აძლევთ ღმერთს თქვენთან ყოველდღე დალაპარაკების საშუალებას?
ხშირად იხედებით სარკეში? უმეტესობა ჩვენგანი ამას ყოველდღე აკეთებს, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ გამოვიყურებით.
ბიბლიის კითხვა შეიძლება სარკეში ყურებას შევადაროთ (იაკობი 1:23—25). ღვთის სიტყვას აქვს ძალა, დაგვანახვოს, როგორები ვართ სინამდვილეში. იგი „ხორცისა და სულის . . . გაყოფის ადგილამდეც“ კი აღწევს (ებრაელები 4:12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლია ერთმანეთისგან მიჯნავს გარეგან და შინაგან ადამიანს. როგორც სარკე გვეხმარება ჩვენი გარეგნობის მოწესრიგებაში, ისე ღვთის სიტყვა გვანახვებს, რა გვაქვს შესაცვლელი ჩვენს შინაგან ადამიანში.
ბიბლია არა მხოლოდ გვანახვებს, რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება, არამედ გვეხმარება კიდეც ამის გაკეთებაში. პავლე მოციქულმა დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ყურადღება მიაქციეთ ამ მუხლში მოხსენიებულ ოთხ მხარეს, რომელთაგანაც სამი — შეგონება, გამოსწორება და სიმართლეში აღზრდა — გვეხმარება ჩვენი აზროვნებისა და საქციელის შეცვლაში. თუ სარკეში ყოველდღე იმიტომ ვიხედებით, რომ გვინდა კარგად გამოვიყურებოდეთ, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია, რათა უკეთესები გავხდეთ!
მას შემდეგ, რაც იეჰოვა ღმერთმა იესო ნავეს ძე ისრაელი ერის წინამძღოლად დანიშნა, უთხრა: „არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, იკითხე ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად“ (იესო ნავეს ძე 1:8). იესო ნავეს ძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოემართებოდა ხელი, თუ ღვთის სიტყვას დღედაღამ ანუ რეგულარულად წაიკითხავდა.
პირველი ფსალმუნი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რაოდენ სასარგებლოა ბიბლიის ყოველდღე კითხვა: „ბედნიერია კაცი, რომელიც ბოროტთა რჩევისამებრ არ დადის, არ დგას ცოდვილთა გზაზე და დამცინავებთან არ ზის; იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ. იქნება ის წყლის ნაკადულებთან დარგულ ხესავით, რომელიც თავის დროზე იძლევა ნაყოფს და რომლის ფოთლებიც არ ჭკნება; ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმუნი 1:1—3). უეჭველია, ყველა ვისურვებდით ამ კაცის ადგილას ყოფნას.
მრავალმა ჩვევად გაიხადა ბიბლიის ყოველდღე კითხვა. როდესაც ერთ ქრისტიანს ჰკითხეს, რატომ კითხულობდა ყოველდღე ბიბლიას, მიუგო: „თუ გამუდმებით ვლოცულობ და მოველი, რომ ღმერთი მომისმენს, მე რატომ არ უნდა მოვუსმინო ღმერთს, როცა ბიბლიის ფურცლებიდან მელაპარაკება?! ღვთის მეგობარი რომ ვიყო, მას უნდა ვუსმენდე“. ამ ქრისტიანს იმის თქმა სურდა, რომ ბიბლიის კითხვა ღვთის მოსმენასა და მისი თვალსაზრისის გაგებას ნიშნავს.
როგორ ვიკითხოთ ბიბლია რეგულარულად?
შესაძლოა უკვე დაიწყეთ ბიბლიის კითხვა პროგრამის მიხედვით. წაგიკითხავთ ბიბლია თავიდან ბოლომდე? ეს საუკეთესო საშუალებაა, უკეთესად გაეცნოთ მის შინაარსს. ზოგმა არაერთხელ სცადა ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შეწყვიტა კითხვა. თქვენ შემთხვევაშიც ასე ხომ არ იყო? რა შეგიძლიათ გააკეთოთ ბიბლიის თავიდან ბოლომდე წასაკითხად? გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ორი რჩევა.
დაგეგმეთ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა. ბიბლიის კითხვისთვის შეარჩიეთ დღის ის მონაკვეთი, რომელიც ყველაზე მეტად არის თქვენთვის ხელსაყრელი, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვისაც მზად იყავით. სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება თქვენ მიერ შერჩეულ დროს არ მოგიხერხდეთ ბიბლიის წაკითხვა. ასეთ შემთხვევაში გქონდეთ ალტერნატივაც, რათა დღე ისე არ გავიდეს, რომ ბიბლია არ წაიკითხოთ. ამგვარად ძველ დროში მცხოვრებ ბერეელ ქრისტიანებს მიჰბაძავთ. მათ შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11).
დაისახეთ კონკრეტული მიზანი. მაგალითად, თუ ყოველდღე 3—5 თავს წაიკითხავთ, წელიწადში მთლიანი ბიბლიის წაკითხვას შეძლებთ. მომდევნო გვერდებზე მოცემულია ბიბლიის კითხვის გეგმა. სცადეთ ამ გეგმის გამოყენება. „თარიღის“ გასწვრივ აღნიშნეთ, როდის წაიკითხავთ მითითებულ თავებს, წაკითხვის შემდეგ კი დასვით ნიშანი. ეს გეგმა დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.
ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ იგივე გეგმა ყოველ წელს გამოიყენოთ და, თუ სურვილი გექნებათ, სხვადასხვა ნაწილიდან დაიწყოთ ბიბლიის კითხვა. თუ თქვენთვის ბევრია გეგმის მიხედვით მითითებული თავები, ორ ან სამ დღეზე გადაანაწილეთ.
ყოველთვის, როცა ხელმეორედ წაიკითხავთ ბიბლიას, ახალ-ახალ აზრებს აღმოაჩენთ, რაც შეიძლება პირადად თქვენს მდგომარეობას მიესადაგოს და რისთვისაც მანამდე არც კი მიგიქცევიათ ყურადღება. ეს იმიტომ, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ და ჩვენი ცხოვრება და მდგომარეობაც გამუდმებით იცვლება (1 კორინთელები 7:31). ჩვევად გაიხადეთ, ყოველდღე ჩაიხედოთ სარკეში, ღვთის სიტყვაში. ამგვარად ღმერთს საშუალებას მისცემთ, ყოველდღე დაგელაპარაკოთ (ფსალმუნი 16:8).