გულმოსული ხართ?
გულმოსული ხართ?
ბევრი ფიქრობს, რომ შურისძიებით გულს მოიოხებს. როცა ვინმე გულს გვტკენს ან ზიანს გვაყენებს, ბუნებრივია, ამ დროს აღვშფოთდეთ. სწორისა და არასწორის თანდაყოლილი გრძნობა გვკარნახობს, რომ უსამართლობა აღმოვფხვრათ. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ?
სილის გაწვნა, ხელის კვრა, დამცირება, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, გაქურდვა და სხვა შეიძლება გულმოსულობის მიზეზი გახდეს. როგორ მოიქცევით, თუ ვინმემ გაწყენინათ? ადამიანების უმრავლესობა სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო სკოლის მოსწავლეებმა შურისძიების მიზნით მასწავლებლები ცუდად მოპყრობაში დაადანაშაულეს, და ეს იმიტომ, რომ მასწავლებლებმა მათ მიმართ დისციპლინური ზომები გაატარეს. ახალი ორლეანის პედაგოგთა გაერთიანების პრეზიდენტი ბრენდა მიტჩელი ამბობს: „მასწავლებელს ერთხელ მაინც თუ დაადანაშაულებენ, მისი რეპუტაცია სამუდამოდ ილახება“. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა, რეპუტაციის აღდგენა თითქმის შეუძლებელია.
ხშირია დამსაქმებლებზე შურისძიების შემთხვევებიც. განაწყენებული თანამშრომლები აზიანებენ ან ანადგურებენ კომპანიის კომპიუტერულ ქსელში შენახულ ინფორმაციას. სხვები კომპანიის კონფიდენციალურ ინფორმაციას იპარავენ და ყიდიან. ელექტრონული ფაილების მოპარვის გარდა, „კომპანიის ნივთების მოპარვა კვლავინდებურად შურისძიების ერთ-ერთი საშუალებაა“, — აღნიშნულია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზში“. ამის თავიდან ასაცილებლად ბევრ კომპანიას დაცვის თანამშრომლები აჰყავს, რომლებიც გათავისუფლებულ თანამშრომელს იმ დრომდე ადგანან თავზე, ვიდრე ეს უკანასკნელი თავის ნივთებს არ ჩაალაგებს და კომპანიის შენობას არ დატოვებს.
ყველაზე ხშირად სამაგიეროს მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები უხდიან ერთმანეთს. გულსატკენ სიტყვას თუ დაუფიქრებელ საქციელს ხშირად თან სდევს სამაგიეროს გადახდის სურვილი. მეგობარმა მკაცრი ტონით რომ მოგმართოთ, თქვენც იმავე ტონით უპასუხებთ? ოჯახის წევრმა გული რომ გატკინოთ, სამაგიეროს გადახდის საშუალებებზე დაიწყებთ ფიქრს? ასე მოქცევა
ძალიან ადვილია, როცა მწყენინებელი შენი ახლობელია.შურისძიება შურისძიებას წარმოშობს
ხშირად შურისმაძიებლები სამაგიეროს გადახდით ემოციური ტკივილის შემსუბუქებას ცდილობენ. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ ებრაელი ღვთის მსახურის, იაკობის, ვაჟების შესახებ, რომლებმაც „შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი და გაცეცხლდნენ“ მას შემდეგ, რაც მათი და დინა ქანაანელმა შექემმა გააუპატიურა (დაბადება 34:1—7). დის გამო შური რომ ეძიათ, იაკობის ორი ვაჟი შექემისა და მისი სახლეულის წინააღმდეგ შეითქვა. სიმონი და ლევი მზაკვრულად მოიქცნენ. ისინი შევიდნენ ქანაანში და ყველა მამრი დახოცეს, მათ შორის, შექემი (დაბადება 34:13—27).
