რჩევები ოჯახებისთვის
ფულის ყაირათიანად ხარჯვა
ქმარი ამბობს: „ვფიქრობ, ჩემი ცოლი ლაურა * უყაირათოდ ხარჯავს ფულს — ისეთ რაღაცეებს ყიდულობს, რაც არ გვჭირდება. მან საერთოდ არ იცის ფულის ყადრი. ეს განსაკუთრებით მაშინ არის შესამჩნევი, როცა გაუთვალისწინებელი ხარჯები გვაქვს. ხშირად ვამბობ, რომ ჩემს ცოლს ჯიბეში ფული არ უჩერდება“.
ცოლი ამბობს: „შეიძლება ფულის დაზოგვა არ გამომდის, მაგრამ ჩემს მეუღლეს წარმოდგენაც კი არა აქვს, რა ღირს საკვები, საყოფაცხოვრებო ნივთები და რამდენს ვიხდი კომუნალურ გადასახადებში. ვიცი, რა გვჭირდება ოჯახში და ვყიდულობ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას მორიგი კამათი მოჰყვეს“.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ცოლ-ქმარს მშვიდად საუბარი უჭირს, ფულია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ ითვლება ფული ცოლ-ქმარს შორის უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
ის წყვილი, რომელთაც განსხვავებული შეხედულება აქვთ ფულზე, ხშირად განიცდის სტრესს, აქვს კონფლიქტები და ვერც ემოციურად და სულიერად გრძნობს თავს კარგად (1 ტიმოთე 6:9, 10). მშობლებმა, რომლებმაც არ იციან ფულის ყაირათიანად ხარჯვა, შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი იმუშაონ, რის გამოც შვილების ემოციური და სულიერი მოთხოვნილებები ვერ დააკმაყოფილონ. შესაბამისად, შვილებსაც ცუდ მაგალითს აძლევენ.
ბიბლიაში წერია, რომ ფული იცავს კაცს (ეკლესიასტე 7:12). ფული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიცავს თქვენს ოჯახს, თუ მის გონივრულად ხარჯვასთან ერთად ისწავლით, როგორ დაელაპარაკოთ მეუღლეს ფულზე. * თუ შეძლებთ ამ თემაზე მშვიდად და წყნარად საუბარს, ოჯახის სიმტკიცეს შეუწყობთ ხელს.
რატომ ქმნის ფული ოჯახში ამდენ პრობლემას? რა პრაქტიკული ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ პრობლემის უმტკივნეულოდ გადასაჭრელად?
რა ქმნის პრობლემას?
ხშირად ოჯახში ფულის ხარჯვის გამო შექმნილი უთანხმოებების ძირითადი მიზეზი უნდობლობა და შიშია. მაგალითად, ქმარი, რომელიც ითხოვს ცოლისგან ყოველი დახარჯული თეთრის შესახებ ანგარიშის ჩაბარებას, შეიძლება ითქვას, რომ ცოლისადმი უნდობლობას ავლენს. ცოლს კი, რომელიც მუდამ წუწუნებს, რომ მისი ქმარი მფლანგველია, გარკვეულწილად იმის შიში აქვს, რომ მისი ოჯახი ფინანსურად დაზარალდება.
პრობლემის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს აღზრდა. „ჩემი ცოლი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ფულს ყაირათიანად ხარჯავდნენ, — ამბობს მეთიუ, რომელმაც რვა წლის წინ შექმნა ოჯახი. — მას ჩემგან განსხვავებით არასოდეს ეშინია ფულის ხარჯვის. მამაჩემი ალკოჰოლიკი და აქტიური მწეველი იყო; ის ხშირად
იყო უმუშევარი, რის გამოც ხანდახან თავი ძლივს გაგვქონდა. ამიტომ, ყოველთვის მეშინია, ვალი არ დამედოს. ამის გამო დროდადრო მეუღლესთან უთანხმოება მაქვს“. რაც უნდა იყოს ოჯახში მდგომარეობის დაძაბვის მიზეზი, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, ფული რომ არ იქცეს კონფლიქტის მიზეზი?ოთხი რჩევა
ბიბლია არ არის ფინანსური სახელმძღვანელო, მაგრამ მასში ჩაწერილია ისეთი ბრძნული რჩევები, რომლებიც ოჯახს ფულის გამო შექმნილი გაუგებრობების თავიდან არიდებაში დაეხმარება. არ იქნებოდა ურიგო, თუ ქვემოთ მოცემულ რჩევებს გაითვალისწინებდით.
