ეთმობოდა და სულიერს პირველ ადგილზე ვაყენებდით. შედეგად ორგანიზაციაში ბევრი პასუხისმგებლობა დამეკისრა, რასაც დიდი სიხარულით ვასრულებდი. ილენმა კვლავ დაიწყო სრული დროით მსახურება. ამასობაში, სინგაპურში სამქადაგებლო საქმიანობამ წინ წაიწია. სამოციან წლებში ქალაქის ცენტრში ორსართულიანი სახლი ვიყიდეთ, რომელსაც სამეფო დარბაზად ვიყენებდით. აქ ოთხი კრება იკრიბებოდა.

სამქადაგებლო საქმიანობის აკრძალვა

გარკვეული დროის შემდეგ წინააღმდეგობის ტალღა აგორდა. 1972 წლის 14 იანვარს, ჩვეულებისამებრ, კრების შეხვედრაზე დასასწრებად წავედით, მაგრამ სამეფო დარბაზის ჭიშკარს ბოქლომი ედო. იქვე დატოვებული იყო წარწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სინგაპურში იეჰოვას მოწმეთა კრების რეგისტრაცია გაუქმდა. ჩვენი საქმიანობა აიკრძალა! *

სამეფო დარბაზის დახურვამ იეჰოვასთვის ჩვენს თაყვანისცემას ხელი ვერ შეუშალა, მაგრამ ასეთი კითხვა გამიჩნდა: „რა არის იეჰოვას ნება ჩემს ოჯახთან მიმართებაში?“ ვფიქრობდი, რომ, თუ დეპორტაციას გაგვიკეთებდნენ, უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდით და სინგაპურელ მეგობრებს ვეღარასოდეს ვნახავდით. ამიტომ ჩემს უფროსს ვკითხე, შეეძლო თუ არა კუალა-ლუმპურში (მალაიზია) ჩემთვის სამსახური ეპოვა. თუ იქ გადავიდოდით საცხოვრებლად, მაშინ ჩვენი ოჯახი უპრობლემოდ შეძლებდა სინგაპურში წასვლა-წამოსვლას. ჩემდა გასაოცრად, მან კუალა-ლუმპურში ერთ ოფისში მენეჯერის თანამდებობა შემომთავაზა, სადაც ხელფასი ორჯერ მეტი მექნებოდა, და სხვადასხვა მომსახურებითაც ვისარგებლებდი.

მაშინ დავფიქრდი: „იყო ღვთის ნება, რომ სინგაპურიდან წავსულიყავით და იქაური ძმები დაგვეტოვებინა?“ მთელი ოჯახი ამაზე ვლოცულობდით. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედით, რომ აქ იეჰოვამ მოგვიყვანა. ამიტომ მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება — ჩვენ ვრჩებოდით! ჩემი უფროსი გაოცებული დარჩა იმის გამო, რომ მის სარფიან წინადადებაზე უარი ვთქვი.

აკრძალვის დროს ცხოვრება და ქრისტიანული საქმიანობის გაგრძელება ძალიან რთული იყო, რადგან ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დავეპატიმრებინეთ. არაერთხელ შესრულებულა ჩვენზე ფსალმუნის 34:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო და იხსნის მათ“.

სხვაგან გვნიშნავენ

ბოლოს, 1993 წელს, სინგაპურში 46 წელზე მეტი ხნის მსახურების შემდეგ, გვთხოვეს, ახალ ზელანდიაში გვემსახურა, სადაც ნაკლები სტრესი და საზრუნავი გვექნებოდა. ცხადია, ამ ხნის მანძილზე სინგაპურელი და-ძმები ძალიან შეგვიყვარდა და ძალიან გაგვიჭირდა ჩვენს ძვირფას მეგობრებთან განშორება. მაგრამ გვანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ მათი რწმენა მტკიცე საფუძველზე ცეცხლგამძლე მასალებით იყო აშენებული. ამან შეაძლებინა მათ იმ განსაცდელებთან გამკლავება, რომლის ატანაც ჩვენი წასვლის შემდეგ მოუწიათ (1 კორინთელები 3:12—14).

ახლა, ახალ ზელანდიაში 14-ზე მეტი წლის მსახურების შემდეგ, მე და ილენი ხანდაზმულები ვართ, მაგრამ სიამოვნებით ვმსახურობთ სპეციალურ პიონერებად. ჩემი ძმები, 94 წლის მიკი და 90 წლის პიტერი, დღემდე ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას კანადაში.

1998 წელს ჩვენი შვილი ჯუდი აღმოსავლეთში დაბრუნდა და იქ რამდენიმე წელი იმსახურა. ერთ წერილში მან მოგვწერა: „ყოველდღიურად მადლობას ვეუბნები იეჰოვას იმისათვის, რომ აქ მსახურების საშუალება მომცა! მინდა მადლობა გითხრათ თქვენც, ორივეს, სიყვარულისა და მსხვერპლისთვის, რომელიც ჩემს აღსაზრდელად გაიღეთ, და დღემდე ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ აქ მსახურება შევძლო“. 2003 წელს ის ჩვენს მოსავლელად ახალ ზელანდიაში დაბრუნდა *.

მადლობლები ვართ, რომ იეჰოვამ მოგვცა საშუალება სამკალში მეტი „მუშების“ შესახებ უფლის მოწოდებას გამოვხმაურებოდით. ამ საქმიანობაში მონაწილეობამ ენით აუწერელი სიხარული მოგვანიჭა. და როდესაც, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, ‘ეს ქვეყნიერება გადავა’, გავიხარებთ ღვთის შემდეგი დანაპირების შესრულებით: „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).

[სქოლიოები]

^ აბზ. 25 იხილეთ 1972 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 341—349 [ინგლ.].

^ აბზ. 32 ჩემი ძვირფასი მეუღლე ილენი 2008 წლის 24 იანვარს, ამ სტატიის მომზადების პერიოდში დაიღუპა.

[სურათი 29 გვერდზე]

ჯოშუა, რომელიც 1947 წელს სინგაპურში ჩვენს ჩასვლამდე, ერთადერთი ადგილობრივი მოწმე იყო

[სურათი 29 გვერდზე]

დავ ფარმერთან ერთად ჰონკონგში 1947 წელს (სინგაპურში მივემგზავრებით)

[სურათი 29 გვერდზე]

ილენთან ერთად 1958 წელს

[სურათი 31 გვერდზე]

ჩვენს ქალიშვილ ჯუდისთან ერთად

[საავტორო უფლება]

Kimroy Photography

[სურათი 28 გვერდზე]

Kimroy Photography