არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1 ენდეთ ბიბლიას

1 ენდეთ ბიბლიას

1 ენდეთ ბიბლიას

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).

პრობლემა: ბევრისთვის ბიბლია მხოლოდ ჭკვიანი ადამიანების დაწერილი წიგნია. ზოგი ფიქრობს, რომ მასში ბევრი ისტორიული უზუსტობაა. სხვები ამტკიცებენ, რომ ბიბლიის რჩევები არაპრაქტიკული და დრომოჭმულია.

გამოსავალი: ბიბლიის სანდოობასა და პრაქტიკულობას ბევრი ეჭვქვეშ პირადი გამოკვლევის საფუძველზე არ აყენებს. ისინი უბრალოდ სხვის ნათქვამს იმეორებენ. ბიბლიაში კი წერია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

ნაცვლად იმისა, რომ ბრმად დავიჯეროთ სხვების ნათქვამი, აჯობებს მივბაძოთ ქრისტიანებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ბერეაში (დღევანდელი ჩრდილოეთი საბერძნეთი) ცხოვრობდნენ. ისინი ადვილად არ იჯერებდნენ სხვის სიტყვებს, პირიქით, „ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11). მოდი, განვიხილოთ ორი მიზეზი, თუ რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნია.

ბიბლია ისტორიულად ზუსტია. წლების განმავლობაში სკეპტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ ბიბლიაში მოხსენიებული პირადი თუ გეოგრაფიული სახელების სიზუსტეს. მაგრამ არაერთხელ დამტკიცდა, რომ მათი სკეპტიციზმი უსაფუძვლოა, ბიბლია კი — ზუსტი და სანდო.

მაგალითად, ერთ დროს მკვლევარებს ეჭვი ეპარებოდათ ასურეთის მეფე სარგონის არსებობაში, რომელიც მოხსენიებულია ესაიას 20:1-ში. მაგრამ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამ მეფის სასახლის ნანგრევები. დღეს სარგონი ასურეთის ერთ-ერთ ცნობილ მეფედ არის მიჩნეული.

კრიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ რომაელი მმართველის, პონტოელი პილატეს არსებობასაც, რომლის ბრძანებითაც იესო სიკვდილით დასაჯეს (მათე 27:1, 22—24). მაგრამ 1961 წელს ისრაელში, ქალაქ კესარეასთან ახლოს იპოვეს ქვა, რომელზეც ამოტვიფრული იყო პილატეს სახელი და ტიტული.

ბიბლიის ისტორიული სიზუსტის შესახებ ერთ-ერთ ჟურნალში ნათქვამი იყო: „თანამედროვე არქეოლოგიამ დაადასტურა ძველი და ახალი აღთქმის ისტორიული სიზუსტე, მათ შორის ფაქტები, რომლებიც უკავშირდება ისრაელის პატრიარქებს, ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლას, დავითის სამეფო კარსა და იესოს დროინდელ ყოფა-ცხოვრებას“ (U.S.News & World Report, 25 ოქტომბერი, 1999). არქეოლოგიური აღმოჩენები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არ არის დამოკიდებული, ვენდობით თუ არა ბიბლიას. ღვთის შთაგონებით დაწერილი წიგნი შეუძლებელია ისტორიულად ზუსტი არ იყოს.

ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევები ყველანაირი ადამიანისთვის სასარგებლოა. ადამიანებმა ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ მიკროორგანიზმებსა და მათ როლზე დაავადების გავრცელებაში, როცა ბიბლიაში ჩაიწერა ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებული რჩევები, რომლებიც დღემდე პრაქტიკულია (ლევიანები 11:32—40; კანონი 23:12, 13). ოჯახი გაცილებით ბედნიერია, როცა მისი წევრები ერთმანეთთან ურთიერთობისას ბიბლიით ხელმძღვანელობენ (ეფესოელები 5:28—6:4). ბიბლიის პრინციპების წყალობით ადამიანი პატიოსანი მუშა ან კარგი დამსაქმებელი ხდება (ეფესოელები 4:28; 6:5—9). ღვთის სიტყვა ადამიანს ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაშიც ეხმარება (იგავები 14:30; ეფესოელები 4:31, 32; კოლოსელები 3:8—10). ფაქტია, რომ ჩვენი შემოქმედი სხვაგვარ რჩევებს არც მოგვცემდა.

შედეგი: ბიბლიის სიბრძნეს შეუძლია გამოუცდელიც კი დააბრძენოს (ფსალმუნი 19:7). სხვა ვერც ერთი წიგნი ვერ დაგვეხმარება ძლიერი რწმენისკენ შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 2, „ბიბლია — წიგნი ღვთისგან“. *

[სქოლიო]

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.