1. ისწავლეთ ფულზე მშვიდად საუბარი.
„მოთათბირეებთან სიბრძნეა“ (იგავები 13:10). შეიძლება ისეთ ოჯახში აღიზარდეთ, რომ წარმოუდგენლად გეჩვენებათ სხვებთან, განსაკუთრებით კი მეუღლესთან, ფულის შესახებ საუბარი. მიუხედავად ამისა, ბრძნული იქნება, თუ ისწავლით ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე საუბარს. მაგალითად, დაელაპარაკეთ მეუღლეს, თუ რა გავლენა მოახდინა ფულის მიმართ მშობლების დამოკიდებულებამ თქვენზე. ამავე დროს, გაითვალისწინეთ ისიც, თუ რა გარემოშია აღზრდილი თქვენი მეუღლე.
დაელაპარაკეთ მეუღლეს, სანამ ოჯახში მდგომარეობა დაიძაბება. ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა დასვა შეკითხვა: „განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!“ (ამოსი 3:3). როგორ შეგიძლიათ ამ პრინციპის გამოყენება? თუ დათქვამთ კონკრეტულ დროს მეუღლესთან ფინანსურ საკითხებზე სალაპარაკოდ, თავიდან აირიდებთ გაუგებრობასა და კამათს.
სცადეთ: გამოყავით დრო ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველი თვის პირველ დღეს ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს. შეეცადეთ, საუბარი რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს, დაახლოებით თხუთმეტი წუთი ან უფრო ნაკლები. ისეთი დრო შეარჩიეთ, როცა ორივე დასვენებული იქნებით. შეთანხმდით, რომ ფულზე არც სუფრასთან და არც ბავშვებთან ყოფნის დროს ისაუბრებთ.
2. შეთანხმდით, როგორ გაანაწილებთ თქვენს
შემოსავალს. „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10). თუ ოჯახში მხოლოდ თქვენ მუშაობთ, მეუღლის მიმართ პატივისცემის მაჩვენებელი იქნება, თუ თქვენს შემოსავალს პირად საკუთრებად კი არა, ოჯახის საკუთრებად ჩათვლით (1 ტიმოთე 5:8).
თუ ოჯახში ორივე მუშაობთ, არ უნდა დაუმალოთ თქვენი შემოსავალი და გასავალი ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ერთმანეთისადმი ნდობა დაკარგოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ ცხოვრების თანამგზავრთან. არ არის აუცილებელი, ყოველი თეთრის დახარჯვამდე მეუღლეს შეუთანხმდეთ. მაგრამ, თუ დიდი თანხის დახარჯვას აპირებთ, პატივისცემის მაჩვენებელი იქნება, თუ მეუღლეს წინასწარ შეუთანხმდებით.
სცადეთ: შეთანხმდით, რა თანხას დახარჯავთ თითოეული თქვენგანი წინასწარი შეთანხმების გარეშე იქნება ეს 20 ლარი, 200 ლარი თუ სხვა რაოდენობის თანხა. თუ შეთანხმებულ თანხაზე მეტის დახარჯვას აპირებთ, აუცილებლად დაელაპარაკეთ მეუღლეს.
3. შეადგინეთ გეგმა.
„მუყაითის გეგმები წარმატებულია“ (იგავები 21:5). თუ შეადგენთ ოჯახის ბიუჯეტს, ეს დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი ოჯახის მომავალი და წყალში არ ჩაყაროთ მთელი თქვენი შრომა. ნინა, რომელიც ხუთი წელია დაქორწინებულია, ამბობს: „თუ შენს შემოსავალსა და გასავალს ფურცელზე ჩამოწერ, გაკვირვებული დარჩები და დაინახავ, სინამდვილეში როგორია შენი ფინანსური მდგომარეობა“.
