მიანმაში ციკლონით დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს
მიანმაში ციკლონით დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს
ორიათას რვა წლის ორ მაისს მიანმას ციკლონმა „ნარგისმა“ გადაუარა და არნახული ზიანი მიაყენა. ეს სტიქია მსოფლიოს საერთაშორისო საინფორმაციო წყაროების მთავარ თემად იქცა. * ქარიშხლის შედეგად ირავადის დელტის შემოგარენი წყლით დაიფარა; დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობამ 140 000-ს მიაღწია.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ მხარეში მცხოვრები არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა. მათ თავი შეაფარეს კარგად აშენებულ სამეფო დარბაზებს და ასე დააღწიეს თავი სტიქიას. ერთ-ერთ სოფელში 20 იეჰოვას მოწმესა და მათ 80 მეზობელს ცხრა საათი მოუწიათ სამეფო დარბაზის სახურავზე ყოფნა, რადგან წყლის დონემ 5 მეტრამდე აიწია. მათგან ყველა გადარჩა. სამწუხაროდ, ამ სოფლის 300 მოსახლე დაიღუპა. ბევრგან მხოლოდ სამეფო დარბაზები გადაურჩა დანგრევას.
სტიქიიდან ორი დღის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ფილიალმა (მდებარეობს იანგონში) ირავადის დელტასთან ახლოს მდებარე სოფელ ბოტინგონში და-ძმების დასახმარებლად მოწმეების მაშველთა ჯგუფი გაგზავნა. მათ რთული გზის გავლა მოუწიათ — ყველაფერი დანგრეული იყო, ირგვლივ დაღუპულთა გვამები ეყარა, და ამასთანავე, მაშველების დაყაჩაღების საშიშროებაც არსებობდა. ამის მიუხედავად, მაშველებმა სოფელ ბოტინგონამდე ჩააღწიეს და და-ძმებს დიდი რაოდენობით ბრინჯი, მაკარონი, სასმელი წყალი და სანთლები ჩაუტანეს. ეს იყო პირველი მაშველთა ჯგუფი, რომელიც ამ სოფელში ჩავიდა. მათ ადგილობრივი მოწმეები ბიბლიური მოხსენებებითაც გაამხნევეს
და ბიბლიები და ბიბლიური ლიტერატურა დაურიგეს, რადგან ციკლონმა ყველაფერი გაანადგურა.აღსანიშნავია, რომ დატრიალებული უბედურების მიუხედავად, მოწმეებს მხნეობა არ დაუკარგავთ. ირავადის რეგიონში მცხოვრებმა ერთმა მოწმემ თქვა: „ყველაფერი, რაც გვებადა, დავკარგეთ; ყველანი უსახლკაროდ დავრჩით; მოსავალი გაგვინადგურდა. დასალევი წყალიც აღარა გვაქვს, რადგან წყალდიდობის შედეგად დაბინძურდა. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით და-ძმები სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან. ისინი ენდობიან იეჰოვას და მის ორგანიზაციას. ჩვენ ნებისმიერ მითითებას დავემორჩილებით — თუ საჭირო იქნება, სოფელში დავრჩებით ან აქაურობას დავტოვებთ“.
სტიქიით დაზარალებულმა იეჰოვას მოწმეების 30-კაციანმა ჯგუფმა ათი საათი მოანდომა იმ ადგილამდე მისვლას, სადაც მაშველებს მათთვის ჰუმანიტარული დახმარება ჰქონდათ ჩატანილი. გზაში ისინი სამეფო სიმღერებს მღეროდნენ; სანამ დანიშნულების ადგილამდე მივიდოდნენ, გაიგეს, რომ ახლომდებარე ქალაქში იეჰოვას მოწმეები სარაიონო კონგრესს ატარებდნენ. მათ გადაწყვიტეს, ჯერ კონგრესს დასწრებოდნენ, სულიერი საზრდო მიეღოთ, გაეხარათ თანამორწმუნეებთან ურთიერთობით და შემდეგ გზა განეგრძოთ.
ციკლონის შედეგად მოწმეების 35 სახლი მთლიანად დაინგრა, 125 ნაწილობრივ დაზიანდა, ხოლო 8 სამეფო დარბაზი — უმნიშვნელოდ. საბედნიეროდ, ციკლონს ფილიალის შენობებისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.
