არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა როლი აკისრია მარიამს ღვთის განზრახვის შესრულებაში?

რა როლი აკისრია მარიამს ღვთის განზრახვის შესრულებაში?

რა როლი აკისრია მარიამს ღვთის განზრახვის შესრულებაში?

იესოს ერთ-ერთი ქადაგების დროს ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: „ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!“. იესოს რომ დედის განდიდება ნდომებოდა, ამ შემთხვევას გამოიყენებდა და ხალხთან მარიამის თაყვანისცემაზე გაამახვილებდა ყურადღებას. ნაცვლად ამისა, იესომ ამ ქალის საპასუხოდ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:27, 28).

იესოს თავისი დედისთვის რაიმე განსაკუთრებული პატივი არ მიუგია და არც თავისი მიმდევრებისთვის უთქვამს, რომ მარიამი განედიდებინათ. მაშ, რატომ სცემს დღეს მრავალი გულწრფელი ადამიანი მარიამს თაყვანს? მოდი ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია იმ სწავლებებზე, რომლებიც მარიამის შესახებ ფართოდაა გავრცელებული.

„მადლიანი“, „კურთხეული . . . ქალებს შორის“

ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს აუწყა, თუ რა როლი დაეკისრებოდა მას ღვთის განზრახვის შესრულებაში. როცა ანგელოზი მასთან მივიდა, ასეთი სიტყვებით მიესალმა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (ლუკა 1:28). ბიბლიის სხვა თარგმანში ეს მისალმება შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „გიხაროდეს, მადლიანო, შენთან არს უფალი“. ამის შემდეგ, მალევე, ელისაბედი მარიამს ასე მიესალმა: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!“ (ლუკა 1:42). განა ეს სიტყვები იმაზე არ მიუთითებს, რომ მარიამის თაყვანისცემა სათანადოა?!

სინამდვილეში ეს ამაზე არ მიუთითებს. მართალია, კათოლიკები მარიამს ლოცვით ამ სიტყვებით მიმართავენ, მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ მარიამისადმი ლოცვა გამართლებული არ არის. გაბრიელსა და ელისაბედს კარგად ესმოდათ, რა განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად მარიამს — მას მესია უნდა გაეჩინა. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილებში არსად არის მოხსენიებული, რომ მარიამს ლოცვით უნდა მივმართოთ. როდესაც მოწაფეებმა იესოს სთხოვეს, ლოცვა ესწავლებინა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლოცვები მისი მამისადმი უნდა წარმოთქმულიყო. იესომ ყველასთვის კარგად ცნობილი ლოცვა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათე 6:9).

ერთ-ერთი მმართველთაგანი

ერთი გავრცელებული სწავლების თანახმად, მარიამი ახლა „ცათა დედოფალია“. ბიბლიაში ის არსად არის ასეთი ტიტულით მოხსენიებული. თუმცა ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ მას ზეცაში განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია.

იესომ თქვა, რომ ზოგიერთი მისი ერთგული მოწაფე მასთან ერთად იმმართველებდა ზეციერ სამეფოში (ლუკა 22:28—30). იესო მიანიჭებს მათ ძალაუფლებას და ისინი გახდებიან ‘მღვდლები და მეფეები, დედამიწის მმართველები’ (გამოცხადება 5:10). ბიბლიას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ მარიამი მათ შორისაა, ვისაც ეს განსაკუთრებული პატივი ერგო წილად. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?

გაიხსენეთ, იესოს სიკვდილის შემდეგ მარიამი იესოს მოწაფეებთან და მის ძმებთან ერთად იყო, როცა ისინი „ერთსულოვნად ლოცულობდნენ გამუდმებით“. ლოცვისთვის შეკრებილ 120 მოწაფეს შორის „რამდენიმე ქალიც“ იყო (საქმეები 1:12—15). ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ყველანი ერთად იყვნენ“, როდესაც ღვთის წმინდა სული გადმოვიდა მათზე და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი (საქმეები 2:1—4).

შეკრებილთა შორის, რომლებზეც წმინდა სული გადმოვიდა, იყვნენ მარიამი და სხვა მორწმუნე ქალები; ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი იესოს ზეციერ სამეფოში მმართველებად იყვნენ არჩეულნი. ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ მარიამი ახლა იესოსთან ერთად არის ზეცაში (რომაელები 8:14—17). ვნახოთ, თუ რა განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ მარიამი და იესოს სხვა თანამმართველები ღვთის განზრახვების განხორციელებაში.

მისი მნიშვნელოვანი წვლილი კაცობრიობის კურთხევებში

ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ ქრისტეს ერთგული 144 000 მიმდევარი ზეცაში იქნებოდა აღდგენილი, რომ იესოსთან ერთად ემსახურათ მღვდლებად, მოსამართლეებად და მეფეებად (გამოცხადება 14:1, 4; 20:4, 6). ისინი, როგორც მღვდლები, თავიანთ წვლილს შეიტანენ იმაში, რომ იესოს გამოსასყიდის საფუძველზე ყველა მორჩილმა ადამიანმა სულიერ და ფიზიკურ სრულყოფილებას მიაღწიოს (გამოცხადება 21:1—4). ეს მართლაც შესანიშნავი დრო იქნება ღვთის ერთგული თაყვანისმცემლებისთვის! *

როგორც წარსულში, ისე დღეს, მარიამი განსაკუთრებულ როლს ასრულებს იეჰოვას განზრახვების განხორციელებაში. ერთგულმა დედამ, მარიამმა, რომელმაც მრავალი განსაცდელი აიტანა, თავისი თავმდაბლობით, რწმენითა და მორჩილებით მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. ის ნამდვილად იმსახურებს დიდ პატივისცემას, რადგან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მესიის დაბადებაში და იმაში, რომ კაცობრიობამ მარადიული კურთხევები მიიღოს.

მარიამის მაგალითი ჩვენთვის ყველაზე მეტად იმ მხრივ არის საყურადღებო, რომ ის, ღვთის სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, იეჰოვას სცემს თაყვანს და არა სხვა ღმერთებს. მარიამი ქრისტეს ზეციერ თანამმართველებთან ერთად ხმამაღლა აცხადებს: „ტახტზე მჯდომს [იეჰოვა ღმერთს] და კრავს [იესო ქრისტეს] კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“ (გამოცხადება 5:13; 19:10).

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ამ კურთხევებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 8.

[ჩანართი 10 გვერდზე]

მარიამმა თავისი თავმდაბლობით, რწმენითა და მორჩილებით მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა