ჭეშმარიტი რელიგია აღგვძრავს, დავაფასოთ ღვთის სიტყვა
იესო აფასებდა წმინდა წერილებს. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ეშმაკი სცდიდა (მათე 4:4—11). რა უპასუხა იესომ სატანას, როდესაც ეს უკანასკნელი ქვების პურებად გადაქცევას სთავაზობდა? იესომ პასუხად მოსეს ის სიტყვები მოიშველია, რომელიც კანონის 8:3-ში შეგიძლიათ წაიკითხოთ. რა უთხრა იესომ, როცა ეშმაკმა წუთისოფლის ყველა სამეფო შესთავაზა მისთვის თაყვანისცემის სანაცვლოდ? მან უკუაგდო მისი შემოთავაზება და ღვთის სიტყვიდან მოუყვანა პრინციპი, რომელიც კანონის 6:13-შია ჩაწერილი.
დაფიქრდით! თვით ღვთის ძე, იესო ქრისტე ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით ასწავლიდა. ის არასოდეს აყენებდა ადამიანთა ადათ-წესებს ღვთის სიტყვაზე წინ (იოანე 7:16—18). მაგრამ იესოს თანამედროვე რელიგიური წინამძღოლების უმრავლესობა ღვთის სიტყვას არ აფასებდა. მათთვის ადამიანთა ადათ-წესები წმინდა წერილებზე მნიშვნელოვანი იყო. იესომ პირდაპირ უთხრა რელიგიურ წინამძღოლებს: „თქვენი გადმოცემით არღვევთ ღმრთის მცნებას. თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: მიახლოვდება ეს ხალხი თავისი ენით, და მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს“ (მათე 15:6—9, სსგ).
მსოფლიო რელიგიების უმეტესობა, როგორც ქრისტიანული, ისე არაქრისტიანული, აცხადებს, რომ ბიბლიას აფასებს. მაგრამ
რომელ რელიგიებზე შეგიძლიათ თქვათ, რომ უარყვეს ადამიანთა ადათ-წესები, რომლებიც ღვთის სიტყვას ეწინააღმდეგება? განვიხილოთ ორი მაგალითი.თემა: რელიგიური ტიტულები.
რას გვასწავლის ბიბლია:
იესომ დაგმო თავისი თანამედროვე რელიგიური წინამძღოლები, რადგან უყვარდათ, როცა ტიტულებით მიმართავდნენ და განადიდებდნენ. მან თქვა, რომ ამ მამაკაცებს უყვარდათ „სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’“. შემდეგ იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზედ, ვინაიდან ერთი მამა გყავთ — ზეციერი“ (მათე 23:1—10, ბსგ).
კითხვა:
უყვართ ამ რელიგიის წინამძღოლებს, როცა განსაკუთრებული ტიტულებით მიმართავენ და ცდილობენ საზოგადოებაში ავტორიტეტი მოიპოვონ, თუ ემორჩილებიან იესოს მითითებას და თავს არ განადიდებენ?
თემა: გამოსახულებების გამოყენება.
რას გვასწავლის ბიბლია:
„არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5, ბსგ).
მოციქულმა იოანემ ქრისტიანებს მისწერა: „დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან“ (1 იოანე 5:21, სსგ).
კითხვა:
ითვალისწინებს ეს რელიგია ბიბლიაში მოცემულ პირდაპირ მითითებას, რომ არ გამოიყენოს გამოსახულებები თუ კერპები?
თქვენ შეგიძლიათ სწორი გზის პოვნა
უამრავი რელიგიური მიმდინარეობის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ სწორი გზა, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანთ. ბევრი ნიშანი არსებობს იმის ამოსაცნობად, თუ რომელია „წმიდა და უმწიკვლო ღმრთისმსახურება ღმრთისა და მამის წინაშე“ (იაკობი 1:27, სსგ). ამ სტატიაში განხილული ბიბლიური მუხლები გზის მაჩვენებელივით იქნება თქვენთვის, რომლებიც ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში დაგეხმარებათ.
იქნებ იეჰოვას მოწმეებისთვის მიგემართათ ამ სტატიებში დასმულ კითხვებზე პასუხების მისაღებად. დაფიქრდით იმაზე, რასაც ისინი გეტყვიან და მიჰბაძეთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ბერეელებს. მას შემდეგ, რაც მათ მოციქულმა პავლემ უქადაგა, „ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:11, ბსგ). თუ ბერეელების მსგავსად აფასებთ ღვთის სიტყვას და გულმოდგინედ იკვლევთ, აუცილებლად იპოვით სიცოცხლის გზას, ჭეშმარიტ რელიგიას. თქვენი გადასაწყვეტია, გაჰყვებით თუ არა ამ გზას.
რომელი რელიგია მოუწოდებს ხალხს, შეისწავლონ ბიბლია, რათა დარწმუნდნენ, რომ ჭეშმარიტება იპოვეს?