ასწავლეთ შვილებს
რახაბს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას სასწაულების შესახებ
წარმოვიდგინოთ, რომ 3 500 წლის წინათ ვცხოვრობთ. ვიმყოფებით ქალაქ იერიხონში, ქანაანის მიწაზე. ამ ქალაქში ცხოვრობს გოგონა, სახელად რახაბი. ის მას შემდეგ დაიბადა, რაც მოსემ ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გამოიყვანა, გაყო წითელი ზღვა და ხალხი ხმელეთზე გაატარა. მაშინ არც რადიო იყო, არც ტელევიზორი და არც ინტერნეტი, ამასთანავე ეს სასწაულები იერიხონიდან შორს მოხდა, მიუხედავად ამისა, რახაბმა იცოდა ამის შესახებ. იცი, როგორ გაიგო მან ეს ამბავი? — *
უეჭველია, რომ ამ სასწაულების შესახებ მოგზაურები ყველგან ყვებოდნენ. როცა რახაბი წამოიზარდა, არ დავიწყებია, რაც იეჰოვამ თავისი ხალხისთვის გააკეთა. ერთხელაც ის გამაოგნებელ ამბებს იგებს ისრაელების შესახებ: უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალის შემდეგ ისრაელები ქანაანის მიწაზე შედიან და ღვთის დახმარებით იქ მცხოვრებ ერებს ამარცხებენ. ახლა რახაბი იგებს, რომ ისრაელები იერიხონიდან არცთუ ისე შორს, მდინარე იორდანის გაღმა არიან დაბანაკებული.
ერთ საღამოს რახაბთან ორი უცნობი მიდის. მათ იციან, რომ ის ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მგზავრებს შეუძლიათ გაჩერება. რახაბი მათ ეპატიჟება. ღამით იერიხონის მეფე იგებს, რომ ქალაქში ისრაელი მზვერავები შეპარულან და ახლა იქ იმყოფებიან, სადაც რახაბი ცხოვრობს. მეფე კაცებს უგზავნის რახაბს მასთან მისული მზვერავების დასაჭერად. იცი, რა ჰქონდა მანამდე რახაბს გაგებული და როგორ მოიქცა? —
სანამ მეფის კაცები მივიდოდნენ, რახაბმა უკვე იცოდა, რომ მისი სტუმრები ისრაელი მზვერავები იყვნენ. მან ისინი ბანზე აიყვანა და იქ დამალა, მეფის კაცებს კი უთხრა: „კი, იყვნენ მოსულები . . . შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე . . . დაედევნეთ“.
როგორ ფიქრობ, რატომ არ გასცა რახაბმა მზვერავები? — ის თავად ეუბნება ამის მიზეზს მათ: „ვიცი, რომ მოგცემთ იეჰოვა ამ მიწას . . . გვსმენია, როგორ დააშრო იეჰოვამ წითელი ზღვის წყალი თქვენ თვალწინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით“. მას აგრეთვე გაგონილი ჰქონდა, როგორ ამარჯვებინებდა
ღმერთი ისრაელებს თავიანთ მტრებზე.იეჰოვას უსათუოდ ესიამოვნებოდა, რომ რახაბმა მზვერავები არ გასცა, რასაც ებრაელების 11:31-ში ვკითხულობთ. ღმერთს ისიც ესიამოვნებოდა, რაც რახაბმა მზვერავებს სთხოვა: ‘როგორც მე გაგიკეთეთ სიკეთე, თქვენც ისევე გაუკეთეთ სიკეთე მამაჩემის სახლს, და როცა იერიხონს აიღებთ, ცოცხალი დატოვეთ მამაჩემი და დედაჩემი, ჩემი და-ძმები’. მზვერავები დაჰპირდნენ, რომ გადაარჩენდნენ მას და მის ოჯახს, თუ მათ მითითებებს შეასრულებდა. იცი, რა მითითებები უნდა შეესრულებინა რახაბს? —
მზვერავებმა რახაბს უთხრეს, რომ ალისფერი თოკი სარკმლისთვის გამოება და შეეკრიბა ყველა მისი სახლეული. თუ ასე მოიქცეოდა, ყველა მისი ოჯახის წევრი გადარჩებოდა. რახაბმა ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთა, როგორც მზვერავებმა უთხრეს. იცი, მერე რა მოხდა? —
ისრაელები იერიხონის კედლებს მიადგნენ. ექვსი დღის განმავლობაში ისინი დღეში ერთხელ უვლიდნენ ქალაქს, მეშვიდე დღეს კი შვიდჯერ შემოუარეს და ყიჟინა დასცეს. იმ კედლის გარდა, რომელზეც გადმოკიდებული იყო ალისფერი თოკი, იერიხონის მთელი კედელი ჩამოიქცა. რახაბი და მისი ოჯახი გადარჩა (იესო ნავეს ძე 2:1—24; 6:1—5, 14, 15, 20—25).
რას ვსწავლობთ რახაბისგან? — მან მხოლოდ კი არ მოისმინა, თუ როგორ იცავდა ღმერთი თავის ხალხს, არამედ დახმარების ხელიც გაუწოდა მათ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მიეცა. რახაბმა არჩია იეჰოვას მსახური გამხდარიყო. შენც ასე მოიქცევი? — ჩვენ ვლოცულობთ, რომ ასეთი არჩევანი გააკეთო!
^ აბზ. 3 თუ ამ სტატიას ბავშვთან ერთად კითხულობთ, ტირესთან პაუზა გააკეთეთ და აღძარით ბავშვი, თავისი აზრი გამოთქვას.