რა ოდენობის შესაწირავი უნდა გავიღოთ?
მკითხველები გვეკითხებიან
რა ოდენობის შესაწირავი უნდა გავიღოთ?
„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). ეს სიტყვები მთელ მსოფლიოში ბევრისთვის კარგად არის ცნობილი. ზოგი მორწმუნე თავს ვალდებულად თვლის, იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე ამის საშუალებას ფინანსური მდგომარეობა აძლევს. ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრებს განსაზღვრული თანხის გაღება მოეთხოვებათ. ამ შესაწირავს მეათედი ეწოდება, რაც შემოსავლის ათ პროცენტს შეადგენს.
მართლა მოითხოვს ღმერთი ჩვენგან განსაზღვრული თანხის შეწირვას? თუ ასეა, რა რაოდენობის შესაწირავი უნდა გავიღოთ?
სავალდებულო და ნებაყოფლობითი შესაწირავები ძველად
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ისრაელი ერისგან განსაზღვრული რაოდენობის შესაწირავს მოითხოვდა (ლევიანები 27:30—32; რიცხვები 18:21, 24; კანონი 12:4—7, 11, 17, 18; 14:22—27). ეს სავალდებულო შესაწირავი მძიმე ტვირთად არ დააწვებოდა ოჯახს. ამ კანონის შემსრულებლებს იეჰოვა ჰპირდებოდა, რომ უხვად აკურთხებდა (კანონი 28:1, 2, 11, 12).
სავალდებულო შესაწირავის გარდა, ისრაელებს შეეძლოთ ნებაყოფლობით გაეღოთ იმდენი, რამდენიც სურდათ. მაგალითად, როცა მეფე დავითმა იეჰოვასთვის ტაძრის აშენება გადაწყვიტა, ხალხმა „ხუთი ათასი ტალანტის ღირებულების ოქრო“ * შესწირა (1 მატიანე 29:7). დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაინახა ერთი „გაჭირვებული ქვრივი, რომელმაც ორი პატარა მონეტა ჩააგდო“ ფულის ჩასაყრელში. ორი მონეტა ერთი დღის გასამრჯელოს 1/64 იყო. მაგრამ იესომ თქვა, რომ ქვრივის მცირე შენაწირი მისაღები იყო (ლუკა 21:1—4).
მოეთხოვებათ ქრისტიანებს განსაზღვრული თანხის შეწირვა?
ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ ისრაელებისთვის მიცემული კანონის დაცვა. აქედან გამომდინარე, ისინი ვალდებულნი არ არიან, ღმერთს განსაზღვრული თანხა შესწირონ; თუმცა ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის გაცემას დიდი სიხარული მოაქვს. იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
იეჰოვას მოწმეები ნებაყოფლობითი შესაწირავებით მხარს უჭერენ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას. ეს შესაწირავები ხმარდება ისეთი ლიტერატურის გამოცემას, როგორიცაა ეს ჟურნალი; აგრეთვე თაყვანისმცემლობის ადგილების, სამეფო დარბაზების აშენებასა და მათ მოვლას. შენაწირიდან ხელფასები არ გაიცემა. ზოგს, ვინც მთლიანად უძღვნის დროს მოწაფეების მომზადების საქმეს, მგზავრობისა თუ სხვა ხარჯების დაფარვაში ეხმარებიან, თუმცა ისინი ამას არ ითხოვენ. იეჰოვას მოწმეების უმრავლესობას ქადაგებისთვის ფინანსურ დახმარებას არ უწევენ. თავის სარჩენად ისინი პავლეს მსგავსად მუშაობენ, რომელიც კარვებს კერავდა (2 კორინთელები 11:9; 1 თესალონიკელები 2:9).
რამდენი უნდა გაიღოს მან, ვისაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობის მხარდაჭერა სურს? მოციქულმა პავლემ დაწერა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 8:12; 9:7).
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ზემოხსენებული შესაწირავი დაახლოებით 4 794 855 000 დოლარის ღირებულების იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2008 წელს ერთი უნცია ოქროს საშუალო ფასი 871 დოლარს შეადგენდა.