გადაიჭრა სისხლისღვრით პრობლემა? როცა იაკობმა თავისი ვაჟების საქციელის შესახებ შეიტყო, უსაყვედურა მათ: „უბედურება დამატეხეთ თავს და შეაზიზღეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ . . . ჩემ წინააღმდეგ შეიკრიბებიან, თავს დამესხმიან და ჩემს სახლთან ერთად მოვისპობი“ (დაბადება 34:30). შურისძიებამ პრობლემა კი არ გადაჭრა, არამედ გაამწვავა — იაკობის ოჯახი სულ იმის მოლოდინში იქნებოდა, რომ განრისხებული მეზობლები შურს იძიებდნენ მათზე. როგორც ჩანს, ამიტომ უთხრა ღმერთმა იაკობს, რომ დაეტოვებინა იქაურობა და ოჯახთან ერთად ბეთელში წასულიყო (დაბადება 35:1, 5).
დინას გაუპატიურების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან იმას ვსწავლობთ, რომ ხშირად შურისძიება შურისძიებას წარმოშობს, რასაც ბოლო არ უჩანს.
ტკივილს ტკივილი ემატება
ადამიანი, რომელსაც გონებაში მხოლოდ ის უტრიალებს, როგორ დასაჯოს მწყენინებელი, თავს ვნებს. ერთ წიგნში ნათქვამია: „ბრაზი შთანთქავს კაცს; წარსულის მტკივნეული მოგონებები მოსვენებას უკარგავს; გულში წყევლის თავის მწყენინებელს და გეგმებს ისახავს, როგორ გადაუხადოს სამაგიერო“ (How to Make Peace With Your Post and Get On With Your Life). ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ „შური ძვლების ლპობაა“ (იგავები 14:30).
განა ბედნიერი იქნება ადამიანი, ვის სულშიც სიძულვილი და უარყოფითი გრძნობებია
დასადგურებული?! ერთმა მწერალმა თქვა: „თუ ფიქრობთ, რომ შურისძიებით გულს მოიოხებთ, დააკვირდით იმ ადამიანების სახეებს, რომლებიც წლებია, ამ გრძნობით შეპყრობილები ცხოვრობენ“.რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც ეთნიკური და რელიგური დაპირისპირებაა? ხშირად მკვლელობას მკვლელობა მოსდევს და სიძულვილსა და სიკვდილს ბოლო არ უჩანს. მაგალითად, როდესაც ტერორისტული აქტის დროს ბომბის აფეთქებას 18 ახალგაზრდა ემსხვერპლა, გამწარებული ქალი ყვიროდა: „სამაგიერო გადავუხადოთ, არ დავინდოთ!“ სისასტიკე ძალას იკრებს და უფრო და უფრო მეტ ადამიანს ითრევს კონფლიქტში.
„თვალის სანაცვლოდ თვალი“
ბევრი შურისძიებას იმ სიტყვებით ამართლებს, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი“ (ლევიანები 24:20). ერთი შეხედვით, ეს კანონი შურისძიებისკენ აქეზებს კაცს, მაგრამ სინამდვილეში ამ უგუნური საქციელის ჩადენისგან იცავს. გავიგოთ, როგორ.
ებრაელი, რომელიც თავის მოძმეს თავს დაესხმოდა და თვალს ამოსთხრიდა, კანონის თანახმად სამართლიანად დაისჯებოდა. მაგრამ თავდამსხმელის ან მისი ოჯახის წევრის დასჯა დაზარალებულის უფლებამოსილებაში არ შედიოდა. კანონი მოითხოვდა, რომ ეს საქმე უფლებამოსილი პირებისთვის გადაცემულიყო, კერძოდ, მსაჯულთათვის, რათა საკითხი სამართლიანად გადაეჭრათ. იმის ცოდნა, რომ წინასწარი განზრახვით ჩადენილი დანაშაულისთვის დამნაშავეს იმავე სახით მიეზღვებოდა, თითოეულ ებრაელს შურისძიებისგან შეაკავებდა. თუმცა ამ საკითხის ირგვლივ მეტის თქმა შეიძლება.