ციკლონის გადავლის შემდეგ ფილიალისკენ მიმავალი გზები წაქცეულმა ხეებმა ჩახერგა. ქარის ჩადგომისთანავე რამდენიმე საათში ფილიალის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელით გადაათრია ხეები. ხალხი უყურებდა მათ და თვალებს არ უჯერებდა. ცოტა ხანში თანამორწმუნე ქალებმა და-ძმებს და მეზობლებს ცივი სასმელები და ხილი მიუტანეს. ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ამ ყველაფერს ხედავდა, იკითხა: „ვინ არიან ესენი, ასე მარჯვედ რომ მუშაობენ?“ როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეები იყვნენ, თქვა: „ნეტავ, ყველა მათსავით ერთსულოვნად მუშაობდეს!“
დაუყოვნებლივ შეიქმნა დახმარების ორი კომიტეტი, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და-ძმები პირველადი მოხმარების საგნებით უნდა მოემარაგებინა. ასობით მოხალისე მონაწილეობას იღებდა აღდგენით სამუშაოებში. სულ რაღაც რამდენიმე დღეში უსახლკაროდ დარჩენილი მოწმეებისთვის სახლები აშენდა. როცა ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ერთი მოწმის სახლის ასაშენებლად ჩავიდა, მეზობლები სახტად დარჩნენ. ერთმა მეზობელმა აღნიშნა: „ამ მოწმეს თავისი ეკლესია სახლს უშენებს, ჩემს ბუდისტ მეგობრებს კი არც გავხსენებივარ. ვნანობ, რომ იეჰოვას მოწმე არ გავხდი, როცა მიქადაგა!“
როდესაც დახმარების კომიტეტის წევრებმა და მოხალისე მშენებლებმა თანლინში ერთი მოწმის სახლს ათვალიერებდნენ, რომელიც თითქმის დანგრეული იყო, ისინი გააოცა ოჯახის თავის სიტყვებმა: „საგანგაშო არაფერი მომხდარა. ამ სახლში ცხოვრება მაინც შეიძლება. ზოგ მოწმეს მთლიანად დაენგრა სახლი. იმათ დაეხმარეთ!“
იანგონში ხალხის ერთმა ჯგუფმა სცადა, თავი შეეფარებინა ადგილობრივი ეკლესიებისთვის, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდათ. გაწბილებულმა ხალხმა კარის შემტვრევა სცადა. იეჰოვას მოწმეებმა კი ციკლონის დროს უამრავი ხალხი შეიფარეს სამეფო დარბაზებში. მაგალითად, დალაში იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარმა 20 სასოწარკვეთილი მეზობელი შეუშვა სამეფო დარბაზში. დილით აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს აღარსად ჰქონდა წასასვლელი, რადგან მათი სახლები დანგრეულიყო და საკვებიც აღარ ჰქონდათ. ამ ცოლ-ქმარმა მოახერხა ბრინჯის ყიდვა და ყველა დააპურა.
იანგონის ერთ ოჯახში არიან როგორც იეჰოვას მოწმეები, ისე სხვა აღმსარებლობის წევრები. ციკლონის გადავლის შემდეგ მთელი ოჯახი დაესწრო სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას. ოჯახის ერთმა წევრმა მოწმეს უთხრა: „ჩვენი თანამორწმუნეები შეგვპირდნენ, რომ
ქარიშხლის შემდეგ მოგვინახულებდნენ, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. ერთადერთი, ვინც მოგვინახულა, მოწმეები იყვნენ. თქვენ ბრინჯი და წყალი მოგვიტანეთ. სულ არ ჰგავხართ მათ!“. ამ ოჯახის წევრები, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, დაესწრნენ „საგუშაგო კოშკის“ სტატიის განხილვას, რომლის სათაურიც იყო „იეჰოვა ისმენს ჩვენს ღაღადს, როცა შველას ვითხოვთ“, და კომენტარებიც გააკეთეს.ერთი ქალი, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას, ციკლონიდან ერთ კვირაში კრების შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე ფილიალიდან მიღებული წერილი წაიკითხეს, სადაც ნათქვამი იყო, თუ რა გაკეთდა დაზარალებულთა დასახმარებლად. ამასთანავე, მოიხსენიეს მათი შემთხვევები, ვინც ციკლონს გადაურჩა. წერილის წაკითხვის დროს ქალმა ცრემლები ვერ შეიკავა. მოსმენილმა მასზე ძალიან იმოქმედა; მას გაუხარდა, რომ იეჰოვას მოწმეებიდან ყველა უვნებელი დარჩა. ამ ქალს საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და დანგრეული სახლის გვერდით კარავი დაუდგეს. როგორც თავად თქვა, მოწმეები მართლაც მხარში ედგნენ გასაჭირის დროს.
იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). მოწაფე იაკობმა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ ნამდვილ რწმენას კარგი საქმეები უნდა ახლდეს (იაკობი 2:14—17). იეჰოვას მოწმეები გულისყურით ეკიდებიან ამ სიტყვებს და სიყვარულს გაჭირვებაში მყოფთა დახმარებით ავლენენ.
[სქოლიო]
^ აბზ. 2 ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ მიხედვით, „ატლანტის ოკეანისა და კარიბის ზღვის რეგიონებში წარმოქმნილ ტროპიკულ ციკლონებს, ჩვეულებრივ, ქარიშხალს უწოდებენ, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონებში კი — ტაიფუნს“.
[ჩანართი 11 გვერდზე]
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ნამდვილ რწმენას კარგი საქმეები ახლავს