ბიუჯეტი შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეადგინოთ. დარენი, ორი შვილის მამა, 26 წელია, რაც დაქორწინებულია. ის ამბობს: „თავიდან კონვერტებს ვიყენებდით ფულის შესანახად. სხვადასხვა კონვერტში კვირის სამყოფ თანხას ვდებდით. მაგალითად, ერთ კონვერტში საკვებისთვის განკუთვნილი თანხა გვედო, მეორეში კი — გართობისთვის; ისეთი კონვერტიც გვქონდა, რომელშიც საპარიკმახეროს მომსახურების ფული გვედო. თუ ერთ კონვერტში თანხა
გამოგველეოდა, მეორედან ვიღებდით და რაც შეიძლება მალევე ვაბრუნებდით უკან“. თუ ნაღდი ფულით იშვიათად გიწევთ გადასახადების გადახდა და, ძირითადად, საკრედიტო ბარათებს იყენებთ, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აკონტროლოთ თქვენი ფული.სცადეთ: ჩამოწერეთ უცვლელი დანახარჯები. შეთანხმდით, თქვენი შემოსავლის რამდენ პროცენტს გადაინახავთ. შემდეგ ჩამოწერეთ ის თანხა, რომელიც გეხარჯებათ საკვებში, ელექტროენერგიასა თუ სატელეფონო გადასახადში. ბოლოს თვალი გადაავლეთ რამდენიმე თვის დანახარჯებს. თუ საჭირო გახდება, ეკონომია გააკეთეთ, რათა ვალებში არ ჩაეფლოთ.
4. შეთანხმდით, ვინ რას გააკეთებს.
„ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ“ (ეკლესიასტე 4:9, 10). ზოგიერთ ოჯახში ქმარი ხარჯავს ფულს, ზოგ ოჯახში კი — ცოლი (იგავები 31:10—28). თუმცა არის ისეთი ოჯახებიც, სადაც ამ საქმეს ორივე ინაწილებს. მარიო, რომელიც 21 წელია, რაც დაოჯახებულია, ამბობს: „ჩემი ცოლი გადასახადებს იხდის და სხვა პატარ-პატარა ხარჯებს ფარავს, მე კი ბინის ქირასა და სხვა უფრო დიდ გადასახადებს ვიხდი. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერს ვუთანხმებთ“. ფულის ხარჯვის რა მეთოდიც უნდა გქონდეთ, მთავარია, თქვენ შორის იყოს ურთიერთგაგება.
სცადეთ: გაითვალისწინეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ ვინ რა მოვალეობას შეასრულებს ოჯახში. ერთი-ორი თვის შემდეგ ნახეთ, როგორ გაამართლებს თქვენი გეგმა. თუ საჭირო გახდა, შეგიძლიათ ზოგიერთი რამ შეცვალოთ. კარგი იქნება, თუ ხანდახან გაცვლით თქვენს მოვალეობებს, რაც თქვენი მეუღლის შრომის დაფასებაში დაგეხმარებათ.
ფული არ უნდა გახდეს კამათის მიზეზი
არ დაუშვათ, რომ ფულზე საუბარმა თქვენს ურთიერთობას ბზარი გაუჩინოს. ლეა ხუთი წელია დაქორწინებულია და თავად დარწმუნდა ამ რჩევის სისწორეში. ის ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ ვისწავლეთ ფულის თაობაზე ღიად და გულწრფელად საუბარი. ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს და ჩვენი სიყვარულიც ღრმავდება“.
კარგია, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეუბნება, თუ რისი შეძენა სურთ. ამით აჩვენებენ, რომ სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ პასუხისმგებლობას ოჯახში. თუ სერიოზული შენაძენის გაკეთებამდე ერთმანეთს უთანხმდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრსა და გრძნობებს. როცა ერთმანეთს უფლებას აძლევენ, წინასწარი შეთანხმების გარეშე დახარჯონ გარკვეული თანხა, ამით ნდობას უცხადებენ ერთმანეთს. თუ ცოლ-ქმარი ამ რჩევებს გაითვალისწინებს, მათ ოჯახში სიყვარული დაისადგურებს. ასეთი ურთიერთობა ფულზე ბევრად ძვირფასია!
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 7 ბიბლიაში წერია, რომ „ქმარი ცოლის თავია“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის პასუხისმგებელი ოჯახის ბიუჯეტზე და ვალდებულია თავის ცოლს სიყვარულით მოექცეს და არა ეგოისტურად (ეფესოელები 5:23, 25).
ჰკითხეთ თავს . . .
-
ბოლოს როდის ვისაუბრეთ მშვიდად მე და ჩემმა მეუღლემ ფულის თაობაზე?
-
როგორ შემიძლია სიტყვით თუ საქმით ვაჩვენო, რომ ვაფასებ ჩემი მეუღლის შრომას?