სანამ ზემოხსენებულ კანონს მისცემდა, იეჰოვა ღმერთმა მოსეს პირით ისრაელებს უთხრა: „არ გქონდეს გულში სიძულვილი შენი ძმისადმი . . . არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო“ (ლევიანები 19:17, 18). ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები „თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი“ კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა გავიგოთ, რაც იესომ ორ მცნებაში გააერთიანა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ და „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:37—40). აქედან გამომდინარე, როგორ უნდა რეაგირებდნენ ქრისტიანები უსამართლო მოპყრობაზე?
ეძიეთ მშვიდობა
ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ „მშვიდობის ღმერთია“. ის თავის თაყვანისმცემლებს მოუწოდებს, ეძიონ მშვიდობა და ისწრაფონ მისკენ (ებრაელები 13:20; 1 პეტრე 3:11). რეალურად რამდენად შესაძლებელია ეს?
დედამიწაზე მსახურების დროს მტრები იესოს აფურთხებდნენ, სცემდნენ და დევნიდნენ. მას უახლოესმა მეგობარმა უღალატა, რამდენიმე მოწაფემ კი მიატოვა (მათე 26:48—50; 27:27—31). როგორ რეაგირებდა ამაზე იესო? პეტრე მოციქულმა დაწერა: „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტრე 2:23).
„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“, — დაწერა პეტრემ (1 პეტრე 2:21). ქრისტიანები უნდა ჰბაძავდნენ იესოს და მოთმინებით უნდა იტანდნენ უსამართლო მოპყრობას. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათე 5:44, 45).
როგორ იქცევიან ქრისტიანები, როცა ცუდად ექცევიან, ან თუ უსამართლობის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს? იგავების 19:11-ში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“. ისინი შემდეგ რჩევასაც ითვალისწინებენ: „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21). რაოდენ განსხვავდება ღვთის თვალსაზრისი ქვეყნიერების თვალსაზრისისგან?! ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული სამაგიეროს გადახდის სურვილს დაგვაკარგვინებს და დაგვეხმარება, დანაშაულს გვერდი ავუაროთ, რადგან სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:5).
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ან მუქარის მსხვერპლი თუ გავხდით, არაფერი უნდა ვიღონოთ? არავითარ შემთხვევაში! როცა პავლემ თქვა, სძლიე ბოროტებას სიკეთითო, არ უგულისხმია, რომ ქრისტიანები წამებულის როლში გამოსულიყვნენ. პირიქით, როცა თავს გვესხმიან, ჩვენ თავდაცვის უფლება გვაქვს. თუ თქვენ ან თქვენს საკუთრებას საფრთხე ემუქრება, შეგიძლიათ პოლიცია გამოიძახოთ, ხოლო თუ პრობლემა სამუშაოზე ან სკოლაში შეიქმნება, შესაბამის უფლებამოსილ პირებს მიმართოთ (რომაელები 13:3, 4).
მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნიერებაში ნამდვილი სამართალი ვერ იარსებებს. ბევრი მთელი ცხოვრება იბრძოდა სამართლიანობისთვის, და როცა მათი მოლოდინი არ გამართლდა, იმედგაცრუებამ მოიცვა.
სატანას სხვა არაფერი უნდა, თუ არა შურისძიებითა და სიძულვილით შეპყრობილი ადამიანების ნახვა (1 იოანე 3:7, 8). ყოველთვის გახსოვდეთ ბიბლიის სიტყვები: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:19). თუ იეჰოვას ვანდობთ შურისძიებას, თავს ავარიდებთ ტკივილს, რისხვასა და ძალადობას (იგავები 3:3—6).
[ჩანართი 22 გვერდზე]
„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ და „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“
[სურათები 23 გვერდზე]
სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:5)